ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია უცდომელია. ის არის სხეული ქრისტესი. "და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიათა" (ეფ. 1. 22). ეკლესიის უცდომელობის დასაბამი სულიწმიდაა: "ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა" (იონ. 16. 13). პროფესორი კარმირისი წერს: ეკლესიის უცდომელობა არის ძირითადი შემადგენელი ელემენტი კათოლიკე სარწმუნოებისა. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია მყარად იცავს იმ სწავლების საფუძვლებს, რომ ეკლესია ფლობს ჭეშმარიტებას და ამის შედეგად უცდომელად ასწავლის ყოველივეს ადამიანთა ხსნისათვის. ეკლესია არ შეიძლება შეცდეს ან ჩავარდეს ერესში, ვინაიდან მისი თავი თვით ღმერთკაცია - იესო ქრისტე.
უცდომელმა ეკლესიამ საღმრთო გამოცხადების ჭეშმარიტება დღემდე სრულად და უცვლელად შეგვინარჩუნა.
თავის უცდომელ სწავლებას ეკლესია მსოფლიო და იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით გამოხატავს, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭათ VI და VII კრებების დადგენილებებზე დაყრდნობით.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის საფუძველზე აღიარებს მსოფლიო კრებების უცდომელობას. მათ გადაწყვეტილებას ემორჩილება ყველა ადგილობრივი ეკლესია, პატრიარქები და ეპისკოპოსები, ვინაიდან თავად მოციქულებიც, პეტრეს ჩათვლით, ემორჩილებოდნენ მოციქულთა კრების გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ არ არსებობს ინდივიდუალური (კერძო) უცდომელობა.
პირველი საუკუნიდანვე ჩვენი წმინდა ეკლესია ხელმძღვანელობს კრებითი პრინციპით და ამ გზით აგვარებს თავის დოგმატურ თუ ადმინისტრაციულ საკითხებს. "ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა" (საქმე 15, 28), - გვაუწყებს იერუსალიმის მოციქულთა კრება და ეს სიტყვები თითქოს "წმინდა ეტალონად" იქცა მომდევნო მსოფლიო კრებებისთვის.
მსოფლიო კრებების დადგენილებები მიიღება არა მონარქიული ან დემოკრატიული კენჭისყრის შედეგად, არამედ ეკლესიის თანხმობით, ანუ მთელი ეკლესიის სწავლების შესაბამისად.
ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ეკლესიის კრებითობით ვლინდება ჭეშმარიტება: უცდომელობა - მთელი ეკლესიის კუთვნილებაა, რომელიც მსოფლიო კრებების მეშვეობით განისაზღვრა.
როგორ გამოხატავს ეკლესია უცდომელობას?
ა) დოგმატების მეშვეობით.
ეკლესია, ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, თავის უცდომელობას დოგმატური სწავლების მეშვეობით გამოხატავს. ამ სწავლებას საფუძვლად წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა უდევს და მთელი ეკლესიის კრებითი აზრი მასშია ჩაქსოვილი. დოგმატები (ოროსები) გამოხატავენ მაცხოვრის, მისი მოწაფეებისა და მოციქულების მიერ განცხადებულ ჭეშმარიტებას. საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ: "ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღვრებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალიმს შინა." (საქმე 16. 4).
ჩვენი სარწმუნოების კანონ-განსაზღვრებები დოგმატების მეშვეობით გამოიხატება, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება. ტრულის კრების I კანონი ამბობს: "ხოლო ვინც კი პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეიტკბობს და არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს".1 დოგმატები არ არის ზოგადი სწავლება, არამედ უდავო და უცდომელი ეკლესიის ჭეშმარიტებაა, რომელიც გამოიხატება მისი (დოგმატების) მეშვეობით. ამრიგად, ჩვენ არ გვაქვს უფლება დოგმატები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ან მნიშვნელოვან და უმნიშვნელო კატეგორიებად დავყოთ. თუ ჩვენ მსგავსი რამის გაკეთებას შეუდგებით, მალე მივალთ თვით საღვთო გამოცხადების ჭეშმარიტების უარყოფამდე, მაშასადამე, ერესამდე.
ჩვენი წმიდა ეკლესიის ყველა დოგმატი უნდა იყოს აღიარებული მორწმუნეთა მიერ. დოგმატური სწავლება გახლავთ ის, რასაც ასწავლიდნენ მორწმუნე ერს უფლის წმინდა მოციქულები და რისიც ირწმუნა წმიდა ეკლესიამ და დღესაც სწამს.
წმინდა ირინეოს ლიონელი ამბობს ამის შესახებ: "დოგმატები - განცხადებაა ყოველივე იმისა, რაც უფლის მიერ გადმოგვეცა წმ. წერილში". ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ რაიმე მივუმატოთ ან გამოვაკლოთ ეკლესიის დოგმატურ განსაზღვრებებს. პავლე მოციქული მკაცრი ტონით მოძღვრავდა გალატელებს: "დაღათუ ჩვენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეთ თქუენ გარეშე მისსა, რომელი - იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალ. 1. 8).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მართლმადიდებელი კათოლიკე (მსოფლიო) ეკლესია ღვთაებრივ გამოცხადებას დოგმატების მეშვეობით გამოხატავს.
ამიტომ, როდესაც ჩნდება რომელიმე ერესი, ეკლესია მას უპირისპირებს თავის დოგმატურ განსაზღვრებებს, რომლებიც თავდაპირველი სახელწოდების თანახმად ოროსებად (ბერძ. ტერმ.), ანუ საზღვრებად იწოდება. და ეს გასაგებია, ვინაიდან მან (ეკლესიამ) უნდა დაიცვას ჭეშმარიტების საზღვარი.
ამრიგად, დოგმატი - ეკლესიური ჭეშმარიტების განმსაზღვრელია, აგრეთვე ჭეშმარიტების სამყაროსთან შეხების სივრცეა, ადგილია.
ბ) კრებების მეშვეობით.
დოგმატური სწავლების გარდა წმინდა ეკლესია თავის უცდომელობას მსოფლიო კრებების მეშვეობით გამოხატავს. ისინი განსაზღვრავენ და გადმოგვცემენ ეკლესიის უცდომელ სწავლებას. მხოლოდ მსოფლიო კრება, სულიწმიდის მადლის ხელმძღვანელობით, ფლობს უცდომელობას, რომელიც დოგმატებისა და წმინდა კანონთა შედგენაში გამოიხატება.
მსოფლიო კრებების გარდა უცდომელია ადგილობრივი კრებები და ასევე ეკლესიის ცალკეული მამების მიერ შედგენილი კანონები, რომლებსაც მსოფლიო ავტორიტეტი მიენიჭათ და მოხსენებულია VI მსოფლიო კრების მე-2 კანონში.
წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყველა დოგმატურ და ადმინისტრაციულ პრობლემას კრების მოწვევით წყვეტს. ასე ხდებოდა ეკლესიის დაარსების დღიდან. რა თქმა უნდა, დღეს კრებები განსხვავებულ პირობებში, ეპოქასა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში მოქმედებენ, მაგრამ ეკლესიის საიდუმლო რეალობა უცვლელი რჩება. ეკლესიის წყობა იყო და არის კრებითი. ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი არ აყენებს თავს მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა.
ამიტომ ვამბობთ მართლმადიდებლები, რომ მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია. ის ზუსტად განსაზღვრავს წმინდა წერილისა და ეკლესიის სწავლებას. მსოფლიო კრების გადაწყვეტილება ღვთის ხმადაა მიჩნეული. წმინდა ათანასე დიდი აფრიკელი ეპისკოპოსებისადმი მიმართულ ეპისტოლეში ამბობს: "ღვთის მოწმობა, განსაზღვრული მსოფლიო კრებების მიერ ნიკეაში, უკუნისამდე ჰგიეს".
როდესაც ვამბობთ, რომ მსოფლიო კრება არის წმინდა წერილისა და ეკლესიის სწავლების განმსაზღვრელი, მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს სწავლება წმინდა მამათა ერთსულოვან (Consensus Patrum) გადაწყვეტილებაზეა დამყარებული. ასე რომ, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია მაშინ, როდესაც კრების გადაწყვეტილება ეკლესიის სისავსის სწავლებას (Consensus Ecclesiae) წარმოადგენს. აქ დროულია მაცხოვრის სიტყვების მოშველიება: "რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათ. 18. 20). წმინდა კირილე ალექსანდრიელი პირველი ორი მსოფლიო კრების შესახებ წერს: "მამები არა თავისით მეტყველებენ, არამედ თვით სული ღვთისა და მამისა მეტყველებდა მათი მეშვეობით". ასეთი იყო მსოფლიო კრებების მონაწილე წმიდა მამათა აზროვნება. მათ მყარად სწამდათ მოციქულთა კრების სიტყვებისა - "ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა და ჩვენცა". წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი, თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, პირველი მსოფლიო კრების მამების შესახებ წერს: "მამებმა ყოველივე ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრეს, სულიწმიდის შთაგონებით". ვისაც ეეჭვება, რომ წმიდა მამები მსოფლიო კრებებზე სულიწმიდის შთაგონებით იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მკრეხელობენ სულიწმიდის წინააღმდეგ.
დავასკვნით, რომ მსოფლიო კრება შედგება ეპისკოპოსებისაგან, რომლებიც მოციქულთა მემკვიდრენი არიან. ისინი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სულიწმიდის შთაგონებით, მსოფლიო კრებეზე გამოხატავენ ეკლესიის უცდომელ სწავლებას. არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს ეს ჭეშმარიტება. ასეთი ადამიანი ერესში ვარდება.
მსოფლიო კრება ყოვლადწმიდა სულის იარაღია. ის - უდავო ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება, რომელიც ცხონებასა და თავისუფლებას გვანიჭებს.