ნეიროლინგვისტური პროგრამირება ((ნლპ), ინგლ. Neuro-Linguistic programming) - ფსევდომეცნიერული მიდგომაა ფსიქოლოგიაში, რომელიც 1970 წ. სამი ადამიანის - რიჩარდ ბენდლერის, ჯონ გრინდერისა და ლინგვისტ გრიგორი ბეიტსონის მიერ იქნა შემუშავებული. ნლპ-ს დამფუძნებლები იწრმუნებიან, რომ არსებობს კავშირი ნევროლოგიურ (ნეირო), ენისმიერ (ლინგვისტიკა) და მოქმედებას, საქციელს (პროგრამირება) პროცესებს შორის. ეს კონცეფცია პირველმა სამეულმა მეორე სამეულის, ფსიქოთერაპევტების ფრიც პერლზის (გეშტალტთერაპია), ვიჯინია სტირისა (საოჯახო თერაპია) და მილტონ ერიქსონის (ერიქსონის თერაპია) შეხედულებათა საფუძველზე შეიმუშავეს.
ნლპ-ს მეთოდოლოგია ვერბალური კოპირების ტექნიკაზეა აგებული. მისი მეშვეობით შეგიძლია ზეგავლენა იქონიო ადამიანის აზროვნებასა და საქციელზე. ეს თავის თავში მოიცავს სხეულის ენის გამოყენებას, მოდელირებასა და გამოხატულებას, რათა გაიზომოს და ზემოქმედება მოახდინოს რამეზე ან ვინმეზე. ნლპ-ს მთავარი პრინციპია: მნიშვნელოვანია არა ის, რაც ითქვა, არამედ ის, თუ როგორ იმოქმედა ნათქვამმა მსმენელზე. როდესაც ვცდილობთ ადამიანი დავარწმუნოთ რამეში, რათა ერთგვარად გაიმარჯვო მასზე, ეს მასში წინააღმდეგობას იწვევს. ამიტომ ნლპ-ს შემთხვევაში მათ უარი განაცხადეს „საუბრებით თერაპიაზე" და გადაწყვიტეს კონცენტრირებულიყვნენ სუბიექტის (ადამიანის) მგრძნობელობაზე: ხედვაზე, სმენაზე, შეგრძნებებზე, თუ რა ხერხით, მეთოდით, ტექნოლოგიით დამუშავდეს ის და რა გამოიწვევს ადამიანის საქციელის, აზროვნების ცვალებადობას.
საამისოდ ნლპ-ს მიერ ე.წ. ჰიპნოთერაპია (ანუ ჰიპნოზი) გამოიყენება ერთი განსხვავებით - თუკი პირდაპირი ჰიპნოზირების შემთხვევაში სუბიექტი ტრანსის შთაგონებულ მდგომარეობაშია, ნლპ-ს ჰიპნოზირებისას ის თითქოს ფხიზლადაა, თუმც ადამიანმა არც კი იცის, რა ხდება მის თავს.
ნლპ ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება საზოგადოების მანიპულირებისთვის მსხვილი კომპანიების მიერ ტრეინინგების, სექტანტური ორგანიზაციების პროპაგანდისა და ზეგავლების თავს მოხვევის მიზნით სხვადასხვა ვითარებაში. ე.ი. ეს ჰიპნოზური მექანიზმი შესაძლოა გამოიყენონ თქვენზე და ამ დროს არც იცოდეთ ამის შესახებ.
ჩამოვთვალოთ რამდენიმე მეთოდი, რომელსაც ნლპ იყენებს ადამიანებზე ზემოქმედების მიზნით:
1) თქვენი ქცევების კოპირება: როდესაც აკეთებ რაღაცას, ან იყენებ სხეულის ენას, ვიღაც თითქოს აკოპირებს ამ მოქმედებას, უნარს საქციელს. შესაძლოა მეგობარი იმეორებდეს ამას თქვენთან ერთად. მაგრამ ნლპ-ს შემთხევაში თქვენი ქცევის კოპირება მეთოდოლოგიური ნაწილის შემადგენელია.
2) ნლპ იყენებს მაგიურ შეხებას. ე.ი. ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის ეხება შენს მხარს, მოგვიანებით კვლავ იმეორებს იგივეს. ამით გიზიდავს თავისკენ, მისდამი კეთილი განწყობისკენ.
3) ნლპ იყენებს მრუდეს ენას - ე.ი. ჰიპნოზის შემთხვევაში გეჩვენება, რომ ეს უბრალო საუბარია, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი, არაფრისმომცემი, მაგრამ ამ საუბრის მიზანი არა იმდენად ტექსტის შინაარსია, არამედ ის, თუ როგორ იმოქმედა ამ საუბარმა ადამიანზე.
4) ზეწოლა, რათა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება. ე.ი. როდესაც ვიღაც გაიძულებს არ დაფიქრდე შემოთავაზებულ მოსაზრებაზე, საქმეზე, არამედ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. რეალურად ეს ერთგვარი ბიძგია საიმისოდ, რომ გაუანალიზებლად მიიღო მათი შემოთავაზება.
5) ნლპ იყენებს მრავალწახნაგოვან ენას, ე.ი. ზეწოლა ტექნიკურად ხორციელდება, რათა ამავე დროს დანაშაულის გრძნობაც გაგიჩნდეს, რომ სწრაფად არ ემორჩილები შემოთავაზებულ მოსაზრებას. მაგალითად: „მოწოდებაა ყველანი ვიყოთ პროდუქტიულები, მამაცები, სწრაფი რეაგირების მქონენი... თქვენ ეს იცით, არ ხართ უსაქმური ზარმაცები".
გაფრთხილდი ასეთი ხრიკების დროს.
6) ნებას აძლევ აკეთონ ის, რაც მათ სურთ. ე.ი. როდესაც მიგაჩნია, რომ აღასრულებ საკუთარ ნებას, სინამდვილეში აკეთებ იმას, რაც ნაკარნახევია ნლპ - ჰიპნოზით. მაგალითად, გეტყვიან: მოდუნდი, ნუ დარდობ, კარგად გაატარე დრო! სინამდვილეში თავად სარგებლობენ შენი დროით, რესურსებით, პოტენციალით და ა.შ. შესაძლოა ეს კარგი განზრახვითაც ხორციელდებოდეს, მაგრამ რომ იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ნლპ-ს „ეფექტური კომუნიკაციისთვის" მრავალი ლინგვისტური ხერხი გააჩნია, რომელიც მთლიანად ავხორცულ, ამსოფლიურ ინტერესებს მოიცავს. მისეული ვიწრო მანიპულირების ჩარჩოებში არ ეტევა ღმერთი, ჭეშმარიტება, სულიერი ცხოვრება. მათთვის მნიშვნელოვანია სწორედ საპირისპირო მსოფლხედვა: დაკნინდეს საგანის, მოვლენის ჭეშმარიტი არსი და ყურადღება „საუბრის ტექნოლოგიაზე" გადავიდეს. აქედანაა მათი „ზეკომუნიკაციური ზემოქმედების კულტი", იგივე ჰიპნოზი.
ცხადია, პირდაპირ ამის აფიშირება არ ხდება, მაგრამ ნლპ-ს „მისტიციზმი" სწორედ ამაში მდგომარეობს. დავფიქრებულვართ, რატომ ექცევა ადამიანი სექტების ზეგავლენაში? რატომ მოქმედებს ასე ეფექტურად ესა თუ ის რეკლამა, ან საზოგადოებისთვის მიუღებელი სწავლებები თუ ქმედებები? მიზეზი ბევრია, მათ შორისაა ნეიროლინგვისტური პროგრამირებაც (ნლპ), რომელიც გარკვეულ ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ ხერხებს იყენებს მიზნის მისაღწევად.
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, სიტყვას ყოველთვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა ენიჭება. ღვთის სიტყვას, წარმოთქმულს წმ. მამების, გნებავთ თანამედროვე მქადაგებლების მიერ, შეუძლია ადამიანის სულიერი ფერისცვალება. მასში არ არის კაცობრივი სიბრძნის ნაყოფი, არანაირი მანიპულირების საშუალებები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მადლის მოქმედება. აქ განცხადებული ჭეშმარიტებაა, ადამიანის განღმრთობის საშუალება.
მართალია, ნლპ ცხადად არ ავლენს თავის ფსევდომისტიკურ (ჰიპნოზურ) სულისკვეთებას, მაგრამ ის უთუოდ ცრუმისტიციზმის ერთ-ერთი გამოვლინება, ე.ი. შეფარული რელიგიურობაა, რომელშიც შეინიშნება აღმოსავლური მისტიციზმის (იოგის, ჰიპნოზის, შამანიზმის) ელემენტები.
ნლპ არა მხოლოდ ცნობიერების, არამედ ადამიანის შინაგანი სულიერი სამყაროს მანიპულირებისკენაა მიმართული.
ნლპ ავტორთა (რ. ბენდლერის, ჯ. გრინდერის) წიგნის შინაარსი „Наведение Транса" ცხადყოფს, რომ ისინი ე.წ. „ერიქსონის ჰიპნოზს" (მილტონი, ერიქსონი) იყენებენ. ე.ი. ჰიპნოზის მოქმედებისას ადამიანს საუბრის დროს ეუფლება ტრანსული განწყობა. არც კი გამოიყენება სიტყვა „ჰიპნოზი", მაგრამ მედიტაციის ჰოლოტროპული სუნთქვის და სხვა მანიპულირების გზით მიიღწევა ეს. ნლპ-ს ფუძემდებლები არც მალავენ, რომ ეს ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედების შეუზღუდავი საშუალებაა. (Р. Бендлер. Создание убеждений).
აღნიშნულ ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თითქმის მთლიანად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. ჰიპნოზირების ყველაზე მაღალი ფაზის (ე.წ. პარადოქსული ფაზა) დროს სიტყვა იმაზე მეტად ძლიერ მოქმედებს, ვიდრე სხეულის მწვავე ტკივილი. ამგვარ „ტრანსულ" მდგომარეობაში შეუძლიათ ადამიანს შთააგონონ ნებისმიერი მიუღებელი აზრი თუ ამორალური მოქმედება, ცრუსწავლება თუ ცრუ მისტიკური შეგრძნება. ეს იგივე მაგიური ზემოქმედებაა, „კაშპიროვსკის" მსგავსი სეანსებია, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე ქრისტიანულ საზოგადოებაშიც აქტიურად იკიდებს ფეხს.
ამრიგად, საფრთხე უკვე ჩვენს კართანაა. ის მართალია ფარულად, მაგრამ ცდილობს თვით სასულიერო სასწავლებლებშიც მოიკიდოს ფეხი. საქმე ისაა, რომ პროფესიით ფსიქოლოგი სულაც არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ქრისტიანული ფსიქოლოგიის მატარებელი ადამიანია. მათი უმრავლესობა საფუძვლიან ცოდნას ფლობენ ფსიქოლოგიის მისაღებ თუ მიუღებელ სწავლებებზე, მეტიც: თავად ხდებიან პრაქტიკოსი ჰიპნოზიორები, ტრანსში შემსვლელი თუ სხვათა შემყვანი სუბიექტები.
ეს პრობლემა მაშინ გაჩნდა, როდესაც ქრისტიანულ ფსიქოლოგიას, იგივე ანთროპოლოგიას, თეოლოგიას „სინთეზის" სახით შეერია „წარმართულ-გნოსტიკურ-ოკულტური ფსიქოლოგია".
ის ისეთივე მოდერნისტული პროექტია, როგორიც არის ღვთისმეტყველებაში „ნეოპატრისტიკული სინთეზი", სადაც პატრისტიკას, წმ. მამების სწავლებას ერწყმის წარმართული ფილოსოფიის ელემენტები, „სინთეზურად" შემოთავაზებული. ამან უდიდესი ზიანი მიაყენა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას (ზიზიულასის, შმემანის და სხვათა სწავლება).
იგივე განხორციელდა ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში, უფრო სწორად ქრისტიანულ ანთროპოლოგიაშიც. ის ყოველთვის არსებობდა ეკლესიის სწავლების სახით. მაგრამ „მოდერნისტულმა სინთეზმა" არც ამ სფეროში დააყოვნა: ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და წარმართულ-ოკულტური მისტიციზმის შერწყმა დაისახეს მიზნად. შედეგი უკვე სახეზეა: გვგონია ჩვენს შვილებს ქრისტიანულ ფსიქოლოგიას ვასწავლით და თურმე საქმე ოკულტურ მოვლენებთან გვაქვს. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია