მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველა საღვთისმეტყველო თუ სხვა საჭირბოროტო საკითხები მსოფლიო კრებების მეშვეობით რეგულირდებოდა. ორთოდოქსული სწავლება ყოველთვის იყო და დარჩება კრებსითი, ხოლო მოდერნისტული - „კრებსითობას მოკლებული კერძო აზრი (თეოლოგუმენი), თუ ერესი არა".
პირველქმნილი ცოდვის, იგივე გამოსყიდვის დოგმატი მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ კიდევ წმ. კვიპრიანე კართაგენელის მოღვაწეობის პერიოდში დადგინდა. კართაგენის ამ მეტად მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ კრებაზე (258 წ.) დაადგინეს, რომ მხოლოდ დედაეკლესიაში (კათოლიკე, საყოველთაო) ჩატარებული ნათლისღება არის ჭეშმარიტი, რომ ცოდვა ადამიანს მხოლოდ ნათლისღების დროს ჩამოეწმინდება:
1. „ჩვენ ვაღიარებთ (ვადასტურებთ): „კათოლიკე ეკლესიის მიღმა ნათლისღება შეუძლებელია, ვინაიდან ის ერთი და ერთადერთია და მხოლოდ კათოლიკე ეკლესიაში აღესრულება"... „ცოდვები არ მიეტევება ერეტიკოსებს, ვინაიდან არ გააჩნიათ ეკლესია"... „თავდაპირველად აუცილებელია მღვდლის მიერ წყლის კურთხევა, რათა შეძლოს სანათლავად გამზადებულს ნათლისღებით ჩამოწმინდოს ცოდვები"... „ნათლისღებისას როგორ მიიღებს ცოდვათა მიტევებას ის, ვინც ეკლესიის მიღმაა"... „გვწამს, რომ მხოლოდ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში ვიღებთ მარადიულ ცხოვრებას და ცოდვათა მიტევებას"."1
აღნიშნული კრების განმარტებაში წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი მესამე მუხლად შენიშნავს: „ცოდვათა მიტევება კათოლიკე ეკლესიაში ნათლისღებით ენიჭებათ. მაგრამ ერეტიკოსებისა და განხეთქილების მოქმედთა ნათლისღებით რაგვარად შეიძლება ცოდვათა მიტევება?"2
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თავად წმ. კვიპრიანე კართაგენელის კომენტარი ამ კრების შესახებ, ვინაიდან ჩვილსაც, რომელსაც არანაირი პირადი ცოდვა არ ჩაუდენია, სჭირდება ნათლისღება ცოდვათა მისატევებლად. ცხადია, აქ მხოლოდ ადამის პირველქმნილი ცოდვა იგულისხმება:
„ხოლო რაც შეეხება ჩვილებს, რომელნიც, შენი თქმით, არ უნდა მოინათლონ შობიდან მეორე და მესამე დღეს, არამედ ჯერ-არს (მათი ნათლისღების) შესაბამისობაში მოყვანა წინადაცვეთის ძველ წესთან, და დაბადებული არ მოინათლის, არც იკურთხოს მერვე დღემდე, ეს გარემოება ჩვენს კრებაზე სულ სხვაგვარად წარმოისახა: არავინ არ დაეთანხმა შენს მოსაზრებას (ამ საკითხში) - პირიქით, ჩვენ ყველამ უმჯობესად მივიჩნიეთ, რომ არც ერთი ადამიანი არ მოაკლდეს ღმერთის მოწყალებასა და მადლს; თუკი თავად უფალი თავის სახარებაში ამბობს, რომ „ძე კაცისა არა მოვიდა წარწყმედად სულთა კაცთასა, არამედ ცხოვრებად" (ლუკ. 9. 56), ამისთვის, რამდენადაც ეს ჩვენზეა დამოკიდებული, არც ერთი სული არ უნდა წარწყმდეს, თუკი ეს შესაძლებელია... ამასთანავე, თუკი უდიდეს ცოდვილთაც კი, რომლებიც მანამდე ბევრს სცოდავდნენ ღმერთის წინააღმდეგ - როდესაც შემდგომში უფალს ირწმუნებენ, მიეცემათ ცოდვების მიტევება და არავის აღეკრძალება შენდობა და მადლი - მით უმეტეს, არ უნდა აღეკვეთოს ეს ჩვილს, ვისაც ეს-ესაა დაბადებულს არაფერში შეუცოდავს, არამედ ოდენ, ხორციელად წარმოიშვა რა ადამისაგან, - აღუთქვამს ძველი სიკვდილის ინფექცია თავად დაბადების მეშვეობით".3
როგორც ვხედავთ, პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლება მხოლოდ ნათლისღების მეშვეობით ხორციელდება.
2. ნეტ. ავგუსტინეს მოღვაწეობის პერიოდშიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილობრივი კრება შედგა ისევ კართაგენში, 419 წელს. მისი ავტორიტეტი დამტკიცებულია მსოფლიო კრებების მიერ და აქვს საყოველთაო-სავალდებულო მნიშვნელობა:
„ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორე შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმედას, რომ მათი ნათლისღება სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ - მოჩვენებითი, შეჩვენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის ნათქვამი - „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი. ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5. 12). (ეს უნდა გავიგოთ ასე), როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა, მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან (ადამისაგან).4
წარმოდგენილი კანონებიდან ცალსახად იკვეთება, რომ ნათლისღება სწორედ ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვის გამო უნდა აღესრულოს ჩვილებზე.
კრებების ავტორიტეტულ განმმარტებლებსაც (ზონარა XIIს., ბალსამონი XII ს., არისტინი XII ს.) მოვუსმინოთ:
„ზოგიერთნი ამბობდნენ, რომ ახალშობილი ყრმები ნათელს იღებენ არა ცოდვების მისატევებლად, რამეთუ მათ არა აქვთ ცოდვები, ვინაიდან არც კი შეუძლიათ სცოდონ, არ ფლობენ რა უნარს კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, - კრება უარყოფს ამას, და მათ, რომელნიც ასე ფიქრობენ და იტყვიან, თითქოსდა პირველმშობელთა ადამისეულ ცოდვისაგან (ადამის) შთამომავალთ არ უსესხებიათ არაფერი, რისთვისაც ბავშვებს საჭიროება ექნებოდათ საღმრთო საბანელით განწმენდისა, - (ასეთებს) ანათემა-ჰყოფს, ამბობს რა: რომ აქედან გამომდინარე იქნებოდა აზრი, თითქოსდა სახე ნათლობისა ცოდვათა მისატევებლად ასეთთა, ანუ - ახალშობილ ბავშვთა, მიმართ, - არაჭეშმარიტია; შემდგომ (კრება) ამტკიცებს თავის სიტყვას, მოაქვს რა გამონათქვამი დიდი პავლესი: „ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძალით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12), - თუ არა ისე, როგორც ესმის (ეს) მსოფლიო კრებას, ყველგან განფენილს და გავრცელებულს, ე.ი. - მორწმუნე ერს, განთესულს მთელ მსოფლიოში".5
არისტინი (XII ს.):
„ვინც ამბობს, რომ ახალშობილნი და მოსანათლავნი არ სესხულობენ არაფერს ადამის ცოდვისაგან, რასაც სჭირდება ნათლისღებით განწმენდა, - შეჩვენებას ექვემდებარებიან; რამეთუ ერთის მიერ სიკვდილი და ცოდვა საყოველთაო შეიქნა".6
უნდა აღინიშნოს, რომ ეფესოს III მსოფლიო კრებამ ხოტბა შეასხა კართაგენის კრებას (419 წ.) (მე-4 და მე-5 სხდომებზე პაპი კალესტინესადმი ეპისტოლეში). იმპერატორმა იულიანემ კი კონსტანტინოპოლის მეორე კრების განსაზღვრებაში ნეტ. ავგუსტინეს „წმინდა ეკლესიის ერთ-ერთი წმინდა მამა და მასწავლებელი უწოდა, რომელსაც ჩვენ ყველანი მივყვებით", ვიღებთ რა ყოველივეს, რაც მათ მიერ დაწერილია და აღიარებული მართალი სარწმუნოების შესახებ ერეტიკოსების ბრალდებისათვის".7
აქვე უნდა ითქვას: თავის უცდომელ სწავლებას დედაეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი საკელესიო კრებების მეშვეობით, რომლებსაც VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შედეგად მიენიჭათ მსოფლიო, საყოველთაო მნიშვნელობა. კართაგენის აღნიშნული კრებები სწორედ რომ ამ კატეგორიისაა.
კართაგენის 418 წ. კრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეფასებას ვპოულობთ წმ. პატრიარქ ფოტის განმარტებაში:
„აღნიშნული კრება (კართაგენის 418 წ.) ანათემას გადასცემს მოსაუბრეთ, რომ ადამი მოკვდავად იყო შექმნილი, და რომ ეს სასჯელი არ ერგუნა დანაშაულის გამო; მსგავსადვე კრება ანათემას გადასცემს მეტყველთ, რომ ახალშობილებს არ ესაჭიროებათ ნათლისღება, რადგან არ გადაეცემათ წინაპრების, ადამიდან წარმოშობილი ცოდვა; აგრეთვე კრება ანათემას გადასცემს მათ, რომლებიც ამბობს, რომ არსებობს რაღაც საშუალო ადგილი სატანჯველსა და სამოთხეს შორის, სადაც მოძრაობენ უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები, რათა იცხოვრონ იქ ნეტარებით. კრება ასევე ანათემას გადასცემს პელაგიანელებისა და ცელისტინელებისთვის მნიშვნელოვან ექვს დანარჩენ მუხლსაც".8
ამრიგად, წმ. პატრიარქი ფოტი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს:
1) ანათემირებულია ადამის ცოდვის მემკვიდრეობის უარმყოფელნი.
2) ამ მიზეზით სავალდებულოა ჩვილების ნათლობაც, ამის უგულებელმყოფელთაც - ანათემა!
3) ანათემა მათ, ვინც აღიარებს უნათლავად გარდაცვლილი ჩვილებისა და მოღვაწეებისთვის „საშუალო ადგილის" არსებობას. ეს სამი სხდავასხვა ანათემაა.
როგორც ვხედავთ, კართაგენის 418 წ. კრების ავტორიტეტი ეკლესიის მთელი სისავსის მიერ არის აღიარებული, გარდა პელაგიანებისა და ნეოპელაგიანებისა (ე.ი. ძველი - „პარიზელი" და ახალი - ჩვენი ეპოქის მოდერნისტების). ვფიქრობთ, ეს ის ჟამია, რომ ჩვენმა ოპონენტებმაც დაინახონ ამ ანათემაში საფრთხე და დროულად (აღიარებით) შეინანონ საკუთარი ცდომილებები. ვინ იცის, უცაბედად, ზოგიერთების „კერძო აზრები" (თეოლოგუმენი) არ გადაკვალიფიცირდეს ერესად. ჩვენ გისურვეთ, ნება კი თქვენია.
1Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 3. Правила поместных соборов. О соборе, состоявшемся в Карфагене. При свм. Киприане.
2იქვე. Пидалион.
3Антология. Отцы и учители церкви III века. Т. II. СПБ. 1996. С. 359.
4სჯულის კანონი. კართაგენის კრება (110-ე კანონი).
5Правила Св. поместных соборов с толкованиями. Т. II. C. 265.
6იქვე. С. 266.
7ციტ. Арх. Плакида (Дедей) Блаженной Августин и филиок. Константинопольские соборы.
8„Библиотека" Патриарха Фопия / Смирнов. Д. Предисловие переводчика. Постановления Карфагенского собора 418. www.virtusetgloria.org.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია