XX საუკუნის დამდეგს პროტესტანტულ წიაღში მოდერნისტული განშტოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იდეოლოგიური მიმართულება ჩაისახა. ეს გახლავთ ეკუმენიზმი, დეკლარირებული სახით „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" (ე.მ.ს.). მოგვიანებით მისი რელიგიური მიზნები და ამოცანები გაცდა პროტესტანტულ სივრცეს და „საყოველთაო ქრისტიანული სამყაროს" მმართველობა-გაერთიანების პრეტენზიაც გამოავლინა.
ასე რომ, ეკუმენიზმი არის რელიგიურ-პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც „ეკლესიების" (ქრისტიანული კონფესიების) ერთიანობის აღდგენას ისახავს მიზნად. არადა საფუძვლად უდევს ყალბ საღვთისმეტყველო თეზათა წყება, ეკლესიოლოგიის, სოტერეოლოგიისა და ქრისტოლოგიის მართლმადიდებლურ სწავლებებს „ნაკლულოვან" შეფასებას აძლევს, რითაც, ცხადია, ჭეშმარიტების მიღმა აყენებს თავს.
ამ ეკლესიოლოგიური ცრუსწავლების მიზანია დაამახინჯოს დოგმატიკის ყველა ასპექტი, შეიტანოს მასში ამსოფლიური სული, რაც თავის დროზე პროტესტანტიზმმა გერმანული იდეალიზმის ფილოსოფიიდან ისესხა.
„ქრისტიანების ერთობის აღდგენას" ეკუმენისტური მოძრაობა მიზნად ისახავს, კანონიკური გზით კი არ ცდილობს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ ცნობიერებაშია, არამედ ამას მექანიკური, ტოლერანტული „დიალოგის" ან „ურთიერთობის" საფუძველზე ლამობს, ამიტომ ის თამამად შეგვიძლია უნიების მორიგი სერიების გაგრძელებად მივიჩნიოთ, სადაც უკვე არა მხოლოდ რომაულ-კათოლიციზმთან, არამედ სხვა კონფესიებთან მართლმადიდებლების „აღრევა-გაერთიანება" მოიაზრება.
„მართლმადიდებელი ეკუმენისტების" აზრით „ეკლესიებს შორის არსებული გამყოფი კედლები ხელს უშლის ქრისტესთან კავშირს და ვერ აღწვენ ზეცას". ამიტომ მათი ამოცანაა აღნიშნული საღვთისმეტყველო პრობლემა რაიმენაირად დოგმატურიდან კანონიკურ დონემდე ჩამოიყვანონ, რათა ეკუმენისტურ ცრუსწავლებას აარიდონ ერესის კვალიფიკაცია. ე.ი. ვინაიდან ეკუმენიზმის მხილება ერესში მსოფლიო კრების დონეზე არ მომხდარა, შესაბამისად, ის არც არის ერესი.
საქმე ისაა, რომ ეკუმენიზმის, ისევე როგორც მოდერნიზმის კრებსითი (მთელი მართლმადიდებლური სამყაროს მიერ) მხილება გარკვეული ისტორიული პირობების (ომები, რევოლუციები, რეპრესიები) გამო ფიზიკურად ვერ მოხდებოდა. ამას ემატება, XX საუკუნის დასაწყისიდან კონსტანტინოპოლის ეკლესიის „ახალ საღვთისმეტყველო" რელსებზე გადასვლა (ახალი სტილი, ანათემების მოხსნა და მისთ.), რაც, აღარ იძლეოდა ეკუმენიზმის მსოფლიო კრების დონეზე ბრალდების საშუალებას, თუმცა ადგილობრივი ეკლესიების (რუსეთის ემიგრაციული 1983 წ.), ათონის მთის, ცალკეული წმინდანების მიერ მკაფიოდ ითქვა სათქმელი.
გარდა ამისა, ღირსი იოანე დამასკელის ნაშრომში („მოკლედ ასი ერესის შესახებ" - „О ста ересях вкратке") მხილებული ერესებიდან თითოეულზე როდი შედგა მსოფლიო კრება, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ეკლესიის უდიდეს მამას სრული დამაჯერებლობით ემხილებინა ყოველი ერესი და ყველა მათგანისთვის თავისი კუთვნილი სახელი - ერესი ეწოდებინა. ამ ლოგიკით, ნუთუ კათოლიკურ-პროტესტანტული კონფესიები და მათგან გამოსული სექტანტური ნაირსახეობებიც არ უნდა მივიჩნიოთ ერესებად?!
წმ. იუსტინე პოპოვიჩი წერს:
„ეკუმენიზმი დასავლეთ ევროპის ფსევდოქრისტიანობისა და ფსევდოეკლესიის საერთო სახელია. მასში არის ყველა ევროპული ჰუმანიზმის სათავის - პაპიზმის გული. ყველა ფსევდოქრისტიანობა და ფსევდოეკლესია სხვა არაფერია, თუ არა ერთიდან მეორეში გარდასახული მწვალებლობები და მათი სახარებისეული ზოგადი სახელია - მწვალებლობათა მწვალებლობა".1
წმ. მღვდელმთავარი სერაფიმე (სობოლევი) წერს:
„ეკუმენისტური თვალთახედვა რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლობისაგან, რომელიც ერთიან ეკლესიაში ყოველთვის მოიაზრებდა მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელ ადამიანებს. ჩვენი ეკლესია ერეტიკოსებს არასდროს მიიჩნევდა ქრისტეს სხეულის წევრებად. ამასთან, როგორ შეიძლება მსგავსი შეხედულება მივიჩნიოთ მართლმადიდებლურად, როდესაც მსოფლიო კრებები ერეტიკოსებს ანათემას გადასცემდნენ? ეკლესიის ცნების განსაზღვრებისას ეკუმენისტები უგულებელყოფენ მსოფლიო კრებების ავტორიტეტს. ეს იგივეა მთლიანად უარყო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი და ჭეშმარიტების განმსაზღვრელ ერთადერთ კრიტერიუმად საკუთარი მოსაზრება მიიჩნიო".2
მართლმადიდებელი ეკუმენისტები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია დაარღვიო კანონები (არაფერს ვამბობთ დოგმატებზე) და არ შესცოდო ჭეშმარიტი სარწმუნოების წინაშე.
ნუთუ ელინური წარმოშობის ერესები (პელაგიანობა, ორიგენიზმი, გნოსტიციზმი და ა.შ.) რაკი ფილოსოფიურ სწავლებათა საფუძველზე ჩამოყალიბდა, არ უნდა მოვიხსენოთ ერესებად და „აკადემიური" ტერმინით, მაგალითად, „რელიგიური ფილოსოფია" - ჩავანაცვლოთ?
„რელიგიურ ფილოსოფიებმა" დღესაც ახალ-ახალი სახით იჩინა თავი (მაგ. „ურთიერთობის ღვთისმეტყველება". ი. ზიზიულასი). სინამდვილეში ყველა მათგანი ერესია, ვინაიდან მათი სწავლება ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო ცნობიერებას. ასეა ეკუმენიზმიც. ის თეოლოგიური რომანტიზმის, ე.ი. კლასიკური გერმანული იდეალიზმის საფუძველზე ჩამოყალიბდა პროტესტანტულ სამყაროში.
მაგრამ არც ერთ დამაჯერებელ არგუმენტს არ შეისმენენ ჩვენი ოპონენტები. ანალოგიური ხდებოდა „უნიების" (XI – XIV ს.ს.) მცდელობის პერიოდებშიც. მაშინ ამას მოჰყვა ავტორიტეტული კრებების (მოსკოვის 1441 წ., იერუსალიმის 1443 წ., კონსტანტინოპოლის 1450 წ.) და სხვა დოგმატური განსაზღვრებები. როგორც მათი ავტორიტეტია დაკნინებული ეკუმენისტ-მოდერნისტების თვალში, ისევეა თანამედროვე კრებსითი თუ წმ. მამებისეული განსაზღვრებები მიუღებელი ეკუმენისტებისათვის.
ამიტომ, მათ ცრუსწავლებათა ხშირ-ხშირი გამოაშკარავება, მხილება ყოველთვის აქტუალური იქნება. ვინაიდან ეკუმენიზმს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან, ის არსებითად სხვა რელიგიაა, სხვა ფასეულობათა, სხვა დოგმატებისა და მცნებების სისტემაა, „ახალი მამებითა" და „ახალი ტრადიციით", რომელსაც წმ. მამებმა მწვალებლობათა მწვალებლობა უწოდა. (გაგრძელება...)
1 წიგნ. „ეკუმენიზმის წარმოშობა - იმედები - იმედგაცრუება".
2 Св. Серафим (Соболев). В чем ошибаются православные экуменисты.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია