სხვადასხვა მართლმადიდებლურ გამოცემებსა და ელექტრონულ ფეისბუქ-კომენტარებში მოისმენთ არა ერთ არამართლმადიდებლურ სწავლებას ადამის ცოდვის შესახებ. თავდასხმები ადამის ცოდვის არსის მართებულ (ავგუსტინესეულ) განმმარტებლებზე ნათელს ჰფენს მაკრიტიკებელთა არაკომპეტენტურობას ნეტარი ავგუსტინეს ორთოდოქსული სწავლება ამ საკითხის შესახებ, დასასტურებულს კართაგენის 418 წ. ავტორიტეტული კრებისა და შემდეგი მსოფლიო კრებების მიერ. მოდერნისტი ავტორებისთვის, ნეტ. ავგუსტინეს სწავლება „პრიმიტიული ავგუსტიანელობაა", რომელიც, თურმე, მართლმადიდებელ ეკლესიას გაზიარებული არ ჰქონია. მეტიც: ის თურმე "კათოლიკურ-პროტესტანტული სამყაროს ფილოსოფიური სისტემაა". წმინდანის ამგვარად შეურაცხმყოფი ადამიანები ჩვენ გვაბრალებენ წმინდა მამათა შეურაცხყოფას (ამ დროს თავად საერთოდ არ გაეგებათ მათეულ სწავლებათა ნამდვილი არსი). მაგალითად: ჩვენ ადრინდელ ნაშრომებში აღვნიშნეთ ქრისტიანული სწავლების ეტაპობრივი სრულყოფა წმ. მაქსიმე აღმსარებელის ღვთისმეტყველებაში. მკვლევარ ბენევიჩის განმარტებით „Суть учение о единении во Христе человеческой воли с Божией, общая для христологии Максима и его теории обожения, не исчезла из его богословия, но нашла новое выражение в утверждении об отсуствии во Христе „гноми". სწორედ ამას ვადასტურებთ ჩვენს ნაშრომებშიც, რომ წმ. მაქსიმემ დახვეწა, სრულყო თავისი სწავლება, რადგან მკაფიოდ დაადასტურა ქრისტეში „გნომური ნების" არარსებობა. ამის შემდეგ მის ღვთისმეტყველებაში ქრება აქცენტი ტერმინზე „მონო" და წმიდა მამის ქრისტიანული სწავლება შეუვალი დიოფიზიტობის გამოვლინებად რჩება თაობებს. სწორედ ამიტომ იწოდება ის აღმსარებელად. ამის დადასტურებას კი ჩვენ წმინდანის შეურაცხყოფად გვითვლიან.
ნეტარ ავგუსტინეზე მოდერნისტების თავდასხმა არახალია თანამედროვე ღვთისმეტყველებაში (რომანიდისი, ვლახოსი), მაგრამ ქართულ საღვთისმეტყველო სივრცეშიც დაიწყეს მსგავსი რამ. მსოფლიო კრებათა მიერ ნეტარის წმინდანობის დადასტურების მიუხედავად, ურცხვად მკრეხელობენ, ლამობენ საერთოდ ამოშალონ ის წმინდანების სიიდან.
„გნომიკური ნების" საკითხის დამახინჯებულ გააზრებას ლოგიკურად მოჰყვება ცოდვისა და გამოსყიდვის დოგმატის დამახინჯების მცდელობები, კერძოდ: ადამის ცოდვის ორ ნაწილად დაყოფა, ადამისა და ევას პირადი ცოდვის გამიჯვნა პირველქმნილი ცოდვის შედეგებისაგან. მოდერნისტებს ეს საიმისოდ სჭირდებათ, რომ აჩვენონ მეორის (ცოდვის შედეგების) გადაცემა ადამის მთელ შთამომავლობაზე და შეუძლებლობა პირველის გადაცემისა, რაკი ეს პირველი ადამის ნების პერსონალურ ცოდვადაა მათ მიერ სახელდებული.
აქაც წმ. მაქსიმე აღმსარებელის სწავლების მრუდე განმარტებას ვაწყდებით. წმ. მამა ნამდვილად ასწავლის, რომ „ღვთაებრივი მცნების დარღვევის შედეგად ორი ცოდვა გაჩნდა ჩვენს წინაპარში". „პირველი - ეს ადამის პირადი ცოდვაა; მეორე - „ბუნების ცვალებადობა უხრწნელობიდან ხრწნილებაში" („изложение естества из нетление в тление..."). ამასთან მნიშვნელოვანია, რომ პირველმა ცოდვამ დაბადა მეორე: ბუნების ხრწნადობა გახლავთ პირდაპირი და აუცილებელი შედეგი ნებელობის ხრწნისა. ბუნებით ხრწნა გახლავთ „უყვედრელი" ცოდვა, მაშინ როდესაც ნებელობის ხრწნა არის ცოდვა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ის იმსახურებს ყვედრებას, ვინაიდან არის გადახრა ღვთისაგან".1
უთუოდ ხაზგასასმელია არსებითი განსხვავება წმინდა მამის მსჯელობასა და თანამედროვე, ახალ ღვთისმეტყველთა მოსაზრებებს შორის. წმ. მაქსიმე „პირველქმნილი ცოდვისა" და „ბუნების დაზიანების" დიფერენციაციას ორთოდოქსული ქრისტოლოგიის მიზნით ახდენს, ახალ ეგზეგეტებს კი ის ქრისტოლოგიიდან ანთროპოლოგიაში გადააქვთ, თითქოს ეს ერთი და იგივე იყოს.
წმ. მაქსიმე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ „პირველმა ცოდვამ დაბადა მეორე". ამის გარკვევის მიზნით კი, როგორი კაცობრივი ბუნება (დაცემული თუ დაუცემელი) მიიღო ძე ღვთისამ თავისი განკაცებით, მას სჭირდება ამ დაყოფის დაფიქსირება. ვინაიდან ქრისტეს განკაცება ზებუნებრივად მოხდა, ამდენად შობით გადამცემი ადამის პირველქმნილი ცოდვა მას არ მიუღია. ამიტომ ძე ღვთისამ ნებაყოფლობით მიიღო მხოლოდ უყვედრელი ვნებები. ქრისტე ვერ გახდებოდა „ძველი" (დაცემული) ადამის შთამომავალი, ვინაიდან თავად უნდა გამხდარიყო ახალი კაცობრიობის საწყისი, ქცეულიყო „ახალ ადამად", ვით ბრძანებს პავლე მოციქული: „რამეთუ ქრისტე იესოს მიერ... ახალი დაბადებული" (გალ. 6.15). აღნიშნული ქრისტოლოგიური პრინციპის ანთროპოლოგიის სფეროში გადმოტანა იწვევს მცდარ დასკვნებს პირველქმნილი ცოდვის დოგმატის გააზრებისას.
ქრისტესაგან განსხვავებით, ადამის ყველა შთამომავალი, მემკვიდრეობით ერთი ბუნებით დაკავშირებულნი, იღებენ პირველქმნილი ცოდვის ორივე შემადგენელს: როგორც ნების ხრწნას, ისე სხეულის ხრწნასაც, ე.ი. არა მხოლოდ სიკვდილს, შედეგს ცოდვისა, არამედ თავად პირველქმნილ ცოდვას. თუკი გადაეცემა შედეგი (სასჯელი პირველი ცოდვის გამო), ეს ნიშნავს, რომ გადაეცემა მიზეზიც (მისი ბრალეულობაც). ერთი სიტყვით, გადაეცემა თავად ძველი ბუნების ცოდვილობა, რაც ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, თუკი არ განიწმინდება გამომსყიდველი მსხვერპლით, ნათლისღებით. ყოველივე ეს, პირველქმნილ ცოდვაში მთელი კაცობრიობის ბრალეულობა ქრისტიანობის საფუძველია, მაგრამ უგულებელყოფილი მოდერნისტი ღვთისმეტყველების მიერ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: მოდერნისტები ცდილობენ გააიგივონ განსხვავება ძველსა და ახალ კაცობრივ ბუნებას შორის. რაკი არ მიიღო ძველი (ცოდვისმიერი) ბუნება, მაცხოვარი გახდა არა უბრალოდ პირველი ადამის განმეორება, არამედ მოგვევლინა არსებითად ახალ ადამად. პავლე მოციქულის სიტყვით: „პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისა, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით, ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისა, ეგრეცა ზეცისაგანნი იგი. და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისა, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისა. ხოლო ამას ვიტყვ, ძმანო, რამეთუ ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისა დამკვიდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაი დაიმკვიდროს" (1 კორ. 15. 47-50).
ამრიგად, განსხვავება პირველქმნილსა და ახალ ადამს შორის მადლის საზომში მდგომარეობს, ან მეორის - ძე ღვთისას ბუნებით სრულ განღმრთობაში. ამიტომ, პირველისაგან განსხვავებით, მეორე ადამი არ შეიძლება დაეცეს, მასში არ შეიძლება არსებობდეს გნომიკური ნება, როგორც ეს ძველ ადამში გამოვლინდა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი შენიშნავს: „ვინაიდან პირველმა ადამიანმა, მიიღო რა ყოფიერება ღვთისაგან და იშვა რა მისგან, შობისას იყო თავისუფალი ხრწნილებისა და ცოდვისაგან, ვინაიდან ისინი (ხრწნა და ცოდვა) არ იყო მასთან შექმნილი. მაგრამ როდესაც შესცოდა მცნების დარღვევით, შედეგად დაისაჯა ვნებასა და ცოდვაში შობით".2
აქ მკაფიოდ ჩანს, რომ წმ. მაქსიმე საუბრობს ადამზე და მის შთამომავალზე, ვით ერთ მთლიანობაზე, იმიტომ რომ, „ცოდვით გამოწვეული შობა" ან „მცნების დარღვევა" პირველ ადამიანს შეეძლო მხოლოდ თავის შთამომავლობაში. ამიტომ ყველა ადამიანზე, რომელიც იშვება დაცემული ადამისაგან, მასთან ბუნებითი ერთობის გამო გადმოდის სწორედ თავად ბრალი პირველი ადამიანის ცოდვისა, რაც ცოდვილად ჰყოფს ამ ბუნების მატარებელ ყველა ადამიანს.
შემდეგ წმ. მაქსიმე განაგრძობს: „ამრიგად, ადამის დანაშაულის მეშვეობით კაცობრივ ბუნებაში შემოვიდა ცოდვა, ხოლო ცოდვის შედეგად - ვნებებით შობა (страстность по рождению). ვინაიდან ამ ვნებით შობასთან ერთად იფურჩქნებოდა (процветало) ცოდვის შედეგი - პირველი დანაშაულიც, შედეგად, კაცობრივ ბუნებას თავისი ნებით განუყრელად შეკრულს ბოროტი მარწუხებით (лукавыми узами), არ ჰქონდა ცხონების იმედი".3
მაგრამ მაცხოვარი ვერ იქნებოდა თანამონაწილე ამ დანაშაულისა. შედეგად, მას არც მიუღია პირველქმნილი ცოდვა, არამედ ნებაყოფლობით მიიღო მხოლოდ უყვედრელი ვნებები, იმიტომ რომ, ვიმეორებთ: ყველა დანარჩენისთვის ის განუყოფელი იყო პირველი ადამის ცოდვისაგან. ე.ი. „უყვედრელი ვნება" დასაშვებია მხოლოდ ქრისტესთან მიმართებაში, დანარჩენი კაცობრიობისთვის ის (პირველქმნილი ცოდვა), შთამომავლობითი ცოდვაა და არა „უყვედრელი", მარტოოდენ ცოდვის შედეგი, არამედ თავად ადამის ბრალეულობაა ცოდვაში. ამრიგად, ამ „უყვერდელობის" ქრისტოლოგიიდან ანთროპოლოგიაში გადმოტანა, როგორც ამას „ახალი ღვთისმეტყველები" აკეთებენ, პატრისტიკის უხეში დამახინჯებაა.
პავლე მოციქული ერთმნიშვნელოვნად დასძენს: „ამისთვის, ვითარცა-იგი ერთი მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12).
მსგავსი შინაარსისაა „არავინ არს მართალ არცაღა ერთ" (რომ. 3. 10) და კვლავ: მსგავსი შინაარსი (რომ. 7. 21-23). ზემოთქმული ადასტურებს, რომ არა მხოლოდ შედეგი, არამედ თავად ადამის ცოდვა მოჰყვება მას ყველა შთამომავალს.
შევნიშნავთ: არაკორექტული გადატანა ქრისტოლოგიიდან ანთროპოლოგიაზე, ჰუმანიზმის, კლასიკური პელაგიანიზმისთვის და თანამედროვე მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი მცდარი დასკვნა გახლავთ, რაც კრებსით დონეზე მხილებულ იქნა (სწორედ ნეტ. ავგუსტინეს ძალისხმევით) კართაგენის 418 წლის ავტორიტეტულ კრებაზე. ამის (და არა დასავლური სისტემების ჩამოყალიბების) გამო, სძულთ მოდერნისტებს ნეტ. ავგუსტინე. ქართულ საღვთისმეტყველო სივრცეშიც გამოჩნდნენ „პრიმიტიული ავგუსტინელობის" კრიტიკოსები. არადა, მოსაფრთხილებელ-დასაფასებელია წმ. მაქსიმეს სწავლებანი, რომელიც არსობრივად იდენტურია ნეტ. ავგუსტინეს ღვთისმეტყველებისა.
1 Maximus Confessor. Quaestiones ad Thalassium XL//2// CCSG 7 p. 178-285. Рус. Пер: Максим Исповедник. Прп. Вопросоответы к Фалассию. С. 178.
2 Прп. Максим Исповедник. Вопросы к Фалассию. 21. Кн. 2. Часть 1. Вопросы. I-LV.M.
3 Вопросы к Фалассию. 21.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია