მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის სწავლება არის მართლმადიდებელი სარწმუნოების ძირითადი დოგმატი. ის უწყვეტ კავშირშია ქრისტეს განკაცების, აღდგომის, ამაღლებისა და სულიწმიდის გარდამოსვლის დოგმატთან. ეს კავშირი, განუყრელობა რომ არა, ქრისტიანობა რიგითი რელიგიური მიმდინარეობა იქნებოდა.
კაცობრიობის ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან გამოხსნა აღესრულა ქრისტეს ჯვარცმით. მათე მახარებელთან ვკითხულობთ: „ვითარცა ძე კაცისა არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის. ახალი აღთქმის ეს სწავლება მოციქულთა მრავალ ეპისტოლეებშია ასახული: (1 პეტრ. 1. 18-22); (1 კორ. 6. 20; 19-20); (ეფ. 1. 7); (კოლ. 1. 23); (გამოცხ. 5. 9); (რომ. 3. 23-25); (ებრ. 9. 12-15); (ებრ. 9. 14).
მაგრამ გამოსყიდვის მადლის ამ ნაყოფით კაცობრიობას შეეძლო სრულად ესარგებლა მხოლოდ ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ. რატომ? ვინაიდან და რადგანაც ზეცად ამაღლებით ქრისტემ ზეცად აღამაღლა კაცობრივი ბუნების საწყისი, ხოლო სულიწმიდის გარდამოსვლის შედეგად გაიხსნა გზა ადამიანის გამართლებისა და განწმენდისათვის.
ამასთან, მნიშვნელოვანია: მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არა მხოლოდ იცოდეს ამ სწავლების შესახებ, არამედ მართებულად უნდა იაზრებდეს ამ დოგმატების მნიშვნელობას. მათი მთავარი არსი კი არის შემდეგი: პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლებისთვის საჭირო (აუცილებელი) იყო ახალი ადამის დაბადება (ქრისტეს განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, აღდგომა, ამაღლება ზეცად და სულიწმიდის გარდამოსვლა).
ამაშია გოლგოთის მსხვერპლის ძირეული მნიშვნელობა. სხვაგვარად კაცობრიობის განწმენდა, გამართლება, განღმრთობა და ბოლოს ხსნა, შეუძლებელი იქნებოდა. ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის გარეშე ვერ იარსებებდა ეკლესია, შესაბამისად ცხონება.
ამრიგად, თუკი მართლმადიდებელ ქრისტიანს სურს გაერკვეს, განარჩიოს ორთოდოქსული სწავლება მოდერნიზებულისაგან, ბარომეტრად სწორედ გამოსყიდვის დოგმატი გამოადგება. მოდერნისტი უთუოდ შეეცდება მის დამახინჯებას ან მთლიანად უგულებელყოფას. საამისოდ საჭიროა საღვთისმეტყველო ცვლილებების შეტანა თვით მართლმადიდებლურ (მამებისეულ) სწავლებაში.
ერთ-ერთი ასეთი მცდელობა შემოგვთავაზა ბერძენმა თეოლოგმა, დეკანოზმა ი. რომანიდისმა. მის ქართულენოვან გამოცემაში „პატრისტიკული თეოლოგია" მოცემული კონცეფციის თანახმად „განღმრთობისათვის" სულაც არ არის საჭირო არც ქრისტეს განკაცება, ჯვარცმა..., არც სულიწმიდის გარდამოსვლა. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას ქრისტეს მსხვერპლის გარეშეც გადაეცემოდა თურმე. აი, ასე დასვა ტოლობის ნიშანი ავტორმა ახალაღთქმისეულ განღმრთობის საიდუმლოსა და ძველიაღთქმისეული მადლის გამოვლენას შორის (რომელიც მამამთავრებსა და წინასწარმეტყველებში წარმოჩნდა):
„ძველ აღთქმაში ჩანს, რომ განათლებულები და განღმრთობილები იყვნენ მხოლოდ მამამთავრები და ისარელის წინასწარმეტყველები"... აბრაამამდეც არსებობდა განათლებისა და განღმრთობის თვითშეგნება. თავად აბრაამი იყო ღვთისმეტყველი, ანუ განღმრთობილი... განათლებისა და განღმრთობის ეს ტრადიცია ოდითგანვე გადაიცემოდა და არ გამოჩენილა ჰაერიდან, არ წარმოშობილა უცაბედად"... ამრიგად, ვხედავთ, რომ მართლმადიდებლური გარდამოცემის არსი არის არათუ ბიბლია, არამედ განათლებისა და განღმრთობის გამოცდილების მემკვიდრეობითად გადაცემა ადამიდან დღემდე".1
აღნიშნული კონცეფცია, სინამდვილეში, მკითხევლს არა ჭეშმარიტი გარდამოცემის, არამედ მოდერნისტული ინტერპრეტაციის კალაპოტში აყენებს, ვინაიდან სუბსტანციურად განსხვავებული მდგომარეობა იყო ძველი აღთქმის მართლების მდგომარეობასა და ახალი აღთქმის განღმრთობილებს (წმინდანებს) შორის. სწორედ ამიტომაც არ სჭირდება ავტორს „ბიბლია" (წმ. წერილი) გარდამოცემის არსის გასააზრებლად - მისთვის „ქარიზმატულობა" წმინდა წერილზე და ნებისმიერ დოგმატზე აღმატებულია. ასეთი „განღმრთობის" კონცეფცია ფართო გზას უხსნის პანეკუმენისტურ მოძრაობას: თუკი განღმრთობა (ე.ი. ცხონება) გამოსყიდვის გარეშეც არის შესაძლებელი, მაშინ სხვა რელიგიებში „მოღვაწე", სიკეთისმქმნელმა ადამიანებმა რა დააშავეს?! ეს ი. რომანიდისის მასწავლებლის, ფლოროვსკის კონცეფციის გაგრძელებაა, რომელშიც ეკლესიის კანონიკური საზღვრები არ ემთხვევა ქარიზმატულ საზღვრებს" (О границах церкви).
მაგრამ, მოდით, წმ. მამათა სწავლებას (ჭეშმარიტ გარდამოცემას) მოვუსმინოთ.
წმ. იოანე ოქროპირი წერს:
„მახარებელი ბრძანებს: „რამეთუ არღარა მოცემულ იყო სული წმიდაი, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ" (იონ. 7. 39). ვინაიდან ის (ქრისტე) ჯერ კიდევ არ იყო ჯვარცმული, სულიწმიდა არ იყო ბოძებული ადამიანებისათვის, - განდიდება ნიშნავს „ჯვარცმას". თუმც ეს მოვლენა ბუნებრივად სამარცხვინოდ მიიჩნევა, და აღესრულა მოყვასისათვის, ამიტომ ქრისტემ მას დიდება უწოდა. მითხარი, სულიწმიდა რატომ არ იყო ბოძებული ჯვარცმამდე? - იმიტომ რომ მსოფლიო იყო ჩაფლული ცოდვებში, ბოროტებაში, მტრობასა და უღირსებაში; ვინაიდან ჯერ არ იყო მსხვერპლად გაღებული კრავი, რომელმაც იტვირთა კაცობრიობის ცოდვები. ამრიგად, ვიდრე ქრისტე არ იყო ჯვარცმული, მანამდე არ იყო არც შერიგება, ხოლო ვიდრემდე არ იყო შერიგება, მანამდე სამართლიანადაც არ იყო ბოძებული სულიწმიდაც (Дух). ამიტომაც სულიწმიდის გარდამოსვლა არის ნიშანი შერიგებისა".2
წმ. თეოფანე დაყუდებული შენიშნავს:
„იხილა ღმერთმა, რომ ადამიანს არ შეუძლია მართებულ გზაზე მტკიცედ დგომა, გადაწყვიტა საკუთარი სიმართლე შეემატა (Влить) მასში, როგორც ჯანსაღ სისხლს უსხამენ დასნეულებულ ორგანიზმს და ამგვარად გამოევლინა ის (მადლი) მათში. ეს რომ აღსრულებულიყო თავისი მხოლოდშობილი ძე მოგვმადლა, დაე ის იყოს ყველა მორწმუნის განმწმენდელი, - არა იმგვარად, რომ მის (ქრისტეს) მიერ მხოლოდ ცოდვათა პატიება ხდებოდეს, არამედ ისე, რომ სულიწმიდის მადლის მიღებით სუფთა და წმინდანი ვხდებოდეთ".3
როგორც ვხედავთ, სრულფასოვანი მადლის მოხვეჭა, განღმრთობა, ცხონება შესაძლებელი ხდება მხოლოდ ქრისტეს ჯვარცმისა და სულიწმიდის გარდამოსვლის შედეგად. მეტიც: ძველი აღთქმის მამამთავართა და წინასწარმეტყველთათვის ბოძებულ მადლს არ შეეძლო კაცთ მოდგმის ჯოჯოხეთიდან განთავისუფლება. აქედან შეკითხვაც: რანაირი „განღმრთობაა", თუკი ის ჯოჯოხეთიდან ვერ ათავისუფლებს ადამიანს?! მართლმადიდებლური სწავლებით სწორედ ძველი აღთქმის მართლები ამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან.
მოვუსმინოთ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის შეგონებას:
„ქრისტიანებო! თქუენ ცხონებაზე მსჯელობთ, მაგრამ არ უწყით, რა არის ცხონება, რატომ საჭიროებენ ადამიანები მას... ჩვენი ცხონების ერთადერთი საშუალებით - ქრისტეს შეუცნობლობით, ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს, არათუ ცოდვილები, არამედ ძველი აღთქმის მართლებიც ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში. ასეთია ადამიანური კეთილი საქმეების ძალა (ი. რომანიდისისთვის ეს „განღმრთობაა" - კ. ჯ.)... ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ ცხონების ერთადერთი საშუალება მხსნელია, რომ დაცემული ბუნების მიერ გამოვლენილი უდიდესი სათნოებებიც მიემართება ჯოჯოხეთში...".4
ძველი აღთქმის მამამთავართა და წინასწარმეტყველთა „დაცემული ბუნების მიერ გამოვლენილი უდიდესი სასწაულები ჯოჯოხეთში მიემართებაო" - ესმის ეს მოდერნისტებს?!
ამ საკითხზე ნეტ. ავგუსტინეს სწავლებაც (ი. რომანიდისისაგან განსხვავებით) მთლიანად წმ. მამათა სწავლების იდენტურია:
„ჭეშმარიტ და ღვვთისმოსავ ქრისტიანში იბადება მართებული შეკითხვა: იყო (ან არის) კი ვინმე, ან შეიძლება იყოს ვინმე ამ სამყაროში ისეთი, ვინც იცხოვრა იმდენად სამართლიანად, რომ საერთოდ არ ჩაიდინა ცოდვა? ეს არც უნდა იყოს საკამათო ფსალმუნის სიტყვისამებრ: „რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი" (ფს. 143) და სხვა მრავალი. ამიტომ ძველაღთქმისეული მოწმობები ახალაღთქმისეულით უნდა გავიაზროთ. კერძოდ: სრული, სრულყოფილი სამართლიანობას (праведность) შეუძლებელი იყო სისავსით დაუფლებოდა ძველი დროის ადამიანს, ვინაიდან ხორცში მცხოვრებთათვის ეს შესაძლებელი გახდა ამჟამად (ე.ი. ახალ აღთქმაში) და მომავალი თავობისთვის, კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტი სინანულით იტყვის: „და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩვენნი" (მათ. 6. 12), ვინაიდან მას სწამს, რომ ქრისტესადმი მისი სასოება ჭეშმარიტი და ურყევია! სხვაგვარად ვერასგზით, გარდა ჯვარცმული მაცხოვრივ მადლისა და სულიწმიდის მეშვეობისა, ვერავინ აღწევს სრულყოფილებას (ე.ი. სრულ განღმრთობას - კ. ჯ.), ან რაიმე სახის წარმატებას ჭეშმარიტ და ღვთისმოსავ ჭეშმარიტებაში. და მე არ ვიცი, ამის უარმყოფელს ქრისტიანი ვუწოდო თუ არა".5
როგორც ვხედავთ, მას, ვისაც უდავო ჭეშმარიტებაში ეჭვი შეაქვს, ნეტ. ავგუსტინე ქრისტიანადაც კი ვერ აღიარებს. ამრიგად, გოლგოთის მსხვერპლის დოგმატის წყალობით, „შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესოს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისაგან მისგან ცოდვისა და სიკუდილისა" (რომ. 8. 2). ე.ი. ახალი ადამის მადლმოსილების გარეშე, რაც დაკარგა პირველმა ადამმა (ძველმა ადამიანმა), შეუძლებელია: განღმრთობა, სისავსით მადლმოსილება. ცხონება შესაძლებელია მხოლოდ ქრისტესა და სულიწმიდის მადლის მეშვეობით.
აქედან გამომდინარე, „განღმრთობა", (ე.ი. მადლის სისავსით დაუფლება), რაც თითქოს შეინარჩუნა ცოდვის დაცემის შემდეგ ადამიანმა, აცდენილია ჭეშმარიტ სწავლებას. პირველი ადამის (ადამიანის) მადლის საზომი გახლდათ იმგვარი, რომ მისი დაკარგვა შესაძლებელი იყო არსებული ცოდვისმიერი ნების პირობებში. მეორე ადამის მადლის თეოზისი (განღმრთობა) იმდენად მოჭარბებულია, რომ არა მხოლოდ ქრისტეს ბუნებრივ ნებას, არამედ ქრისტეში, (სულიწმიდაში) განღმრთობილ ადამიანს (წმინდანს) აღასრულოს რაიმე ღვთის საპირისპირო, რაც ძველი აღთქმის მართლებსაც არ ხელეწიფებოდა, აღნიშნული მადლის სისავსის არარსებობის გამო, როგორც ეს წმ. მამებისაგან შევიტყვეთ.
ნეტ. ავგუსტინე შენიშნავს: „მეორე მადლი იმდენად აღმატებულია პირველზე, რომ ადამიანი მისი (პირველის) წყალობით იძენს არა მხოლოდ დაკარგულ თავისუფლებას, სათნოებებს, არამედ გაცილებით მეტს - თავად სურვილს, ნებას იმოქმედოს ადამიანში".5
ამრიგად, ეს მადლი შეუძლებელია არსებობდეს ძველ ადამიანში. არანაირი საშუალება „ბუნებრივი თვითგადარჩენის" (ე.ი. ქრისტეს მსხვერპლის გარეშე), თანდაყოლილი „განღმერთობა" ან რაიმე „ბუნებრივი ქარიზმა", ახალაღთქმისეულის ფარდი ქრისტესმიერი, სულიწმინდისმიერი ნიჭი (მადლი) დაცემულ მდგომარეობაში მყოფ, ძველ ადამში შეცოდებულ კაცობრიობაში არ არსებობდა. ეს (გნომიკური ნება), ე.ი. ძველი ადამიანის დაცემულ ბუნებრივ ნებას რეალურად არ შეუძლია სისავსით მადლის მოხვეჭა, (განღმრთობა), იმიტომ რომ სუბსტანციურად არ არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდში.
ნეტ. ავგუსტინეს სწავლებით (დადასტურებული კართაგენის ავტორიტეტულ კრებაზე 418 წ.) ქრისტეში არ არსებობდა გნომური (მერყევი) ნება. მის კაცობრივ ნებაზე მადლი შეუქცევადად (შეუწყვეტელად) მოქმედებდა, რაც ძველ ადამში (ადამიანში) არ არსებობდა. ახალ ადამში კი კაცობრივ ნებას სურდა მხოლოდ ის, იგივე, რაც ღმერთს სურდა და არა სხვა რამ სურვილი, ნება, ვინაიდან ის - ახალი ადამის კაცობრივი ნება მთლიანად, სისავსით მადლმოსილია.
ამგვარადვე, ქრისტეს შობის შემდეგ, იმ ადამიანებში, რომლებიც პირველქმნილი ცოდვის სულიერი სიკვდილისაგან „გამოცოცხლდნენ" ნათლისღების საიდუმლოთი, გნომიკურ ნებაზე აღმატებული, გადამლახველი მადლი ამოქმედდა. ამიტომ მივიჩნევთ, რომ მადლის, განღმრთობის ნეტ. ავგუსტინესეული სწავლება წმ. მაქსიმესა და პალამას სწავლების საწინდარია, შესაბამისად - ორთოდოქსული. ჭეშმარიტი სინერგია არის სინერგია ღვთისა და წმინდანების, რომლებიც ერთიანი მადლით მოქმედებენ და არა სინერგია მადლისა და ძველი, ხორციელი (ძველიაღთქმისეული) ნებისა, როგორც ფიქრობენ ი. რომანიდისი და ძმანი მისნი.
დავასკვნით: ი. რომანიდისის თუ სხვა (ახალი თუ ძველი თაობის მოდერნისტების) ანთროპოლოგია, დაფუძნებული ჰუმანისტურ იდეებზე, „ბუნებრივ სულიერებასა" და „განღმრთობაზე", არსებითად ნეოპელაგიური შინაარსისაა. ამიტომაც იძულებულები არიან დამალონ ის ადოგმატიზმით, თვით წმ. წერილის გვერდზე გაწევით, ოღონდდა როგორმე საკუთარ მოდერნისტულ მიმართულებას (ნეომართლმადიდებლობას) მისცენ გასაქანი - ეს ხომ ფართო ასპარეზს უხსნის ეკუმენისტურ მოძრაობას.
1 ი. რომანიდისი. პროტოპრესვიტერი. „პატრისტიკული თეოლოგია". გვ. 40-41.
2 Св. Иоанн Злотоуст. Беседа первая на святую пятидесятницу//Творения. В. 12. Т. 2. Кн. 1. С. 504-507.
3 Св. Феофан Затворник. Толкования. И. VIII гл. Послания Св. апостола Павла к Римлянам. С. 231.
4 Св. Игнатий Брианчанинов. Собрание писем. СПБ. 1995. Письмо 203. С. 388.
5 Блж. Августин. Об упреке и благодати. XI. 31/C. 248.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია