2. რავენა, კიეტი, ალექსანდრია
ამდენად, პაპისტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი, ხოლო მართლმადიდებლებისთვის მეტად დამაზიანებელი სამი ნაბიჯი: „რავენა, კიეტი, ალექსანდრია" გადადგმულია.
ზემოხსენებულ დოკუმენტებში ძირითადი აქცენტი რომის პაპის პრიმატსა და მისი (პაპის) კრებსითობასთან დამოკიდებულებაზეა გამახვილებული. რავენასა და კიეტის შეხვედრები პირველ ათასწლეულს „განუყოფელი ეკლესიის ეპოქას" ეხებოდა. (იხ. Текст Равенны. П. 41. 2007 წ.). ცხადია, ეს ფორმულირება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ დღეს თითქოს აღარ არსებობს ერთიანი განუყოფელი ეკლესია, ე.ი. მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიჩნევა ერთადერთ ჭეშმარიტ აღმსარებლობად.
რავენის დოკუმენტში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „არ არსებობს კრებსითობა პირველობის გარეშე". ასევე აღინიშნა, რომ პირველობისა და კრებსითობის განხორციელება სამ სხვადასხვა (ადგილობრივ, რეგიონალურ და გლობალურ) ეკუმენისტურ დონეზე მიმდინარეობს.
კიეტის დოკუმენტი (2016 წ. იტალია) არ ღალატობს, პირიქით, განაგრძობს და ავითარებს რავენის „შეთანხმების" სულისკვეთებას. მართლმადიდებლებმა და რომაელ-კათოლიკებმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ დოკუმენტს სახელწოდებით „კრებსითობა და პირველობა პირველ ათასწლეულში, როგორც გზა ერთიანი ეკლესიის მსახურების საყოველთაო გააზრებისთვის".1 ეს დოკუმენტიც გადავსებულია ერეტიკული შეხედულებებით. მაგალითად, მეორე პარაგრაფში საუბარია „მრავალფეროვნების ერთიანობაზე" (единство в разнообразии). ეს მკაფიოდ პროტესტანტული ხასიათის ერეტიკული სწავლება გახლავთ.
ალექსანდრიის დოკუმენტი ეკუმენისტურ წრეებში საგრძნობლად წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა, ვინაიდან მასში მეორე ათასწლეულის ეპოქა განიხილება (ე.ი. პერიოდი, როდესაც მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის ევქარისტიული ურთიერთობა აღარ არსებობს, ხოლო დოგმატური ცდომილებები პაპისტების მხრიდან ეპოქიდან ეპოქამდე ემატებოდა).
ალექსანდრიის დოკუმენტი, რომელზეც ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებთ, კრებსითობის უცნაურ მოდელს გვთავაზობს - „ისტორიის ერთიან გადახედვას". თითქოს ამგვარი „გადახედვის" შედეგად მყისიერად ყველაფერი თავის ადგილზე დგება. გაუგებარია, თუკი მართლმადიდებლობა უკვე კრებსითია, რანაირად უნდა გახდეს ის მეტად კრებსითი? მითუმეტეს იმ ფონზე, რომ რომის პაპის პირველობის თეზა რავენას შეხვედრამდე მორიგი დოკუმენტის სახით იქნა მიღებული.
ამრიგად, აღნიშნული დოკუმენტების უმოკლესი შეფასებითაც კი ირკვევა, რომ პაპისტებისა და „მართლმადიდებელი" ეკუმენისტების ამოცანა სამი საღვთისმეტყველო თეზით განხორციელდა:
1) რავენა: კრებსითობა არ არსებობს პირველობის გარეშე.
2) კიეტი: „პირველობა" მსოფლიო (საყოველთაო) მნიშვნელობისაა.
3) ალექსანდრია: შეიქმნა ისეთი „კრებსითი" ეკლესია, რომელიც გადალახავს „ორი ეკლესიის" პრობლემებს.
საქმე ისაა, რომ რავენის დოკუმენტს წინ უსწრებდა პაპ ბენედიქტ XVI-ს განცხადება (კურია), სადაც კათოლიკური ეკლესია ერთადერთ ჭეშმარიტ ისტორიულ ეკლესიადაა სახელდებული, ხოლო პაპთან ურთიერთობაში არმყოფი ეკლესიები „ნაკლულოვანად" იწოდება.
„კათოლიკე ეკლესია" არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც დააარსა ქრისტემ ისტორიაში...
„კათოლიკური ეკლესია" ფლობს ეკლესიოლოგიურ განუმეორებლობას, ხოლო ყველა დანარჩენი „ეკლესიები", რომელთა ეპისკოპოსები არ იმყოფებიან პეტრეს მემკვიდრეობასთან ურთიერთობაში, ასეთი ეკლესიები „ეკლესიოლოგიურად ნაკლულოვანი" არიან.2
ჩვენთვის ეს დოკუმენტი იმითაა საინტერესო, რომ მკაფიოდ ავლენს: ეკლესიებად მიიჩნევენ მხოლოდ მათ, ვინც პაპთან ურთიერთობაში იმყოფება. ყველა დანარჩენი, ე.ი. მართლმადიდებელი ეკლესია (ფარული კათოლიკებისა და ეკუმენისტების გარდა) ეკლესიოლოგიურად „ნაკლულოვანია" და არ გააჩნია ეკლესიის მახასიათებელი ელემენტები.
ცნობილია, რომ რავენის შეხვედრის თავმჯდომარეს, პერგამელ მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) იერუსალიმის ეკლესიის სინოდმა გაუგზავნა წერილი, სადაც ითხოვენ განმარტებას: როგორ შეიძლება აღნიშნული პაპისტური დოკუმენტი აღქმულ იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ? (2007 წ. 8 ოქტომბერი), მაგრამ რავენის დოკუმენტში ამ კითხვის საპასუხო განმატება არ გაკეთებულა.
ამრიგად: გვსურს „კურნება" და „სრულფასოვანი ეკლესიის წევრობა"? უარი თქვი მართლმადიდებლურ კრებსითობაზე, დოგმატებზე... და რა პრობლემაა?! ნუთუ ამის შემდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანის სინდისი გულგრილად უნდა ეკიდებოდეს მსგავს დოკუმენტებს?!
მოვლენების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეკლესიის კრებსითი ცნობიერების ნგრევა. კერძოდ: შემოთავაზებულია ორი, დასავლური და აღმოსავლური პრიმატის თეორია ცენტრებით რომსა და კონსტანტინოპოლში (პირველი თანასწორთა გარეშე). გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტანტინოპოლის პატრიარქს „დამორჩილებული" ადგილობრივი ეკლესიები დაექვემდებარებიან რომის პაპს, როგორც ეკლესიის თავს. (გაგრძელება იქნება...)