გამოჩენილი ღვთისმეტყველი და ფილოსოფიური მოაზროვნე ნეტარი ავგუსტინე (354-430 წ.წ.) ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სწავლის სიყვარულით. მის პიროვნებაზე დიდი ზეგავლენა იქონია დედამ, კეთილმორწმუნე ქრისტიანმა მონიკამ, რაც აღწერილია ნეტარის შესანიშნავ ნაშრომში „აღსარება". ახალგაზრდობაში წმ. მამა რიტორიკისა და ლათინური მეტყველების (გრამატიკის) მასწავლებელი გახლდათ. კართაგენსა და მილანში მეცნიერული მუშაკობით მალევე გაითქვა სახელი როგორც დასავლეთში, ისე ჩრდილოაფრიკის საზოგადოებაში.
ერთხანს ნეტ. ავგუსტინე გაიტაცა მანიქეველურმა სწავლებამ, თუმცა მოგვიანებით თავადვე ამხილა და დაგმო ეს მიმდინარეობა. საკითხს კი არაერთი ნაშრომი მიუძღვნა. შემდეგ მარუს ვიქტორინას ზეგავლენით საფუძვლიანად შეიმეცნა ნეოპლატონური ფილოსოფია, რამაც სერიოზული კვალი დატოვა მის ღვთისმეტყველებაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ქრისტიანობის მიღებამდე ნეტ. ავგუსტინემ, ვით რელიგიურ-ფილოსოფიურმა მოაზროვნემ, გაიარა გრძელი, წინააღმდეგობებით სავსე ინტელექტუალურ-ევოლუციური გზა. ის ნეოპლატონიზმის სწავლებასა და ქრისტიანობას შორის გარკვეულ თანხვედრას ხედავდა, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანობაში გადასასვლელ პლატონიზმში მას ღვთის აბსოლუტის, უსხეულობის, მარადიულობისა და უცვლელობის თეზები იზიდავდა. ნაშრომში „Против Академиков" იგი აქებს პლატონისა და პლატონის „ჭეშმარიტ წარმოდგენებს ღმერთზე". მოგვიანებით, მილანში მოღვაწეობის პერიოდში კი შეხვდება წმ. ამბროსი მედიოლანელს, ვისთანაც ინათლება და იწყებს ქრისტიანულ მოღვაწეობას.
ნეტ. ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის 101 ნაშრომი, 132 წიგნად წარმოდგენილი. თემატურად მისი შემოქმედება შეგვიძლია რვა ჯგუფად დავყოთ: 1) ავტობიოგრაფია; 2) ფილოსოფია და ლიტერატურა; 3) აპოლოგეტიკა; 4) პოლემიკა; 5) ეგზეგეტიკა; 6) დოგმატიკა; 7) ასკეტურ-ზნეობრივი სწავლება; 8) სამოძღვრო ღვთისმეტყველება.
როგორც ავღნიშნეთ, ნეოპლატონიზმის კვალი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დაჰყვებოდა ნეტ. ავგუსტინეს შემოქმედებას. თავად წმ. სამების არსის განმარტებისას იგი „ფსიქოლოგიურ-ტრინიტარულ მოდელს" ეყრდნობოდა - როგორ შეიძლება რაიმე იყოს ერთდროულად ერთი და სამი. მაგალითად: სამების ფსიქოლოგიურ ანალოგიას ხედავდა „ყოფიერებასა, აზროვნებასა და ნებაში", მას ასევე სხვა მრავალი მსგავსი ფორმულირებები ჰქონდა".1
უნდა აღინიშნოს: იმ პერიოდში ეკლესია არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ იბრძოდა, ამიტომ ძირითადი აქცენტი წმ. სამების პირთა ღვთაებრივი არსის მტკიცებაზე კეთდებოდა; ხოლო წმ. სამების პირთა თანაარსებობის დოგმატი, მით უფრო დასავლეთ ეკლესიაში, ჯერ არ იყო სრულფასოვნად ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, დასავლეთის წმ. მამათა (ამბროსი მედიოლანელი, ნეტ. ავგუსტინე, ნეტ. იერონიმე, წმ. ილარი და სხვ.) სწავლებაში „სულიწმიდის ძისაგანც გამომავლობის" (ფილიოქვე) საკითხიც განიხილება. ცხადია, ეს მოსაზრებები წმ. მამათა კერძო აზრს (თეოლოგუმენს) წარმოადგენს. თავად ნეტ. ავგუსტინე წერდა: „უფალო, წმ. სამებაო, ერთო ღვთაებაო, რაც გამოვთქვი შენგან, დაე იყოს მიღებული როგორც შენი, რაც გამოვთქვი ჩემგან, შემინდე".2
დასავლელ წმ. მამათა (განსაკუთრებით ნეტ. ავგუსტინეს) გადაცდომა წმ. სამების განსაზღვრებისას, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე მრავალგზისი და შეუნელებელი კრიტიკის საგანია. ამ მხრივ დიდწილად ბერძნულ-ელინური სამყაროს წარმომადგენლები გამოირჩევიან, თითქოს აღმოსავლეთ ეკლესია არ განიცდიდა წარმართული ფილოსოფიის ზეგავლენას. ორიგენიზმის კვალი აღმოსავლეთის ეკლესიის ღვთისმეტყველებაზე შეუდავებელი ფაქტია, დადასტურებული ყველა სერიოზული მკვლევარის მიერ. ცხადია, ამ სინამდვილეს უკიდურესი სიფრთხილით ვეკიდებით, რათა არ შეილახოს წმ. მამების ავტორიტეტი. ზოგიერთთან ხომ მართლაც შეინიშნება მსგავსი შეხედულებების არსებობა (მანამ, სანამ საკითხზე კრებსითი გადაწყვეტილება ჩამოყალიბდებოდა). თუმცა სულ სხვა რამ იგრძნობა ბერძნულ საღვთისმეტყველო ტენდენციებში. აქ გადაჭარბებით მუქად, გაზვიადებულადაა წარმოჩენილი დასავლეთის წმ. მამათა კერძო აზრები. განსაკუთრებული „შტურმი" ნეტ. ავგუსტინეს წინააღმდეგ მიაქვთ, სპეციალიზებულებიც კი არიან, რაიმენაირად ძირფესვიანად გაანადგურონ ავგუსტინეს ღვთისმეტყველება, არ დატოვონ იოტისოდენა შესაძლებლობაც კი, რომ მიჩნეულ იქნეს იგი ეკლესიის წმ. მამად. ამ ნიშნით განსაკუთრებით გაისარჯნენ ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლები (ი. რომანიდისი, ი. მეინდორფი თუ სხვა). როგორც ჩანს, ამით იყვნენ დაკავებულნი იმ პერიოდის „კრიტიკოსებიც", რომლებსაც სათანადო პასუხი წმ. პატრიარქმა ფოტიმ გასცა:
„რა შეიძლება ითქვას ამ ნეტარი მამების (იგულისხმება წმ. ამბროსი, ნეტ. ავგუსტინე, ნეტ. იერონიმე და სხვა) დაცვის მიზნით?
რა ცხოვრებისეულმა მდგომარეობამ განაპირობა ეთქვათ არამართებულად: იკონომიის გათვალისწინებამ, ურჩებისაგან იძულებამ, არცოდნამ, რაც დამახასიათებელია ადამიანისათვის? ზოგმა, შესაძლოა, ერესებთან ბრძოლაში მეორე უკიდურესობა ვერ გაითვალისწინა... მართალია, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო მათ გამოთქვეს არასწორად, მაგრამ არანაირი გამოკვლევა აღნიშნული საკითხისა მათთვის არ ყოფილა შეთავაზებული, არავის მოუწოდებია მათთვის შეემეცნათ საკითხის ჭეშმარიტი განმარტება. ამიტომ სხვა მამებზე ნაკლებად არ მივიჩნევთ მათ წმინდა მამებად. მხოლოდ იმ გამონათქვამებს არ ვიზიარებთ, სადაც ცდებოდნენ... რომის ეკლესია სრულ თანხმობაშია დანარჩენ ოთხ ეკლესიასთან. ამ დროს ყურადღება წმ. მამების კრებსით გადაწყვეტილებისკენ უნდა მივმართოთ. დაუშვებელია ვიღაც მიგვაჩნდეს მამებად და ამავდროულად დაუნდობელი ცილისწამება არ შევწყვიტოთ მათ წინააღმდეგ... ეს ქამის ცოდვის ტოლფასია, რომელთაც „არ ფარეს მამის სიშიშვლე"."3
როგორც ვხედავთ, წმ. ფოტი სრულიად დაუშვებლად მიიჩნევს წმ. მამების „დაუნდობელ ცილისწამებას", „ქამის ცოდვას" ადარებს წმ. მამებისადმი ამგვარ მიდგომას. საამისოდ ორ არგუმენტს ეყრდნობა:
1) საკითხის გამოკვლევა მათთვის არ ყოფილა შეთავაზებული;
2) საბოლოო კრებსითი გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ არ ყოფილა მიღებული.
ცხადია, კრებსითი გადაწყვეტილების შემდეგ ეს სწავლება არც ერთ წმ. მამას არ ჰქონია.
როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი ნეტ. ავგუსტინე გახდა. ამიტომ იბადება სამართლიანი შეკითხვა: რა იყო ამის ნამდვილი მიზეზი? საქმე ისაა, რომ ნეტ. ავგუსტინეს ძირითადი საღვთისმეტყველო კონცეფციის არსი, რასაც ვერ პატიობენ მას ელინური ჰუმანიზმის მოტრფიალენი, არის პირველქმნილი ცოდვის დოგმატი. სწორედ ამ დოგმატის მიხედვით კართაგენის 418 წ. კრებაზე ანათემას გადაეცა პელაგიური სწავლება. სახელდობრ „გაღიზიანების" მიზეზი გახლდათ „კაცობრივი ღვაწლის მნიშვნელობის დაკლებისა" და „ღვთაებრივი ყოვლისმომცველი მადლის გაზრდის" ნეტ, ავგუსტინესეული კონცეფცია. სწორედ ეს „მინიმალისტური" ანთროპოლოგია კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ორიგენისტულ ნიადაგზე აღმოცენებული ფარული ანთროპოთეიზმისათვის (იგივე ნახევრადპელაგიანობა - ღვთაებრივ მადლსა და ადამიანს ღვაწლს შორის ტოლობის ნიშნის დასმა). არადა სწორედ ეს არის ნეტ. ავგუსტინეს ასპროცენტიანი ორთოდოქსიის მანიშნებელი. სწორედ ამის გამო მოიხსენებს მას მსოფლიო კრებები წმ. მამათა გვერდით, ვით უდიდეს წმ. მამას. თავად წმ. ფოტი დიდიც უდიდეს წმინდანად მიიჩნევდა ნეტ. ავგუსტინეს სწორედ პელაგიურ ერესთან ბრძოლისა და ამ ბრძოლაში გამარჯვების გამო. იგი ხაზგასმით აღნიშნავს კართაგენის პაპ ავრელისადმი ეპისტოლეების ფასდაუდებელ მნიშვნელობას.4
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: სიცოცხლის ბოლო ხანს ნეტ ავგუსტინე საკუთარი ღვთისმეტყველების სერიოზული ცენზორი გახდა. მსოფლიო ეკლესიის პელაგიურ ერესზე (418-419 წ.წ.) გამარჯვების შემდეგ ავგუსტინემ (ამ ბრძოლის მთავარმა სულისჩამდგმელმა) აუცილებლად მიიჩნია საკუთარი ადრეული მოქმედების (ანთროპოლოგიასა და სოტერეოლოგიაში) გადახედვა, ვინაიდან: ადრეულ ნაშრომებზე ნეოპლატონური შეხედულებების გარკვეული ზეგავლენა აახლოვებდა მის მოსაზრებებს პელაგიურთან, კერძოდ, კრეაციონიზმთან (დაცემის შემდეგ სულების წარმომავლობის თეორია). ეს კი ადამიანთა შთამომავლობაზე პირველქმნილი ცოდვის გადაცემის ნაწილობრივ უარყოფას ნიშნავდა.
ამ რევიზიის შედეგად ნეტ. ავგუსტინემ გამოსცა მოგვიანებითი პერიოდის ანტიპელაგიურ ნაშრომთა ორი ტომი. ვგულისხმობთ „გადამოწმებას" („Пересмотры") (426 წ.) და კონტექსტში არსებულ თხზულებებს („О предопреждении святых. "Письмо 166 к Иерониму Стридонскому”. "О душе и ее приосхождении"), რაც არსებითად არის მის საღვთისმეტყველო კონცეფციაში ნეოპლატონისტური ზეგავლენის საბოლოო უარყოფა. ამ ნიშნით თავისი ადრეული ღვთისმეტყველების რევიზია ნეტ. ავგუსტინემ გაცილებით უფრო ადრე დაიწყო; ბოლო პერიოდში კი საბოლოო წერტილი დაუსვა წარმართული ფილოსოფიის ზეგავლენას.
სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით „ელინისტ ღვთისმეტყველებზე", (მოდერნისტ-ეკუმენისტებზე), რომლებმაც წარმართული ფილოსოფია (როგორც ძველი - ელინური, ისე ახალი - გერმანული იდეალიზმი) მთლიანად მოახვიეს თავს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას, ამასთან, არანაირ წუხილს, სინანულს არ გრძნობენ ამის გამო. მეტიც: დიდად იქადიან ამით (რეალურად წარმართობით). ეს კი მათ საღვთისმეტყველო კონცეფციებს ნეოორიგენისტულ და ნეოპელაგიურ ელფერს სძენს.
1ნეტ. ავგუსტინე „აღსარება". თავი 13.
2Блж. Августин. "О Троице".
3Послания патриарха Фотия архиепископосу Аквилейскому. (291 послание).
4Патриарх Константинополский Фотии. О пелагианстве и Блж. Августине. LIII. Акты собора Карфагенского против пелагиан.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია