საღვთისმეტყველო მოდერნიზმში ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი პრინციპები, საიდუმლოებები სახეცვლილი ვარიაციებითაა შემოთავაზებული. სოტერეოლოგიური თვალსაზრისით მთავარი დარტყმა გამოსყიდვის დოგმატისა და პირველქმნილი ცოდვისკენაა მიმართული - ისინი ხომ მეორეს გარეშე არ მოიაზრება. ამ ნიშნით, ნათლისღების საიდუმლოს მადლმოსილების მართლმადიდებლური სწავლება ერთ-ერთი საფუძველია, რომელიც უნდა მოიშალოს. სწორედ ამ მიზნით მოდერნიზმში სამი ნაკადია მომძლავრებული:
1) „ზნეობრივი გამოსყიდვის თეორია", სადაც ქრისტეს ჯვარცმის მსხვერპლი ოდენ ადამიანებისადმი „სიყვარულის მოწმობაა" (ა. ხრაპოვიცკი, ს. სტრაგოროდსკი), მეტი არაფერი.
2) „ორგანული გამოსყიდვის თეორია", რომლის მიხედვითაც პირველქმნილი ცოდვისაგან არ თავისუფლდები ნათლისღების დროს. (ი. რომანიდისი, ი. ვლახოსი).
3) ნათლისღება ჭეშმარიტ საიდუმლოდ რჩება ყველა კონფესიაში, განურჩევლად მისი სარწმუნოებრივი (დოგმატური) ცდომილებებისა (ი. ზიზიულასი... ყველა ეკუმენისტი).
„ახალ ღვთისმეტყველებაში", სახეცვლილი რწმენისა, თუ საერთოდ რწმენის არარსებობის გამო, ზემოხსენებული სამი სახის მოდერნისტთაგან არც ერთს არ ძალუძს სიღრმისეულად გაიაზროს, გაითავისოს, თუ რა არის ღვთის მადლი, როგორ მოქმედებს ის ადამიანში. ამიტომ მოდერნიზმის სამივე მიმართულების წარმომადგენლები ორი ძირითადი პრინციპის ირგვლივ ერთიანდებიან:
1) გნოსტიკური ნიჰილიზმი გამოსყიდვის დოგმატისადმი, კერძოდ: უარყოფილია პირველქმნილი ცოდვის კატასტროფული ონტოლოგიური შედეგები და ის „იურიდიზმადაა გამოცხადებული (ეს საერთო მახ ასიათებელია ნეოპელაგიანელების, ნეოქილიასტების, ე.ი. მოდერნისტ-ეკუმენისტებისათვის).
2) ნეოწარმართული ჰუმანიზმი - რწმენა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების, თვითსრულყოფის შესახებ, სადაც ღმერთი განყენებულია და ცენტრალური ადგილი გაკერპებულ ადამიანს უკავია.
ბუნებრივია, მოდერნისტები გრძნობენ, რომ საჭიროა თავიანთი ფსევდოქრისტიანული პოსტულატების გამყარება, რათა არა ღმერთი, არამედ ადამიანი წარმოაჩინონ ყოველივეს საზომად. მათი „ზნეობრივი", „ორგანული" თვითშემოქმედება, მთელი „ახალი ღვთისმეტყველება" გამეტებით ლამობს გადასხვაფერდეს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსყიდვის დოგმატი, ვინაიდან „ძველი", მამებისეული სწავლება თურმე არ შეესაბამება „ახალი მამების" შეხედულებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ცნობიერებისათვის კატეგორიულად მიუღებელია ძირითადი ქრისტიანული ჭეშმარიტება, რომ მხოლოდ ქრისტეს ჯვარცმასა და სიკვდილს მოაქვს ადამიანისთვის ცოდვათა მიტევება, რომ ნათლისღებით, ქრისტეში სიკვდილით (სამგზის შთაფვლით), ფაქტობრივად ნათელღებული ჭეშმარიტად განიწმინდება ცოდვებისაგან და ქრისტეში თანამკვიდრი ხდება.
„ახალი მამებისთვის" ქრისტეს ტანჯვას, ვნებას და თვით სიკვდილსაც არ ენიჭება უმთავრესი მნიშვნელობა ადამიანის ცხონებისათვის, არამედ ზოგისთვის ის:
1) მხოლოდ ღვთის სიყვარულის მოწმობაა ადამიანისადმი. მხსნელი სოფლისა „მოწმის" სტატუსით შემოიფარგლება და მისი ტანჯვის მიზეზი მხოლოდ იმაშია, რომ ადამიანს ჰქონდეს ნიმუში, მზა იდეალი, მაგალითი ზნეობრივი განვითარებისათვის. (ა. ხრაპოვიცკი, ს. სტრაგოროდსკი).
2) ნათლისღებით მხოლოდ ეკლესიის წევრი ხდები და არაფერ შუაშია იქ პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლება. (ი. ვლახოსი, ი. რომანიდისი).
3) ნებისმიერი კონფესიის ნათლისღება ჭეშმარიტია. (ი. ზიზიულასი).
მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, წმინდა ნათლისღების საიდუმლო არის სულიერი დაბადება მადლში ღვთის მიერ. ჯვარზე ქრისტეს სიკვდილით ნათელღებულს ენიჭება მაცხოვნებელი მადლი, ე.ი. ცოდვათა მიტევება. იმ წუთებში ადამიანი ღვთის მარადიული დიდების თანამკვიდრი ხდება. ამასთან, წმინდა საიდუმლოს მოქმედება არ გახლავთ რაიმე წარმოსახვა, ალეგორია ან მხოლოდ გასააზრებლად ბოძებული რიტუალი, არამედ ის (ნათლისღება) არსებითია, ჭეშმარიტია, ადამიანი ნამდვილად განიწმინდება ცოდვებისაგან ღვთის მადლის მეშვეობით.
წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს: „ნათელღებული თავისუფლდება სასჯელისაგან, წყდება მონობის ჯაჭვი, უერთდება ღმერთს, მონური დამცირების ნაცვლად ანგელოზთა თანასწორი ხდება".
წმ. იოანე ოქროპირიც ასე ფიქრობს: „იმისათვის, რომ აღეხოცა ცოდვა, მაცხოვარი ნებაყოფლობით მოკვდა... ცოდვა მიემსჭვალა ჯვარზე, ჯვრის მეშვეობით ცოდვები განადგურდა".1
„ახალი ღვთისმეტყველები" კი მიიჩნევენ: „თუკი ადამიანს ნათლისღებით მიენიჭა სრული განახლება, განწმენდა, მაშინ ის სხვისი ზეგავლენის უნებლიე ობიექტი გახდება. ამგვარად მიღებული გამართლების არსი არა მისი (ადამიანის) სულიერ ფერისცვალებაშია, არამედ მისი ცხოვრებისთვის, ნებისთვის მიმართულების მიცემაში. ნათლისღება მხოლოდ იმ დონემდე განამტკიცებს ადამიანის შემართებას, რომ ის თავად იწყებს ცოდვის შეძულებას".2
ამრიგად, „ზნეობრივი მონისტების" აზრით, ადამიანი ემბაზიდან გამოდის არა საკუთარი ცოდვებისაგან განთავისუფლებული, არამედ უნარით, თავად წარმართოს საკუთარი თავი სიკეთისაკენ. ამგვარი შინაგანი, რევოლუციური ნებელობით შეებრძოლება იგი ცოდვისმიერ უწმინდურობას, პირველქმნილი ცოდვა იქნება ეს თუ პირადი ცოდვების ნაირსახეობა. ცოდვისაგან განთავსუფლება არა რეალობად, არამედ შესაძლებლობად აღიქმება: „რადგან განწმენდა-გამართლება არა მადლმოსილების, არამედ ზნეობრივი მოქმედების საქმეა, თუკი მისი არსი მხოლოდ ადამიანის ცხოვრების მიმართულების შეცვლაშია, რომელიც არა იმდენად მადლით, არამედ ადამიანის ნებელობით რეალიზდება".3 მაშინ, ცხადია გამოდის, რომ ნათელღებულის განწმენდისათვის სულაც არ არის საჭირო გოლგოთის მსხვერპლი, პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლება, ვინაიდან ადამიანის გამართლება (ცხონება) დამოკიდებული ხდება არა ღმერთკაცის გამომსყიდველ მსხვერპლზე, არამედ ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ შემართებაზე, რომელსაც თვითსრულყოფის რესურსით უნდა მიაღწიოს.
მოდერნისტები ვერ ეგუებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების რეალურ მნიშვნელობას გოლგოთის მსხვერპლის შესახებ, რომელიც განწმენდს ადამიანს ცოდვისაგან. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იგნორირდება ადამიანის „შემოქმედებითი" უნარები, ზნეობრივი კანონები, სადაც ყველაფერი „ბუნებრივად", „ორგანულად", „ადამიანურად" უნდა ხორციელდებოდეს.
ეს ჰგავს სოციანელების (XVI ს.) სწავლებას, რომლის მიხედვითაც გადარჩენა, ცხონება თავად ადამიანის ზნეობრივი ძალებით ხორციელდება და ქრისტეს ჯვარცმა არა გამომსყიდველი მსხვერპლის, არამედ მხოლოდ ღვთის მზაობის გამოხატულებაა საბოლოოდ შეუნდოს ადამიანს ყველა შეცოდება. აქედანაა „ზნეობრივი" და „ორგანული" გამოსყიდვის თეორიები. რომლებმაც უნდა დაჩრდილოს „იურიდიზმად" სახელდებული - ჭეშმარიტი გამოსყიდვის სწავლება. (გაგრძელება...)
1 ციტ. Budiveren.com. Новые богословы.
2 Митр. Серги (Страгородский). Православное учение о спасении. С. 15.
3 იქვე. გვ. 15.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია