მთავარეპისკოპოსი ამბერკი ტაუშევი ამბობს: "დღეს გულწრფელი რწმენის, მართლმადიდებლობის გულმოდგინე დაცვის და ჭეშმარიტი ეკლესიის უანგარო, თავგანწირვამდე მსახურების ნაცვლად, ბევრებმა აირჩია მოდერნიზმი, ეკუმენიზმი და ოპორტუნიზმი. ღვთისა და ეკლესიის მსახურების ნაცვლად, მათ აირჩიეს მლიქვნელური მსახურება, ამაქვეყნის ძლიერთა საამებლად. მათ ადამიანური სისუსტე გამოიჩინეს. ისინი, ვინც დუმან ამ პროცესზე და ცდილობენ დროებას აჰყვნენ, დიდი იერარქის — წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის — მიერ გაკიცხულნი არიან, რომელიც ამბობს: "დუმილით ღმერთს ღალატობ.”
მართლაც, არასდროს ყოფილა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის ჯვარი ასე მძიმე, როგორც დღეს, სიცრუის მეფობის ხანაში, და ჩვენ ამ სიცრუის ტრიუმფის მოწმენი ვართ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. თუნდაც ერთი ადამიანის მიერ ნათქვამი სიმართლე, უკვე დიდი იმედი და დახმარებაა ყველასთვის, ვისაც სურს სიმართლის ძიება.
მღვდელმთავარი ამბერკი ტაუშევი ამბობს: "ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ასოდენ დიდი რაოდენობით ადამიანი, ვინც თავისუფლად, ადვილად, უყოყმანოდ და ყოველგვარი სინანულის გარეშე, ბოროტებას სიკეთეს ეძახის და სიკეთეს — ბოროტებას.” როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: "ყველაფერი ამოყირავდა — სინათლე ბნელად მიიჩნევა და სიბნელე — სინათლედ.
მათ, ვინც მაცხოვარს მხოლოდ სისუსტის, სიმშვიდისა და სიყვარულის თვალსაზრისით განიხილავს, მთავარეპისკოპოსი პასუხობს, რომ ქრისტეს ხშირად სჭირდებოდა სიმკაცრის გამოვლინება და მკაცრი ზომების მიღება. ამით ის გვასწავლის, რომ სიმდაბლე და მორჩილება არ ნიშნავს სირბილეს და რომ არ უნდა ვთმობდეთ, როდესაც აშკარა ბოროტებას ვხედავთ. ჭეშმარიტი ქრისტიანები შორს უნდა იყვნენ ტკბილი სენტიმენტალურობისაგან და არ უნდა დაიხიონ უკან ბოროტების წინაშე.
"ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ და არ დავთახმდეთ კომპრომისზე” - წმინდა გრიგოლ პალამა წერს ბერ დიონისეს, - "თუ ჩვენ თუნდაც ერთი დოგმატის დარღვევას დუმილით შევხვდებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკლესიის დოგმატური ზღუდე დაინგრა, რადგან დოგმა სწორედ ზღუდეა და თუ ის დაინგრა, მაშინ ყველაფერი იკარგება. თუნდაც ერთი დოგმა იყოს დამახინჯებული — ეს ნიშნავს ეკლესიის დანგრევას, და ერეტიკული სწავლების შხამის შემოდინებას ეკლესიის შიგნით”.
ამიტომ, წმინდა მამები უპირველეს ყოვლისა დოგმატებს იცავდნენ. მათ თავიც კი გაუწირავთ დოგმატის დაცვისთვის. არ შეუშინდნენ დევნას ხელისუფლების მხრიდან და არ დათახმდნენ კომპრომისებს.
წმინდა თეოდორე სტუდიელი ამბობს: "უფალი გვიბრძანებს, რათა არ დავდუმდეთ, როდესაც რწმენა საფრთხეშია. რწმენის საკითხში არავის აქვს უფლება თქვას — ვინ ვარ მე, რომ აღვიმაღლო ხმა? ყველანი უნდა ვიმაღლემდეთ ხმას — ქვებიც კი იღაღადებენ, და შენ კი დუმილს არჩევ?”.
წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "ღვთის სიყვარული მრავლისმეტყველებით კი არ იზომება, არამედ სიმამაცის საქმეებითა და ჭეშმარიტების აღიარებით.” აი, ეს არის სიყვარული. ღვთის სიყვარული არ არის სენტიმენტალურობა. ეს არის მართალი ცხოვრება, ღვთის მცნებების აღსრულება და მზადყოფნა, თუნდაც მოწამეობისთვის.
წმინდა პეტრე მოციქული ამბობს, რომ თქვენ შორის იქნებიან ცრუ მასწავლებლები. ის გვამზადებს. ისინი ფარულად შემოიტანენ დამღუპველ მწვალებლობებს, და სწორედ ეს მწვალებლობები დაასახიჩრებენ სულს და მივყავართ ჯოჯოხეთისკენ.
დღეს ასე ხდება — თუ დაიცავ რწმენას, გიწოდებენ ურჩს, ფანატიკოსს, გეუბნებიან, რომ სიყვარული არ გაქვს, რომ წინააღმდეგი ხარ ეპისკოპოსისა და სასულიერო პირების.
დასავლური მასწავლებლების სწავლებას არც ვცნობ და არც ვღებულობ. ვამბობ მტკიცედ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების საკითხებში კომპრომისი დაუშვებელია — ამის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. არავითარი კომპრომისი მართლმადიდებლური სარწმუნოების საკითხებში. წმინდა წერილი, ეკლესიის ყველა მამა და ყველა კრება მოგვიწოდებს ,განვეშოროთ მათ, ვინც სხვაგვარ სწავლებას იცავს და გავწყვიტოთ ზიარება მათთან. შეუძლებელია მშვიდობის აღდგენა, სანამ განხეთქილების მიზეზი არ მოიხსნება. ეს არის მთავარი დღეს, როცა პაპისტებთან ვსაუბრობთ, მაგრამ ისინი არ თმობენ იმას, რაც მათ სარწმუნოების მრწამსში დაამატეს.
წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს: "ჯერ მოაშორეთ ‘ფილიოკვე’, და მერე გესაუბრებით.” მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. ასევე, წმინდა მარკოზიც ამბობს: "შეუძლებელია მშვიდობის აღდგენა, განხეთქილების მიზეზის მოცილების გარეშე. სიმართლის თქმა არ ნიშნავს განხეთქილებას, როდესაც საქმე ერესთან გვაქვს”.
პაპის პრიმატი — ესეც ძალიან ცუდი პაპისტური სწავლებაა, რომელიც მას ღმერთთან აიგივებს. მათ არც ეს არ უარყვიათ. ჯერ ისევ სჯერათ, რომ პაპი ყველაზე მაღალია.
არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, ნაწილი IX