კათოლიკური სარწმუნოების განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ დოგმატურ ცდომილებებზე, არამედ მის პრაქტიკულ ცხოვრებაზეც. ლათინებთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტას ჰქონდა არა მხოლოდ დოქტრინული, არამედ სულიერი, ასკეტური საფუძვლები, საიდანაც არსებითად მომდინარეობს (ყალიბდება) უშუალოდ დოგმატური სისტემები.
ასე რომ, განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის ძალიან დიდია და მრავალწახნაგოვანი. მოვიხმოთ მაგალითი.
ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა კათოლიკურ სამყაროში გახლდათ პაპი ფრანცისკი ასიზელი. მის ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევდა მსოფლიოში დიდებისა და პატივის მოპოვების ძლიერი სურვილი. მაგრამ ეს სურვილი არა და არ უსრულდებოდა. გავიდა ხანი და პაპი ჯვარცმასთან ხანგრძლივ ლოცვას შეუდგა, საიდანაც ესმოდა ხმები და მრავალი ხილვაც ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი „ხილვის" დროს ფრანცისკს მოესმა ხმა, რომელმაც მოუწოდა აღედგინა მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი კათოლიკური ეკლესია. მაშინ მიხვდა იგი, რომ ამქვეყნადვე მოიხვეჭდა დიდებას, ვით ღმერთი.
ყურადსაღებია, რომ მისი სულიერი ცხოვრება სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე მიმდინარეობდა, რაც ერთ-ერთი ნიშანია ხიბლისა. წმინდა მამები ამბობენ: ვინც არ ცხოვრობს მორჩილებით, ის ვერ მოიპოვებს თავმდაბლობას.
ამის შემდეგ ფრანცისკი შეუდგა აქტიურ ქადაგებას. ის მუდმივად სხეულის მოძრაობით, უფრო ჟესტებით, ვიდრე სიტყვით, ქადაგებდა, რომელიც ხან ტირილის, ხან კი სიცილის თანხლებით მიმდინარეობდა და რასაც ხალხის მხრიდანაც იგივე რეაქცია მოჰყვებოდა.
ღვთის რწმენის დაკარგვის საერთო ფონზე, რითაც იმდროინდელი კათოლიკური სამყარო გამოირჩეოდა, ფრაცისკ ასიზელი შეიპყრო იდეამ - მიემსგავსოს ქრისტეს გარეგნული სახით. სწორედ მაშინ დაიბადა ცნება, რასაც შემდეგში „წმინდა სიღატაკის სათნოება" ეწოდა, ანუ „ქრისტეს მიბაძვის" მოპოვება. სინამდვილეში, მოხდა ისე, რომ კათოლიკებმა არა ქრისტეს, არამედ ფრანცისკს მიბაძეს. მეტიც: ფრანცისკმა განაცხადა, რომ „სხვებისთვის ევნო და სხვისი ცოდვების გამოსყიდვას უნდა მიუძღვნას თავისი ცხოვრება". ამის გამო მრავალი მისი მოწაფე და ახლობელი მიიჩნევდა, რომ „ის იყო ახალი ქრისტე მოსული სოფლად, კაცთა საცხოვნებლად", რომ „ძე ღვთისა კვლავ გარდაიქმნა ძე კაცად".
მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის ცხადზე უცხადესია, რომ ამგვარი დამოკიდებულება მძიმე სულიერი ხიბლის მანიშნებელია. მაგრამ კათოლიკური სამყაროსათვის პირიქით, „დიდი სიწმინდის" გამოვლინება შეიქნა.
საბოლოოდ, პაპმა ფრანცისკმა მოიპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ნატრულობდა - პატივი და დიდება, რომელიც ყალბი სათნოებებით იყო შენიღბულ-შემკული. ის უკვე გრძნობდა თავისი სიტყვისა და „სასწაულების" ძალას მასებზე. შედეგმაც არ დააყოვნა: ის გახდა „მეორე ქრისტე", პაპი, „მთელი მსოფლიოს ადამიანთა მხსნელი". ამიერიდან ქრისტეს ხილვა ფრანცისკის ხილვის ბადალი გახდა მრავალთათვის.
როგორც მოგახსენეთ, ფრანცისკს სიჭაბუკიდანვე ჩაესმოდა ხმები, რომლებიც უბრძანებდნენ მას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. სწორედ ამ გარემოებას უნდა მივაქციოთ ჩვენ სერიოზული ყურადღება. საქმე ისაა, რომ, ფრანცისკოს არ ჰყავდა მოძღვარი, ხოლო იდეები, გონებაში რომ მოსდიოდა ლოცვის დროს, მან თავად შეთხზა ხმების ჩასმენის, კარნახის თუ გავლენა-ზემოქმედების საფუძველზე. ლოცვის დროს მას ხშირად ხედავდნენ ისტერიულ მდგომარეობაში და, ნიშანდობლივია, რომ, ყველა, მასთან მყოფი, ასევე იწყებდა ისტერიულ ტირილს.
ხიბლისმიერი ლოცვით ეგზალტირებული მრევლი მას ქრისტედ მიიჩნევდა, ხოლო „თავად ისეთი სიტკბოებით აღავსებდა მათ, რომ ყველანი უგრძნობლად ეცემოდნენ იატაკზე, ვითარცა მკვდარნი" (მისი ცხოვრებიდან).
მსგავსი უცნაური ხილვებითა და „სასწაულებით" მისი მოწაფეებიც (ი. ვერნა, ძმა მასეოსი) გამოირჩეოდნენ, რაც იმის ნიშანია, რომ სულიერი ხიბლის მდგომარეობა უკიდურეს ნიშნულს აღწევდა - ეშმაკისეულ ხილვას ღვთის გამოცხადებად მიიჩნევდნენ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი წერდა: „ვისაც ჰგონია, ღმრთის მადლით ვარ სავსეო, სინამდვილეში ვერასოდეს მოიხვეჭს მადლს... ის, ვინც თავის თავს მადლმოსილ ნიჭებს მიაწერს, ამ „წარმოდგენით" აბრკოლებს საღმრთო მადლის შემოსვლას და ფართოდ უღებს კარს ცოდვასა და დემონებს".1
პაპი ფრანცისკის „ხილვები", „სასწაულები" სწორედ ცრუმისტიკური პრაქტიკის შედეგი იყო. ერთ-ერთი ასეთი ლოცვის დროს მას დიდი ხნის ნატვრა აუსრულდა - ეჩვენა ორი დიდი ნათელი, ერთში მან ღმერთი შეიცნო, ხოლო მეორეში - საკუთარი თავი. ქრისტეს მიმსგავსება, რომლისკენაც ფრანცისკი მთელი ცხოვრება მიილტვოდა, როგორც იქნა აუსრულდა. მან თავის თავი ღვთის სწორად დაინახა. სწორედ ამ ხილვის შემდეგ, მისი მოწაფეები მას „ახლად განკაცებულ ქრისტედ" მიიჩნევდნენ.
მეორე უცნაურობა, რომელიც ფრანცისკის ეგზალტირებას თან ახლდა, იყო სხეულზე ნაიარევები, სტიგმები, თითქოს ქრისტეს ვნების იარების მსგავსი.
ყოველივე ეს, ნუ დაგვავიწყდება, ემართება სინანულის არმქონე ადამიანს, მეტიც - მაშინ, როდესაც მისი გონება მიილტვის „მაღალი", „მჭვრეტელობითი" მდგომარეობისკენ.
კათოლიკების აზრით, ეს მადლიერების გამოხატულება იყო, ხოლო მართლმადიდებლური სწავლებით მას ეშმაკისეული ხიბლი ეწოდება.
ფრანცისკ ასიზელის ამგვარმა „ასკეზამ", „მისტიკამ", თავის პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც თავად დაეუფლა განცდა, რომ „ის თვით ქრისტეა", ვის მიმსგავსებასაც დიდი მონდომებით ცდილობდა.
წმ. მამები კატეგორიულად უკრძალავენ მოღვაწეს ხილვის მიღებას, გნებავთ და თუნდაც ეს ხილვა მართლაც ჭეშმარიტი იყოს.
წმ. გრიგოლ სინელი ამბობდა: „უფალი არ განგვირისხდება, თუ ხიბლის შიშით უკიდურესი სიფრთხილით მოვეკიდებით ჩვენ თავს. ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუკი ამ შიშის გამო ნამდვილად მის მიერ მოვლენილ ხილვასაც არ შევიწყნარებთ... პირიქით, აქებს ადამიანს ასეთი გონიერებისთვის".2
ფრანცისკ ასიზელის მისტიციზმი, ისევე როგორც ლათინების სწავლება, მთლიანად აცდენილია ჭეშმარიტებას.
წმ. მამათა სწავლების თანახმად, რაც მეტად უახლოვდება მოღვაწე ღმერთს, მით უფრო მეტად გრძნობს საკუთარ ცოდვილობას. ფრანცისკი კი ფიქრობდა: რაც მეტად მიუახლოვდებოდა ღმერთს, თავადაც ღმერთის სწორი გახდებოდა. ეს კი ეშმაკისეული ხიბლის კლასიკური ნიმუშია. (გაგრძელება...)
1 წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. ხიბლისათვის.
2 წმ. გრიგოლ სინელი. ხიბლისათვის. გვ. 228.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია