დეკანოზ ი. რომანიდისის „განღმრთობის კონცეფცია", როგორც წინა თავში ავღნიშნეთ, ეყრდნობა კრეაციონიზმისა (თეორია სულთა წარმომავლობისა ცოდვით დაცემის შემდეგ, რაც იყო ფარული თუ ნაწილობრივი უარყოფა პირველქმნილი ცოდვის გადაცემისა ადამიდან შთამომავლობაზე) და დიხოტომიის (ადამიანის ორშემადგენლობითი სტრუქტურა) შეხედულებებს. აქ „სულისა" და „სამშვინველის" ცნებები გაიგივებულია ერთმანეთთან - ორივე სულია. ამან სინერგიული კონცეფციის განვითარებას შეუწყო ხელი. გამოჩნდნენ აპოლოგეტები და ირწმუნებიან: არსებობს არა მარტო ორი ქმედება (საღმრთო მადლი - „სული" (дух) და კაცობრივი ნება - „სამშვინველი" (душа)), არამედ სწორედ რომ ორი სოტერეოლოგიური ანუ ორი მაცხოვნებელი, ერთმანეთის თანასწორი ქმედება - ღვთაებრივი კაცობრივი. ეს კი ნამდვილად საღვთისმეტყველო კაზუსია და მას ვირწმუნებთ, თურმე კაცობრივ ბუნებასაც (ნება, სამშვინველი) ძალუძს ცხონება, ყველაზე ცოტა - თანამონაწილეობა მაინც ღვთაებრივ, ზებუნებრივ მოქმედებაში. ამ საზრისის გარკვევა უაღრესარდ მნიშვნელოვანია ადამიანის ცხონების საქმეში.
1. წმ. წერილი პავლე მოციქულის ბაგით ამბობს:
„ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე, ხოლო რომელი-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყვარა მე, მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2. 20).
„ხოლო თქუენ არა ხართ ხორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქუენ შორის, უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი" (რომ. 8. 9).
„ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კაცის ჭურებითა, რაითა გარდარეული იგი ძლიერებისა იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან" (2 კორ. 4. 7).
„ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა" (ეფ. 4. 7).
„რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (რომ. 3. 23-24).
ორთოდოქსულ ცნობიერებას ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია ეს საკითხი - ე.ი. არავინ ხედავდა „მადლის უფლებამოსილებასა" და უპირატესობაში რაიმე „საფრთხეს" „ადამიანურ ღირსებათა" დაკნინების თვალსაზრისით, რასაც აბრალებენ ნეტარ ავგუსტინეს. გამოიკვეთა ორი მიდგომა:
ა) ორთოდოქსიაში: მადლმა (და არა მე) იმუშაკა, რომელიც იმყოფება ჩემთან.
ბ) სინერგიის კონცეფციაში: მადლმა იმუშაკა ჩემთან ერთად. ე.ი. ადამიანის ძალისხმევასაც სოტერეოლოგიური (მაცხოვნებელი) მნიშვნელობა ენიჭება.
2. გადავხედოთ ეკლესიის კრებსით გადაწყვეტილებას.
პელაგიურ და ნახერადპელაგიურ (სინერგიულ) კონცეფციებში მოიაზრება ღვთაებრივი მადლისა და გნომური ნების (ადამიანის დაცემული ნება) სინერგია. სწორედ გნომური ნება შეუქცევადად რომ მოქმედებს აუღორძინებელ (ნათლისღებას, გამოსყიდვას მოკლებულ) ადამიანში, ამის აპოლოგეტად გვევლინება ი. რომანიდისი. მანამდე კი იყვნენ ნახევრადპელაგიელები (სინერგისტები). ეს სწავლება რამდენიმე საეკლესიო კრებამ ამხილა. ჯერ დიასპოლში - 415 წ. (სადაც ნეტ. იერონიმეს საღვთისმეტყველო მიდგომა გაიზიარეს), მერე კართაგენში - 418 წ. (პელაგისა და ცელისტიუსის ბრალდება, ნეტ. ავგუსტინეს პირველქმნილი ცოდვის კონცეფციის მიხედვით); კართაგენის სწავლება დაადასტურა ეფესოს (430 წ.) მსოფლიო კრებამ, შემდეგ მეორე არავსიონის 529 წ. კრება. ამ კრების ავტორიტეტს ადასტურებს მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი) აკადემიურ ნაშრომში „დოგმატური ღვთისმეტყველება". კრება ასკვნის:
„თუკი ვინმე ამბობს, რომ ცოდვებისაგან გასანთავისუფლებლად ღმერთი ელოდება ჩვენს ნებას და არ აღიარებს, რომ თავად ნებელობის განწმენდა ჩვენში სულიწმიდის მადლითა და შეწევნით ხორციელდება, ის ეწინააღმდეგება სულიწმიდას" (IV კანონი).
„თუკი ვინმე ამბობს, რომ ადამიანს საკუთარი ბუნებრივი ძალებით შეუძლია იმსჯელოს სათანადოდ ან აირჩიოს რაიმე კეთილი, რაც ცხონების საქმეს ეხება და დაეთანხმოს მის მაცხოვნებლობას, ე.ი. სახარების შემეცნებისა და სულიწმიდის შთაგონების გარეშე, ის მოხიბლულია ერეტიკული სულით" (VII კანონი).1
აღნიშნული კანონებიდან ირკვევა: მადლის მოქმედება ვლინდება არა იმაში, რომ ვიღაც შრომობს თავისი ცხონებისათვის, არამედ იმაში, რომ სახარებისა და სულიწმიდის „შთაგონების გარეშე" ეს „შრომა" (კეთილი საქმეები) შეუძლებელია. ე.ი. ნათლისღების, გამოსყიდვის გარეშე გაკეთებული კეთილი საქმეები არაა საკმარისი ცხონებისათვის (განღმრთობისათვის), როგორც ამას ირწმუნება ი. რომანიდისი.
3. წმ. მამათა სწავლებას გადავხედოთ:
ნეტ. ავგუსტინესთვის ყველაფერი უცხადესი იყო: „ვინც ამბობს, რომ კაცობრივი სათნოებები წინ უძღვის საღმრთო მადლის მოქმედებას, ეს ახალი ერეტიკოსების - პელაგიანელების შეხედულებაა; ამ ერესში ვარდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ თითქოს ღვთის მადლი, რაც მხოლოდ და მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს მეშვეობით ათავისუფლებს ადამიანს, ვითომ რაიმე ადამიანური დამსახურების გამო მიეცა... მადლი აყალიბებს ადამიანის მართებულ მოქმედებას კაცობრივ მოღვაწეობაზე სწორედ ღვთაებრივი ზემოქმედება და არა სახელდობრ კაცობრივი ქმედება აყალიბებს ადამიანის საბოლოო ხვედრს".2
ამრიგად, ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით მხოლოდ ღვთის „ზებუნებრივი მადლის" წყალობით ხორციელდება ადამიანის განთავისუფლება ბოროტი (გნომური) ნებისაგან, ე.ი. დაცემული ადამიანის ნებას მხოლოდ ეს მადლი დაიხსნის პირველქმნილი ცოდვის ტოტალიზმისაგან. ეს არის იგივე წმ. მაქსიმეს სწავლებაა - მაქსიმემდე და წმ. გრიგოლ პალამასი - პალამამდე. ოღონდ ავგუსტინე ანთროპოლოგიით მივიდა აქამდე.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი წერს: „განღმრთობა ვერანაირად ვერ განხორციელდება ბუნებრივი ძალების მიერ, ვინაიდან კაცობრივ ბუნებას არ გააჩნია ის ძალა, რასაც ძალუძს მოიცვას ზებუნებრივი. ქმნილი ბუნება ვერანაირად ვერ გამოიწვევს განღმრთობას, იმიტომ რომ, მას არ შეუძლია მოიცვას ღმერთი. მარტოოდენ საღმრთო მადლისთვის არის ბუნებრივად შესაძლებელი განღმრთობის მინიჭება, რათა გაანათლოს ადამიანის ბუნება ზებუნებრივი ნათელით, მისცეს მას უხვი, საკუთარ ბუნებაზე აღმატებული დიდება".3
ამრიგად, „ქმნილი ბუნება ვერ გამოიწვევს განღმრთობას". წმ. მაკარი დიდიც და წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვიც ირწმუნებიან, რომ სამშვინველი (душа) - თხელი ქმნილი ბუნებაა. ცხონებისათვის კი „განღმრთობის მონიჭება მარტოოდენ საღმრთო მადლს შეუძლია", „საკუთარ ბუნებაზე აღმატებულ დიდებას". ტრიხოტომიური (ადამიანის სამსტრუქტურიანი დაყოფა - სული, სამშვინველი, სხეული) კონცეფციით ეს საღმრთო მადლი იგივე „სულია" (дух) და არა „სამშვინველი" (душа), რომელიც „ქმნილი ბუნებისაა".
წმ. გრიგოლ პალამაც შეაგონებს ვარლაამს: „ისწავლე მცოდნეთაგან და მათგან, ვინც სწავლობდა მათთან, რომ განღმრთობის მადლი არსებითად შეუკავებელია, ბუნებრივ ნებას არ გააჩნია მიღების უნარი (Прп. Максим Исповедник. Вопросы и ответы к Фаласию) - მიუთითებს წმ. მაქსიმეს სწავლებაზე. სხვაგვარად ის არც არის მადლი, არამედ ბუნებრივი ენერგიის უნარების გამოვლინებაა".4
აქ შესანიშნავად ჩანს, რომ პალამა საღმრთო მადლის მოქმედებას (ენერგიას) მიჯნავს ქმნილი ბუნებისაგან, როგორც აკეთებდა ამას მაქსიმე, მანამდე კი - ავგუსტინე. ამიტომ ეს პრინციპი საერთოა როგორც ქრისტოლოგიისთვის (მაქსიმე), ისე ანთროპოლოგიისთვის (ავგუსტინე).
ასე რომ, პელაგიური თუ ნახევრადპელაგიური (სინერგიული) სწავლება პერსონალურ დამსახურებათა გამო სასუფეველში შესვლის შესახებ კატეგორიულად ეწინააღმდეგება წმ. წერილის, ავტორიტეტული კრებებისა და წმ. მამათა სწავლებას. ღვთაებრივი მადლის („სულის", Дух) მოქმედება მხოლოდ წმ. საიდუმლოებათა (ნათლისღება, მირონცხება) შედეგად და შემდეგ აღესრულება. ამიტომ ცხონდება მხოლოდ ის, ვინც ნათლისღებით შედის ეკლესიაში და იღებს მადლს („სულს") და არა ისინი, ვინც თავად (საკუთარი ღვაწლით, კეთილი საქმეებით) „დაიმსახურა" სამოთხე (მანამდე განღმრთობა). ეს ალექსანდრიისა და ანტიოქიის (ბერძნულ) საღვთისმეტყველო სკოლებში შეჭრილი ელინური ფილოსოფიისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ერთგვარი სინთეზია, ორიგენიზმის ანარეკლია ღვთისმეტყველებაში. ამიტომ რომანიდისთან და სხვა მოდერნისტებთან გამოვლენილი „ადამიანის თვითკმარი ნების" ლიბერტანული კონცეფცია ნეოპლატონური და ნეოსტოიკური ეპოქის პროდუქტად უფრო გამოდგება, ვიდრე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებად.
აქვე ვიტყვით განღმრთობის ღირსი მაქსიმე აღმსარებლისეული კონცეფციის შესახებ - ის გზადაგზა იხვეწებოდა და სრულყოფამდე (ისევე როგორც ეს მოხდა ნეტ. ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაში) გარკვეული ევოლუცია განიცადა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია სხვა ასპექტის პოლემიკაში, რომელიც გვაქვს არქიმანდრიტ იერომიელთან (ფილიშვილი). წმ. მაქსიმეს ღვთისმეტყველების სრულყოფაში ვგულისხმობთ ღირსი მამის მიერ ქრისტეში გნომური ნების არსებობაზე უარის თქმას. ჩვენი ოპონენტები ამ გარემოებას უმნიშვნელო ცვლილებად მიიჩნევენ, არადა სწორედ ქრისტეში გნომური ნების უარყოფას მოჰყვა მაქსიმე აღმსარებლის შეუვალი დიოფიზიტობა, არსებითად ამისთვის ეწოდა მას აღმსარებელი.5
თავდაპირველად (640 წლამდე), ღვთისა და ადამიანის „ერთიან ნებაზე" მსჯელობისას, წმ. მამა ყოველგვარი განმარტების გარეშე ამბობდა, რომ „ღმერთის სიყვარულის შესატყვისად ადამიანი მოქმედებს ღმერთით და ადამიანით განიდიდება ღმერთი. ეს ერთიანი და განუყოფელი ღვთის ნებით, ორივეს ერთიანი ნების შესატყვისი მოქმედებით ვლინდება, როგორც აბრაამსა და სხვა წმინდანების შემთხვევაში ხდება".6
მომდევნო პერიოდის წერილში წმინდანი ამბობს: „ადამიანის განღმრთობის დროს მოქმედი მხოლოდ ღმერთია, რათა ყველა გაგებით ერთიანი იყოს ღვთისა და ღვთის ღირსთა მოქმედება, უფრო სწორად, მხოლოდ ღვთისა".7
ცხადია, მაქსიმე აღმსარებელმა „ერთიანი ნების" განმარტება დააზუსტა, კერძოდ: ჩვენი კაცობრივი ბუნების განღმრთობა „მხოლოდ" ღვთის ძალითა და მადლით (და არა ჰიპოსტასების შეერთებით) აღესრულება.
საქმე ისაა, რომ ბუნებრივი კაცობრივი ნება უცვლელად (ლოგისის შესატყვისად), მხოლოდ ქრისტეში შენარჩუნდა, ადამიანური კი, პირველქმნილი ცოდვის შედეგად გნომურად გადაიქცა. ქრისტეში „გნომური ნება" იმიტომ არ იყო, რომ ქრისტეს „კაცობრივი ნება" იმთავითვე განიღმრთო და ის ლოგოსის შესატყვისად უცვლელი დარჩა - აქ კაცობრივი ბუნება ღვთაებრივს ემორჩილება ყველაფერში. ქრისტეს განღმრთობილი კაცობრივი ნების განუყრელი ნაწილია ღვთის მადლი, მაგრამ არა გნომური ნებით, რაც დაცემული კაცობრივი ბუნებრივი ნების ტროპოსია, ჩაკეტილისა ვიწრო ონტოლოგიურ საზღვრებში, რისგანაც გამოსვლა მხოლოდ ღვთის მადლის ე.ი. ნათლისღების, მირონცხების, ეკლესიის წიაღში განღმრთობითაა შესაძლებელი. „გნომური ნება" არის არა ჰიპოსტასური, არამედ სხვაგვარი დაცემული ბუნების, ე.ი. უმადლოა, ხოლო ღვთაებრივი და განღმრთობილი კაცობრივი ნება, წმ. მამის მიერ დაზუსტებული ტერმინოლოგიით „სრულ თანხვედრაშია". ამიტომ აქვს ქრისტეში „გნომურ ნებაზე" უარის თქმას ასეთი დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან ამ (გნომით) ნებით შეუძლებელია საღმრთო მადლთან ერთიანობა.
სინერგიზმში კი სწორედ გნომური ნების მქონე, მოუნათლავ ადამიანს შეუძლია განღმრთობაც და ცხონებაც, ვინაიდან გნომური ნებით, გამოსყიდვის გარეშე ცოდვის გარდა ვერაფერს აირჩევს. ამიტომ ქრისტე, არის რა ახალი ადამი, ფლობდა სუბსტანციურად სხვა ადამიანურ ბუნებას (არა ადამისეულს, დაცემულს), არამედ სწორედ განახლებული ადამიანისას, რომელიც იბადება „სულისაგან" (от духа) და არა სამშვინველისაგან (душа).
ჭეშმარიტი ქრისტიანული სინერგიით ქრისტეს მადლით (ნათლისღებით) განწმენდილი ადამიანები „თანამუშაკობენ" ღმერთთან, ვით ბრძანებს წმინდა წერილი: „მადლი მადლისა წილ" (იონ. 1. 16). სწორედ ამაში მდგომარეობდა ნეტ. ავგუსტინესა თუ სხვა წმინდანებისეული ფორმულა განღმრთობისა (ცხონებისა): „ღმერთნი მადლით" (და არა ბუნებით), ე.ი. მხოლოდ განწმენდილებშია ხელთუქმნელი მადლი (ენერგია, სული) მაცხოვნებელი და არა ქმნილი ბუნება.
1 Митр. Макарий (Булуаков). Православно-догматическое богословие. Т. 2. § 186. С. 621.
2 Блж. Августин. Письмо N215. (К Валентину Адруметскому. Второе). С. 140.
3 Преп. Максим Исповедник. Вопросы и ответи к Фаласию. Вопрос. XXII. Творения. Кн. 2.
4 Св. Григорий Палама. Триады. III. 1. 26. (Триады в зашиту священно-безмолствующих).
5 Блоуэрс. П. М. Максим Исповедник и Иоанн Дамаскин о гномической воле во Христе: ясность и неопределенность.
6 Беневич. Дело Максимы. С. 181.
7 Преп. Максим Исповедник. О различных трудностях богослова (Григория). Гл. 7. Полемика с оригенизмом и моноэнергизмом. С. 253.