მართლმადიდებლური სწავლების თავიანთი შეხედულებისამებრ გამოყენებას პარიზის სკოლის წარმომადგენლები საკუთარ რელიგიურ მოწოდებად მიიჩნევენ. ცხადია, დეკანოზი ი. რომანიდისი სწორედ ამ მოწინავეთა რიგებში უნდა მოვიაზროთ, იმ პიროვნებათა კოჰორტაში, რომლებმაც საკუთარი ინტელექტის, ფსევდოავტორიტეტის, ვით უტყუარი ორიენტირის საფუძველზე, თვით დოგმატური ღვთისმეტყველების შეცვლა განიზრახეს. მსგავსი მოდერნისტების აზრით, როცა დოგმატი ურყევია, მაშინ პროგრესი არ არსებობს. ამიტომ „ახალი ღვთისმეტყველების" კონცეფციებმა დოგმატის ჭეშმარიტი არსი, რომ ის უცდომელი კატეგორიაა, მართლმადიდებელ ეკლესიაში სადისკუსიოდ, საეჭვოდ, ხოლო „თავისუფალი", „შემოქმედებითი", „ინდივიდუალური" მიდგომები მთავარ სათნოებად უნდა შერაცხონ. სინამდვილეში კი პირიქითაა: ადამიანის ინდივიდუალური მისწრაფებანი იზღუდება წმინდა დოგმატებით, რასაც ეკლესიის საზღვრები ჰქვია, შესაბამისად უადგილოა იმაზე საუბარი, რომ ეს არის „გზა შემეცნებისაკენ" და მისთანანი. განსაზღვრული დოგმატი ცვალებადობასა და განვითარებას არ ექვემდებარება.
პროტოპრესვიტერი (ღვთისმეტყველი) მიხეილ პამაზანსკი დოგმატის მნიშვნელობის შესახებ წერს: „დოგმატი კი არ ვითარდება, არამედ - დოგმატების სფერო ეკლესიის ისტორიაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ: იმატა სარწმუნოებრივი განსაზღვრებების რაოდენობამ, მსოფლიო კრებებზე ზუსტი ფორმულირება რომ მიიღო. ეკლესიის მუშაკობა დოგმატური სწავლების ზუსტ გადმოცემაში, განმარტებასა და გამყარებაში გამოიხატება. ეს დადასტურებულია წმინდა წერილითა და წმინდა გარდამოცემით, საყოველთაოდაა აღიარებული მათი (დოგმატების) ვალდებულება.
დოგმატური ჭეშმარიტების მოცულობა არსებითად ერთი და იგივე რჩება, მაგრამ არამართლმადიდებლურ შეხედულებათა და სწავლებათა შემოჭრის შედეგად, ეკლესიამ მართლმადიდებლური დოგმატების მეშვეობით სანქცირებულად უარყო ერეტიკული საზრისები".1
ამდენად, დოგმატური ღვთისმეტყველება, ვით მეცნიერება, შეიძლება ვითარდებოდეს, მაგრამ არ შეიძლება ვითარდებოდეს ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული დოგმატი. ამას ადასტურებს მეექვსე მსოფლიო კრების განჩინებაც:
„ხოლო ვინც პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენდება ზემოთ მოხსენებული წმინდა და ღმერთშემოსილი მამებისა და ქრისტიანთა კრებულისაგან და ისინი, როგორც უცხოები, უნდა გააძევონ და გაყარონ, რადგან ჩვენ არც არაფრის შემატებას და არც არაფრის დაკლებას ვიღებთ თავზე. ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას".2
მოდერნისტის ამოცანაა: ერთი მხრივ, ფრაზების დონეზე აღიაროს დოგმატის შეუვალობა; მეორე მხრივ, უნდა შეეცადოს გააუქმოს ის. ამ ნიშნით ბევრი იმუშაკა დეკანოზმა ი. რომანიდისმა და ამის მკაფიო ნიმუშებს ქართულ გამოცემაში „პატრისტიკული თეოლოგია" ვპოულობთ. დოგმატის მნიშვნელობაზე საუბრისას ის ჯერ აღიარებს დოგმატის უცდობელობას: „რასაკვირველია, მსოფლიო კრება არის უცდომელი, ასწავლის უცდომელად, მარგებელია ჩვენი რწმენისათვის და ა.შ."
ორთოდოქსი ღვთისმეტყველი აქ დასვამდა წერტილს, ვინაიდან არავითარი „მაგრამ" არ შეიძლება მოსდევდეს დოგმატურ უცდომელობას. ი. რომანიდისთან „მაგრამ"-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: „მაგრამ როგორ და რატომაა მისი გადაწყვეტილებანი უცდომელი?" და აი რასაც გულისხმობს ის „მაგრამ"-ში ასეა ჩამოყალიბებული:
„როდესაც ქრისტემ გვამცნო, რომ იგი სულიწმინდას მოგვივლენდა სრული ჭეშმარიტებისკენ საწინამძღვროდ, ეს მას არ უთქვამს საკუთრივ მსოფლიო კრების შესახებ, როგორც ასეთზე. სხვა სიტყვებით, მას არ უთქვამს, რომ სრული ჭეშმარიტებისკენ წინამძღვრობა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიმდინარეობისას მოხდებოდა. ამგვარად, მსოფლიო კრებათა უცდომელობის შესახებ ეს ახლებური ხედვა წმინდა წერილში არ გვხვდება".3
როგორც ვხედავთ, სიტყვამ „მაგრამ" თავის ფუნქცია აღასრულა - „მსოფლიო კრებათა უცდომელობა ახლებურ ხედვად" დაფიქსირდა. ინექცია დასრულებულია, ფსევდოავტორიტეტი თავის საქმეს აკეთებს.
ი. რომანიდისის თანამემამულე ღვთისმეტყველი, არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი, როგორც ჩანს, შეშფოთებულია მოდერნისტების ადოგმატიზმით, და თავის ნაშრომში (Папство – это ересь) ხაზგასმით აღნიშნავს:
„მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ შვიდი მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია, ხოლო მისი მონაწილე წმინდა მამები სულიწმინდის შთაგონებით მეტყველებენ. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიოლოგია მსოფლიოში კრებაში ხედავს მიწიერი ეკლესიის უმაღლეს ინსტანციას, უშუალოდ სულიწმიდის შთაგონების ქვეშ რომ იმყოფება.
თავის უცდომელ სწავლებას ეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით, რომლებსაც VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შედეგად მიენიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა".4
ასე რომ, ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას და მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმინდა, სწორედ ის იცავს ეკლესიას ყოველგვარი სენისაგან, რისგანაც არც ერთი ჩვენგანი დაზღვეული არაა, თუ არ ჩავთვლით რომანიდისის მსგავს მოდერნისტებს, რომლებსაც დოგმატების გაუქმებაც კი შეუძლიათ:
„მართლმადიდებლური ხედვით, დოგმატებს მხოლოდ მაშინ „ვუღრმავდებით", როდესაც ვცდილობთ, ისინი გამოვიყენოთ განათლების ასამაღლებლად. სწორედ ეს არის საიდუმლოებებსა და დოგმატებში „ჩაღრმავების" მართლმადიდებლური გზა და არა მათი ინტელექტუალურ-ლოგიკური კვლევა იმ იმედით, რომ შევძლებთ მათ სიღრმისეულ წვდომას და გააზრებას. დოგმატები არ გაიაზრება, ისინი უბრალოდ უქმდება განღმრთობის ემპირიის ჟამს, რადგან მათ ნაცვლად თავად ის ცოცხალი ჭეშმარიტება წარმოგვიდგება, რომელსაც დოგმატები გადმოსცემს. დოგმატები მხოლოდ ღმერთისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელია. როდესაც ადამიანი ღმერთს იხილავს, (მისთვის) დოგმატი უქმდება".5
1) დავიწყოთ იმით, რომ ამ სწავლებას არ შეიძლება ეწოდოს „მართლმადიდებლური ხედვა", იმიტომ რომ: არც ერთი წმინდა მამა არ საუბრობს „დოგმატის გაუქმებაზე" (რა კონტექსტშიც არ უნდა იყოს ნათქვამი) - ეს დაუშვებელია.
2) დოგმატი „განათლების მდგომარეობის ასამაღლებლად" კი არა, ჭეშმარიტი სწავლების დასადასტურებლადაა საჭირო. ესაა მისი მთავარი ამოცანა. ი. რომანიდისისთვის დოგმატის აღიარება განათლების კატეგორიას არ სცდება.
3) აი, როგორც კი „განიღმრთობი, ისინი (დოგმატები) უბრალოდ უქმდება". – „ფაფუ". ე.ი. დოგმატს არავითარი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. საინტერესოა, თუ ეს ასეა, მაშინ წმ. ანტონი დიდმა (იმედია ეჭვს არ შეიტანდა მის განღმრთობაში), რატომ დატოვა უდაბნო არიოზული ერესის საჯარო მხილების მიზნით? ან წმ. გრიგოლ პალამამ (განღმრთობის უდიდესმა მასწავლებელმა) რატომ დატოვა ათონის მთა და ქალაქში ჩამოსული ჩაება დოგმატურ პაექრობაში ვარლამ კალამბრიელთან? მსგავსი სისულელეებით „განათლებულ-განღმრთობილი" თანამედროვე მოდერნისტები, როგორც ჩანს, იმიტომაც არაფრად აგდებენ კართაგენის კრების 418 წ. ანათემას - მას ხომ პირდაპირ და სწორედ „ადამის ცოდვის საკუთარ ცოდვად არმიმღები" მოდერნისტები ექვემდებარებიან. მაგრამ... სულ დაგვავიწყდა - „ისინი ხომ უკვე განღმრთობილები" არიან, ამიტომ, ვერც მსოფლიო კრების განჩინებით, ვერც ანათემით მათ ვერ შეაშინებ. - აბა რა გვეგონა ჩვენ, „გაუნათლებელ-განუღმრთობელებს"?!
4) „დოგმატები მხოლოდ ღმერთისკენ მიმავალი გზის მაჩვენებელია". ერთი გამოჩენილი ქართველი მქადაგებელი, თავის ქადაგებაში იმეორებს რომანიდისის ამ სიტყვას, რითაც უამრავი ადამიანი (თავისი „ავტორიტეტით") შეჰყავს ცდომილებაში. მაგრამ, სულ დამავიწყდა - ის ხომ განღმრთობილი ისიქასტია! - რაღა დროის დოგმატია!
წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) გვაფრთხილებდა: „ლოცვის მასწავლებლებად და მოძღვრებად ირჩევენ ისეთ მოძღვრებს, რომლებიც ამა სოფელმა წმინდანებად აღიარა და რომლებიც ან ღრმა ხიბლში, ან ღრმა უვიცობაში იმყოფებიან".6
ასე რომ, „პარიზის სკოლის" მეორე თაობის წარმომადგენელის (ი. რომანიდისი) მცდარი შეხედულებები უარყოფითად ზემოქმედებს „ბოლო თაობის პარიზელებზე". აქ სასულიერო პირთა თუ ერისკაცთა თვალში ი. რომანიდისისა და „ძმათა მისთა" ფსევდოავტორიტეტმა გადაწონა დოგმატის ავტორიტეტი.
1 Прот. М. Помазанский. Догматическое развитие.
2 დიდი სჯულის კანონი. VI მსოფლიო კრება. თბ. 2004. გვ. 150.
3 ი. რომანიდისი. პროტოპრესვიტერი. პატრისტიკული თეოლოგია. გვ. 108.
4 Арх. Кирил Костопулос. "Папство – это ересь”. М. 1996. გვ. 80.
5 ი. რომანიდისი. გვ. 237.
6 Св. Игнатий Брянчанинов. Аскетические опыты. Т. 4. О иисусовой молитве.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია