ახალი დროების თეოლოგები სულ უფრო და უფრო ძლიერ დაჟინებით ცდილობენ ღვთისმეტყველებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ განღმრთობა (იგივე ცხონება) შესაძლებელია ქრისტეს მსხვერპლის (ე.ი. ნათლისღების) გარეშე. დეკანოზ ი. რომანიდისის „განღმრთობის კონცეფცია" ამის თვალსაჩინო ნიმუშია. მოდერნისტებისთვის ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაბათილდეს (ან დამახინჯდეს) ადამის ცოდვის არსი. შეტევის მთავარი სამიზნე სწორედ ეს გახლავთ - ადამის ცოდვის შედეგად ადამიანის სრული ბუნება დასნეულდა და ამ სასჯელისაგან არავინ, არაფერი არ გამოირიცხება. „რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12); „ვითარცა ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასასჯელად" (რომ. 5. 18). „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღვთისა" (რომ. 3. 23-24).
ღვთაებრივი პავლე მოციქული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცოდვამ ადამიანი სრულად დაასნეულა, რომ დაცემული კაცობრივი ბუნებისათვის განუყრელია ცოდვისკენ მიდრეკილება: „რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვყოფ" (რომ. 7. 15); „რამეთუ რომელნი-იგი ხორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალუძს" (რომ. 8. 7-8). „ხორცში" მყოფობად მოციქული იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანი ჯერ ცხოვრობს ხორცში, არამედ იმას, რომ ცხოვრობს ავხორცულად. მომდევნო მუხლში ამას თავად განმარტავს მოციქული: „აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ხორცთა, რათა ხორციელ სცხონდებოდენ" (რომ. 8. 12). „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა" (რომ. 7. 24).
როგორც ვხედავთ, პავლე მოციქულის თანახმად ყველა ადამიანი (გამონაკლისის გარეშე) ცოდვით იბადება და ეს ცოდვილობა მოდებულია მის მთელ ორგანიზმს - „ხორცს" (სხეულს, გულს, გონებას, ნებას).
რომანიდისის კატეგორიის თეოლოგებს, ცხადია, არ ეპიტნავებათ საკუთარი საღვთისმეტყველო კონცეფციის ამ მიმართულებით განვითარება. ამიტომ შემოაქვს დეკანოზს ახალი სწავლება: დაცემულ ადამიანს მხოლოდ გონება დაუზიანდა და მაგასაც გოლგოთის მსხვერპლის გარეშეც უმკურნალებენ მიწიერ ეკლესიაში.
ი. რომანიდისის ნაშრომებში ხშირად შეხვდებით თეზას: „ცოდვა უბრალოდ სნეულებაა და არა უკანონობა".1
წმინდა წერილი კი ცხადად გვასწავლის: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვა, მან უშჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვაი იგი არს უსჯულოება" (1 იოან. 3. 4). ე.ი. ცოდვა სწორედ რომ „უკანონობაა" („უსჯულოება"), ჩადენილი ღვთის წინააღმდეგ. სწორედ ამას მოჰყვა მთლიანად ადამიანის დასნეულებაც.
ი. რომანიდისის ქართულ გამოცემაშიც („პატრისტიკული თეოლოგია") აქცენტი არა თავად ადამზე, არამედ მის გონებაზე კეთდება: „წმინდა მამები ამბობენ, რომ დაცემით ადამიანს დაუბნელდა გონება. მამები დაინტერესებულნი არიან არა თავად ადამით, არამედ მისი გონებით, ადამი დასნეულდა, რადგან გონება დაუბნელდა. მამები საუბრობენ უგუნურ გონებაზე. მთელს პატრისტიკულ მწერლობაში დაცემის საკითხი უკავშირდება გონების დაბნელებას".2
ი. რომანიდისი (და ძმანი მისნი) ლამობენ „ცოდვით საყოველთაო და ადამიანის მთლიანად მომცველი დაზიანება" წარმოაჩინონ მარტოოდენ ნეტ. ავგუსტინეს სწავლებად. მაგრამ ეს არა მხოლოდ ნეტ. ავგუსტინეს, არამედ უპირველესად პავლე მოციქულის სწავლებაა. სრულიად შესატყვისად არის ეს განმარტებული წმ. კირილე ალექსანდრიელის შემოქმედებაშიც:
„თვალსაჩინოა, რომ სხეული თავის თავში ტანჯვით (мучительно) შობს ცოდვას. პავლე მოციქული ბრძნულად აღიარებს, რომ თუმც გვსურს კეთილის ქმნა, მაგრამ ჯერ არ გვაქვს მისი აღსრულების შესაძლებლობა. ვინაიდან სხეული უნებლიედ აიძულებს გონებას უკანდახევას, რომც არ სურდეს ეს მას. შესაბამისად, გონების სურვილია იყოს ცოდვის მიღმა, მაგრამ ის განიცდის დაუძლეველ ძალადობას. ბრალეულობა ამის გამო, ბუნებრივია, უნდა დაეკისროს არა გონებას, არამედ მას, რაც იწვევს ადამიანის ბუნებაზე ზეწოლას"3, ე.ი. ცოდვას.
ამრიგად, „გონება განიცდის დაუძლეველ ძალადობას" ნიშნავს: არა სახელდობრ „გონება" (რაგვარი ინტერპრეტაციაც არ უნდა შემოგვთავაზოს რომანიდისმა, რომელიც ცდილობს ერთი საკითხი დააკავშიროს (გააიგივოს) მეორესთან: წმ. მამათა გონებისმიერ შინაგან ლოცვასთან, სადაც გონება და გული ერთი მნიშვნელობით გამოიყენება. ამაზე არავინ დავობს), არამედ ადამის „ცოდვით მთლიანი და საყოველთაო დაზიანება" იწვევს „ადამიანის ბუნებაზე ზეწოლას".
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი წმ. მამაც იმავეს ამბობს:
„ადამიანმა ცოდვის ჩადენით, ე.ი. ბოროტების პრაქტიკული შეცნობით, საკუთარი თავი მოწამლა. შხამმა სხეულის ყველა ნაწილში შეაღწია, სულის ყველა ძალი და თვისება მოიცვა: ცოდვისმიერი სნეულებით დაზიანებულია სხეულიც, გულიც და გონებაც. ცოდვის შედეგად ყოველი ადამიანი მიეცა რღვევას. მასში ყოველი უმართებულოდ, სიცრუისა და თვითგანდიდების ზეგავლენით მოქმედებს... სიღრმისეულია ჩვენი დაცემა, ადამიანების ერთობ მცირე ნაწილი იაზრებს თავს დაცემულ ადამიანად, რომელიც საჭიროებს მაცხოვარს... ბოროტებამ ადამიანის საწყისებში შეაღწია: „ადამიანი ისახება უსჯულოებაში, იბადება ცოდვაში"."
წმ. ეგნატეს სწავლებაში (О человеке) კიდევ მრავალ მსგავს ამონარიდს ამოიკითხავთ.
ი. რომანიდისი (როგორც ყველა მოდერნისტი) ეკლესიის სწავლების ახლებურ მეთოდს გვთავაზობს: წმ. წერილისა და წმ. მამათა სწავლება, კითხვის ტექნიკა, აღქმა-გათავისება უნდა გადაფასდეს. საბოლოოდ ისეთი სურათი უნდა შეიქმნას, რომ სწორედ მოდერნისტების ნათქვამი არის წმინდა მამათა სწავლება.
ი. რომანიდისის, ვით უტყუარი ავტორიტეტის - „მან თქვა, ე.ი. წმინდა მამებმა თქვეს", სახელი მეტასტაზივით მოედო მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლებლებს. პროცესი კიდევ უფრო სახიფათო ხდება, როცა მისნაირად „კონსერვატორულად" მოაზროვნე ღვთისმეტყველები ქადაგებენ.
ი. რომანიდისის გამოჩენილი მოწაფე მიტრ. ი. ვლახოსიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, წერს:
„ჩვილი იმთავითვე არ დასნეულებულა და არ საჭიროებს მკურნალობასა და განწმენდას, ცხოვრობს ბუნების თანახმად. ამდენად, როგორც გამოუწვრთნელს ბოროტებაში, სულის ვერანაირი სნეულება ვერ დააბრკოლებს, რომ იგემოს ნათელი და შეუერთდეს მას... მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, დასავლურისაგან განსხვავებით, არ ასწავლის, რომ ადამიანს თითქოს მემკვიდრეობით ერგო პირველქმნილი ცოდვა. ამიტომ ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი დაბადებისთანავე ფლობს წმინდა გონებას...
რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემა: რა ხდება ნათლისღების დროს? თუკი ჩვილი ფლობს წმინდა გონებას, აღასრულებს გონივრულ ლოცვას... მაშინ რატომ ვნათლავთ? - პასუხი შემდეგშია: წმინდა ნათლისღების დროს ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის ბრალისაგან, არამედ ქრისტეს სხეულს, ეკლესიას მივეკუთვნებით, რითაც სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობას ვიძენთ, ამგვარად აღვიქვამთ ჩვილების ნათლობას. ჩვენ ვნათლავთ მათ, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის წევრები".4
აი, ასე და ამგვარად ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ეკლესიის (წმ. წერილისა და წმ. მამათა) სწავლების ჩანაცვლება ფსევდოავტორიტეტულით. ის, რომ „ჩვილი არ თავისუფლდება პირველქმნილი ცოდვისაგა ნათლისღების დროს", სინამდვილეში არის არა მართლმადიდებლური, არამედ პელაგიური და პროტესტანტული (ლუთერანული) სწავლება. სწორედ მათი აზრით ნათლისღება არ გვათავისუფლებს პირველქმნილი ცოდვისაგან, არამედ მხოლოდ ცოდვის გამო სასჯელისაგან. ადამიანს გულის სიღრმეში თავი გამართლებულად მიაჩნია, არსებითად იმავე დაცემულ მდგომარეობაში რჩება, რომლითაც დაიბადა, მხოლოდ ეგაა, რომ ეს ცოდვისმიერობა ბრალად აღარ მიაჩნია. ამრიგად, პირველქმნილი ცოდვა არ აღიხოცება, არ გაბათილდება გამართლებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლისღებით.
არაერთგზის მივუთითეთ ჩვენს წერილებში ამ საკითხისადმი მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილება (კართაგენის კრება 418 წ. 110 კანონი); მს. კრებები VI. (2 კანონი); VII – (1 კანონი). ამასვე ადასტურებენ აღნიშნული კანონების განმმარტებლებიც: ზონარა, ბალსამონი, არისტინი, ამასვე ვკითხულობთ „აღმოსავლეთის ეკლესიის აღმსარებლობაში" და „აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეში".
მაგრამ, სულ დამავიწყდა, ეს ხომ მაშინ „აფრიკაში" და ძველ დროებაში იყო. ახლა კი „ახალი მამები" და „ახალი ღვთისმეტყველება" (რომანიდისი, მეინდორფი, ვლახოსი, შმემანი და ა.შ.) არიან „წმინდა მამები და ავტორიტეტები". როგორც ისინი იტყვიან, სწორედ ისე უნდა გვესმოდეს წმ. წერილიც და წმ. მამათა შეხედულებებიც. არადა წმ. მამებთან სულ სხვა რამეს ვკითხულობთ:
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „ღვთაებრივი ნათლისღებით ჩვენ ვიღებთ ცოდვათა მიტევებას და ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან და განვიწმინდებით სულიწმიდის გარდამოსვლით".5
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი:
„წინაპრების ცოდვისაგან წმინდა ნათლისღების მეშვეობით ვთავისუფლდებით; ხოლო ცოდვებისაგან, რომლითაც გავკადნიერდით ნათლისღების შემდეგ, სინანულის გზით ვთავისუფლდებით".6
ღირსი იოანე დამასკელი:
„გვმართებს ვიცოდეთ, რომ ნათლისღების მეშვეობით ჩვენ ჩამოვირეცხავთ საფარველს ანუ ცოდვას, რომელიც დაბადებიდანვე გაგვაჩნდა და გვეძლევა სულიერი იზრაელისა და ღვთის ერის სახელწოდება".7
იმავე სწავლებები მრავალი წმ. მამისა ჩვენ მივუთითეთ წინა თავებში.
სამწუხაროდ, ვერც ი. რომანიდისი, ვერც ი. ვლახოსი, ვერ აცნობიერებენ, რა მძიმე პასუხისმგებლობა აწევთ იმის გამო, რასაც მართლმადიდებლურ სწავლებად წარმოაჩენენ - სინამდვილეში ეს ხომ ნეომართლმადიდებლობაა, ნეოპელაგიანელობაა, არა მექანიკური შეცდომა, არამედ მათ მიერ შეგნებულად ჩამოყალიბებული, მორიგი მოდერნისტული მიმართულებაა. რაოდენ პოპულარულიც არ უნდა იყვნენ ეს სასულიერო პირები, მათი ამჟამინდელი „დიდი ავტორიტეტი" არა და არ უნდა ჩრდილავდეს წმ. მამათა სწავლებას.
1 И. Романидис. Грех предков. 2002. С. 34.
2 ი. რომანდისი. პროტ. პატრისტიკული თეოლოგია. გვ. 38.
3 Св. Кирилл Александрийский. Толкование на послания к Римлянам. 2019. Т. 1. С. 39.
4 И. Влахос. Митр. Смерть младенцев.
5 ციტ. Освобождается ли крещенный в таинстве от первородного греха.
6 Св. Максим Исповедник. Творения. Слово о подвижнической жизни. Ч. 4. Кн. 1. С. 75.
7 Св. Иоанн Дамаскин. О вере. Гл. X (83).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია