ფსიქოანალიზი - მოდერნის ეპოქის ფენომენია, რომლისთვისაც დამახასიათებელია რელიგიური ცნობიერების შემცირება, დაკნინება, „სექსუალური კულტის" აღზევება და ა.შ.
ფსიქოანალიზი XX საუკუნის გამორჩეული მიმართულებაა, რომლის განმასხვავებელი ნიშან-თვისება ქვეცნობიერი სამყაროს აღიარებაა, ფუძემდებელი კი ზ. ფროიდი გახლავთ.
ზ. ფროიდის თეორიებმა ფსიქოლოგების ყურადღება მიაპყრო ადამიანში არაცნობიერი, ქვეცნობიერი, „ოიდიპოსის კომპლექსის" პროცესების არსებობას. მაგალითად: ბავშვობის დროინდელი გამოცდილების უწყვეტ გავლენას იმ თეორიულ, ფსიქოლოგიურ სტრუქტურებზე, რომლებსაც მან „იდი (Id) - ეგო (Ego) - სუპერ ეგო (Super-Ego), ზეეგო უწოდა. ამ ფორმულის მოკლე შინაარსიც კი ცხადყოფს ხსენებული ფსიქოლოგიის კატეგორიულ მიუღებლობას სულიერი თვალსაზრისით.
„იდი (Id)" ინსტანცია წარმოადგენს ქვეცნობიერ სფეროს. ის პიროვნების მისწრაფებების გაუცნობიერებლობაზე და მოუწესრიგებლობაზე, სულის ქაოსზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის „კურნება" სურვილების (მათ შორის პათოსექსუალური) დაკმაყოფილების პრინციპზეა აგებული.
„ეგო (Ego)" ინსტანცია - გონებრივი თვითშეგნების სფეროა, გარესამყაროსა და საკუთარი თავის „მე"-ს რაციონალური აღქმაა. „მე"-ს ინსტანცია მოწოდებულია ადაპტირდეს ქვეცნობიერში.
„სუპერ-ეგო (Super-Ego)” - ინსტანციას ყველაზე გასაიდუმლოებული შინაარსი გააჩნია. ის „მე" - პიროვნების უზენაესი „სუპერ-ეგო" ორიენტაციაა, ზეადამიანის ფენომენია, რომელსაც აღარ გააჩნია ზნეობა, სინდისი, მორალი, დანაშაულის განცდა. „სუპერ-ეგო" თავად აყალიბებს (ქვეცნობიერად) მოთხოვნებს, იდეალებს, ფასეულობებს, რა შეზღუდოს და რა - არა.
ცხადია, ყოველივე ზემოთქმული „ფსიქოანალიტიკა" პრინციპულად განსხვავდება, მეტიც, ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ ცნობიერებას.
ფსიქოანალიზის (და მრავალი სხვა ფსიქოლოგიური მიმართულების) მტკიცებულებით სწორედ ქვეცნობიერზეა დამოკიდებული ადამიანის ქცევა და შეხედულება. მათი აზრით, ყველა მოვლენა ქვეცნობიერში თავისებურად ფიქსირდება. ადამიანს არ შეუძლია ამის კონტროლი ან რაიმენაირად განასხვავოს სწორი ინფორმაცია არასწორისაგან. ქვეცნობიერი თავისას აკეთებს.
ცხადია, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში არ არსებობს არანაირი სწავლება ქვეცნობიერის (ან არაცნობიერის) შესახებ. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანის საშუალება. ადამიანის ყველა პრობლემის სათავე არის ცოდვა და არა ის, ქვეცნობიერად ვის რა მოეჩვენა. რაც ხილული სამყაროს მიღმურია ან ღვთიურია, ან - დემონური. ღმერთმა დაგვიდგინა მცნებები, მათი დარღვევის შემთხვევაში სინდისი (ღვთის ხმა ადამიანში) მიგვითითებს სათნოებებისა და ჭეშმარიტებისაკენ. ეშმაკები (დემონები) ადამიანის ცდუნებას აზრების დონეზე ცდილობენ. მათ არ გააჩნიათ ფიზიკური ძალაუფლება ადამიანზე მანამ, სანამ ადამიანი არ გაითავისებს ცოდვისმიერ აზრს და შეუდგება მის განხორციელებას. ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს (ყოველგვარი ქვეცნობიერის გარეშე) სიკეთესა და ბოროტებას შორის.
ფსიქოანალიზის სწავლებით, ადამიანს არ გააჩნია ნამდვილი საკუთარი არჩევანი, მეტიც, სწორედ არჩევანი ხორციელდება გაუცნობიერებლად, ქვეცნობიერად. თავად „ქვეცნობიერი" კი არაპროგნოზირებადია, ის არ არის კავშირში ადამიანის ზნეობრივ-სარწმუნოებრივ შეხედულებებთან.
ამდენად, ე.წ. ფსიქოანალიზი უარყოფს არა მხოლოდ ადამიანის თავისუფლებას, არამედ ნებისმიერ მორალს. მართლაც, რა საჭიროა სინდისი, ზნეობა, მორალი, თუკი ქვეცნობიერი „მე"-ს ეგოცენტრული მისწრაფებები მაინც თავისებურად აღიქვამს სამყაროს და თავისი აღვირახსნილი სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიჰყავს ის?
ზოგი, ფსიქოლოგების მიერ „დამუშავებული" ადამიანი გვეტყვის, რომ ქვეცნობიერის ფსიქოლოგიური განმარტება შეპყრობილს ნიშნავს. ეს ასე არ არის. შეპყრობილის სენს, მართლმადიდებლური განმარტებით, არაფერი აქვს საერთო ქვეცნობიერის ცრუსწავლებასთან. შეპყრობილობა - ადამიანის ცოდვისმიერი ცხოვრების შედეგია (მემკვიდრეობაა) და არა ქვეცნობიერის მიზეზით გამოწვეული მდგომარეობა.
ამდენად, ცრუსწავლება ქვეცნობიერის შესახებ ნამდვილი ერესია! ქვეცნობიერი არ არსებობს, ღმერთს არ შეუქმნია, არ უბოძებია ადამიანისათვის ამგვარი აბსურდული და აზრსმოკლებული თვისება. მეტიც: ის ერთმნიშვნელოვნად დემონური ხასიათისაა. ნუთუ შეიძლება გწამდეს ღმერთი, საიქიო ცხოვრება, ანგელოზები და ეშმაკების არსებობა და, ამავე დროს, გწამდეს ქვეცნობიერის?! არც ძველ, არც ახალ აღთქმაში, არც წმ. მამების სწავლებაში არსად გვხვდება მსგავსი სწავლება. ეს ზ. ფროიდის ერეტიკული ცრუსწავლებაა, რომელიც ადამიანს უზნეო ცხოვრებისა და ყოველგვარი ტრადიციული ნორმის დარღვევისკენ უბიძგებს, რაც სარწმუნოების განადგურებაზეა მიმართული. ისმის კითხვა: შეიძლება ეს სწავლება გამოიყენოს საღად მოაზროვნე ადამიანმა? არაფერს ვამბობ „მართლმადიდებელ ფსიქოლოგზე", სამწუხარო ფაქტების არსებობას რომ „გვიდასტურებენ" ჩვენს რეალობაში?!
ამის მიუხედავად, ფსიქოლოგები მაინც ირწმუნებიან, რომ ქვეცნობიერის ფენომენის ახსნა შეიძლება. ვერ დავეთანხმებით. პირიქით: ფსიქოანალიზის ფსიქოლოგიური სწავლება კიდევ უფრო აბნევს ადამიანს თავისი აბსურდული, ანტიმეცნიერული და ანტიქრისტიანული პასაჟებით.
უბრალოდ დავაკვირდეთ: თუკი ადამიანი ქვეცნობიერის მიხედვით მოქმედებს (ე.ი. დემონების შთაგონებით, ეკლესიის სწავლებით), მაშინ ყველა ადამიანი უთუოდ მანიაკი, პათოსექსუალი გახდებოდა. თუკი ქვეცნობიერი თვითნებურად (გამოუცნობიერებლად) აყალიბებს ადამიანის არჩევანს, მაშინ როგორ ავხსნათ ქრისტიანული მოღვაწეობა: აღმსარებლობა, მოწამეობა, გმირობა, სიწმინდის დაცვა, რომელიც საკუთარი მყარი პრინციპული შეხედულებისამებრ ხორციელდებოდა?!
თუკი, ფსიქოლოგიური განმარტებით, სტრესის, ნევროზის, უიმედობის, სულიერი აშლილობის და მისთანათა მიზეზი არის „სურვილების დაუკმაყოფილებლობა", მაშინ ის არა მეცნიერება, არამედ ოკულტიზმია (სატანიზმი).
აქვე გვეტყვიან: ქვეცნობიერი უბრალოდ ცოდვისმიერი მიდრეკილებაა. ვერ დავეთანხმებით! ქვეცნობიერში საერთოდ არ მოიაზრება ცოდვა, ან მისკენ მიდრეკილება. აქ გაუცნობიერებელ არჩევანზეა საუბარი, რომელსაც ადამიანის ნაცვლად ქვეცნობიერი (დემონი) ანხორციელებს. ამასთან, არა ადამიანის მორალური ნორმის, არამედ შემთხვევითი მოვლენების საფუძველზე.
ზოგი ფსიქოლოგი იქამდე მივიდა, რომ ქვეცნობიერთან საუბრისას გვთავაზობს, რათა განაწყო საკუთარი ქვეცნობიერი შენს „სასარგებლოდ".
საკითხავია, ვის ესაუბრება ადამიანი ამ შემთხვევაში?
ზ. ფროიდის მიერ ფსიქოლოგიაში ჩაგდებული ბოროტი თესლი აღორძინდა. მან მთლიანად მოიცვა ფსიქოლოგიის სფერო და ახალ-ახალი „მისტიკური" გამოცდილების არეში (ჰიპნოზში, ტრანსში) ე.ი. კიდევ უფრო დემონურ სამყაროში შეჰყავს ადამიანი. (რაზეც გვექნება საუბარი მომდევნო თავებში).
ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა მხოლოდ ლოცვით არის შესაძლებელი, თან იმ შემთხვევაში, როდესაც ლოცვა გულწრფელი, ყურადღებიანი და სინანულით გამსჭვალულია, ხოლო დემონური აზრების, განცდების, სურვილების თავსმოხვევა ყოველწამიერად ხდება. ამასთან, ეშმაკები არა რაღაც აბსტრაქცია, არამედ რეალური არსებებია, რომლებსაც ადამიანის ცდუნება და წარწყმედა სურთ. მაშ, ვის ესაუბრება ადამიანი, რომელსაც მხოლოდ „ქვეცნობიერის განგებულების" სჯერა?
გასაკვირი არ არის, რომ ფსიქოლოგიაში პრაქტიკულად მისაღებია ჰიპნოზი, იოგა, „აღმოსავლური კულტები" და ა.შ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარი „ფსიქოლოგია" ქრისტიანობის პრეტენზიას აცხადებს. საინტერესოა, რა სულიერ ძალებთან აქვთ საქმე ამ „მართლმადიდებელ ფსიქოლოგებს"?
ამიტომ ვამბობთ დარწმუნებით, რომ ფსიქოლოგიური სწავლება ქვეცნობიერის შესახებ წმინდა წყლის ერესია! (ნიკოლაელების ერესის მსგავსი), რომელიც ყველა პრობლემის გადაჭრას ავხორცული (ხშირად პათოლოგიური) ვნებების დაკმაყოფილებაში ხედავს. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია