ახალ ღვთისმეტყველთა წარმოდგენებში მოაზრებული ქარიზმატოლოგია, სწავლება ღვთაებრივი მადლის შესახებ (ვით წმინდა „კაბინეტური", რეალობას მოკლებული მეცნიერება), არსებითად განსხვავდება ორთოდოქსულისაგან. ახალ ქარიზმატოლოგიაში მადლი (განღმრთობა) სხვაგვარადაა განმარტებული - მადლის მაცხოვნებელი მოქმედება ქრისტეს გამოსყიდვის დოგმატისა და სულიწმიდის გარდამოსვლის გარეშეც არის შესაძლებელი; ე.ი. ნათლისღების (ვით პირველქმნილი ცოდვისაგან განმათავისუფლებელი სწავლების) მნიშვნელობა გაბათილებულია. ასეთი დამოკიდებულება სარწმუნოებრივ საკითხების მნიშვნელოვან დევალვაციაზე მიგვანიშნებს: საღმრთო მადლის სისავსე (განღმერთობა) გაიგივებულია სიკეთის ქმნასთან და ფასდება ვით ქარიზმა. არსებითად აქ მიზეზ-შედეგობრივი პრინციპია ჩანაცვლებული - „განღმრთობა" (აპრიორი ცხონება) ძველი აღთქმის მართლებშიც და მოუნათლავ კაიკაცებშიც არსებობდა, ხოლო ადამისეული ცოდვისმიერი მემკვიდრეობა ავტომატურად ქარწყლდება.
ამ საკითხის შესახებ ნეტარი ავგუსტინეს სწავლება პრინციპულად ორთოდოქსულია:
„დარწმუნებული ვარ, სული ცოდვაში არა ღვთის ბრალეულობით ან რაიმე საჭიროებით, არამედ საკუთარი ნებით ვარდება და მას ამ სიკვდილისაგან (რომ. 7. 24) განთავისუფლება არც თავისი ნების სიმტკიცით (რომც იყოს ეს საკმარისი), არც საკუთარი სხეულის სიკვდილით არ ძალუძს, არამედ ეს მხოლოდ მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს მეშვეობით (რომ. 7. 25) აღესრულება".1
არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირველი ადამის დანაშაული გადადის, გადაეცემა და მის გარეშე შეუძლებელია მეორე ადამისაგან გამართლებაც (რომ. 5. 14-15). ეს ნიშნავს: პირველი ადამის დანაშაული იყო იმდენად მძიმე, რომ სასჯელი გავრცელდა მათზეც, ვისაც საერთოდ არ შეეძლო ცოდვის ჩადენა.
ამიტომ საუბარი იმაზე, რომ „მოციქული არ ასწავლიდა ამგვარად", ნიშნავს: ან არ გვესმის, რაზე საუბრობს მოციქული, ან დამახინჯებულად გვესმის ნათქვამი.
ი. რომანიდისი (ისევე როგორც ყველა მოდერნისტი) ცდილობს „ააგოს ხიდები" ძველ და ახალ ბუნებას შორის არსებულ უფსკრულზე, კერძოდ: წარმოადგინოს სოტერეოლოგიური პროცესი, ვით ბუნებრივად ევოლუციური, არსებითად კი - ნეოპელაგიური.
ნებისმიერ ვითარებაში, იკვეთება ფაქტი, რომ პოლემიკა მიმდინარეობს არა ავგუსტინესთან, არამედ მოციქულთან, წმ. წერილთან. „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყვ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაი" (იონ. 3.3).
ამიტომ ნეოპელაგიანელობის მასწავლებლები აგრძელებენ ყალბი თეოლოგიით მანიპულირებას - რაკი ვერ პოულობენ ქრისტეს სიტყვებში საკუთარი ანთროპოლოგიის დადასტურებას, ისინი წმ. წერილს უკვე თავისებურად განმარტავენ, ამიტომ ნათლისღების შედეგად ძველი კაცის სიკვდილი და ახალის დაბადება ჩანაცვლებულია კურნებით, რაც ზუსტად ჩანს „მამა-შვილის" (რომანიდისისა და ვლახოსის) ნეომართლმადიდებლურ კონცეფციაში.
ამრიგად, თუ როგორ ხდება „ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი" (რომ. 5. 12) ნეტ. ავგუსტინეს შესანიშნავ განმარტებებში ვპოულობთ:
„ვინაიდან ღმერთმა ყოველივე შექმნა, რაც მისი განგებულებით უნდა ყოფილიყო შექმნილი, ვიდრე შექმნილი სამყარო დაიწყებდა არსებობას. მომავალში, რაც უნდა შეექმნა (სხვა ადამიანები) უნდა შექმნილიყო იმისაგან, რაც უკვე იყო შექმნილი. ამრიგად ორივე პასაჟის - „განისვენა შექმნის შემდეგ" (იხ. შექმნ. 2. 2) და სახარების სიტყვები „მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ" (იონ. 5. 17), გასაგები იქნება, ვინაიდან დაუშვებელია შექმნათა წიგნი ეწინააღმდეგებოდეს სახარებას".2
დიდებული სილოგიზმის თანახმად გამოდის: თუკი პირველი ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისსა, მისი ცოდვით დაცემის შემდეგ ძველი ადამის ხატად, ე.ი. ადამის ხრწნადობის შესაბამისად, თანახმად შექმნა. ამის შესახებ პირდაპირ საუბრობს პავლე მოციქული: „და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა" (1 კორ. 15. 49) ამიტომ, რომც არ ჩაედინა ადამიანს პირადი ცოდვა (ძველი აღთქმის მართლები, უნათლავი ჩვილები, ე.ი. „ძველი ადამიანი"), „ხორცის ცოდვისმიერი ზეწოლით" (წმ. კირილე ალექსანდრიელი), მისი სული ექვემდებარება ძველი ადამის ბრალეულობას. ამდენად, მომდევნო სულები შექმნა პრინციპულად განსხვავდება პირველისაგან, ისევე როგორც სხეული, რომელიც მშობლების სხეულისაგან იქმნება და არა „მტვერისაგან" მიწისა.
ამრიგად, მამებისეულ სწავლებაში არსებული ორი მიმართულება - კრეაციონიზმი (ყველა სულის ღვთის მიერ შექმნა) და ტრადუციონიზმი (შვილების სულების მშობლებისაგან შექმნა, ისევე როგორც ეს ხდება სხეულის ჩამოყალიბების დროს) ნეტარმა ავგუსტინემ გააერთიანა ერთ კონცეფციაში. ამით ქრისტოლოგიასა და სოტერეოლოგიაში მან მნიშვნელოვანი რამ დააზუსტა: აღმოსავლეთის ეკლესიის თეოზიზისა (განღმრთობის) და (იმ პერიოდის) დასავლეთის ეკლესიის მადლის წინაგანმსაზღვრელი სწავლება ერთიან კონცეფციად შემოგვთავაზა.
სწორედ ამ პრინციპით ჩამოყალიბდა ეკლესიის ერთიანი დოგმატური სწავლება ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობის შესახებ - ე.ი. უნდა მომხდარიყო ადამიანის შინაგანი გარდაქმნა და მადლით (ნათლისღების) ახალი ადამიანის დაბადება. ნათლისღებით უნდა „შევიმოსოთ ხატიცა და იგი ზეცისაგანისა" (1 კორ. 15. 49), „რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი და კაცისა მიერ - აღდგომა მკუდართა, და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ" (1 კორ. 15. 21-22).
ამრიგად, ყველა კვდება ადამში და ვერავინ იბადება მარადიულობისთვის ქრისტეს გამოხსნის (ნათლისღების გარეშე). ე.ი. თუკი „ყველა არ კვდება" პირველ ადამში, მაშინ მეორე ადამის (ქრისტეს) განკაცებაც არ იქნებოდა სავალდებულო. სწორედ ამ კონტექსტში ხედავდა ნეტ. ავგუსტინე პელაგიანობის საფრთხეს, ამას ვხედავთ ჩვენც ნეოპელაგიური სწავლების სახით.
პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცვეთილება და წინადაუცვეთელება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლ. 3. 11). ნიშნავს თავისი დაცემული სულით ვერავინ ისურვებს და ვერ განახორციელებს თავის ბუნებრივ ნებას, რაც შესაძლებელია მხოლოდ „ახალი ადამის" - ქრისტეს მეშვეობით.
ამრიგად, ი. რომანიდისი, ი. ვლახოსი და სხვა განმაახლებელნი, უარყოფენ რა სულიერ სიკვდილს ძველ ადამში (რაკი აღიარებენ მხოლოდ შედეგს ცოდვისა და არა თავად ცოდვას), ლოგიკურად მიდიან ახალ ადამში აღდგომის უარყოფამდე: „ნათლისღების დროს ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის ბრალისაგან, არამედ ქრისტეს სხეულს, ეკლესიას მივეკუთვნებით" (ი. ვლახოსი. Смерть младенцев).
ნეტ. ავგუსტინე პელაგიელ იულიანეს სწორედ ამაში ადანაშაულებს: „შენ მიგაჩნია, რომ ეს სიტყვები არ მიეკუთვნება ჩვილებს (ან ძველი აღთქმის მართლებს) ე.ი. ყველას, ვისაც არ გააჩნდა პირადი ცოდვა და გააჩნდა სათნოებები. თუკი „ერთი იგი (ქრისტე) ყოველთათვის მოკვდა, ყოველნივე სამე მოსწყდეს" (2 კორ. 5. 14). ამიტომ ვერ უარვყოფთ რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა. ხოლო მკვდრებში გულისხმობს ცოდვით სიკვდილს: „და თქუენ მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა" (კოლ. 2. 13)... თუკი არ მომკვდარან სხეულით, ცხადია, იგულისხმება მოკვდნენ ცოდვით. ე.ი. თუკი ბავშვს არ გააჩნია არანაირი ცოდვა, შედეგად არ მომკვდარა (ცოდვით), მაშინ გამოდის მათთვის არ მომკვდარა ქრისტეც, ვინც მოკვდა „მკვდრებისთვის" (შეცოდებით)".3
ამრიგად, ნათლისღების საიდუმლოთი მიღებული მადლის შედეგად ნათელღებულს ეძლევა შინაგანი, ამაღორძინებელი მადლი სულიწმიდისა. ამაშია ამ საიდუმლოს მაცხოვნებლობა, ე.ი. მადლმოსილი ცვლილებები - ჭეშმარიტი განღმრთობა ხორციელდება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებითა და მირონცხებით.
თუმცა მოდერნისტებთან სხვაგვარადაა: სადაც მადლის სისავსეა (ჭეშმარიტი ნათლისღება), იქ ხედავენ ნაწილობრივ მადლს (ე.ი. მხოლოდ ეკლესიის წევრობას და არა პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლებას - ი. ვლახოსი), ხოლო სადაც მადლი ნაწილობრივია (ძველ აღთქმაში), ან საერთოდ არარსებულია (მოუნათლავში, ჩვილების უცოდველობისა თუ კეთილი საქმეების გამო), იქ ხედავენ მადლის სისავსეს (განღმრთობას). მადლის მომცემი მხოლოდ და მხოლოდ თავად ქრისტეა. ნათლისღებისას წმინდა სამების სახელით ვინათლებით, რაც ნიშნავს: წმინდა სამება ერთობლივად ანიჭებს მადლს ნათელღებულს. ასე რომ, მადლი ყოვლადმოწყალე ღვთის კუთვნილებაა და არა „კეთილი და სათნომყოფელი ადამიანისა", რომელსაც თურმე ქრისტეს გამოსხნის გარეშეც შეუძლია განღმერთობა და ცხონება.
აქ ეკუმენისტური ტენდენციები იჩენს თავს, რაკი მადლის სისავსის განმსაზღვრელი ხდება „ნაწილობრივი მადლის" კონცეფცია. ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ.
1 Блж. Августин. Письмо 166. К Иерониму Стридонскому. 452.
2 იქვე. Письмо 166.
3 Первородный грех по учению блж. Августина Ипонского. Кремлевский. А.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია