
დაკვირვებული ადამიანი ადვილად ამჩნევს თუ რამდენად ერთგვაროვანი გახდა კაცობრიობა. დღეს ჩვენ ფაქტობრივად ადამიანთა შორის განსხვავების წაშლას ვადევნებთ თვალს. გაძნელდა ერთმანეთისგან განასხვავო: ბრძენი და სულელი, მორწმუნე და ურწმუნო, ღირსეული და უღირსი. ყველას შეუძლია ისაუბროს რელიგიაზე, იყოს თეოლოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი თუ ფსიქოლოგი. ამ პროცესის განსაკუთრებული ხელშემწყობი სოც-ქსელი გახლავთ - აქ ხომ ყველანი ერთნი ვართ.
ადამიანთა ერთგვაროვნება შესამჩნევია ყველა სფეროში, ჩვენთვის კი განსაკუთრებით საყურადღებო ის გარემოება გახლავთ, რომ იგი შესამჩნევი გახდა რელიგიურ წრეებშიც. ჩვენ ვხედავთ, რომ იოლი, დასუსტებული, ადოგმატური სარწმუნოებრივი ცხოვრება ყველასათვის მისაღები გახდა. ადამიანთა უმრავლესობა ქვემოთ ექაჩება სიწმინდეს, ცდილობს საკუთარ დონემდე, უფრო სწორად, მასების დონემდე დაყვანოს იგი. ეკლესიაში ამ პროცესის ხელშემწყობი მოდერნისტია. სწორედ მოდერნისტის "მოღვაწეობით” ნაცვლად სულიერი აღმავლობისა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ეკლესიური სწავლება, სულიერ დეგრადაციას ვღებულობთ.
ადამიანი გაერთგვაროვანდა, რადგან დარღვეულია ღვთაებრივი წესრიგი და ღვთის სამსჯავროს მართლმადიდებლური გაგება, რომელიც ყველაფერს თავის სამართლიან სახელს არქმევს. საღმრთო განგების წინაშე მორწმუნე - მორწმუნეა, ხოლო ურწმუნო - ურწმინო, მოდერნისტთა სურვილისა და მოსაზრებების მიუხედავად.წარწყმედის გზა არასოდეს იწოდება ცხონების გზად. დიახ, სწორედ მოდერნისტები ქმნიან უწესრიგობას ეკლესიაში, ამიტომ განსხვავებაც გაქრა: თუ ურწმუნო და მორწმუნე - ორივე მორწმუნეა. მათ შორის განსხვავება გააქრეს და როგორღა გავარჩიოთ ისინი?!
როგორც კი ამ განსხვავებას დაინახავ, ან განსხვავებულად იცხოვრებ და სამართლიანად განსჯი - მაშინ საზოგადოებისთვის მიუღებელი ხდები. თუ ადამიანი ნეტარი ავგუსტინეს მსგავსად გამიჯნავს ღვთის ქალაქს ადამიანური ქალაქისაგან, მაშინ ის განსხვავებას წარმოშობს, რომელიც მოდერნისტების მიერ შექმნილ წესრიგს ეწინააღმდეგება. მოდერნისტები, მხილებულნი და უხერხულ მდგომარეობაში მყოფნი ბრძოლას იწყებენ მათ მამხილებელთა წინააღმდეგ, სინამდვილეში ჭეშმარიტი ეკლესიის წინააღმდეგ. მოდერნისტმა ამისთვის თავდაცვის "სათნოებაც” გამოიგონა, სახელად - " არ განიკითხო”.
გაერთგვაროვნება ნამდვილად არის ეკლესიაში შემოჭრილი ახალი ადამიანის, ანუ მოდერნისტის "მიღწევა”, მაგრამ მას ამის აღიარებაც არ სურს, ენა არ უბრუნდუბა, რადგან მაშინ უნდა აღიაროს, რომ ჩიხში შევიდა, რომ მის მიერ "განსწავლულ” ადამიანს არა აქვს უნარი განასხვავოს სიკეთე და ბოროტება, ცოდვა და მადლი, ღირსება და უღირსება ქრისტიანულ ჭრილში. ის ხვდება, რომ მან შექმნა ეს გამიწიერებული რელიგია, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია, რადგან თავად მიწიერია.
მოდერნისტებს მიაჩნიათ, რომ ყველაფერს ნულიდან იწყებენ. მათ ავიწყდებათ, რომ არსებობს წმინდა წერილი, გადმოცემა, მსოფლიო კრებები და მამათა სწავლება. მათ ახლებურად ასწავლეს მრევლს სარწმუნოება, ამიტომ მეტი სასწავლი არაფერი აქვთ, მათ ვერ შთააგონებ, რადგან უკვე შტაგონებულნი არიან. მოდერნისტებმა ზეციური ჭეშმარიტების მიღების უუნარონი გახადეს ადამიანები, რადგან ამსოფლოურ ჭეშმარიტებას უკვე აზიარენ ისინი. ამ მოხერხებულ სარწმუნოებრივ მდგომარეობაში მყოფნი იზიდავენ მასებს და წარმატებით აერთგვაროვნებენ მათ.
თანამედროვე ადამიანმა დაკარგა ორიგინალურობა და ასევე წმინდანთა მიმსგავსების უნარიც დაკარგა. მათ გონიათ, რომ ბაძავენ მოციქულებს ან წმინდანებს, სინამდვილეში მათი მაგალითი თანამედროვე მოდერნისტები და რევოლუციონერები არიან. რას არ მოიგონებს მოდერნისტი, ოღონდაც მიწიერი სწავლება ზეციურს მიამსგავსოს!
მართლმადიდებელს არ სურს ერთგვაროვნება არა ამპარტავნებით და გამოჩენის მიზნით, არამედ ჭეშმარიტებისადმი სიყვარულით და ერთგულებით. აქ ადამიანური „სიყვარული"უკან იხევს და ღმერთი პირველ ადგილზე დგება. მართლმადიდებელი ხვდება, რომ ამ ერთგვაროვნებაში ანტიქრისტიანული სული სუფევს. ამიტომ, უპირისირდება მოდერნიზმს და ცხოვრების წესით ამხელს მათ, რაშიც არა უწესრიგობას, არამედ ღვთაებრივ წესრიგს, ღვთის განგებას ხედავს . მართლმადიდებელი არაფერს ახალს არ იგონებს, ზეცად ამყვანი ეკლესიის კიბე უკვე აღმართულია. ის უბრალოდ ადასტურებს ჭეშმარიტებას და ყველაფერს ღვთის განგების მოქმედების ქვეშ ტოვებს.
ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მართლმადიდებელი იქნება მოძულებული, გარიყული ან დევნილი. მაგრამ ეს აუცილებელი პირობაა! მართლმადიდებელზე შესაძლოა მოხდეს ზემოქმედება სიმრავლით, ძალით, ცრუ ჩვენებებით, ცილისწამებით და სიცოცხლის მოსპობითაც კი. მაგრამ თუ შენთან არის ქრისტე რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება შენს წინააღმდეგ ?!
დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია