ტერმინი „ქრისტეს მიერ აღდგენილი კაცობრივი ბუნება" ახალი დროების სოტერეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ სწავლებებში ხშირად გაიგივებულია ორიგენიზმის აპოკატასტასისის სწავლებასთან. არადა მსოფლიო კრებებზე ანათემას გადასცეს ეს მოსაზრება. საკითხის ცხადსაყოფად, ორაზროვნებისა და ბუნდოვანებისთვის ადგილი რომ არ დარჩეს, მართებულად მიგვაჩნია გამოვკვეთოთ ორთოდოქსული სწავლების განსხვავებები ორიგენისტული კონცეფციისაგან.
თავიდანვე ვიტყვით (შემდეგ თავებში მეტად განვავრცობთ): ორიგენიზმი გვევლინება ვით გნოსტიციზმის, ნეოპლატონიზმისა და სტოიციზმის, წარმართულ-ონტოლოგიური და რელიგიური შეხედულებების ნაზავი. აქედანაა მისი (ორიგენეს) ძირითადი სწავლებები აპოკატასტასისის (საყოველთაო აღდგომის) და სულების წინათარსებობის შესახებ, რომლებიც ღმერთთან თანამარადიულნი არიან (პლატონური ეიდოსების და სტოიკური პანთეიზმის სამყაროს ციკლების იდეის მსგავსად).1
ცხადია, ეს ხისტი ორიგენიზმი მოდერნისტ-ეკუმენისტების მიერ შერბილებული ფორმითაა წარმოდგენილი, თუმცა ამ ერეტიკული სწავლების არსი სულაც არაა შეცვლილი. ტერმინები დახვეწეს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ვერ გადააქცევს ორიგენიზმს მართლმადიდებლურ კონცეფციად — საქმე გვაქვს არა უმნიშვნელო გადაცდომასთან, არამედ მსოფლიო კრებებზე ანათემირებულ ერესთან.
ზემოთქმული იმაზე მეტყველებს, რომ ორიგენეს სწავლება აღდგომის შესახებ ქრისტიანობისა და წარმართულ მითოლოგიურ-ფილოსოფიურ შეხედულებათა ერთგვარი სინთეზია.
ეს იწვევს ბუნდოვანებას, რაც ბადებს კითხვებს:
1) როგორ უნდა იქნას გავიგოთ ორთოდოქსული სწავლების ისეთი ფორმულირებები, როგორებიცაა: „ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნა", „კაცობრივი მოდგმის ცხონება", „კაცობრივი ბუნების ერთიანობის აღდგენა" და მისთანანი?
2) რამდენად მართებულია აღნიშნულ კატეგორიებში მთელი კაცობრიობის მოდგმის მოაზრება?
ფაქტია, თანამედროვე ღვთისმეტყველებაში ელინისტური მეტაფიზიკის შემოპარვამ განაპირობა ცნებათა აღრევა. საქმე ისაა, რომ პლატონიზმში, ისე როგორც ორიგენიზმში, პელაგიანობაში, სინერგიზმში, ადამიანი ზნეობრივი შემეცნებისა და სრულყოფის გზით თავის თავს თავად აცხოვნებს, რაკი აიგივებს თავის ბუნებას ღვთაებრივ ბუნებასთან. ამგვარი ემანაციის პირობებში არ ხდება ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებებათა პრინციპული გამიჯვნა. ე.ი. სტოიკოსებსა და პლატონიკოსებთან უნისონში ორიგენე ქმნის საყოველთაო გადარჩენის კონცეფციას.
შესაბამისად, აპოკატასტატისში (საყოველთაო აღდგომის კონცეფციაში) იგნორირებულია წმ. წერილისა და მთლიანად ეკლესიის სწავლება ცხონებულთა და წარწყმენდილთა არსებობის შესახებ. საქმე გვაქვს გნოსტიკურ-ნეოპლატონური ტიპის ერესების საერთო მახასიათებელთან — პირველქმნილი ცოდვის უარყოფასთან, რომლის არსებობა დაცემულ კაცობრივ ბუნებაში დეტერმინირებულს ხდის კაცობრივ ნებასაც. სწორედ ესაა არსი ბრალეულობისა.
პელაგიანობის მსგავსად, ორიგენიზმიც ადამიანის თვითგადარჩენის კონცეფციაა. ორიგენე წერს: „თუმც უდებებით განდგომილი გონება უკვე ვეღარ იღებს თავის თავში ღმერთს წმინდად და მთლიანად, მაგრამ მას ყოველთვის აქვს თავის თავში აღორძინების, განახლების, ღმერთის უკეთ წვდომის ერთგვარი თესლი, ვინაიდან შინაგანი კაცი ისევ იწოდება გონიერად, განახლებულად, ხატად და მსგავსად მისი შემქმნელისა".2
სწორედ ეს ტიტანური „თესლი აღორძინებისა" გახლავთ ორიგენეს ნახევრად პანთეისტური სოტერეოლოგიის პრინციპული განსხვავება საეკლესიოსაგან (ორთოდოქსულისაგან).
მოდერნისტებმა ორიგენეს კვალდაკვალ (ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლისა და მართლების აღმოყვანის სანაცვლოდ) „საყოველთაო ამანისტიის" კონცეფცია შემოგვთავაზეს. ეს მორიგი დასტურია თანამედროვე საღვთისმეტყველო ანთროპოლოგიაში არსებული პრობლემებისა.
მოდერნისტების აზრით, „ქრისტემ ჯოჯოხეთში შთასვლით სრული (ე.ი. ყველა დაბადებული ადამიანის) კაცობრივი ბუნება აღადგინა და საწყისი მდგომარეობა დაუბრუნა. მაგრამ, ჩავიდა რა ჯოჯოხეთში ყველა როდი აღადგინა, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ისურვა დაეჯერებინა მისთვის, ერწმუნა მისი... გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარ თავისუფალ ნებას, სურვილს — იყოს ან არ იყოს ქრისტეში".3
ამრიგად, ქრისტეს მიერ გამოხსნილი „სრული კაცობრივი ბუნება" ერთი მხრივ, განიმარტება ვით მოცემული ბუნების სრული ჰიპოსტასი („ყველა ადამიანი"); მეორე მხრივ: „გადამწყვეტი მნიშვნელობა ყველას ხვედრში" — ენიჭება ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას (ე.ი. ნებისმიერ ცოდვილს თავისი ნებითა და სურვილით შეუძლია გამოვიდეს ჯოჯოხეთიდან, დარჩეს მასში, შევიდეს სასუფეველში, გამოვიდეს მისგან და დაბრუნდეს ჯოჯოხეთში და ა.შ.).
ამის საპირისპირო სწავლებაა ეკლესიის წმ. გარდამოცემაში. აი, რას წერს წმ. გრიგოლ დიოლოღოსი კონსტანტინოპოლელ კლირიკოსებს:
„თქვენი წასვლის შემდეგ შევიტყვე, რომ თქვენი მოყვარებავ ამბობდა, თითქოს ყოვლისშემძლე უფალი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, შთავიდა რა ჯოჯოხეთში, ყველანი, ვინც იქ ღმერთად აღიარა, აცხოვნა და გაათავისუფლა დამსახურებული სასჯელისაგან. მსურს თქვენი საძმო ამის შესახებ სხვაგვარად ფიქრობდეს, კერძოდ: ჯოჯოხეთში შთასულმა (უფალმა) მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, რომლებსაც სწამდათ კიდეც, რომ ის მოვიდოდა, ცხოვრობდნენ კიდეც მისი მცნებებისამებრ, ვინაიდან ცნობილია: უფლის განკაცების შემდეგ ვერავინ ცხონდება, თუკი არ იცხოვრებენ სარწმუნოებისამებრ, ისინიც კი, ვისაც სწამთ მისი; როგორც წერია: „რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუარ არს და ჭეშმარიტება არა არს მის თანა" (1 იონ. 2. 4); „რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2. 26).
ამრიგად: თუკი ამჟამად მორწმუნე კეთილი საქმეების გარეშე ვერ ცხონდება, ხოლო ურწმუნო და ბრალეული ჯოჯოხეთში შთასული უფლის მიერ ცხონდება კეთილი საქმეების გარეშე, მაშინ მათი ხვედრი, ვისაც არ უხილავს უფალი, გაცილებით უკეთესია, ვიდრე მათი, რომლებიც დაიბადნენ (იშვნენ) უფლის განკაცების საიდუმლოს შემდეგ. თუ როგორი უგუნურებაა ამგვარი ფიქრი და საუბარი, ამას თავად უფალი ადასტურებს, როდესაც ეუბნება მოწაფეებს: „მრავალთა წინასწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაი, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა" (ლუკ. 10. 24). მაგრამ დიდხანს რომ არ დავაყოვნო თქუენი მოყვარება ჩემი მსჯელობით, გირჩევთ წაიკითხოთ, თუ რას წერს ამ ერესის შესახებ ფილისტრი (Филистрий) თავის ნაშრომში. აი მისი სიტყვა: „არსებობენ ერეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ უფალი შთავიდა რა ჯოჯოხეთში, იქ ყველას უქადაგა მის (უფლის) შესახებ მათი სიკვდილის შემდეგ. ხოლო ისინი, ვინც ის იქ აღიარა, ცხონდნენ, როდესაც ეს ეწინააღმდეგება დავით წინასწარმეტყველის სიტყვას: „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" (ფს. 6. 6) და მოციქულის სიტყვას: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოთ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდნენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ" (რომ. 2. 12). მის ამ სიტყვას ეთანხმება ნეტარი ავგუსტინეც თავის ნაშრომში ერესების შესახებ.
ამრიგად, ვიმსჯელეთ რა ყოველივე ამის შესახებ, ნუ ირწმუნებთ ნურაფერს გარდა იმისა, რასაც ასწავლის ჭეშმარიტი კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება".4
როგორც ვხედავთ, ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლით არანაირი „საყოველთაო კაცობრივი ბუნების აღდგენა" არ ხდება, მეტიც: წმ. ეკლესიის მიერ ერესადაა სახელდებული. რატომღაც მოდერნისტებს მაინც მიაჩნიათ, რომ აქვთ საკუთარი კონცეფციის, ვით ეკლესიური სწავლების, დამკვიდრების უფლება.
წმ. წერილი ცხადად ამბობს: „ვერვის ხელ-ეწიფების მოსვლად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა" (იონ. 6. 44).
ამრიგად: ცოდვილი სულები, რომლებიც არც მესიის მოლოდინში იყვნენ, მეტიც — უკიდურეს წარმართობასა და უსჯულოებაში ცხოვრობდნენ, არ არიან აღდგენილნი მადლით. ამქვეყნიური ცხოვრების დროს მყოფის საიქიო ხვედრი არა მისი (ადამიანის) საკუთრივ „ღირსება", „დამსახურება" წარმოადგენს, როგორც ამას მართლმადიდბელი ორიგენისტები განმარტავენ, არამედ რომელიც „ეწყალის ღმერთსა". როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „აწ უკუე არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა" (რომ. 9. 16).
ამაშია პრინციპული განსხვავება ორთოდოქსული სწავლებისა ორიგენისტულ-პელაგიურ-სინერგიულ-მოდერნისტულ-ეკუმენისტურისაგან. განსხვავება ისაა, რომ ორთოდოქსულად „ერთიანი ბუნების აღდგენის" საკითხი მოციქულებრივ პარადიგმაში განიხილება, ხოლო ზემოხსენებულებთან ლიბერტანიული თვითუფლებრივობით — ე.ი. პრინციპით: კაცობრივი სულის, ნების აბსოლუტური თავისუფლება.
საგულისხმოა, რომ დაცემული ადამისაგან გამოსული კაცობრიობა არსებითად ერთიანი ბუნებაა თავისი ბუნებრივ-ცოდვისმიერი ქმედებითა და ბუნებრივ-ცოდვისმიერი ნებით (რომ. 5. 12). ხოლო მადლისმიერი, იგივე ქრისტესმიერია, ახალი დაბადებული (2 კორ. 5. 17). იმიტომ რომ, მასში აღარ არის ის ცოდვისმიერი, რომლისგანაც ონტოლოგიურად შედგებოდა დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ძველი კაცობრიობა.
ამრიგად, ქრისტეს კაცობრივი ბუნების მოქმედება და ნება, რაც არა ცოდვით, არამედ ღვთაებრივი მადლითაა დეტერმინირებული, სუბსტანციურად დამახასიათებელია ახალი ადამისთვის, „მადლი იგი ღმრთისა და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა" (რომ. 5. 15).
ამიტომ ვამბობთ, რომ მხოლოდ მართლების აღმოყვანის ორთოდოქსული კონცეფცია გახლავთ თანმიმდევრული, მოციქულებრივი, კრებსითი სწავლება, სადაც „განახლდების", „აღორძინდების" მხოლოდ ქრისტეში მყოფი კაცობრიობა. ხოლო მოდერნისტულ საღვთისმეტყველო სისტემა „გასულია" ბუნებრივი ერთობის ორთოდოქსული პრინციპიდან (ე.ი. მხოლოდ ქრისტესმიერებისა) და წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემას აცდენილები გაიძახიან „საყოველთაო კაცობრივი ბუნების აღორძინებას", რაც დაუშვებელია.
დაცემულ ადამში ძველი კაცობრივი ბუნების ერთიანობა მარადიული სასჯელისთვისაა განწირული, ე.ი. მთელი შთამომავლობა დიდიან-პატარიანა, ვინც არ ეკუთვნის „მესიის მომლოდინეთა კატეგორიას", მოკლებულია ყოველგვარ სოტერეოლოგიურ საზომს. წმ. წერილის სიტყვით „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს" (იონ. 3. 6). ნათლისღების გარეშე ცხონების შეუძლებლობა არა ნეტარი ავგუსტინეს ახირებაა (როგორც ეს სურთ წარმოაჩინონ ძველი თუ ახალი თაობის მოდერნისტებს), არამედ წმ. წერილისა და მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებაა: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა" (იონ. 3. 3).
ცნობილია, რომ კაცობრივი ნება და მოქმედება ბუნებას მიეკუთვნება და არა პირს (პირს სამშვინველთან და სხეულთან ერთად უკვდავი სული გააჩნია), ამიტომ ყველას, ვინც ძველ ადამშია, არ შეუძლია არ ჩაიდინოს ცოდვა: „აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვა" (რომ. 7. 17). ხოლო ვინც ქრისტესია, ნათლისღების მადლითაა დეტერმინირებული. სწორედ ისინი მიეკუთვნებიან ცხონებულთა, აღორძინებულთა კატეგორიას.
1 Платон. Федон. 76. d.e. ციტ. Цуркан А.В. Ориген: проблема взаимодействия религии и философии. Гл. II.
2Ориген. О началах. Кн. 4. Гл. 3.
3 Митр. Иларион Алфеев. Христос — Победитель ада. М. 2009. С. 193.
4Св. Григорий Двоеслов письмо 179-е. Григорию пресвитеру и Феодору диакону Константинопольскому о том, кого Господь издел с собой из ада, когда сходил в оный.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია