XIX – XX ს.ს. დასავლურ ცივილიზაციაში განვითარებულმა მოდერნისტულ-რევოლუციურმა ფაქტორებმა ფაქტობრივად ყველა სფერო მოიცვა. ადამიანის ცხოვრების მიზნებისა და სულიერი მდგომარეობის შესახებ პრინციპულად ახლებური ხედვები ჩამოყალიბდა. ადამიანის სულიერი სამყაროს ანალიზი სხვადასხვა თერაპევტული სკოლების კვლევათა, დაკვირვებათა, ექსპერიმენტთა სფეროდ იქცა. ასე ჩამოყალიბდა ახალი დარგი - ფსიქოლოგია.
ტერმინი „ფსიქოლოგია" ნიშნავს სწავლებას ფსიქეს, სამშვინველის, სულის შესახებ. თავად ფსიქოლოგები (მაგ. უილიამ ჯეიმსი) მიიჩნევენ, რომ ეს არის „მეცნიერება ფსიქიკური ცხოვრების შესახებ", რომ ჩვენ ყველას გვაქვს ფსიქიკური ცხოვრება, შესაბამისად გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რას მოიაზრებს ის. მართალია, ფსიქოლოგია ადამიანის ფსიქიკაზე მრავალ დაკვირვებას აწარმოებს, მაგრამ ის, როგორც მეცნიერება, როგორც ცნება, მეტად ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელია. ფსიქოლოგები ჯერაც ჰიპოთეზებს ან ვარაუდებს გამოთქვამენ იმის თაობაზე, თუ რა სახის კავშირი აქვს შინაგან სამყაროს გარეგნულთან. ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას ადამიანის ქცევა, სულიერი მდგომარეობა, სტრესი, პრობლემები, დეპრესია და ა.შ.
ფსიქოლოგიური დარგის განვითარებას მოჰყვა ქრისტიანული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება. ის განსხვავდება სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიმართულებებისაგან, ვინაიდან თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის ერთგვარი სინთეზია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა მართლმადიდებლური ანთროპოლოგიური სწავლებისა და ფსიქოლოგიის სინთეზი, რომლისთვისაც მიუღებელია არამართლმადიდებლურ და ათეისტურ ანთროპოლოგიაზე დაფუძნებული ხედვები, ფსიქოთერაპიული მეთოდები და სწავლებები.
ჩვენი ინტერესი ამ საკითხისადმი სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია. არ გვაქვს ფსიქოლოგიის არსის სიღრმისეული ანალიზის პრეტენზია. უბრალოდ დაგვიგროვდა შეკითხვები და ვცდილობთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების საფუძველზე გაეცეს პასუხი:
1) შეგვიძლია ფსიქოლოგიას თამამად ვუწოდოთ მეცნიერება, თუ ის დღესაც პოლემიკის საგანია?
2) რამ გამოიწვია ფსიქოლოგიის როგორც დარგის ასეთი პოპულარობა თანამედროვე სამყაროში?
3) რა დოზით შეიძლება მისი გამოყენება მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის?
4) არის კი საერთოდ მისი საქმე ადამიანის სულიერი სამყაროს ქექვა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება?
5) როგორ უნდა მოხდეს ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და არაქრისტიანულის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, როდესაც ფსიქოლოგიის დარგთა მეტი წილი ანტიქრისტიანული შინაარსისაა?
ჩვენ არ გაგვიჩნდებოდა ეს და კიდევ მრავალი სხვა შეკითხვა, რომ არა ნეგატიური მხარეების აშკარა დომინირება ფსიქოლოგიაში, მათ შორის ქრისტიანულ ფსიქოლოგიაშიც. თანამედროვე სამყაროში ფსიქოლოგები ერთგვარ „მოძღვრებად" იქცნენ და თვით სასულიერო სასწავლებლებშიც „ქეისების" (ფსიქოლოგის პირადი გადაწყვეტილების, გამოცდილების, ექსპერიმენტული მეთოდის) სახით ახერხებენ არაქრისტიანული ფსიქოლოგიის გამოყენებას.
ისინი მიიჩნევენ, რომ ფსიქოლოგია არის მეცნიერება გონების შესახებ, რომ აქამდე (დარგის „აღმოჩენამდე") არ იყო შესაძლებელი ცოცხალი ადამიანის ტვინის შესწავლა. თუ მანამდე ადამიანის ამა თუ იმ საქციელს თავიანთი დაკვირვებით აანალიზებდნენ, დღეს ეს ცოდნა ტვინის მუშაობის შესახებ მეტად გაიზარდა, შეიქმნა სამეცნიერო საფუძვლები ფსიქიკური ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის გასაგებად.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება წინ წავიდა ტვინის მუშაობის კვლევის საქმეში, ის არ და ვერ გახდება ობიექტური, სრული, უტყუარი მტკიცებულება სულიერ-გონებრივი პოტენციალის შესახებ. აქ ვაწყდებით მთავარ პრობლემას, როდესაც მეცნიერული კვალიფიკაციის მინიჭება გვსურს ფსიქოლოგიისათვის, კერძოდ: სამეცნიერო ფაქტები უნდა იყოს ზუსტი, გაზომვადი, ობიექტური, მაგრამ, ტექნიკური პროგრესის განვითარების მიუხედავად, გონების, გნებავთ სულის, ფუნქციური, სრულფასოვანი შესწავლა მაინც ვერ მოხდება. ის ყოველთვის დარჩება სხვადასხვა კვლევების, ექსპერიმენტების, მეთოდების გამოყენების სამარე. ყოველდღიურობაში ადამიანის აზრების აღქმა მხოლოდ ირიბად, ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი, შესაბამისად, ზუსტი დასკვნის გაკეთებაც შეუძლებელი.
გარდა ამისა, შესწავლის საგანი, რაკი ფსიქოლოგია მეცნიერულ პრეტენზიას აცხადებს, დაფუძნებული უნდა იყოს ზუსტ საზომზე, უნდა გაანალიზდეს მეცნიერული სიმკაცრით, განიმარტოს ლოგიკური და გონივრული არგუმენტებით. ისმის კითხვა: რანაირად შეუძლია ფსიქოლოგიას ამის კვალიფიციურად გაკეთება, როდესაც ადამიანის სულის, გონების მდგომარეობის შესახებ მეტად მყიფე, ურთიერთგამომრიცხავი, მერყევი, მუდმივად ცვალებადი „დასკვნა" გააჩნია?
ფსიქოლოგიის საწყისების შეფასებას დავასრულებთ არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) სიტყვით:
„ამ საკითხს ვეკიდებით ერთობ სკეპტიკურად. ფსიქოლოგია, პირველყოვლისა ადამიანის ქცევაზე, დაკვირვებაზე დაფუძნებული ექსპერიმენტული მეცნიერებაა. ე.ი. ფსიქიკურ ცხოვრებაზე დაკვირვება, რომელიც გარე სამყაროსთან კონტაქტის დროს გააჩნია. ექსპერიმენტის სივრცეში შედის ასევე თავად ექსპერიმენტატორის დაკვირვება საკუთარ თავზე. უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფსიქოლოგიაში არ არსებობს მთავარი - ცნება სულის, ვით სუბსტანციის შესახებ, ხოლო დაკვირვება ფსიქიკური პროცესების: რეაქციის, თვისებების, უნარების და ა.შ. შესწავლაზე, მათ შორის გარკვეული მყარი ურთიერთობის პოვნაზეა დაფუძნებული.
ფსიქოლოგიას არა მხოლოდ სულის ცნების განმარტება, არამედ ერთგვარი ეტალონის - ნორმალური ადამიანის ჰარმონიული ნიმუშის, ფსიქოლოგიური ძალების განსაზღვრება არ შეუძლია. ადამიანური ინდივიდუალურობის, ხასიათების დაუმთხვევლობა, განსხვავებულობა, ე.ი. მყარი რეაქციები, არ აძლევს ფსიქოლოგიას შესაძლებლობა გაავლოს ზღვარი ადამიანის მართებულ და არამართებულ, ფსიქიკის ნორმალურ თუ დასნეულებულ მდგომარეობას შორის. ადეკვატურობის არარსებობას მივყავართ იქამდე, რომ ფსიქოლოგები თვითნებურად ყოფენ ადამიანებს რაღაც ჯგუფებად და ტიპაჟებად, რომელთა შორის ზღვარი წაშლილია. ძნელი იქნება პასუხის გაცემა იმაზე, სად მთავრდება ფსიქოლოგია და სად იწყება პათოფსიქოლოგია.
როგორ აფასებს ფსიქოლოგია რელიგიას, როგორ ახასიათებს თავად რელიგიურ გრძნობებს, მათ არსებობას?
რწმენა და ათეიზმი - ორი პოლარული მდგომარეობაა: მაშ რომელია მათგან ნორმალური და რომელი პათოლოგიური?...
მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო შემდეგ ფაქტორს: ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, განიხილავს მხოლოდ იმას, რაც ობიექტური დაკვირვების საგანია და შეიძლება განმეორებულ იქნეს ექსპერიმენტში. ამიტომ ის იგნორირებას უკეთებს მეტაფიზიკურ სამყაროს. ამასთან, ადამიანზე სულიერი სამყაროს ზეგავლენის გაუთვალისწინებლობით შეუძლებელია გაიაზრო განცდა და მოტივაცია მისი ქცევისა. ადამიანი თითქოს ბოროტი და კეთილი მოქმედების გზაჯვარედინზე დგას. თუკი ადამიანის ფსიქიკას განვიხილავთ დამოკიდებულებაში გარე სამყაროსთან, ვით ერთგვარ სისტემასთან, მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ ეს სისტემა იმპულსური, შეუცნობი და არამდგრადია".1 (გაგრძელება...)
1 არქ. რაფაელი (კარელინი). Беседа с психологом. Karelin –r.ru.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე