მეთოთხმეტე საუკუნეში მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საგანძურს წმ. მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას ისიხაზმის აპოლოგიის სახით უმნიშვნელოვანესი სულიერი განძი შეემატა. ამჯერად არ შევუდგებით მღვდელმთავრის საოცარი ცხოვრების ფართო განხილვას; ვიტყვით, რომ წმ. მამამ მრავალი წელი ათონის წმ. მთაზე განმარტოებითი, ისიხასტური (შინაგანი, გონივრული, გულისმიერი) ლოცვითი ღვაწლით გაატარა. მისი ნეტარი სულიერი მდგომარეობა ვარლამ კალამბრიელის ერეტიკული შეხედულებების გავრცელებამ დაარღვია, რის შემდეგაც გრიგოლ პალამას მოუწია ცნობილ საღვთისმეტყველო პოლემიკაში ჩაბმა. მართლმადიდებლური სწავლების სიწმინდის დაცვის ხანაში წმინდანმა საერო თუ საეკლესიო ხელმძღვანელობის მხრიდან ხანგრძლივი დევნა, შეურაცხყოფა, პატიმრობა, განკვეთა და ა.შ. აიტანა. გრიგოლ პალამა საბოლოოდ გამართლდა ავტორიტეტულ კრებებზე (1341 წ.). მისმა საღვთისმეტყველო სწავლებამ განღმრთობის შესახებ საბოლოოდ იზეიმა და გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ცხონების საქმეში. ხოლო ერესში ბრალდებული ვარლამ კალამბრიელი იტალიაში ჩავიდა, მიიღო კათოლიციზმი და მათი ეპისკოპოსიც კი გახდა. ამით კიდევ ერთი ერეტიკული სწავლება (ხელთუქმნელი საღმრთო მადლის ქმნულ ბუნებად წარმოჩენა) შეჰმატა მათ.
ვარლამ კალამბრიელის ერეტიკული სწავლება ეჭვის ქვეშ აყენებდა ადამიანის განღმრთობის შედეგად ღმერთთან კავშირის შესაძლებლობას, ვინაიდან საღმრთო ენერგიას, რომელიც მოქმედებდა ისიხასტის ღვაწლში, ქმნილ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამით იგი არსებითად ართმევდა ადამიანს განღმრთობის გზით ცხონების საშუალებას.
ვარლამ კალამბრიელის ერეტიკული შეხედულება არ ჰგავდა მსოფლიო კრებებზე დაგმობილ სწავლებებს, სადაც უხეშად ირღვეოდა ქრისტოლოგიური და ტრიოდოლოგიური საფუძვლები - ამ ნიშნით, თავადაც მართლმადიდებლად მიიჩნევდა თავს. ეს ერთგვარად სხვა სახის ერესი იყო, რომელიც ადამიანის მიერ მადლის უშუალოდ ათვისებას ეხებოდა. უფრო დაზუსტებით: ღვთივბოძებული საღმრთო ენერგიისათვის ქმნილი მნიშვნელობის მინიჭება შინაგანი ლოცვითი ღვაწლის, თაბორის ნათელის, განღმრთობის შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს კი გულისხმობს, რომ შინაგანი ლოცვის შედეგად ადამიანი უშუალო კავშირში შედის არა ღმერთთან, არამედ რაღაც ქმნილთან. ამ მოსაზრებაში მკაფიოდ იკვეთება კალამბრიელის „ღვთისმეტყველების" ანტიმართლმადიდებლური, რაციონალურ-ფილოსოფიურ-ათეისტური ხასიათი და არა წმინდა წერილსა და გარდამოცემაზე დაფუძნებული სწავლება.
საღმრთო მადლთან კავშირის დამყარებას წმ. გრიგოლ პალამამ „განღმრთობით ურთიერთობა" („Общение обожения") უწოდა. წმ. მამა არსისა და მისი ენერგიების გამოვლინებაზე ამბობდა: „ერთი შეხედვით საღმრთო არსი განსხვავდება საღმრთო ენერგიისაგან, მაგრამ არსებითად არსება და ენერგია ერთიანი ღვთაება, ღმერთია".1
განღმრთობითი ურთიერთობა ნიშნავს, რომ ღვთის მადლის შედეგად ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო. სწორედ მადლის (განღმრთობის) შედეგად არის შესაძლებელი დაკარგული „მსგავსების" აღდგენა, ე.ი. განღმრთობა და ცხონება. გრიგოლ პალამა გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი ჩაუღრმავდეს შინაგან სამყაროს, დააბრუნოს გაფანტული (გარყვნილი) გონება ასევე სულიერად დაბინძურებულ გულში. მკითხველისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ლოცვითი ვარჯიშით, არამედ ღვთის მადლით უნდა განხორციელდეს. განუწმენდელი გულით მაღალი სულიერი, ლოცვითი მადგომარეობის ძიება არა თუ სასარგებლო, არამედ დამღუპველი და ხიბლისმიერია.
წმ. გრიგოლ პალამა დაუღალავად ადასტურებდა საღმრთო ჭეშმარიტებას, რომ საღვთო მადლი ან საღმრთო ენერგია ხელთუქმნელია, რომ მისი მეშვეობით შედის ადამიანი კავშირში ღმერთთან და განაღმრთობს მას. ე.ი. ღმერთი რაღაც ქმნილი საშუალებებით როდი აცხოვნებს ადამიანს, არამედ ენერგიის სახით თავად შემოდის გულგანწმენდილ ადამიანში. ეს არ ესმოდათ ვარლამ კალამბრიელს და მის მიმდევრებს, ერთგვარად ეს არ ესმით, აგრეთვე, თანამედროვე ვარლამისტებს (მოდერნისტებს, ეკუმენისტებს), რომლებმაც გრიგოლ პალამას საღმრთო მადლის აპოლოგიას სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიანიჭეს. ამის შესახებაც ვისაუბრებთ.
გრიგოლ პალამასა და ვარლამ კალამბრიელს შორის პოლემიკა „გარეგნულისა" და „შინაგანის" მადლის არსებობა-არარსებობის შეუთანხმებლობით დაიწყო.
საქმე ისაა, რომ წმ. მამების ერთმანეთისაგან განარჩევენ „მაცხოვნებელ" მადლს („спасаюшая") „მოსამზადებელი"(„предворяюшая") მადლისაგან. პირველი რჩეულთა ხვედრია, მეორე კი საყოველთაო, რომელიც სხვაგვარადმადიდებელშიც მოქმედებს. პალამიზმის კატეგორიებში ეს ნიშნავს, რომ მისი (გარეგნული, მოსამზადებელი, საყოველთაო) მოქმედება ბოძებულია ზოგადად მთლიანად კაცობრიობისათვის. ხოლო საეკლესიო (მაცხოვნებელი) მადლი მხოლოდ „რჩეულებში", ე.ი. კონკრეტულ კაცობრივ ჰიპოსტასშია.
პალამიზმში „მაცხოვნებელი მადლი" აღინიშნება ტერმინით „ჰიპოსტასირებული", ან „განღმრთობილი": „აღუთქვამთ რა ღმერთი მორჩილთ დაუბადებელ (неражденний) განღმრთობას".2
გარეგნული და შინაგანი მადლის მოქმედების განსხვავებულობის დაკარგვამ მიიყვანა ვარლამ კალამბრიელი ერესამდე, რადგან ვერ გაარჩია ქმნილი ბუნება (გარეგნული) ხელთუქმნელისაგან (შინაგანი). იმავე პრობლემამ, ოღონდ ოდნავ სხვა რაკურსით, იჩინა თავი მოდერნიზმშიც, სადაც ასევე საზღვრებია წაშლილი ქმნილ და ხელთუქმნელს შორის. ამის შედეგად მოდერნისტი მიიჩნევს, რომ არსებობს „ნაწილობრივი" მადლიც, განღმრთობა სხვაგვარადმადიდებლებშიც. ისინი ვერ იაზრებენ, რომ გარეგნული ყველა ადამიანის (ვით ღვთის ქმნილების) კუთვნილებაა, ხოლო შინაგანი - მარტოოდენ ღვთის რჩეულების (ე.ი. მათი, ვისაც ღმერთი აცხონებს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში).
„საყოველთაო" („მოსამზადებელი" („предворяюшая")) მადლი მოქმედებს ეკლესიის მიღმა, რათა მიიყვანოს ადამიანი ეკლესიაში. მოდერნისტებისთვის ეს ხელსაყრელი „გამონათებაა", ე.ი. მადლი სხვა კონფესიებშიცააო ამბობენ. სწორედ ამგვარ „ქარიზმატულ საზღვრებს" ჩაუყარა საფუძველი თავის დროზე დეკანოზმა გიორგიმ (ფლოროვსკი). სწორედ მან შემოიღო „ნაწილობრივი მადლის" ტერმინი და საღვთისმეტყველო რელატივიზმს ჩაუყარა საფუძველი, რაც ერთხმად აიტაცეს მოდერნისტ-ეკუმენისტებმა.
აქედან მომდინარეობს ვარლამიზმისა და მოდერნისტების მსგავსებაც.
ამრიგად, ისიხასტებში მოქმედებს და მკვიდრობს მადლი ღვთისა, ვით ხელთუქმნელი ნათელი, ძალა. ხოლო „საყოველთაო", „გარეგნული" მადლი მოქმედებს არამართლმადიდებლებშიც არა იმიტომ, რომ ისინი არიან ქრისტიანები, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები არიან. გარეგნული მადლი კი ყველას მოიცავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს (საყოველთაო, გარეგნული) ონტოლოგიაა და არა ეკლესიოლოგია. ის ადამიანში გარეგნულად მოქმედებს და არა შინაგანად.
მოდერნისტი მიიჩნევს, რომ არამართლმადიდებლებშიც მადლია, თუნდაც ნაწილობრივი (ჯერ გაუგებარია რას ნიშნავს ნაწილობრივი, ან როგორ შეიძლება ნაწილობრივ ცხონდეს ადამიანი). მაგრამ, თუკი ჭეშმარიტი „სარწმუნოებისაგან განდგომილნი" მაინც რჩებიან მადლის მოქმედების ქვეშ, მაშინ რატომ უნდა მოექცეს მართლმადიდებლობაზე? მხოლოდ იმიტომ, რომ აქ მადლი „მეტია", ვიდრე იქ? ამით მოდერნისტ-ეკუმენისტი ირიბად აღიარებს, რომ სულაც არ არის მართლმადიდებლობაში გადმოსვლის აუცილებლობა, ჩვენ ყველას „ნაწილობრივი" მადლი გვაქვს, ჩვენ „მეტი", თქვენ „ნაკლები", რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ ყველა ერთად შევადგენთ მადლის სისავსეს, უნივერსალურობას, რაც მათი მსოფლმხედველობით ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობაც „ნაკლულოვანია".
ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია პრინციპულად განასხვავებს შინაგან (მაცხოვნებელ) მადლს გარეგნულისაგან (საყოველთაო), ისევე როგორც ხელთუქმნელს ქმნილისაგან, განღმრთობილს გაამსოფლიურებულისაგან. (გაგრძელება...)
1 Св. Григорий Палама. Жития, творения, учение. Иг. Дионисий (Шленов). http//www.bogoslov.ru.29/648.html.
2 Св. Григорий Палама. Вопросы к Фаласию. N6.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე