კეთილგონიერი დუმილი: ეს გახლავთ სათნო დუმილი. როდესაც ადამიანი არჩევს დუმილს მრავლისმეტყველების თავიდან ასაცილებლად. როდესაც ადამაინი სიტყვების წარმოთქვამდე უფიქრდება და იაზრებს მათ. კეთილგონიერი დუმილი ხშირად არის საუკეთესო არჩევანი, რათა თავიდან ავიცილოთ საუბრის დროს ზიანი ან განხეთქილება.
შინაგანი დუმილი: გულისხმობს გონებისა და გულის დუმილს, როდესაც ადამიანი, დაკავებული გარეგანი საქმეებით, კონცენტრირდება ლოცვაზე და ღვთის სიტყვის შესწავლაზე. შინაგანი დუმილის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია სულიერ ცხოვრებაში წარმატება და წინსვლა.
სახიფათო დუმილი: არის კი ეს დუმილი სათნო უფლის წინაშე? დუმილი, როდესაც ქრისტეს, ღვთისმშობელს, ან წმიდა მოღვაწე ადამიანებს, მონაზვნებს და ზოგადად ქრისტეში მცხოვრებ მრევლს შეურაცხყოფენ? ეს სათნო დუმილია? რა თქმა უნდა, არა! ჩვენ უნდა აღვიმაღლოთ ხმა, დავიცვათ სიწმინდე და ამით გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული. რა თქმა უნდა, ჩვენი უფალი არ საჭიროებს დაცვას , მაგრამ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ეს, რათა გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მათ მიმართ.
განა სათნოა დუმილი, როდესაც მოყვასს უსამართლოდ ექცევიან? რა თქმა უნდა, არა! ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. არის თუ არა საქები დუმილი, როდესაც ვინმე ჩვენს წინაშე იხრწნება როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად? როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ ადამიანს, მაგრამ არ ვიღებთ ხმას? რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ სათნო დუმილი. მაგალითად, თუ ქალი მიდის აბორტის გასაკეთებლად და ჩვენ არაფერს ვამბობთ, განა ეს ხელშეწყობა არ არის? რა თქმა უნდა არის. ეს ხელშეწყობაა, ეს ცოდვაში თანამონაწილეობაა. ჩვენ უნდა ვუთხრათ მას, რომ არ ჩაიდინოს ცოდვა.
განა სათნოა დუმილი, როდესაც შენი სარწმუნოება საფრთხეშია? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვხედავთ, რას ამბობენ წმიდა მამები: საქებია სიტყვა, როდესაც სიყვარულის გამო ჩვენ ვესაუბრებით მოყვასს, რათა დავამშვიდოთ იგი, სწორი განმარტება მივცეთ მას. რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა დავტოვოთ იგი დახმარების გარეშე. დუმილი ასეთ სიტუაციაში როგორც ვთქვით სახიფათო დუმილია.
მაშ ასე, სახიფათო დუმილი არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვირჩევთ დუმილს ან უმოქმედობას ისეთ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი რწმენის აღმსარებლობისთვის, ღმერთის სიყვარულისთვის ან მოყვასის და ჭეშმარიტების დასაცავად ჩარევა აუცილებელია. ვინ არის ჩვენი უფალი? ის არის ჭეშმარიტება, მაგრამ ჭეშმარიტება არა როგორც საგანი, არამედ როგორც პიროვნება. როდესაც ჩვენ ვიცავთ ჭეშმარიტებას, მაშინ ჩვენთან არის უფალი თავისი მადლით და სამართლიანობით.
კიდევ მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითს როდესაც დუმილი არის საფრთხის შემცველი.
პირველი, დუმილი უსამართლობის წინაშე: როდესაც ადამიანები გმობენ წმინდანებს, ღვთაებრივ ენერგიას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმიდანებს, მოღვაწეებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც არიან ჩვენი უფლის ხატება და მსგავსება - ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა. ასევე, როდესაც ადამიანები არიან უსამართლობის მსხვერპლნი, როდესაც ჩაგვრის ან სხვა უსამართლო ქმედებების შემჩნევის დროს ამოიღეს ხმა და შენ კი დუმხარ, ნაცვლად იმისა, რომ იმოქმედო და თქვა სიმართლე. დუმილი ხომ გამოიწვევს ბოროტმოქმედების გაგრძელებას. ჩაგრულთა მეტ ზიანს და უფრო მეტ ტანჯვას?!
წმინდა მამების მიხედვით, ბოროტება ვითარდება და მრავლდება, რადგნა ჩვენ მას არ ვამხელთ. ჩვენ მას არ ვეწინააღმდეგებით და არ ვლაპარაკობთ მის წინააღმდეგ. ამიტომ უნდა აღვიმაღლოთ ხმა. ეს დიდი განდგომილება, რომელსაც ჩვენ დროში ვხედავთ, დაშვებულია იმიტომ, რომ არაფერს ვამბობთ ბორეტის წინააღმდეგ.
მეორეც — დუმილი არის სიცრუის დასტური, როდესაც ვრცელდება ერესები და ცრუ სწავლებები მართლმადიდებლური დოგმატებისა და ცხოვრების წესის შესახებ. ადამიანები დუმან სიცრუის გამოსწორების ნაცვლად, და ეს ხელს უწყობს სიცრუის გავრცელებას და ხალხის დაბნევას.
დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანები ძალიან დაბნეულები არიან. მათ არ იციან, რა არის სწორი, რა არასწორი, რა არის ჭეშმარიტება და რა — სიცრუე. როდესაც ყველა ცრუობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმა ადამიანმა მაინც თქვას სიმართლე. შეიძლება ის ერთი ჩვენ ვიყოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ყველა ჩვენს წინააღმდეგ რომ იყოს — ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე.
წმინდა ანტონი ამბობს: ბოლო ჟამს ადამიანები გაგიჟდებიან და ერთეულები იქნებიან კეთილგონიერნი, და ყველა იტყვის — „ეს გიჟია, ნახეთ რას ლაპარაკობს?" მაგრამ ის ერთი იქნება კეთილგონიერი. ამიტომ არ უნდა შევშინდეთ მაშინაც კი, როცა მარტო ვართ — სიმართლე უნდა ვთქვათ.
მესამე, დუმილი შიშის გამო: ადამიანები შეიძლება დუმდნენ, რადგან ეშინიათ მოსალოდნელი შედეგის: დამცირების, რეპუტაციის დაკარგვის ან ზიანის მიყენების.ეს კი შეიძლება გახდეს ცოდვა — როდესაც არ ვაღიარებთ, არ ვიცავთ და არ ვდგავართ ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების და ცხოვრების წესის სადარაჯოზე. ჩვენ არ უნდა გვადარდებდეს შედეგები — უნდა განვავითაროთ მოწამეობრივი გონება.
მეოთხე, დუმილით თანამონაწილეობა: როცა ვდუმათ მაშინ, როცა ვიცით ბოროტების, მავნე ქმედების შესახებ, მაშინ ჩვენ ვხდებით ამ ქმედების თანამონაწილენი. როდესაც ერესი შემოიჭრება რწმენაში და საზოგადოებაში, ბოროტად ვითარდება კორუფცია ან სისტემური დანაშაულებები ხდება — დუმილი ნიშნავს იმ ქმედების მხარდაჭერას და ცოდვაში თანამონაწილეობას.
წმინდა ნიკოდიმოსის მიხედვით, ჩვენ სამი გზით თანავმონაწილეობთ სხვის ცოდვაში:
როცა ვეხმარებით მათ;
როცა ვაქებთ მათ;
როცა ვდუმვართ.
მაგალითად, როდესაც ორსული ქალი მიდის აბორტის გასაკეთებლად — თუ მივყვებით და ვეხმარებით მას, ჩვენც იგივე ცოდვას ჩავდივართ. მეორე — როცა ვაქებთ: „კარგია, გააგრძელე" — ისევ იგივე ცოდვის თანამონაწილენი ვართ. მესამეც — როდესაც ვდუმთ.
არქიმანდრიტი საბა აგიორიტისი (ათონელი)
(საუბარი ჯორდანვილში, წმინდა სამების სახელობის მონასტერში, 2025 თებერვალი, ნაწილი III)