ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ სხვადასხვა იდეოლოგიებს და მათ ნეგატიურ ზეგავლენას მართლმადიდებლობაზე. ასევე მართლმადიდებლურ მოდერნიზმს მივიჩნევთ დამღუპველ იდეოლოგიად, თუმცა იდეოლოგიურად მოაზროვნე საზოგადოებისთვის, რომელშიც სარწმუნოებრივი თვალთახედვა თითქმის გაქრა, ეს აზრი გაუგებარია და განმარტებას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენ შევეცდებით განვმარტოთ იდეოლოგიის არსი, მისი მიზნები, ანტიქრისტიანული მოქმედებები და გამოვლინებანი.
იდეოლოგია, კლასიკური განმარტებით არის იდეების, შეხედულებების ერთობლიობა, რომელიც ადამიანების გარკვეულ ჯგუფში და სახელმწიფოებში მიღებულ ნორმად, სახელმძღვანელო იდეებად არის აღიარებული. უპირატესად იგი სხვადასხვა პოლიტიკური თეორიების, ფილოსოფიური ნააზრევის ერთობლიობას წარმოადგენს.
მართლმადიდებლური თვალთახედვით: იდეოლოგია - ახალი დროების მასობრივი გნოსტიკური მოძრაობების პოლიტიკური თეოლოგიაა. იგი ადამიანის არსებობის ძირეულ საკითხებში გამოვლენილ ურწმუნოებას და უვიცობას წარმოადგენს. მოკლედ, იდეოლოგია -იდეების და მოსაზრებების კრებულია, რომელიც მიმართულია ქრისტიანობის წინააღმდეგ.
ეს ტერმინი პირველად გამოყენებულ იქნა ნაპოლიონის დროს იმ პირთა მიმართებით, რომლებმაც უარყვეს მეტაფიზიკური (სულიერი) დამოკიდებულება და შეეცადნენ აეგოთ საზოგადოებრივი მეცნიერება ანტროპოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე და ამ გზით ემართათ მასები. ფაქტობრივად, იდეოლოგია შემოიჭრა როგორც საერო რელიგია, თავისი საერო მისტიკით, რომლის მიზანი სარწმუნოების სრული ჩანაცვლება გახდა.
იდეოლოგიების ძირითადი მახასიათებელი გახლავთ საერთო „მტერთან" ბრძოლა და მისი განადგურება. მაგალითად: ლიბერალიზმმა - „თავისუფლებისთვის" ბრძოლა დაიწყო და ძირითად მიზნად ინდივიდის ძველი სტერეოტიპებისაგან (წესრიგისაგან) განთავისუფლება განიზრახა; მარქსიზმმა - ბრძოლა მშრომელთა მჩაგვრელებს (კაპიტალს) გამოუცხადა და სოციალური პირობების გაუმჯობესება დაისახა მიზნად; ფაშიზმმა - დაღმასვლის ფაზაში მყოფი ევროპული ცივილიზაციის აღორძინება განიზრახა, რომელიც თავს მიიჩნევდა საერთაშორისო კომუნიზმის (მარქსიზმის) საპირწონე პოლიტიკურ ძალად და მის განადგურებას შეუდგა ნაციონალ-სოციალიზმის იდეების თანხლებით.
ახალი დროების ნებისმიერ იდეოლოგიას, მათ შორის დღეს გაბატონებულ ლიბერალიზმს, არ ახასიათებს მთავარი - ღვთის რწმენა. ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ოჯახს ოჯახად და სახელმწიფოს სახელმწიფოდ. იდეოლოგიები შექმნილია, რათა ადამიანმა დაივიწყოს ღმერთი. ამ თვალსაზრისით ის აბსოლუტური ბოროტება და ღვთის წინააღმდეგ ჯანყია, რადგან ის გამორიცხავს ადამიანის არსებობის ძირითად საზრისს.
ხელოვნური სიბრმავე ამა თუ იმ საკითხში და ამ სიბრმავის შენარჩუნება, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვისთვის, იდეოლოგიის მთავარი ნიშანია. იდეოლოგია ყოველთვის ნიღბავს თავის რეალურ სახეს. „დიადი" მიზნების მიღმა იმალება მათი რეალური მზაკვრული სახე. იგივე ლიბერალიზმი , რომელიც თავის საწყის ეტაპზე პოზირებდა „ლოიალურობას", საბოლოოდ რეალური სახე გამოაჩინა და დღეს დაუფარავად ებრძვის ღმერთს, ანადგურებს ადამიანის ბუნებას და თავდაყირა აყენებს ღვთაებრივ წესრიგს.
იდეოლოგია შეუძლებელია არსებობდეს იდეოლოგების (ინდივიდების) გარეშე, იდეოლოგები კი შეუძლებელია არსებობდნენ მასების გარეშე. იდეოლოგია ახალი ადაიანის შექმნას ემსახურება, ამიტომ აქტივისტი იდეოლოგი უკვე თავად არის ეს ახალი ადამიანი და მისი ძირითადი ფუნქცია მთელი საზოგადოების ახალ ადამიანად გადაქცევაა.
ახალი ადამიანის შექმნა - ქრისტიანობის პაროდიაა, ოღონდ საპირისპირო გაგებით. ნაცვლად განმღრთობისა - ამიწიერებს მას. ეს ამოცანა რთულად შესასრულებელია, რადგან მხოლოდ პროპაგანდა ადამიანის გადაგვარებისთვის საკმარისი არაა. აქ რევოლუციაა საჭირო. ეს რევოლუცია კი, ისახავს რა მიზნად ადამიანის ბუნების შეცვლას, პერმანენტულ სახეს ღებულობს, რომლის დასასრული არ ჩანს.
იდეოლოგიის დამახასიათებელი თეატრის თეოლოგიაა, წარმართული კულტის შემოყვანა და მისი მას-კულტურად ქცევა. აქ მთავარი მოთამაშე გართობაა. შეუძლებელია მოიფიქრო უფრო უკეთესი იარაღი რეალობის დასავიწყებლად, ვიდრე გართობაა. აქ ადამიანი ფაქტობრივად საკუთარ თავს ეთაყვანება. სპორტსმენში და მსახიობში ის საკუთარ თავს ხედავს, მათ განცდებში და როლებში შედის. აქ ადამიანი რეალობის განცდას კარგავს. ახლა ის ხან ოლიმპიური ჩემპიონია და ხანაც ძლევამოსილი განგსტერი. ადამიანი ფაქტობრივად სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს და ამ მდგომარეობით მიღებული ხიბლისმიერი განცდით ტკბება. სინამდვილეში, ადამიანი საკუთარი ილუზიით შექმნილ ინდივიდს ეთაყვანება.
იდეოლოგია ქრისტიანული რწმენის ნაცვლად იდეოლოგიისადმი ერთგულებას მოითხოვს,ის ბრძანებლობს, რათა წარმავალი მარადიულად მიიჩნიო, ცვალებადი როგორც უცვლელი, ხოლო ამქვეყნიური როგორც არა ამქვეყნიური.
ახლა დავუბრუნდეთ მართლმადიდებლურ მოდერნიზმს და ცხადი გახდება, თუ რატომ მივიჩნევთ მას იდეოლოგიად. ჩვენს მიერ აღწერილი იდეოლოგიის მიზნები, საშუალებები, მეთოდები და გამოვლინებები თითქმის სრულიად ვლინდება მართლმადიდებლურ მოდერნიზმში.
ჩვენ ვთქვით, რომ იდეოლოგია -იდეების და მოსაზრებების კრებულია, რომელიც მიმართულია ქრისტიანობის წინააღმდეგ. მართლმადიდებლური მოდერნიზმიც არაქრისტიანული იდეების და მოსაზრებების კრებულია, რომელიც მიმართულია ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ.
მასაც ყავს ძირითადი „მტერი", რომელსაც დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია, მისი უცდომელი სწავლება, დოგმატები, მსოფლიო კრებები, წმინდა მამათა შეუდრეკელი აღმსარებლური მაგალითი. მართლმადიდებელი მოდერნისტი მოძალადეა, რადგან ცბიერებით მიღებულ ძალაუფლებას ეკლესიაში, ჭეშმარიტ მორწმუნეთა დისკრედიტაციისთვის იყენებს.
აი, რის განადგურებას ცდილობს მოდერნიზმი. მას საშუალებები და მიდგომაც იდენტური აქვს: ეკლესიაში თეტრალური წარმოდგენები, გართობა და მისი პატრიოტიზმად და რელიგიურობად წარმოჩინება, მუდმივი რეფორმები და მინი რევოლუციები , საერო პროპაგანდა ქადაგების ნაცვლად.ეკლესიური მოდერნისტის სული - რევოლუციის და ჯანყის სულია.
მოდერნისტებმა თავისი იდეოლოგიური, გამიწიერებული სამყარო ჩამოაყალიბეს ეკლესიაში. მათ „ახალი მორწმუნეები" და „ახალი სარწმუნოება" შექმნეს, რომელთაც ეკლესიის სწავლებასთან არაფერი კავშირი არა აქვთ. ისინი თავიანთი წარმოდგენით უკვე „ცხონდნენ", რადგან მოდერნისტი თვითგადარჩენის რელიგიის აღმსარებელია.
მათ უარყვეს ქრისტე და ირწმუნეს „ღმერთი" და ეს „ღმერთი" - საკუთარი თავია.
დავით ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია