სამყაროს შემოქმედმა ადამიანის ბუნება შექმნა ჯანსაღად - „ხატად და მსგავსად თვისად". მაგრამ ქმნილმა იგემა ცოდვის ნაყოფი და ცოდვით დაზიანდა. მას შემდეგ ადამისაგან დაბადებული ყოველი ადამიანი საჭიროებს მკურნალს, რადგან ის სნეულია: „რა-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი (ადამი) იგი წარხდა, აჰა, ესერა იქმნა ყოველივე ახალ" (2. კორ. 5. 17).
პირველქმნილი ცოდვის შედეგად ცოდვამ ადამიანის მთელი არსება, მთელი შემადგენელი განმსჭვალა, მოიცვა, მათ შორის ბუნებრივი ნებაც. შესანიშნავად აღწერს დაცემული ადამიანის მდგომარეობას წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი):
„ადამიანმა ცოდვის ჩადენით, ე.ი. ბოროტების პრაქტიკული შეცნობით, საკუთარი თავი მოწამლა. შხამმა სხეულის ყველა ნაწილში შეაღწია, სულის ყველა ძალი და თვისება მოიცვა: ცოდვისმიერი სნეულებით დაზიანებულია სხეულიც, გულიც და გონებაც.
ცოდვის შედეგად ყოველი ადამიანი მიეცა რღვევას. მასში ყოველი უმართებულოდ, სიცრუისა და თვითგანდიდების ზეგავლენით მოქმედებს... სიღრმისეულია ჩვენი დაცემა, ადამიანების ერთობ მცირე ნაწილი იაზრებს თავს დაცემულ ადამიანად, რომელიც საჭიროებს მაცხოვარს (მკურნალს)...
საკუთარი ნებით მოწეული ბოროტების გამიჯვნა ბუნებრივი სიკეთისაგან ადამიანისთვის შეუძლებელი შეიქნა. ბოროტებამ ადამიანის საწყისებში შეაღწია: „ადამიანი ისახება უსჯულოებაში, იბადება ცოდვაში".1
ღვთაებრივი პავლე მოციქულის ეპისტოლეთა, შეიძლება ითქვას, ძირითადი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ „ადამში ყველამ შევცოდეთ" და ვსაჭიროებთ მეორე ადამის მიერ ცოდვისაგან განთავისუფლებას:
„ამისთვის, ვითარ-იგი ერთი მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს". (რომ. 5. 12).
„ვითარცა ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასასჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათვის ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებლად ცხოვრებისა" (რომ. 5. 18).
„რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღვთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა". (რომ. 3. 23-24).
როგორც ვხედავთ, არავინ გამოირიცხება, იმიტომ რომ, ვერავინ გამართლდება, თუკი არ ირწმუნა ქრისტესი და ნათლისღების მეშვეობით არ გახდა მისი (სხეულის) ეკლესიის წევრი. ამიტომაა ნათქვამი „ყოველი", რათა არ გვეფიქრა, რომ ვინმე ცხონდებოდა სხვაგვარად და სხვა საშუალებით, გარდა თქმულისა (მართლმადიდებლური ნათლისღებისა).
ნეტარი ავგუსტინე კარგად განმარტავს ამ ვითარებას:
„როდესაც ვამბობთ, ერთი გრამატიკის მასწავლებელია ქალაქშიო, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ისწავლის გრამატიკას, არამედ იმას, რომ ვერავინ ისწავლის, თუკი ის არ ასწავლის. ასევე ვერავინ გამართლდება მათ გარდა, ვინც განამართლა ქრისტემ".2
ამრიგად, ადამიანი ვერ განთავისუფლდება ცოდვებისაგან მაცხოვნებელი მადლის მოქმედების გარეშე. მარტოოდენ კაცობრივი ნება არაა საკმარისი, რომ არ სცოდო.
კვლავ პავლე მოციქულს მოვუსმინოთ: „რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვყოფ" (რომ. 7. 15).
ე.ი. ადამიანები აკეთებენ იმას, რაც არ სურთ. სურვილი მასთანაა, მაგრამ სიკეთის აღსრულება - არა. სად ჩანს აქ ის ადამიანური უნარები, შესაძლებლობები, თავის დროზე პელაგი რომ ირწმუნებოდა, დღეს კი მოდერნისტები რომ ღაღადებენ თითქოს სიკეთე, კეთილი თვისებები განუყრელია ადამიანის ბუნებისაგან?!
მავანი მიიჩნევს, რომ პავლე მოციქულის ორთოდოქსული სწავლება „ცოდვით საყოველთაო დაზიანების" შესახებ უკიდურესობებისაკენ გადახრად განიმარტებოდა დასავლეთის ეკლესიის მიერ ნეტარი ავგუსტინეს პერიოდში. მაგრამ პავლე მოციქულის სწავლების სრულად შესატყვის განმარტებას ვპოულობთ წმ. კირილე ალექსანდრიელის შემოქმედებაშიც:
„თვალსაჩინოა, რომ სხეული თავის თავში ტანჯვით (мучительно) შობს ცოდვას. პავლე მოციქული ბრძნულად აღიარებს, რომ თუმც გვსურს კეთილის ქმნა, მაგრამ ჯერ არ გვაქვს მისი აღსრულების შესაძლებლობა. ვინაიდან სხეული უნებლიედ აიძულებს გონებას უკან დახევას, რომც არ სურდეს ეს მას. შესაბამისად, გონების სურვილია იყოს ცოდვის მიღმა, მაგრამ ის განიცდის გარდაუვალ ძალადობას, ბრალეულობა ამის გამო, ბუნებრივია უნდა დაეკისროს არა გონებას, არამედ მას, რაც იწვევს ადამიანის ბუნებაზე ზეწოლას",3 ე.ი. ცოდვას.
რადგან პირველქმნილი თუ ნებისმიერი პირადი ცოდვის ბრალეულობა ყველა ადამიანს პერსონალურად ეკისრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩადენილი ცოდვა იყო ნებაყოფლობითი, აღსრულებული საკუთარი ნებით, რომელიც გახდა ბოროტი, განურჩევლად იმისა, განდგომა ღვთისაგან იყო „ძალადობრივი" თუ:
1) გარეგნული (ეშმაკისაგან), ან 2) შინაგანი - დაცემულ ადამიანში მცხოვრები „ცოდვის კანონისაგან".
ამრიგად, მადლის გარეშე ვერავინ იკურნება. ავხორცული ზრახვა, ვნებიანი მდგომარეობა არსებითად მტრობაა ღვთისა. კვლავ პავლე მოციქულს დავესესხოთ:
„რამეთუ ზრახვაი-იგი ხორცთაი მტრობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალუძს, რამეთუ რომელნი-იგი ხორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალუძს" (რომ. 8. 7-8).
ცხადია, აქ საუბარია აცხორცულ ზრახვაზე და არა სიბრძნეზე, რომელიც გარდამოდის ზეგარდამო. „ხორცში" მყოფებად მოციქული იმას არ გულისხმობს, რომ ადამიანი ჯერ ცხოვრობს ხორცში, არამედ იმას, რომ ცხოვრობს ავხორცულად, რასაც მომდევნო მუხლში თავად განმარტავს მოციქული: „აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ხორცთა, რათა ხორციელ სცხონდებოდენ" (რომ. 8. 12).
პავლე მოციქულის ეპისტოლეების სწავლება და ამ სწავლების წმ. მამებისეული განმარტებები გვარწმუნებს, რომ დაცემული კაცობრივი ბუნებისათვის განუყრელია ცოდვისაკენ მიდრეკილება. ამიტომაც გაიძახის პავლე მოციქული მთელი მსოფლიოს გასაგონად: „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?" (რომ. 7. 24).
1 Св. Игнатий Брианчанинов. Слово о различных состояниях естества человеческого по отношению к добру и злу. Полное Собрание Творений. М. 2001. С. 332.
2 Блж. Августин. О природе и благодати. §. 48.
3 Св. Кирил Александрийский. Толкования на послания к Римлянам. 2019. Т1. С. 39.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია