ეკლესიის ისტორიის ყველა ეპოქაში წინაგანსაზღვრულობის კონცეფცია, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არასდროს კარგავდა საღვთისმეტყველო აქტუალობას. ის, მოციქულების პერიოდიდან დაწყებული ბოლო დროების საღვთისმეტყველო ტენდენციებით დამთავრებული, არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული.
ჩვენი მხრივ, მასში ოთხ ძირითად ვერსიას გამოვყოფდით: 1) პელაგიური, 2) კალვინისეული, 3) სინერგიული (მოდერნისტული) და 4) ავგუსტინეული (ორთოდოქსული).
1. პელაგიური წინაგანსაზღვრულობის კონცეფციის თანახმად, ყველა ადამიანი, ვინც აკეთებს კეთილ საქმეებს, საკუთარი ძალისხმევით წინაგანსაზღვრულია ცხონებისკენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ წინაგანსაზღვრულობა მთლიანად განპირობებულია კაცობრივი საქმით, რაც არსებითად არის პირდაპირი უარყოფა წმ. წერილის სწავლებისა: „... რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ სინანულად ცოდვილთა" (მათ. 9. 13).
მართალია, ცხონების საშუალება ყველას მიეცა, მაგრამ პრაქტიკულად ამის გაკეთება ადამიანს საკუთარ ძალებზე, „სიკეთეებზე" დაყრდნობით, ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე, არ ძალუძს. ამიტომ ძველი აღთქმის მართლებიც კი (და არა განურჩევლად ვიღაც - რაღაც სიკეთის მკეთებლები) მიდიოდნენ ჯოჯოხეთში. ეს ნიშნავს, რომ პირველქმნილი ცოდვა, სწორედ რომ დაღუპვისკენ წინასწარგანსაზღვრული, ფუნქციურად მოქმედებდა ადამიანის დაცემულ მოდგმაში.
(რომ არა ღვთის მადლის, ახალი ადამის განკაცება).
მაგრამ ღმერთს ადამიანის დაცემა წინასწარ არ განუსაზღვრავს, ეს მისი ნებაყოფლობითი არჩევანია, რასაც მოჰყვა სამართლიანი სასჯელი ცოდვისათვის. ვინაიდან ცოდვას ასეთი დიდი ძალისმიერი ზეგავლენა ჰქონდა კაცობრიობაზე, საჭირო შეიქნა ღვთის თვითუფლებრივი ჩარევა, თვით ძე ღვთისას განკაცება, რათა რჩეულნი (ცხონების მსურველნი) წინაგანესაზღვრა ცხონებისაკენ, ე.ი. აღმოეფხვრა რღვევა, რომელიც ადამის დაცემის შემდეგ კაცობრიობას დაეუფლა.
ცხადია, ეს განგება ღვთისა ვერ აღესრულებოდა პელაგიური კონცეფციის, ე.ი. ადამიანის პიროვნული „დამსახურებების, სიკეთეების" მეშვეობით.
2. კალვინისეული წინაგასაზღვრულობის კონცეფცია „ორმაგი" წინაგანსაზღვრულობით გამოირჩევა (ცხონებულების და წარწყმედილების). მასში წინაგანისაზღვრა არა ცოდვა, არამედ თავად პერსონები, ისინი, ვინც მომავალში ჩაიდენენ ცოდვას - ე.ი. პიროვნება წარსაწყმედელად წინაგანსაზღვრულია თავად ცოდვის ჩადენამდე, რითაც ბოროტების საწყისად თავად შემოქმედი სახელდება და არა დაცემული ქმნილება. ცოდვით დაცემის დეკრეტში კალვინი წერს: „ღმერთმა არა მხოლოდ წინასწარ იცოდა პირველი ადამიანის დაცემა, ხოლო მასში მთელი შთამომავლობისა, არამედ მას ეს თავად სურდა".1
მისი აზრით, „ღმერთი აქტიურად წინაგანსაზღვრავს ზოგს - ცხონებისაკენ, ზოგს კი - წარწყმედისკენ. ღმერთი არ ქმნის ადამიანებს ერთნაირი მდგომარეობით. ჩვენ ვამბობთ, რომ წინაგანსაზღვრულია იგი ან სიკვდილისთვის, ან ცხოვრებისთვის".2
ამრიგად, კალვინიზმში წინაგანსაზღვრულობაზე არსებითად არც არის საუბარი, იმიტომ რომ ადამიანის ყველა მოქმედება (კეთილიც, ბოროტიც) თვითუფლებრივად წინასწარვე გადაწყვეტილი აქვს ღმერთს.
3. სინერგიული (ნახევრადპელაგიური, მოდერნისტული) წინაგანსაზღვრულობის თანახმად, ღვთის მადლის „თანაშემწედ", „დამხმარედ" მიიჩნევა ადამიანის სათნოებები, რომლებიც მოიზიდავენ მადლს, ე.ი. არსებითად თავად (საკუთარი სიკეთეებით) განსაზღვრავენ საკუთარ ცხონებას (რომ არა მათი ძალისხმევა და მიღვაწეობა, მადლიც ვერაფერს გახდებოდა). აქაც (როგორც პელაგიანობაში), ცხონების პირველმიზეზი არის ადამიანის ბუნებრივი სათნოებები, რისთვისაც მადლი ამ ადამიანს დამსახურებისამებრ აჯილდოებს. აქ ღვთის მადლს არსებითად მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება; პავლე მოციქულის თქმით: „მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად" (რომ. 11. 6). ე.ი. რაღა მადლია, თუკი ის დაცემული ბუნების მიერ საკუთარი ძალისხმევით (და არა ღვთის შეწევნით) აკეთებს „სიკეთეს" და „იმსახურებს" მადლს?!
მაგალითისთვის მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) საღვთისმეტყველო მოდერნიზმისეული ხედვა გავიხსენოთ:
„დასავლეთში გაბატონდა პავლე მოციქულის ტექსტის (რომ. 8. 28-30) ნეტარი ავგუსტინესეული განმარტება. წმინდა მამა მოციქულის სიტყვებს თითქოს იმგვარად იაზრებდა, რომ ღმერთმა იმთავითვე განუსაზღვრა ზოგიერთ ადამიანს ცხონება, ხოლო ზოგს - წარწყმედა. კიდევ: თითქოს ადამიანის თავისუფალ ნებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ცხონებისათვის. მისი აზრით, ცხონებისთვის წინაგანსაზღვრულია ყველა ის პირი, რომელსაც ღმერთი აძლევს სარწმუნოებას და თუკი ღმერთი აძლევს ამას, მაშინ ადამიანის ნება მას ვერ შეეწინააღმდეგება. (ზოგს ასწავლის სარწმუნოებას, სხვას - არა)". (Августин. О предопределении святах. 8. 14. Р1. 44. 971).
„ვინაიდან ყველა ადამიანი, ადამის კვალდაკვალ, სამართლიან ბრალეულობას დაექვემდებარა, შედეგად აღარც არანაირი საყვედური ღვთის მისამართით არ შეიძლება არსებობდეს" (იქვე, ავგუსტინესთან).
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამბობს ი. ალფეევი, ღმერთი თუ არავის აცხოვნებდა, მას ვერავინ უსაყვედურებდა ამის გამო. რაც შეეხება იმ საკითხს, ღმერთი რატომ ირჩევს ერთს და არა მეორეს, ამის პასუხი საერთოდ არ უნდა ვეძებოთ, ვინაიდან „გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი" (რომ. 11. 33).3
საღვთისმეტყველო მოდერნიზმი იოლად ცდილობს ამოცანის გადაწყვეტას. საამისოდ კალვინიზმისეული და ავგუსტინისეული სწავლების გაიგივებას ლამობს (ი. ალფეევი).
კალვინისეული კონცეფცია უკვე განვიხილეთ და დავინახეთ მისი ნეგატიური ხასიათი, რაც საფუძველშივე განსხვავდება ავგუსტინისეულისაგან (რაზეც ბოლოს ვისაუბრებთ).
მიტროპოლიტის (ი. ალფეევი) სწავლების თანახმად, გამოდის, რომ დასაშვებია ღვთისადმი საყვედურიც, შენიშვნაც, „თუკი ის ნამდვილად არავის აცხოვნებდა" (თითქოს ამას არ იმსახურებდეს დაცემული კაცობრიობა, რომ არა ღვთის გამომსყიდველი მსხვერპლი და მოწყალება).
ი. ალფეევის ჰუმანიზმი ვერ ითმენს, ვერ ეგუება ნეტარი ავგუსტინეს კატეგორიულ პოზიციას, კერძოდ იმას, რომ ღმერთს შეუძლია აცხოვნოს ან არ აცხოვნოს ადამიანი. ხოლო თუკი „არ აცხოვნა არავინ", მაშინ მან რატომაც არ უნდა უსაყვედუროს ღმერთს?! მეტიც: „გამართლებულია და სამართლიანია" მისი ლოგიკა.
ნეტარი ავგუსტინე უბრალოდ ციტირებს პავლე მოციქულს, რაც ადასტურებს ჩვენს ეჭვს, ე.ი. ფარულ საყვედურს ღვთის მისამართით საეკლესიო მოდერნისტის მხრიდან.
4. ნეტარი ავგუსტინეს კონცეფციის თანახმად, აუცილებელია საღმრთო შემოქმედების მიერ ჩამოყალიბებული და დაცემული ქმნილებების მიერ დარღვეული წეს-განგების აღდგენა. ანგელოზების მნიშვნელოვანი ნაწილის დაცემის მიუხედავად, მათი დიდი ნაწილი მაინც განაგრძობდა ღვთის დიდებას; ხოლო ადამიანის შემთხვევაში, ყველა დაეცა, ამიტომაც გახდა საჭირო ქრისტეს განკაცება და მსხვერპლი, ცხონების მსურველთა გადასარჩენად. ნეტ. ავგუსტინე წერს:
სხვა გონიერი ქმნილება, კაცობრიობა, წარწყმედილი ცოდვასა და უბედურებაში, როგორც მემკვიდრეობითი, ისე პირადი ცოდვებით, კვლავინდებურ მდგომარეობაში დაბრუნების მიზნით უნდა აღდგენილიყო ანგელოზების ხარისხში, როგორც მკვდრეთით აღმდგარ წმინდანებს აღუთქვა: „სწორ ანგელოზთა და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი" (ლუკ. 20. 36).4
ნეტარი ავგუსტინეს წინაგანსაზღვრულობის კონცეფციაში, როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, მადლის ერთგვარი გაიგივებაა ცხონებულებთა წინაგანსაზღვრულობასთან. სწორედ ესაა ორთოდოქსული გააზრება ამ საკითხისა, რაც გამორიცხავს „ორმაგ" წინაგანსაზღვრულობას (ერთის ცხონებისა და მეორეს წარწყმედისა). მადლი უთუოდ არის წინაგანსაზღვრულობა სიკეთისაკენ.
მოდერნისტების მხრიდან კრიტიკის ძირითად სამიზნედ უთუოდ უნდა მივიჩნიოთ ნეტ. ავგუსტინეს მსჯელობა, რომ ადამისა და ევას დაცემის შედეგად მთელი კაცობრიობა მოექცა ამ წყევის ქვეშ. შესაბამისად, ყველა შთამომავალს ერგო მემკვიდრეობითი ხრწნადობა და სიკვდილი. ე.ი. რამდენი ადამიანიც იბადება ამქვეყნად, ყველა ბრალეულია ადამის ცოდვაში.
„პირველი ადამიანის ცოდვის გამო მთელი კაცობრიობა იბადება დამსახურებული სასჯელით და ვერავინ განთავისუფლდება მისგან (ამ ბოროტებისაგან) მეორე ადამის სამართლიანი წყალობის გარეშე".5
იოლი მისახვედრია, რომ სწორედ ეს პუნქტი არის განსაკუთრებით მიუღებელი საღვთისმეტყველო მოდერნიზმისთვის თავისი ჰუმანისტურ-გნოსტიკური ანთროპოლოგიის გამო.
ამრიგად, პირველქმნილი ცოდვა ნეტ. ავგუსტინესა და ეკლესიის კრებსითი ცნობიერებისათვის (კართაგენი 418 წ. ეფესო 431 წ.) ჩვენ მიერ განხილული საკითხების ერთგვარ საზომად გამოდგება.
ნეტარი ავგუსტინეს აზრით, სხვაა ცოდვაში საყოველთაო ბრალეულობის, ე.ი. ღვთის დაშვების წინაგანსაზღვრულობა და სხვაა წინაგანსაზღვრულობის აღსრულება, ვით პირადი ნების გამოვლენა. ისევე როგორც ორთოდოქსული ღვთისმეტყველება განასხვავებს „მაცხოვნებელი" მადლის წინაგანსაზღვრულობას (Предопределение) დანარჩენი წინამოსამზადებელისაგან (Предверяющая), სადაც პირველი მოქმედებს მხოლოდ რჩეულებში, ხოლო მეორე - ყველა ადამიანზე.
ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ოთხ შეხედულებას, ვერსიას შორის ჭეშმარიტი უთუოდ ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაა, რომელიც სრულ თანხვედრაშია პავლე მოციქულის, ღირსი იოანე დამასკელის, აღმოსავლეთის პატრიარქებისა და მთლიანად მართლმადიდებლურ სწავლებასთან. (გაგრძელება...)
1 Калвин. Ж. Наставления в христианской вере. Т. 2. Кн. III. С. 404.
2 Смирнов. Д. 3. Калвин. Православная Энциклопедия. Т. 29. С. 650.
3 Митр. Иларион (Алфеев). Учение Апостила Павла о предопределении к спасению. (На основе послания к Римлянам).
4 Блж. Августин. Об истинной религии. Теологический Трактат. М. 1999. С. 25.
5 Блж. Августин. О предопределении святых. С. 322.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია