როდესაც ვსაუბრობთ მოდერნიზმის ფენომენის შესახებ, უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე არ გვაქვს რაიმე სისტემურად ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობასთან. ის სხვადასხვა კუთხით, შეხედულებით გამორჩეული მოვლენაა. ამიტომ, როდესაც ვახსენებთ მოდერნიზმს, ვგულისხმობთ მოდერნისტებს, ე.ი. პიროვნებებს, პერსონებს, რომლებიც საღვთისმეტყველო საკითხების განხილვისას უპირატესობას არა მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილებას, არამედ საკუთარ კერძო აზრს (თეოლოგუმენს) ანიჭებენ, ანუ: ინდივიდი ავითარებს ისეთ შეხედულებას, რომელიც ეკლესიამ არ გაითავისა, რადგან მცდარად მიიჩნია. მაგრამ მოდერნისტი ამით არ კმაყოფილდება, ირჩევს რა სახელმძღვანელოდ თეოლოგუმენს (კერძო აზრს), ის ცდილობს დაამკვიდროს საკუთარი შეხედულება. თუკი ეს ადამიანი ნიჭითაა და „ქარიზმით" გამორჩეული პერსონაა, მაშინ უთუოდ შეეცდება ჩამოაყალიბოს საკუთარი მოდერნისტული მიმართულება და ის „მართლმადიდებლობად" წარმოგვიჩინოს. ასე ჩამოაყალიბეს თავიანთი საღვთისმეტყველო მიმართულებები გ. ფლოროვსკიმ, ს. ბულგაკოვმა, ა. შმემანმა, ი. ზიზიულასმა და სხვა მოდერნისტებმა.
ასე რომ, მოდერნისტი უკიდურესი ავტონომიზმით გამოირჩევა, წინა პლანზე აყენებს საკუთარ გამოცდილებას, შეხედულებას, შემოქმედებით დამოკიდებულებას სამყაროსადმი. მოდერნისტები ხაზგასმით არ უარყოფენ ჭეშმარიტებას, ამაშია მათი „მომხიბვლელობა". ასე რომ არა, მოდერნიზმი იოლად შესაცნობი ერესი იქნებოდა. ერესი აშკარაა და მრავალფეროვანი (პელაგიანობა, ორიგენიზმი, ქილიაზმი, ეკუმენიზმი და ა.შ.). აი, მოდერნისტი კი „შეფუთვის" დიდოსტატია, ამიტომ ძნელად შესაცნობიც.
მრავალი კეთილსინდისიერი მართლმადიდებელი შეცდა მოდერნისტის ორგვარი სახის გამო:
1) ერთი მხრივ, ის შეიძლება მოგვევლინოს ანტიპაპისტად, ანტიეკუმენისტადაც კი (ა. ხრაპოვიცკი, ი. ვლახოსი).
2) მეორე მხრივ, შემოგვთავაზოს საკუთარი მოდერნისტული მიმართულება („ზნეობრივი მონიზმი", „ნეომართლმადიდებლობა").
ისმის შეკითხვა: ნუთუ მართლმადიდებელი შეიძლება არ იყოს ორიგენისტი, მაგრამ იყოს პელაგიელი (ნეოპელაგიელი)?
ამიტომ ვამბობთ, რომ მოდერნისტი უცნაური პერსონაა, ცდილობ იპოვო მისი „უგუნურობის" ზღვარი და ვერ პოულობ.
მოდერნისტი იცნობს მართლმადიდებლობას, მაგრამ ის მიუღებელია მისთვის. მან უკვე გაიგო მართლმადიდებლობის შესახებ და „აიცრა" თუ „აიჭრა" მასზე, რაკი შინაგანად ადოგმატისტია. ადოგმატისტები ფორმალურად კი არ უარყოფენ დოგმატების არსებობას, ისინი დოგმატების განახლებისა და განვითარების ლოზუნგებით არიან აღჭურვილნი და უარყოფენ დოგმატთა ზუსტი ფორმულირების შესაძლებლობას. ამიტომ ადოგმატიზმი მჭიდრო კავშირშია „დოგმატების განვითარების" შესახებ მოდერნისტთა საერთო იდეასთან.
დეკანოზი მ. პამაზანსკი ამასთან დაკავშირებით შენიშნავს:
„დოგმატი კი არ ვითარდება, არამედ დოგმატური სფერო ვითარდება ეკლესიის ისტორიაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მრავალია სარწმუნოებრივ განსაზღვრებათა რაოდენობა, რომელთა ზუსტი ფორმულირება მსოფლიო კრებებზეა დადგენილი. ეკლესიის მუშაკობა დოგმატური სწავლების ზუსტ გადმოცემაში, განმარტებასა და გამყარებაში მიმდინარეობდა, რაც დადასტურებულია წმინდა წერილითა და წმინდა გარდამოცემით, მათი (დოგმატების) საყოველთაოდ აღიარების ვალდებულებით. დოგმატური ჭეშმარიტების მოცულობა არსებითად ერთი და იგივე რჩება. მაგრამ არამართლმადიდებლური შეხედულებებისა და სწავლებების შემოჭრის შედეგად, ეკლესიამ მართლმადიდებლური დოგმატების მეშვეობით სანქცირებულად უარყო ერეტიკული შეხედულებები".1
ასე რომ, მოდერნისტი იცნობს მართლმადიდებლობას, მის დოგმატურ სწავლებას და უარყოფს მას. მან მშვენივრად იცის, რომ წუთისოფელი სულიერად ავადაა, მაგრამ მაინც ამასოფლის რეცეპტებს გვთავაზობს ეკლესიის „განსაკურნებლად".
მოდერნისტი ბუნებით მზრუნველია, მრავალი რამ აინტერესებს. სამწუხაროდ, მან ეს სენი, ინიციატივები ეკლესიას დაუკავშირა. ერთი სიტყვით, მოდერნისტი ეკლესიაში დაკავებულია იმით, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული: სიახლის შემოტანით, რევოლუციური აზროვნებით.
მოდერნისტის აქტიურობა გამოწვეულია მისი შინაგანი მოუსვენრობით. იგი ადვილად ბადებს შფოთს, თანაც არა მხოლოდ მოდერნისტში, არამედ საზოგადოებაში. ამიტომ მოდერნისტი - რევოლუციონერია ეკლესიაში. ის არსებობს, „სუნთქვას" ამ შფოთით, მოუსვენრობით. სხვაგვარად: ის სულიერი არსებაა, რომელმაც უარი თქვა მადლმოსილ წყაროზე - ეკლესიის უცდომელ სწავლებაზე. მას შინაგანად სურს შექმნას „ეპოქალური" უწესრიგობა, „ამხილოს" ეკლესიის წიაღში არსებული ნაკლოვანებები. და ამ „აქტივობას" ეკლესიური ცხოვრების განვითარებაში შეტანილ წვლილს უწოდებს. მაგრამ სინამდვილეში, ის ჩვეულებრივი მეამბოზეა, რომელიც „თავის დროს" ელოდება და უთუოდ გამოაჩენს ნამდვილ სახეს.
მოდერნისტი თითქოს გამუდმებით სცენაზეა - პოზიორია, ცდილობს პუბლიკას მოაწონოს თავი საკუთარი ფსევდომართლმადიდებლური ხედვებით. გარკვეულწილად ეს გამოსდის კიდეც, ვინაიდან პათოლოგიურ საუბარს პათოლოგიური მსმენელიც მოეძებნება. გნოსტიციზმით (აღრეული ცნობიერებით, რელიგიურ-წარმართულ-ათეისტური შეხედულებებით) დასნეულებული საზოგადოება იოლად იღებს ამ „სულიერი ავანტიურისტების" მოწოდებებს ეკლესიის გამოსწორებისა და გამოცოცხლების შესახებ.
ამ ნიშნით მოდერნისტი მოურიდებელი რადიკალია, მსახიობური ნიჭით გამორჩეული და ზუსტად იცის, როგორ იმოქმედოს საზოგადოების ემოციებზე.
და ბოლოს: მოდერნისტი გამუდმებით კომპრომისის ძიებაშია. ის განუწყვეტლივ ცდილობს შეათავსოს შეუთავსებელი, იმიტომ რომ, ეს მისთვის „ნორმალურ ცხოვრებაში" დაბრუნების, ადაპტაციის საშუალებაა, რისთვისაც ყველანაირი მანიპულაცია დასაშვებია. ამიტომ მას შეუძლია მოგატყუოს და უსინდისოდ გიყუროს თვალებში. (გაგრძელება...)
1 Прот. М. Помазанский. Догматическое развитие. Благодатный огон. ру.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია