მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ წმინდა ნათლისღების საიდუმლოს მიერ ადამიანი თავად ღვთისაგან იბადება. ეს არის სულიერი (მადლმოსილი, განღმრთობილი) დაბადება. მასში, მისით ადამიანს ქრისტეს ჯვარცმული სიკვდილის მაცხოვნებელი ძალა ენიჭება, ე.ი. ადამიანის ყველა ცოდვას (პირველქმნილი ცოდვით დაწყებული) თავის თავზე იღებს მაცხოვარი სოფლისა - ქრისტე. ამიტომ ადამიანი მთლიანად განიწმინდება თავისი ყველა ცოდვისმიერი სნეულებისაგან და ამ ძალით მყისიერად ხდება მისი (ქრისტეს) მეუფების წევრი, მისი მარადიული დიდების თანამემკვიდრე. ეს გულისხმობს რეალურ განღმრთობას, მარადიულ ნეტარებაში თანამონაწილეობას. კიდევ: წმინდა საიდუმლოს ეს მოქმედება არ არის წარმოსახვითი ან მხოლოდ გონებით გააზრებული, არამედ არსებითია, ე.ი. ღვთაებრივი ძალით (მადლით) დანამდვილებით ხორციელდება ადამიანის განახლება (განღმრთობა). მადლი უშუალოდ ანიჭებს ნათელღებულს „სასჯელისაგან" განთავისუფლებას, მარწუხებისაგან თავდახსნას, ღმერთთან შეერთებას, წყდება მონობის ჯაჭვი, მონური დამცირების ნაცვლად ვაღწევთ ანგელოზთა თანასწორობას.1
წმ. იოანე ოქროპირიც ფიქრობს: „იმისათვის, რომ აღეხოცა ცოდვა, მაცხოვარი ნებაყოფლობით მოკვდა... ცოდვა მიემსჭვალა ჯვარზე, ჯვრის მეშვეობით ცოდვები განადგურდა".2
ამრიგად, ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათელღებული ხდება ამ განმწმენდელი მსხვერპლის თანამონაწილე, ამასთანავე ზეციური მადლის თანამემკვიდრე და ეს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით. სხვა გზით ადამიანის განღმრთობა არის შეუძლებელი.
წმიდა მამათა სწავლებას, რომ ცხონებისათვის, განღმრთობისათვის, ეკლესიის საიდუმლოებებში (მადლში) თანამყოფობისათვის პირველი პირობა ნათლისღებაა, ე.ი. ქრისტესთვის დაფვლა, სამგზის წყალში შთაფვლით და აღდგომა, განღმრთობა, კვლავ მივუბრუნდებით. მანამდე დეკანოზ ი. რომანიდისის ქართულ გამოცემაში „პატრისტიკული თეოლოგია" გამოთქმული შეხედულება განვიხილოთ:
„ამის შემდეგ ვაწყდებით ერთ პარადოქსულ ფენომენს: ასისთავი კორნელიუსი იყო ახალი აღთქმის ის პირველი კერპთაყვანისმცემელი და წარმართი, რომელმაც განღმრთობას ნათლობამდე მიაღწია. იგი წააგავს ძველი აღთქმის მართალ იობს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ებრაელი (იყო რა წარმართი), განღმრთობამდე ამაღლდა. ჩვენ სხვა ადამიანის მაგალითიც ვიცით, რომელიც ჯერ განიღმრთო და შემდეგ მოინათლა, ეს არის პავლე მოციქული.
„სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ" (იონ. 3. 8), ამიტომაა, რომ პეტრე მოციქული კორნელიოსის შემთხვევაზე ამბობს: „მე ვინ ვარ, რომ წინააღმდეგობა გამეწია სულიწმიდისათვის, რომელმაც კორნელიოსს ისეთივე მადლი უბოძა, როგორიც ჩვენ სულთმოფენობას; და არ მომენათლა იგი. მაგრამ სხვაა ღმერთის ნებელობის უშურველობა ადამიანის განღმრთობის საწინამძღვროდ და სხვაა იმის თქმა, რომ ყველა თანავეზიარებით განმაღმრთობელ მადლს, რადგან ეს უგუნურებაა".3
ი. რომანიდისის „განღმრთობის კონცეფციიდან" ირკვევა, რომ ავტორმა თავის სწავლებაში ვერ დაინახა დოგმატური კავშირი ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლსა და სულიწმიდის მოციქულებზე გარდამოსვლას შორის, რამეთუ ერთი მეორის გარეშე არ მოიაზრება. ამასთან, მის კონცეფციაში დამახინჯებულია მადლის რაობის განსაზღვრება, დარღვეულია თანმიმდევრულობა, რამაც უნდა გამოკვეთოს წარმართთა მიერ სხვადასხვა სახის მადლის (ღვთის სიტყვის მოსმენა, სინანული, ლოცვა) მიღება. საბოლოოდ ხომ ეს მაცხოვნებელი მადლის (ნათლისღების) მიღებით უნდა დაგვირგვინდეს. საქმე მოციქულთას ამ მონაკვეთის (საქმე 11. 17) მართებული გაგებისთვის საჭიროა წინა თავებში გადმოცემული შინაარსის სწორი გააზრება. მართებული განმარტების მიხედვით ჯერ იყო მოციქულთა სიტყვის მოსმენის მადლი, შემდეგ, სულიწმიდის სისავსით მიღებისთვის - ნათლისღება. საქმე მოციქულთას მერვე თავში ვკითხულობთ „და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი სახარებაი სასუფეველისათვის ღვთისა და სახელისათვის იესო ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი" (საქმე 8. 12).
ვიდრე უშუალოდ კორნელის მაგალითზე გადავიდოდეთ, ვნახოთ რას გვასწავლის საქმე მოციქულთა ეთიოპიელი ევნუქის მაგალითით. მისი ჭეშმარიტებაზე მოქცევისთვის, ნათლისღებისთვის ღვთის წინაგანსაზღვრულობით საჭირო იყო ეს ადამიანი ჩასულიყო იუდეაში, მოესმინა ქადაგება ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, შეესწავლა ებრაული რათა წაეკითხა ესაიას წინასწარმეტყველება, და ბოლოს ევნუქი უნდა შეხვედროდა ფილიპე მოციქულს, ვინც აუწყა მას ქრისტეს შესახებ. ამას მოჰყვა ევნუქის სიტყვაც: „აჰა წყალი, რაიღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? ჰრქუა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს". როდესაც ფილიპე მოციქული დარწმუნდა: „მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაი არს იესო ქრისტე. და უბრძანა დადგინებაი ეტლთა მათ და შთახდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. და ვითარცა აღმოხდეს წყლით, სული წმიდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა" (საქმე 8. 27-39).
ცხადია, ი. რომანიდისმაც შესანიშნავად იცოდა საქმე მოციქულთას ეს მონათხრობი. აქ ხომ მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ნათლისღების შემდეგ „მოვიდა სულიწმიდა საჭურისზე". მსგავსია კორნელის შემთხვევაც. მისი სახლეულის მოქცევაც იმავე სცენარით განვითარდა. პეტრე მოციქულმა უქადაგა ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება (საქმე 10. 34-45) და ამ დროს მიეცათ ღვთის სიტყვის მოსმენის (შესმენის), სულიწმიდის მადლი. ი. რომანიდისისის მიერ მითითებულია მუხლი „აწ უკუეთუ სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ". აქ საუბარია იმაზე, რომ ჰურიებისთვის წარმართებთან ურთიერთობა იყო აკრძალული: „და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თვით უწყით, ვითარმდე არა ჯერ-არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო-თესლთა" (საქმე 10. 28). ხოლო ხილვის შემდეგ: „მომიგო მე ხმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ" (საქმე 11. 9). ამის შემდეგ ამ მადლის „სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმა". და მომდევნო მუხლში კონკრეტდება, რა მადლზეა საუბარი: „ნამდვილვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისა" (საქმე 11. 17-18).
ი. რომანიდისი „და ძმანი მისნი" დამახინჯებულად განმარტავენ წმიდა წერილს, რაკი ტოლობის ნიშანს სვამენ ნათლისღების მადლით მინიჭებულ განღმრთობასა და წარმართებში ნათლისღებამდე განღმრთობის მიღებას შორის.
ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: პეტრე მოციქულმა რატომ არ დატოვა კორნელი და მისი სახლეული, უფრო ადრე ფილიპემ ევნუქი ნათლისღების გარეშე, ძველ რჯულზე, თუმცა იყვნენ ისინი ღვთისმოშიშნი და კეთილისმოქმედნი? იმიტომ რომ, მოდერნისტებს ერევათ ერთმანეთში მაცხოვნებელი მადლის წინაგანსაზღვრულობას (Предопределение) დანარჩენი წინამოსამზადებელისაგან (Предверяющая). ამაზე მოგვიანებით.
ახლა კი იმ გაუგებრობის შესახებ, რომ ნათლისღების გარეშე განღმრთობას აბრალებენ პავლე მოციქულს, რომელმაც ბრძანა:
„რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოხსნილ - და თანა-აღმადგინნა და თანა-დახსნა ზეცათა შინა ქრისტე იესოს მიერ" (ეფ. 2. 4-6).
„რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (რომ. 3. 23-24).
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების არსი ადამიანის განღმრთობაა. ამ განღმრთობაში, პირველყოვლისა, მოიაზრება ნათლისღება, რომლის მეშვეობითაც ღმერთი იმკვიდრებს ადგილს ადამიანის სულში და ზებუნებრივად მოქმედებს საკუთარი მადლით.
რა თქმა უნდა წმ. მამებს უნდა მოვუსმინოთ:
„მაცხოვარი ბრძანებს: „ჯერ არს თქუენდა მეორედ შობა" (იონ. 3. 7). „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5-7). ვინაიდან ნათლისღება, როგორც თავად სიტყვიდან ჩანს, არის ახალი ცხოვრების დასაწყისი. ხოლო ახალი ცხოვრების დაწყებამდე გვმართებს დავასრულოთ ძველი. ნათლისღებისას ქრისტეს დაფლვის მიმსგავსებით აღესრულება ჯოჯოხეთში შთასვლა, ნათელღებულის ძველი სხეულიც შთაინთქმება წყალში, რაც სიმბოლურად გამოხატავს ხორციელი ცხოვრების უარყოფას" (1 კოლ. 2. 11). ნათლისღება შეიცავს სიკვდილსაც და ცხოვრებასაც. სიკვდილის გამომხატველი წყალში შთაფვლაა, ხოლო ცხოვრების საწინდარი სულიწმინდაა. ამიტომ ნათლისღებას ორი მიზანი აქვს: ცოდვისმიერი სხეულის (ხორცის) განწმენდა, რათა მან აღარ მოიტანოს სიკვდილის ნაყოფი, და გაცოცხლდე სულით, იქონიოთ ნაყოფი სიწმინდეში (მადლში). ამას ნიშნავს „იშვა ზეგარდამო წყლითა და სულითა".4
ნეტ. ავგუსტინე ბრძანებს:
„ახალშობილი ჩვილით დაწყებული ღრმა მოხუცებულობით დამთავრებული არავინ უნდა დარჩეს ნათლისღების გარეშე, ვინაიდან არავინ რჩება, ვინც ნათლისღების დროს „არ კვდება ცოდვისათვის"; ჩვილები მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის, ხოლო ზრდასრულნი კი ყველა ჩადენილი ცოდვის გამო, რომლებმაც ცოდვები ცუდი ცხოვრების გამო შეიძინეს".5
ღირსი ამბა დოროთე:
„ნათლისღება არის ერთდროულად სიკვდილიც და სიცოცხლეც, დაფვლაც და დაბადებაც. ნათლისღების გარეშე ემბაზში შთაფვლით მასში იფვლება და კვდება დაცემული ბუნების ცოდვისმიერი დაზიანება და ემბაზიდან აღდგება განახლებული ბუნება; შთაიფვლება ძველი ადამი, მისგან (წყლიდან) გამოდის ახალი ადამის შვილი. ნათლისღების დროს ადამიანს ეპატიება პირველქმნილი ცოდვა, წინაპრებისაგან შთამომავლობით მიღებული და საკუთარი ცოდვებიც, ნათლისღებამდე აღსრულებულნი. ნათლისღებით ადამიანს ენიჭება სულიერი თავისუფლება. ის უკვე აღარაა ცოდვის ძალაუფლების მსხვერპლი, არამედ თავისუფალი ნებით შეუძლია აირჩიოს სიკეთე ან ბოროტება".6
ამრიგად, ნათლისღებით, ქრისტეში სიკვდიილით ნათელღებული ჭეშმარიტად განიწმინდება ცოდვებისაგან და ქრისტეს თანამკვიდრი (განღმრთობილი) ხდება.
1 ციტ. Новые богословы. Св. Виктор. Гомелевский.
2 Св. Иоанн Злотоуст. О таинстве крешения.
3 ი. რომანიდისი. პროტოპრესვიტერი. პატრისტიკული თეოლოგია. გვ. 162.
4 Св. Василий Великий. К Амфилохию. О святом духе. /Творения. Т. 1. СПБ. С. 604.
5 Блж. Августин. Энхиридион. Гл. 43. С. 115.
6 Преп. Авва Дорофей. 1. Поучение об отвержении мира.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია