მოდერნისტების თავბრუდამხვევი მეთოდების გამოსააშკარავებლად არ კმარა მოდერნიზმის ზედაპირული განხილვა. არც ის ფიქრია გამართლებული, რომ თითქოს ის არც ისეთი სახიფათო მოვლენაა, როგორადაც სურთ წარმოადგინონ ანტიმოდერნისტებს. საკითხში სერიოზული ჩაღრმავება ნათელს ჰფენს იმ მზაკვრობას, რომელსაც (ნაცარის თვალებში შეყრის პრინციპით) ავლენენ მოდერნისტები მართლმორწმუნეთა საცთუნებლად.
მაგალითად: ე.წ. „დასავლური ტყვეობისაგან" მართლმადიდებლობის განთავისუფლების მიზნით მოდერნისტები შეუდგნენ ისეთი დასავლური საღვთისმეტყველო თეზების მხილებას, რომლებიც სინამდვილეში მართლმადიდებლური შინაარსისაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველი ათასწლეულის მანძილზე დასავლეთი მართლმადიდებლური იყო და რომ იმ პერიოდის დასავლეთის ეკლესიის წმინდა მამათა (გრიგოლ დიოლოღოსი, ნეტარი ავგუსტინე, ირინეოს ლიონელი და სხვა) საღვთისმეტყველო ნაშრომები მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანესი საგანძურია.
მოდერნისტების მზაკვრობა შემდეგშია: მხილების საგანი არა გამოკვეთილი ერეტიკული სწავლებებია (მაგ. ფილიოქვე, პაპის უცდომელობა, პრიმატი და ა.შ.), არამედ ისეთები, რომლებსაც გარკვეული მართლმადიდებლური საფუძვლები გააჩნიათ. (მაგ. ადამის ცოდვა, ესენციალიზმი, სქოლასტიკა და მისთ.) და რომელთა „ნაკლოვანებები" დღემდე არც ერთ წმინდა მამას და ავტორიტეტულ კრებას არ აღმოუჩენია.
მოდით კონკრეტულად განვიხილოთ, რა „ახალი პრობლემები" აღმოაჩინეს ნეოღვთისმეტყველებმა კათოლიციზმში.
ცნობილი მოდერნისტი ი. მეინდორფი ნეტარ ავგუსტინეს კათოლიკურ ღვთისმეტყველად წარმოჩენის მიზნით ამბობს: „ბერძენი წინაპრები, როგორც წესი, პიროვნებას (პირს) თავისი საღვთისმეტყველო სისტემის ცენტრში აყენებენ, ხოლო ნეტარი ავგუსტინეს კონცეფცია არა პირს, არამედ არსს (არსებას) ეფუძნება".1
მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში „პირის" (პიროვნების) „არსზე" (არსებაზე) უპირატესად წარმოჩენის გზით, ი. მეინდორფი „პერსონალიზმის" მოდერნისტული მიმართულების დამკვიდრებას ცდილობს ღვთისმეტყველებაში. თან იმგვარად, რომ ნეტარი ავგუსტინეს მართლმადიდებლური სწავლება (ესენციალიზმი - ლათ. Essention. არსი, არსებითი, ყოფიერი. Сущность) კათოლიციზმად წარმოაჩინოს. საქმე ისაა, რომ ტერმინი ესენციალიზმი თავის თავში მოიაზრებს გარკვეულ არსს (არსებულს, ყოფიერს, ყოფას), რომელსაც თვისებებისა და ხარისხის უცვლელი ერთიანობა (ერთობა) აკავშირებს. კონცეფციაა, რომ გარკვეულ საგანს თავისი სიღრმისეული რეალობა, ჭეშმარიტი ბუნება გააჩნია, რომელსაც პირდაპირ ვერ განჭვრეტ და მნიშვნელოვანია მისი დაფარული არსი. (ვიკიპედია).
„პირის" „არსზე" უპირატესად წარმოჩენით ი. მეინდორფი გვეუბნება, რომ პიროვნული, ინდივიდუალური, შემოქმედებითი შეხედულებები „არსებითზე" (უცვლელი და მარადიულ თვისებებზე) უპირატესია.
იმავე მეთოდს მოგვიანებით მიტროპოლიტი ი. ვლახოსიც მიმართავს:
„ჩემს მიერ მამებისეული, ასევე დასავლურ-სქოლასტიკური, ესენციალიზმის ფილოსოფიისა და რუსული ღვთისმეტყველების შესწავლის წყალობით დავასკვენი, რომ ეს ტერმინები ტრადიციული მართლმადიდებლურ-პატრისტიკული თვალსაზრისით პრობლემურია. სინამდვილეში, ვინც მათ ეყრდნობა, ემიჯნება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ან დიფერენცირდება მისგან".2
როგორც ვხედავთ, ნეტარი ავგუსტინე ი. ვლახოსის აზრით, „ემიჯნება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას", ხოლო თავად (და მისი თანამოაზრე მოდერნისტები) ეკლესიის „შუქურებად" გვევლინებიან.
იგივე შინაარსი იკვეთება კრეტის კრების დოკუმენტების განხილვისას:
„დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ისეთმა იერარქებმა და ღვთისმეტყველებმა, რომლებიც შეძლებენ სათანადო ტერმინოლოგიების შემოწმებას, რათა ტექსტი არ იქნეს შედგენილი ნეოსქოლასტიკური, ესენციური და მეტაპატრისტული სულისკვეთების მიხედვით".3
გაუგებარია, რატომ ებრძვის მიტროპოლიტი ესენციალიზმს (თეორიაში უცვლელი და მარადიული თვისებების არსებობას)? როგორ მოვიქცეთ, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმეტყველება თავიდან ბოლომდე მთლიანად ესენციურია, ანუ უცვლელი, მარადიული მახასიათებლების მქონეა? ნუთუ ის, რომ ღმერთი არის არსებითი (Сущность), არ უნდა ვახსენოთ?
როგორც დასაწყისში მოგახსენეთ „არსებითის" დაკნინება და „პიროვნულის" წინ წამოწევა საიმისოდ სჭირდებათ, რომ საკუთარი, კერძო საღვთისმეტყველო შეხედულებები (პერსონალიზმი) მართლმადიდებლურ სწავლებად წარმოაჩინონ, ხოლო მართლმადიდებლური (ესენციალიზმი) - კათოლიციზმად.
საქმე ისაა, რომ ეს „მეთოდოლოგიური ფანდი" არც თუ ისე უწყინარი მოვლენაა შემდეგი მიზეზების გამო:
1) ახლებურად განისაზღვრა აქამდე ეკლესიისთვის პრობლემად არმიჩნეული ტერმინები, რითაც წმინდა მამებზე წინ დააყენეს საკუთარი თავი.
2) იგნორირებულია (ან ნაკლებად პრობლემურადაა მიჩნეული) მართლაც ერეტიკული სწავლებები კათოლიციზმისა.
3) რაც ყველაზე სახიფათოა: შემოაქვთ ახლებური გააზრება თავად მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა, როდესაც პერსონალიზმი მართლმადიდებლურად ცხადდება, ხოლო წმინდა მამათა სწავლება კათოლიციზმად.
1 И. Меиндорф. Пасхальная тайна. Статьи по Богословию. М. 2013. С. 613.
2 И. Влахос. Богословский кризис и случаи его в современной жизни. Онтологическое и сущностное.
3 И. Влахос. Границы и условия для успешного проведения святого и великого всеправославного собора. Apologet.spb.ru.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე