მართლმადიდებელ ეკლესიას წმ. მამებისა და წმ. კრებების საღვთისმეტყველო სწავლების სახით მტკიცე განსაზღვრებათა ტრადიცია გააჩნია. წმინდა წერილის სახით კი მას კიდევ ერთი უტყუარი განსაზღვრების წყარო აქვს, რომელშიც ეკლესიის დოგმატური ცნობიერება არის დაცული. მასში განცხადებული ჭეშმარიტების სახით გვესმის პასუხი ღვთისა მოსე წინასწარმეტყველის შეკითხვაზე:
„უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ, კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ, მგზავნის თქვენთან" (გამოსვლ. 3. 13-14).
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის სახით ადასტურებს ჭეშმარიტი ღმერთის, მისი ჭეშმარიტი სწავლების არსებობას.
ახალ დროებაში „ახალი მამებისა" და „ახალი ღვთისმეტყველების" მიერ რატომღაც ეს ორივე ტრადიცია უგულებელყოფილია, მეტიც: მოდერნისტებმა დაიწყეს ბრძოლა არსებითის (საკითხის, საგანის) ზუსტი განსაზღვრების წინააღმდეგ, რომელიც „სქოლასტიკის" სახელწოდებით შეამკეს.
ახალი შემეცნების მეთოდში მოიაზრება ყოველგვარი კანონიკური საზღვრებისაგან აბსოლუტური თავისუფლება, მათ შორის ღვთივდადგენილი წესრიგისაგანაც. ეს მოდერნისტული მეთოდია, რომელიც ჯანსაღ საღვთისმეტყველო აზრს (საზრისს) ყოველი მხრიდან უტევს და სურს (დოგმატური ცნობიერება) დრომოჭმულ სწავლებად წარმოაჩინონ.
ამავე დროს, უარყოფილია საყოველთაოდ მიღებულ-განსაზღვრული საღვთისმეტყველო ტერმინები და მათ ნაცვლად (ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი) მოცემულია მოდერნისტულად განუსაზღვრელი, ბუნდოვანი, ორაზროვანი შეხედულებები.
მოდერნისტის „რწმენა", პირველყოვლისა, სადღაც „სხვაგვარში" გარღვევაა (ი. ზიზიულასი, ა. შმემანი), რაც, მათი აზრით, რთულია უბრალო ენით ზუსტად განსაზღვრო. ამიტომ საუკუნეების მიერ ზუსტად განსაზღვრული ჭეშმარიტებანი მათთვის „რაღაც", „სადღაც", „ოდესღაც", „რატომღაც" მიღებული სწავლებებია. ტექსტის ორაზროვანი აღქმის საშუალება მოდერნისტს ხელთ აძლევს განავითაროს თავისი შეხედულება, საიდანაც ძნელია რაიმე კონკრეტული განსაზღვრების ამოცნობა.
აღნიშნული მეთოდი გამოიყენება საიმისოდ, რომ ეკლესიის უცხადეს, ჭეშმარიტ სწავლებაში განუსაზღვრელობა და ბუნდოვანება დაინერგოს. მღვრიე წყალი, ეს ის ხელსაყრელი გარემოა, რომელშიც კარგად გრძნობს თავს მოდერნისტი. ამავე დროს, ეს მეთოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პათოლოგიური საუბრების საეკლესიო (საღვთისმეტყველო) სივრცეში დამკვიდრების მიზნით. ფრაზების ოსტატური თამაში - მსმენელს თუ მკითხველს ფსიქოლოგიურად აიძულებს დაინახოს მასში (მოდერნისტ ავტორში) უფლებამოსილი, ქარიზმატული ფიგურა, ვინც კარგად იცის, როგორ გამოასწოროს ეკლესიაში არსებული პრობლემები. ამ დროს კარგად მუშაობს დასავლური განათლების რეკლამირება ან ორატორული ნიჭის წარმოჩენა და მისთ.
მსგავსი წნეხის შედეგად, წმ. მამებისეული სწავლება „ოსტატურად" შეიცვალა კერძო შეხედულებებით (თეოლოგუმენით). მკითხველი თავს გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობს. ის იძულებულია ამ ერთი შეხედვით ჩაკეტილი წრიდან კვლავ თვითმარქვია „ავტორიტეტებს" (სუროჟელებს, შმემანებს, მეინდორფებს, ზიზიულასებს, ფლოროვსკებს და ა.შ.) მიმართოს. მოდერნისტებსაც ეს უნდათ. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ასეთი „ავტორიტეტები" გაჩნდნენ საზოგადოებაში, რათა ნელ-ნელა მოიცვან მათ თანამედროვე ქრისტიანების საინფორმაციო ველი და ახალი „ღვთისმეტყველებით", ახალი ტიპის „ქრისტიანები" აღზარდონ. დიდწილად მათ ეს უკვე გამოუვიდათ. განსაკუთრებულ როლს ამ სიტუაციაში ასრულებს წინააღმდეგობრივი სწავლების დანახვა მართლმადიდებლობაში - თითქოს მამებისეულ სწავლებაში არ არსებობდეს ერთიანი სარწმუნოებრივი ხედვა. თითქოს ერთი წმინდა მამის სწავლება ეწინააღმდეგება მეორეს ხედვას. ზოგჯერ პირდაპირ ერესის ქადაგებას აბრალებენ წმინდანს. ეს მკითხველს გაურკვევლობაში აგდებს, დეზორიენტირებულს ხდის.
კიდევ: მართლმადიდებელი ეკლესიის მყარი, დოგმატური და კანონიკური სწავლების გაბათილების, გაუბრალოებისა და უარყოფის მიზნით მოდერნისტი ავტორები ოსტატურად იყენებენ სასვენ ნიშნებს, მაგალითად ფრჩხილებს. ამ მეთოდს მიმართავენ „იმქვეყნიურ ცხოვრებაზე", „ბოლო ჟამზე", „საშინელ სამსჯავროზე", „სულის უკვდავებაზე" და ა.შ. საუბრისას (მაგალითისთვის იხილეთ ა. შმემანის „დღიურები"). ამ შემთხვევაში სასვენი ნიშანი ირონიულ ელფერს ანიჭებს სიტყვების აზრს. მოდერნისტებსაც ხომ ეს უნდათ: ამ გზით მაინც დააკნინონ მართლმადიდებლური სწავლება.
ამიტომ, მოდერნისტული მეთოდიკის მრავალწლოვანი ანალიზის კვალდაკვალ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ტერმინების ორაზროვანი, ბუნდოვანი გამოყენება მყარი მართლმადიდებლური სწავლების გასაქარწყლებლადაა მოგონილი. ზოგადი, ორაზროვანი ტერმინებით საუბარი და დუმილიო იქ, სადაც დაუფარავად უნდა აღიარო ჭეშმარიტება, ყოველ შემთხვევაში საკუთარი პოზიცია მაინც, როდესაც შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, მოხერხებულად გადააქვთ საუბარი სხვა თემებზე და ა.შ.
რეალურად ეს ურწმუნოებაა, საღვთისმეტყველო ტერმინებით გაფორმებული. ცხადია, ვგულისხმობთ, რომ მოდერნიზმი არა ღვთაებრივი, არამედ ადამიანური სწავლებაა, იდეოლოგიაა, ოდენ ამქვეყნიური მეთოდიკისა და შემეცნების ნაყოფი. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ის ადამიანური (გაამსოფლიურებული, სეკულარული) ყოფიერების თვითშემეცნების სწავლებად გვევლინება. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია