წმ. წერილისა და წმ. მამათა სწავლება განღმრთობის შესახებ სათანადო გააზრებას მოითხოვს, ვინაიდან განმაახლებლური საღვთისმეტყველო მიდგომა არ ეთანხმება მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის ძირითად პოსტულატებს.
ორთოდოქსული სწავლება განღმრთობის შესახებ გვთავაზობს კაცობრივი ბუნების ღვთაებრივ მადლთან „გამოუთქმელ შეერთებას" („ჰიპოსტასირებას" - პალამას ტერმინებით). ამას ღვთისმეტყველებაში ტრიხოტომია (სული, სამშვინველი, სხეული - სამშემადგენლიანი სტრუქტურა) ეწოდება. მასში დიხოტომიისაგან (ორშემადგენლიანი სტრუქტურა - სული და სხეული) განსხვავებით სულს (Дух) ცალკე აღმატებული მნიშვნელობა ენიჭება. პატრისტიკაში ორივე შეხედულებაა განვითარებული. ჩვენი აზრით, ეს გამოიწვია კართაგენის კრებსითი გადაწყვეტილების არა სისავსით, არამედ ნაწილობრივ მიღებამ. თუ ტრიხოტომიის შემთხვევაში ადამიანის სულის უკვდავება დამატებითი თვისებაა, რომელსაც იძენს სული მადლის მეშვეობით, შესაბამისად, შეუძლია ის დაკარგოს შეცოდებით, ღვთისაგან განშორებით, დიხოტომიაში (ორშემადგენელში) სული სინერგიულად ერწყმის სამშვინველს. დიხოტომიის ორგვარი განმარტების შესაძლებლობამ განაპირობა მოდერნისტული კონცეფციის, ე.ი. ნახევრადპელაგიური ტენდენციის წარმოშობაც.
წმ. წერილში ტრიხოტომიური სწავლება მრავალგზისაა გამოვლენილი:
„ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან წმიდა გვყნინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშვინველი და გუამი უბიწოდ მოსვლასა მას უფლის ჩვენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ" (1 თეს. 5. 23).
„და მოსწყდების იგი (სიტყვა ღმრთისა) ვიდრე განსაყოფელამდე სამშვინველისა და სულისა, ნაწევართა და ტვინთა" (ებრ. 4:12).
„ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისასა, რამეთუ სიცოფე უზმნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ" (1 კორ. 2. 14).
„დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი" (1 კორ. 15. 44).
ამრიგად, ადამიანის სამგანზომილებიან არსებაში (სული, სამშვინველი და სხეული), სულს უმაღლესი ადგილი უკავია. მაგრამ ცოდვით დაცემით სამშვინველმა მოახდინა სულის ადგილის უზურპაცია და სული სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ჩაიძირა. მხოლოდ განკაცებულ ღვთის მადლს შეუძლია სულის აღდგინება. ამ დროს იწყება განწმენდის, აღორძინებისა და განღმრთობის პროცესი - მადლი სულის მეშვეობით გაანათლებს (განწმენდს) სამშვინველსაც და სხეულსაც.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებს: „ღმერთმა ადამიანის სულს (Дух) გადასცა თვითუფლებრივობა, რომელიც გახლავთ ღვთაებრივი არსის გამოხატულება... იგივე ეხება ღვთაებრივ ენერგიას, ეს ისაა, რაც გამოიხატება სიტყვით „მსგავსება", ე.ი. ღმერთმა ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილებას მიანდო, გახდის ის თავის თავს ღვთის მსგავსს და დაიბრუნებს სათნოებისამებრ თვისებებს თუ არა".1
როგორც ვხედავთ, სული (Дух), იგივე ღვთის ენერგია - ღვთაებრივი არსის გამოხატულებაა, დამატებითი თვისება, რომელიც ადამიანის შექმნისთანავე არსებობდა მის ლოგოსში, მაგრამ დაცემის შედეგად დაკარგულის აღდგენა, ე.ი. მსგავსების დაბრუნება ღვთის მადლით ხორციელდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ: განღმრთობისთვის, ღვთივმსგავსების დაბრუნებისთვის სულის შინაგანი ლოგოსის, იგივე პირვანდელი (დაცემამდელი) მდგომარეობის მოპოვებაა საჭირო. სწორედ სულისა და შინაგანი ლოგოსის მეშვეობით ენიჭება ადამიანს შესაძლებლობა შეეხოს საღმრთო სამყაროს და იურთიერთოს მასთან, ე.ი. კვლავ უნდა მოიპოვოს და აითვისოს სულიწმიდის მადლი პირველქმნილი ცოდვით რომ დაკარგა. როდესაც მადლი ეხება ადამიანის გულს, ის ცდილობს ამ მადლს - სულს (Дух) დაუქვემდებაროს თავისი ცხოვრება.
აქ კიდევ ერთი საკითხია საინტერესო:
ადამი ღმერთმა „თიხისაგან შექმნა", მაგრამ როგორ იქმნება დანარჩენი შთამომავლობა და რაგვარად ხდება მათზე პირველქმნილი ცოდვის გადმოსვლა, ვით ბრძანებს პავლე მოციქული: „ადამში ყველამ შევცოდეთ?" ამის პასუხს ნეტ. ავგუსტინეს ღვთივგანბრძნობილ სწავლებაში ვპოულობთ:
„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ხოლო შემდეგ (მომდევნო „დღეებში", ანუ შექმნის ეტაპზე) მათი სუბსტანციისაგან შექმნა ამ ორივე სამყაროს გონიერი არსებები. ამიტომ კაცობრივი მოდგმის სულები სხვაგვარად ვერ შეიქმნებოდა, გარდა საკუთარი უახლოესი წინაპრების სულების ნივთიერებისაგან. როგორც პირველი ადამიანის (ადამის) ნეკნისაგან შექმნა ღმერთმა მეორეს (ევას) სხეული, იმავენაირად მას ადამის სულის „ნეკნისაგან" უნდა შეექმნა ევა. ამ შემთხვევაში, შექმნათა წიგნის სიტყვები „შეჰბერა სული" (შექმნ. 2. 7), რის შედეგადაც მისი სული „ცოცხალი" ხდება უნდა მივაწეროთ, მივაკუთვნოთ ზებუნებრივი მადლის მონიჭებას, მოქმედებას - ცოდვის ჩადენით ხომ ის „ცოცხალი" დაიკარგა, სული სულიერად მკვდარი, „ხორციელი" (პავლე მოციქულის ტერმინი) შეიქნა. ვინაიდან „შეჰბერა"- ში რომ არ მოიაზრებოდეს სულიწმიდა, არც მოციქულებისადმი „შეჰბერვით" არ იტყოდა „მიიღეთ სულიწმიდა" (იონ. 20. 22). იგივე არ ითქმოდა საქმე მოციქულთაშიც (საქმე. 2. 2)".2
ნეტ. ავგუსტინეს ამომწურავი პასუხის თანახმად პირველქმნილი ცოდვისმიერობა, ვით ნებისა და გონების ხრწნადობა თუ სულიერი სიკვდილი, სულიდან სულს გენეტიკურად გადაეცემა, ისევე როგორც სხეულიდან სხეულს სხვადასხვაგვარი სნეულებები. ამრიგად, ნეტ. ავგუსტინემ იპოვა ის ერთადერთი, სწორი გასაღები აღნიშნული სწავლებისა, რაც დადასტურდა კიდეც კრებსითად კართაგენის 418 წ. ავტორიტეტულ კრებაზე. თუკი კრეაციონიზმის (ყველა სულების არაფრისაგან შექმნის სწავლება) თანახმად, გაუგებარია როგორ გადადის შთამომავლობაზე ადამის ცოდვა, თუკი ტრადუციონიზმიც (მხოლოდ მშობლების სულისაგან შექმნა) არ ნათელჰყოფდა სულიდან სულზე ცოდვის გადასვლის საკითხს. მოხდა ორივე კონცეფციის შეჯერება და ნეტ. ავგუსტინემ მართებული მართებული გადაწყვეტილება მოძებნა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმ. წერილში, სადაც „სული" მოიხსენიება „ხორცის" (სხეულის) საპირისპირო ცნებად, იგულისხმება სულები, რომლებიც ქრისტეს მადლის თანაზიარნი არიან. ძველი აღთქმის მართლები და წინასწარმეტყველები, ვით ქრისტეს განკაცების მომლოდინენი, „მართლებად" მესიის (ხსნის) მოლოდინის და არა საკუთარი დამოუკიდებელი მადლმოსილების, სიმართლის გამო მოიხსენებიან. ე.ი. მათი გამართლება (ცხონება) ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან აღმოყვანის შედეგად განხორციელდა.
ისმის კითხვა: ძველი აღთქმის მართლები რატომ მიდოოდნენ ჯოჯოხეთში? იმიტომ რომ ისინიც ადამის ცოდვისმიერი კვალით იყვნენ დასნეულებულნი და გადარჩენას (ხსნას) საჭიროებდნენ. ყველაფრისაგან, რაც ღმერთმა მისცა ადამიანს, ვით მის კუთვნილ ბუნებას, გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ სული (იგივე „შეჰბერილი მადლი") ბრუნდება ღმერთთან და არა ქმნილი სამშვინველი. ამიტომაც ძველი აღთქმის მართლებიც ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, ვინაიდან სხვაგან ვერსად ვერ „დაბრუნდებოდნენ", რადგან ჯერ არ იყვნენ გამოხსნილნი ქრისტეს მიერ.
ამრიგად, ნეტ. ავგუსტინეს სწავლების წყალობით მოგვეცა შესაძლებლობა ზუსტად გაგვეაზრებინა შთამომავლობაზე პირველქმნილი ცოდვის გადაცემის მექანიზმი. ეს გახლდათ ერთადერთი სწორი და მართებული პოზიცია, რომელსაც თავად ნეტ. ავგუსტინემ მოგვიანებით მიაგნო. მანამდე ისიც, როგორც მრავალი წმ. მამა, კრეაციონიზმის კონცეფციას იზიარებდა.
კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ ჩვენი სათქმელი, წმ. მაკარი დიდსა და წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებებს დავესესხებით.
წმ. მაკარი დიდი ამბობს: „გონიერი ქმნილების ღვთისმსგავსება არა ბუნებით, არამედ მხოლოდ მადლითაა შესაძლებელი, ვინაიდან სხვაგვარად ეს წარმართობაა. ნებისმიერი ქმნილება - ანგელოზი, სული, დემონი თავისი ბუნებით არის სხეული, თუმც თხელია ისინი, მაგრამ მახასიათებლებითა და ხატებით არსებითად განსხვავდება ჩვენი უხეში სხეულისაგან".3
იმავე შინაარსისაა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებაც: „სული - ეთერულია, ერთობ თხელი, მფრინავი სხეული, რომელსაც ჩვენი უხეში სხეულის სახე გააჩნია. ყველა მისი ნაწილი: თმაც კი, სახის ხასიათი, ერთი სიტყვით, სრული მსგავსებაა"... „ანგელოზების სულის მსგავსად გააჩნია: თავი, თვალები, ბაგეები, ხელები, ფეხები, თმები - სრული მსგავსება ხილული ადამიანისა".4
ამრიგად, წმ. მამათა სწავლების თანახმად, „ეთერული, თხელი სხეული" - სამშვინველია, ქმნილება ღვთისა, ხოლო თავად სული (Дух) ღვთის მიერ ბოძებული მადლია. როგორც წმ. მაქსიმემ აღნიშნა: „ადამიანის სული - ღვთაებრივი არსის გამოხატულებაა", იგივე ღვთაებრივი ებერგია წმ. გრიგოლ პალამას ტერმინოლოგიით. განღმრთობის არსიც ამაში მდგომარეობს: ღმერთი იმკვიდრებს ადგილს ადამიანის სულში და ზებუნებრივად (და არა ადამიანისთვის ბუნებრივად) მოქმედებს საკუთარი მადლით.
წმ. ეგნატესა და წმ. თეოფანეს შორის არსებული პოლემიკაც ამ საკითხის გამო მიმდინარეობდა. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ავგუსტინესეულ (იგივე პავლე მოციქულის, კართაგენის) სწავლებას ეყრდნობოდა, ვით უტყუარ დასტურს ჭეშმარიტებისა, წმ. თეოფანე დაყუდებულმა „პატრისტიკაში შეცურა" და კრეაციონიზმზე დაფუძნებული სწავლება შემოგვთავაზა.
იმავე კრეაციონიზმის სწავლებას მიეკუთვნება დეკანოზ ი. რომანიდისის საღვთისმეტყველო კონცეფცია (იგივე დიხოტომიას). აქ სული (Дух) განუყოფელია სამშვინველისგან (Душа), რაც ღვთისა და ადამიანის სინერგიული ურთიერთობის შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს მოციქულის, ავგუსტინესა და მრავალი წმინდანის, ასევე კართაგენის სწავლებით სული არა ხატებას, არამედ მსგავსებას მიეკუთვნება. ამიტომ ის სამშვინველს მხოლოდ ღვთაებრივი მადლით, სულით (Духом) მიეწოდება: „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სულ არს" (იონ. 3. 6), ე.ი. მხოლოდ ქრისტეში მყოფი ახალი ადამიანის სულია ჭეშმარიტად სულიერი, მადლმოსილი, განღმრთობილი, ვინაიდან ნათლისღებითა და მირონცხებით წმ. სამების მადლის თანაზიარი ხდება, ხოლო ბუნებრივად მადლის ფლობის თეზა პელაგიურ სწავლებას ჰგავს და საფუძველშივე ეწინააღმდეგება წმ. წერილის სწავლებას: „იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშვინველად ცხოველად, ხოლო უკანასკნელი ადამ - სულად განმაცხოველად" (1 კორ. 15. 45). იმავე შინაარსისაა (2 კორ. 5. 17); (იონ. 3. 6).
ამრიგად, ი. რომანიდისისა თუ სხვა მოდერნისტების „განღმრთობის კონცეფცია" ნეოპელაგიურია, არსებითად ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის სწავლებას. როგორც ღმერთი მშობლების სხეულის სუბსტანციისაგან ქმნის ბავშვის სხეულს, იგივე უნდა ხდებოდეს სულთან მიმართებაშიც: „და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი, გინა თუ იფქლისაი ანუ თუ სხუაი რომელიმე თესლი" (1 კორ. 15. 37). ამიტომ კაცობრიობის მოდგმის ყველა წარმომადგენელი ჯერ კიდევ მუცელში მყოფი ხდება დაცემული ადამის „თესლის", სულისა და სხეულის მატარებელი. ე.ი. ძველ ბუნებაში დაბადება უკვე ნიშნავს ბრალდებულ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან ადამში დაეცა არა მხოლოდ კაცობრივი ბუნება, არამედ ანგელოზების დიდი ნაწილის გარდა, მთელი ქმნილი სამყარო (შესაქმ. 3. 17). პავლე მოციქულიც ადასტურებს: „უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამომდე" (რომ. 8. 22).
გასარკვევი დაგვრჩა, საღმრთო მადლისა და კაცობრივი ნების ურთიერთქმედების საკითხი - რამდენად განსხვავდება ორთოდოქსული კონცეფცია სინერგიულისაგან? ამის შესახებ მომდევნო თავში ვიტყვით.
1 Преп. Максим Исповедник. Вопросы и недоумнения. Т.3. черноглазов. М. 2010. С. 220.
2 Блж. Августин. О душе и ее происхождении. 1. 18.
3 Преп. Макарий Великий. Беседа 4. Гл. 9.
4 Св. Игнатий Брианчанинов. Слово о смерти. Т. III.