ჩვენ ვიცით, რომ ჰუმანიზმს სიკეთისა და ბოროტების საკუთარი ზოგადსაკაცობრიო განსაზღვრება აქვს, სადაც ღმერთი საჭირო არ არის. მათი აზრით სიკეთე არსებობს ავტონომიურად, ღვთისა და ადამიანის ყოველგვარი კავშირის გარეშე. შედეგად კი ამან გამოიწვია სიკეთისა და ბოროტების უამრავი ინტერპრეტაცია.
მოდით ვნახოთ რას ამბობენ ეკლესიის მამაები ამ საკითხის შესახებ. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ღვთისაგან გაუცხოვება არის ბოროტება. ბოროტება ღვთის ნების დარღვევაა. სიკეთე კი - მისი ნების შესრულება". ბოროტებას არ გააჩნია საკუთარი ბუნება. ბოროტება იწყება იქ, სადაც მთავრდება სიკეთე. ბოროტებას, სიკეთისაგან განსხვავებით, არ შეუძლია თავისთავად არსებობა, რადგან მას არა აქვს არსი.
ეკლესიის სწავლებით ყველა ადამიანს სინდისის ხმა მიენიჭა და სწორედ ეს ხმა ამხელს ბოროტების ჩამდენს მცდარი არჩევანის დროს. ბოროტება არ არსებობს პიროვნების მოქმედების გარეშე. ყოველი ბოროტება ყოველთვის კონკრეტული ადამიანის მოქმედების შედეგია.
რა წარმოდგენა აქვს თანამედროვე ადამიანს სიკეთესა და ბოროტებაზე? იდეოლოგიური კარნახით ადამიანებმა შექმნეს წარმოსახვითი, ვირტუალური ბოროტების ნაირსახეობა, რომელიც ბოროტების ქრისტიანულ კრიტერიუმში არ ჯდება. მაგალითად, ზოგიერთისთვის რუსეთი და რუსებია ბოროტება, ზოგისთვის კი ევროკავშირი, ან სხვა ქვეყნები და ერები. მათ შთააგონეს, რომ ადამიანის დანიშნულებაა ებრძოლოს „ბოროტებას" და დაიცვას „სიკეთე". ხოლო, რა არის ეს „სიკეთე და ბოროტების" განსაზღვრება იდეოლოგიური პროპაგანდა თავისი ისტორიული ინტერესების განვითარების მიხედვით შემოგთავაზებთ.
„ბოროტებასთან ბრძოლის" ეს მეთოდი აწყობს ადამიანს. ის არ საჭიროებს შინაგან ცვლილებას ან გამოსწრებას. პირიქით, გარკვეული ძალადობა „სათნოებადაც" კი არის მიჩნეული. თუმცა, „სიკეთედ" მიჩნეულ ბოროტებას აქვს თავისი ლოგიკური განვითარება და გამოვლინება. პირველ ყოვლისა მტრობა და უსიყვარულობა. თვლის რა თავის მტრად რომელიმე ქვეყანას ის ავტომატიურად მტრად მოისაზრებს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მის კრიტერიუმს არ ეთანხმება. ამიტომ ვხედავთ დაპირისპირებას ოჯახებში, სანათესაოში, სამსახურებში...
მეორე გამოვლინება; პირდაპირი სიმპათია და გვერდში დგომა ეკუმენისტებთან, ჰომოსექსუალებთან და მოძალადეებთან. დაპირისპირებულ მხარეებში „სიკეთის" ეგიდით ცალმხრივი ძალადობის გამართლება.
პირდაპირი და ირიბი ზიზღი ეკლესიისა. ეკლესიური სწავლების თვითნებური, მოდერნისტული ინტერპრეტაცია, დაპირისპირება სასულიერო პირებთან და მრევლთან. პირდაპირი „ბულინგი" ახალგაზრდების და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების.
წმ. ტიხონ ზადონელის სიტყვები მახსენდება: „ქრისტეს ნათელით განათებული სული შეიცნობს სიკეთეს, გაუნათებელი კი - ვერ დაინახავს მას". ამ სამწუხარო რეალობაში აღმოვჩნდით ჩვენ დღეს. რად გვინდა პოლიტიკური არჩევანისადმი მიკუთვნება თუ შენი ოჯახის წევრი და მოყვასი დაკარგე? რას იგებ იმის ფასს, რასაც კარგავ? თუ სიყვარული და ურთიერთგაგება არ გვექნება, რა საჭიროა გეოპოლიტიკური განსხვავებებისთვის ბრძოლა?
ადამიანი თავისუფალი არჩევანის წინაშეა - იყოს ღმერთთან თუ მის წინააღმდეგ. სწორედ ამ არჩევანის დროს იკვეთება ჩვენი სიკეთე ან ბოროტება.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტება - ცოდვაა. ჰუმანიზმი კი პირდაპირ ასწავლის - ცოდვა არ არსებობს და არც მისგან გამომდინარე შედეგები. ამ მცდარ საფუძველზე აშენებენ ადამიანები თავის მომავალს, რაც აუცილებლად დაღუპვისკენ მიმავალი გზაა.
ბოროტების აღმოფხვრა ადამიანის სულიდან შეუძლია მხოლოდ ღმერთს. მადლი არ მიენიჭება მას, ვინც განეშორა ღმერთს, ეკლესიას და მის საიდუმლოებებს.
ამიტომ, ნუ ცდუნდებით ძმანო და დანო - ღვთის მადლის გარეშე, შეუძლებელია ჩვენი კეთილდღეობა, სულიერი ფერისცვალება, შეუძლებელია ჭეშმარიტი სიკეთის კეთება, სიყვარული, თავისუფლება და მით უფრო ცხონება.
უფალთან და მოყვასთან ურთიერთობის აღდგენა შეიძლება. მას გულიდან გამოსული სიტყვა ამშვენებს - შემინდე!
დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net- ის რედაქცია