ათეისტ-ევოლუციონისტთა არგუმენტები, უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილოა, უმეტესად საკუთარ თავს ეწინააღმდეგება და სულაც არ ღირს მათთან კამათი. მაგრამ თუ ამ თეორიაში ღვთის რწმენის ელემენტებიც გაერევა, მაშინ ევოლუციური თეორია გაცილებით უფრო მეტ აზრს იძენს. ამიტომ ყველა თანამედროვე, გაწაფული ევოლუციონისტი გარკვეულწილად „რელიგიურია", ხოლო მრავალ „ქრისტიან ევოლუციონისტთა" შორის ზოგიერთს მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის რეპუტაციაც კი აქვს მოხვეჭილი. ამჯერად სწორედ ასეთ „ქრისტიან ევოლუციონისტთა" შეხედულებებს განვიხილავთ.
„ქრისტიან ევოლუციონისტთა" შორის უდაოდ ყველაზე საპატიო ადგილი ტეიარ დე შარდენს ეკუთვნის. ის მეცნიერიც იყო და „მისტიკოსიც". მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) აზრით, „საკვირველი ის იყო, რომ მას ერთნაირად მიაგებენ პატივს როგორც კათოლიკი ღვთისმეტყველები, ისე მეცნიერები. თავისი ევოლუციური იდეოლოგიის განვითარებაში ის სამ სტადიას ხედავს".
უპირველესად, ესაა კოსმოგენიზმი - არასულიერი ბუნების ევოლუცია; მეორეა ბიოგენეზი - ბიოლოგიური ევოლუცია და მესამეც - ნოოგენიზი - ადამიანის აზროვნების განვითარება.
ევოლუციის დროს, ტეიარის აზრით, ხდება ერთგვარი უნივერსალური გამოცხადება კაცობრიობისათვის. ამ გამოცხადებას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიარებს განურჩევლად იმისა, ქრისტიანები არიან ისინი, ათეისტები, დეისტები თუ სხვა. ყველაფერი, მათ შორის რელიგიაც, ევოლუციურად უნდა იქნეს გაგებულ-გააზრებული.
ტეიარის შეხედულებები აერთიანებს ღმერთსა და ქვეყანას, სულიერსა და მიწიერს ერთიან ჰარმონიულ და ყოვლისმომცველ პროცესში. მას სწამდა, რომ „ცხოვრება აღარ უნდა ვეძიოთ „ამა ქვეყნის განშორებაში", არამედ მისი აღშენების აქტიურ „მონაწილეობაში"."
მისი აზრით, თანამედროვე სამყარო - ეს არის ევოლუციის სამყარო. ამიტომ, მსგავსად ახალი ფიზიკისა, უნდა გამოჩნდეს ახალი ქრისტიანობა. გავიდა ის დრო, როდესაც ღმერთს შეეძლო ჩვენთვის თავს მოეხვია თავისი ძალაუფლება, - ამბობს ტეიარი, - ამიერიდან ქვეყანა ქედს მოიხრის მხოლოდ თავისი ევოლუციის ორგანული ცენტრის წინაშე.
ევოლუციის ამ პროცესში „ქრისტეს სხეული" იძენს ფორმას სამყაროში - ეს არ არის მართლმადიდებლობის ქრისტე, არამედ „უნივერსიუმის ქრისტეა" ან „ზექრისტე". ტეიარი (მის კვალდაკვალ დანარჩენი მოდერნისტებიც) განსაზღვრავს მას, როგორც „ქრისტესა და სამყაროს სინთეზს". ეს ევოლუციონირებადი ქრისტე გამოაცხადებს ყველა რელიგიათა ერთიანობას.
მაშინ, როდესაც სამყარო „ევოლუციონირებს" „ქრისტეს სხეულისკენ", თვით ადამიანი აღწევს თავისი განვითარების უმაღლეს წერტილს „ზეკაცობაში". ტეიარი წერს: „გამოცდილება ავალდებულებს ჩვენს ცნობიერებას, დაუშვას რაღაც უფრო დიადის არსებობა, ვიდრე ის, რასაც დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დედამიწაზე მომწიფების პროცესშია".1
შემდეგ ის ამბობს: „ადამიანის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ააშენოს და მართოს მთელი დედამიწა..., ერთადერთი, ჭეშმარიტად ბუნებრივი და მართლაც ადამიანური ერთიანობა - ეს არის დედამიწის სული... დედამიწის სული დაიწყებს გაღმერთების მზარდი სასიცოცხლო აუცილებლობის განცდას. სამყაროს ევოლუციის წიაღიდან ჩვენს ცნობიერებაში აღიმართება უფრო დიადი და უფრო აუცილებელი ღმერთი, ისეთი, როგორიც მანამდე არ არსებულა".2
ამრიგად, ტეიარ დე შარდენი ევოლუციურ ცვლილებათა გზით ახალი რელიგიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, რომელიც კოსმოსთან, დედამიწის სულთან აქვს გაიგივებული, ანუ: მისი აზრით, ღმერთი გაიგივებულია მატერიასთან, დედამიწის სულთან, შედეგად, ეკლესიაც გაიგივებულია სამყაროსთან, კოსმოსთან.
ამგვარ „სარწმუნოებრივ" ხედვებს ვაწყდებით დეკანოზ სერგი ბულგაკოვის სოფიოლოგიაში, მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის „ურთიერთობის ღვთისმეტყველებაში" ფლორენსკისთან და სხვა. მაგალითად, ს. ბულგაკოვი ამბობდა: „კოსმოსი - ეს ლიტურგიის მოქმედი ორგანიზმია", რაც ნიშნავს, რომ „კოსმოსი ეკლესიაა". მაგრამ კოსმოსს ეკუთვნიან წარმართებიც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ მოლოქსა და ბაალს; კოსმოსს ეკუთვნიან ათეისტებიც, მწვალებლები, კერპთაყვანისმცემლები და სატანისტები - ნუთუ ყველა ისინი „კოსმოსური ლიტურგიის" წევრები არიან?
როგორც ვხედავთ, ევოლუციონიზმმა ფასეულობათა ახალი სისტემა წარმოქმნა, მართლმადიდებლობისაგან რადიკალურად განსხვავებული. თუმცა მოდერნისტები მას მაინც „ქრისტიანულ ევოლუციონიზმს" უწოდებენ.
მოდერნისტი ევოლუციონისტების აზრით:
1) ღმერთი, მართალია, არსებობს, მაგრამ ის თითქოს გაუპიროვნებულია (უკეთეს შემთხვევაში), ანუ იგი ქმნის სამყაროს, ხოლო შემდეგ უკანა პლანზე გადადის და ევოლუციას უთმობს ასპარეზს. ეს წმინდა სახის დეიზმის მწვალებლობაა.
2) ღმერთი გაიგივებულია სამყაროსთან, მატერიასთან, კაცობრიობასთან. ეს კი სოფიოლოგია და ნეოგნოსტიციზმის გამოვლინებაა.
ევოლუციონისტების აზრით, სამყაროში თურმე ყველაფერი ევოლუციას ექვემდებარება, ყველაფერი იცვლება, პროგრესირებს, არ არსებობს არავითარი გამონაკლისი, არავითარი ჭეშმარიტი რელიგია. ადამიანის ევოლუციის მომავალი „ზეადამიანისა" და „ზერელიგიის" წარმოქმნაშია.
გვაინტერესებს: თუკი ევოლუციის პროცესი ღმერთმა დაიწყო (ქრისტიანული ევოლუციონიზმის თანახმად), მაშინ როგორ მოხდა, რომ მისი დასასრული ღმერთს აღარ ემორჩილება?!
რა ვუყოთ ღვთის განგებულებას, ურომლისოდაც თმის ბეწვიც არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან (ლუკ. 21. 18).
შარდენის აზრით, „ქრისტეს სხეული" არ არის მართლმადიდებლური ქრისტე, არამედ „ზექრისტეა", ევოლუციონირებადი ქრისტეა, რომელიც ოცი საუკუნის წინ ერთს ამბობდა, ოცდამეერთე საუკუნეში კი მეორეს, რომელიც საბოლოოდ ყველა რელიგიას მოუყრის თავს და გააერთიანებს.
ეს იგივე თეოსოფიაა, ბლავაცკაიას, რერიხისა თუ შტაინერის სწავლების მსგავსი, ეს პანეკუმენიზმია, რომელშიც ყველა რელიგია ცენტრისკენ მიმართული რადიუსია, ხოლო ეს „ცენტრი" კი არის ანტიქრისტე. (გაგრძელება...)
1 წიგნი შესაქმისა. ს. როუზი. ტეიარ დე სარდენი. თბ. 2008. გვ. 338.
2 იქვე. გვ. 340.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია