დეკანოზ ალექსანდრე მენის ბიბლიური კომენტარები საკმაოდ პოპულარულია თანამედროვე მოდერნისტებში. ის, რეფორმატორების კვალდაკვალ, ბიბლიის შესწავლის პროცესში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ცოდნას, ინტელექტს: ისტორიას, ფილოსოფიას, არქეოლოგიას და ა.შ. ამ მეცნიერებათა სრულ კომპლექსს, რასაც ა. მენი მიმართავს წმ. წერილის შესასწავლად, პროტესტანტიზმისაგან ნასესხები „ბიბლიის კრიტიკა" ეწოდება. მისი განსაზღვრებით, ესაა „მეცნიერება, რომელიც სწავლობს ბიბლიას, ვით ლიტერატურულ ნაწარმოებს".1
უკვე ამ საწყის პრინციპში ა. მენი ძლიერ შორდება ეკლესიის პოზიციას. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, ბიბლია ღვთის სიტყვაა, რომელიც სულიწმინდის შთაგონებით ჰყავს ავტორები - ადამიანები. წმ. პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, რომ წმინდა წერილი სწორედაც ღვთის სიტყვაა და არა ადამიანისა (1 თეს. 2. 13). ბიბლიის იდეური შინაარსი ეკუთვნის ღმერთს, ხოლო აზრის გამოხატვის საშუალება, ფორმა ადამიანს. სწორედ ამაში მდგომარეობს ბიბლიის ღვთივსულიერი პრინციპი.
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ძირითადი პრინციპის თანახმად, წმ. წერილი მხოლოდ წმ. გარდამოცემისა და წმ. მამათა სწავლების მიხედვით უნდა განიმარტოს (VI მს. კრება. მე-19 კანონი).
ასე რომ, ბიბლიის ნებისმიერი კვლევა, რაც არ არის აღიარებული ეკლესიის მიერ, უსაფუძვლო და მიუღებელია.
ა. მენის მართლმადიდებლურ სწავლებასთან უთანხმოება მისი მკაცრი, „მეცნიერული" კვლევის შედეგია. ა. მენი აცხადებს: „ჩვენი რელიგიური ვალდებულება უფრო მეტად ჭეშმარიტების ძიებაში მდგომარეობს, ვიდრე იმაში, რომ რაიმენაირად შევინარჩუნოთ ძველი წარმოდგენები".2
ა. მენი გერმანელი მკვლევარის ფ. დედიჩის კვალდაკვალ იმეორებს აზრს, რომ შესაქმეთა წიგნის თერთმეტი თავი ბაბილონური მითოლოლოგიის გადამუშავებული ვერსიაა, ხოლო თავისი კომენტარების ამოცანასაც სწორედ იმაში ხედავს, რომ გამოიკვლიოს ბიბლიის „ისტორიული საფუძვლები" და გამოყოს მისგან „ფანტაზიური" ელემენტები. ბიბლიურ სასწაულებში ა. მენი ზებუნებრივს ვერაფერს ამჩნევს, მისი აზრით, ეს მხოლოდ „ძველი პოეტური ტრადიციის მოზღვავებაა".3
ა. მენი, როგორც კლასიკური მოდერნისტი, „პარიზული სკოლის" წარმომადგენელი, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ამახინჯებს ადამის შექმნას, ცოდვით დაცემის, ქრისტეს გამოსყიდვის სწავლებას. მის ნაშრომებში ვკითხულობთ: „სამყაროს შექმნაში ქმნილი ღმერთი - შუამავალი მოქმედებდა" (არიოზელობა), თითქოს „ცოდვით დაცემამ არ შეცვალა ადამიანის ბუნება" (პელაგიანობა), „ქრისტე ექვემდებარებოდა ცოდვას და ჯვარზე უბრალო ადამიანი ივნო".4
ა. მენის მსოფლმხედველობის თანახმად ასე გამოდის:
1) ხრწნა და სიკვდილი სამყაროში ადამიანის ცოდვით დაცემამდეც არსებობდა.
2) სამყაროს უწესრიგობაში ირიბი დამნაშავე თავად ღმერთია.
ამჯერად ტ. დე შარდენის სწავლებაზე დაყრდნობით მკვლევარი ასკვნის:
„ამრიგად, გვაქვს ყველა საფუძველი ვამტკიცოთ, რომ სიკვდილი პირველწყაროში, ბუნებაში უნივერსალურია. კვდება ცოცხალი არსებები, ინგრევა მატერიები, უფასურდება ენერგია და ბნელი ქაოსისა და სიბრმავის აჩრდილი დაჰქრის სამყაროში... ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ სიკვდილი სამყაროში ადამიანმა შემოიტანა?".5
ა. მენისთვის გაუგებარია, რომ სწორედ ადამის ცოდვის შედეგად შემოვიდა სამყაროში ხრწნა და სიკვდილი, რომ ბუნებრივ მეცნიერებებს პრინციპულად არაფრის თქმა შეუძლია, გარდა, დაკვირვებისა. შემდეგ ავტორი ცდილობს შემოქმედს თავიდან ააცილოს ბრალდება: „ერთადერთი, რასაც უტყუარად გვაუწყებს რწმენა და გამოცხადება, ისაა, რომ უშუალოდ ღმერთს არ შეეძლო ბრძოლისა და ხრწნის შექმნა, რომლითაც მოფენილია სამყაროს ისტორია".6
მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამის ცოდვის შედეგად სწორედ ღმერთმა დაუშვა ხრწნა და სიკვდილი სამყაროში. „დაშვებულია" ნიშნავს, რომ სამყაროში ყოველგვარი დამახინჯებისა და ნგრევის მიზეზი მხოლოდ ბოროტი ძალებია. ღმერთი ნაწილობრივ უშვებს მათ ქმედებას, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ადამიანის სასიკეთოდ წარმართავს. ღვთის ყოვლისშემძლეობა სულაც არ კნინდება ბოროტი ძალების არსებობით. ა. მენის სიტყვებში: „ღმერთს უშუალოდ არ შეეძლო შეექმნა" იმას ნიშნავს, რომ სამყაროში ხრწნადობისა და სიკვდილის „ავტორი" მაინც ღმერთია, ხოლო „მოწინააღმდეგე ძალები" (დემონები) თითქოს შემოქმედის შუამავლებია ამ „ბინძურ" საქმეში. ეს რაღაც დუალიზმის მსგავსი სწავლებაა, სადაც „ბოროტი" და „კეთილი" ღმერთების თანასწორობაა გამოხატული.
ყველაზე სავალალო ა. მენის სწავლებაში გახლავთ ის, რომ ქრება იდეა - ცოდვა, ვით ბოროტების სათავე, პირველმიზეზი. მისი აზრით, სამყარო ადამის შექმნამდე შეიქნა სათამაშო ბნელი ძალებისთვის (ანუ სატანისთვის).
მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მარტივი გასაგებია, რომ ბოროტების საწყისი ცოდვაა, რაც ნებისმიერი ადამიანის შინაგან სამყაროში პოულობს ადგილს, რომ მხოლოდ ქრისტე ღმერთს შეუძლია შეგვეწიოს ცოდვასთან ბრძოლაში, რომ მხოლოდ დედაეკლესიაშია შესაძლებელი ცხონება.
მოდერნისტების ძირითადი ნაკლი ისაა, რომ ისინი არად აგდებენ ეკლესიის სწავლებას ცხონების შესახებ, უარყოფენ, რომ ბოროტების პირველმიზეზი, როგორც ბუნებრივ სამყაროში, ასევე ადამიანებში, ცოდვაა. ა. მენის მსგავსი განმაახლებლები ამახინჯებენ ბიბლიის სწავლებას, ხშირ შემთხვევაში უარყოფენ, რომ ქრისტე კაცობრიობის ერთადერთი მხსნელია.
ა. მენი უარყოფს ძველი აღთქმის წიგნების ნაწილს, სადაც საუბარია სამყაროს შექმნის, სასწაულების, მამამთავრების, წარღვნის ისტორიის შესახებ. ყოველივე ამას ის მითოლოგიად, უბრალოდ სტიქიურ უბედურებად მიიჩნევს. მაგალითად, წარღვნას არა კაცობრიობის ცოდვების გამო დაშვებულ ღვთის რისხვად, არამედ უბრალოდ უბედურ შემთხვევად აღიქვამს, თურმე „თავად ღმერთმა ინება დაებრუნებინა სამყარო ქაოსისკენ, რომელშიც თავიდანვე იმყოფებოდა... ამ შემთხვევაში ბოროტების ყველა გამოვლინება ერწყმის ერთმანეთს: ქაოსის საშინელება (ანუ გველი), რომელმაც აცდუნა ადამიანი ედემში და დაცემული სული, რომელმაც შეცვალა სამყაროს გეზი".7
ამრიგად, მართლმადიდებლური გარდამოცემის უარყოფით, თვითნებური განმარტებით, ა. მენი და ზოგადად მოდერნისტები ადამიანს ანტიქრისტიანული ძალების ზეგავლენის ქვეშ ამყოფებენ. ეს კი ათეიზმზე უარესი სენი - განდგომილება გახლავთ, ათეიზმზე გაცილებით უფრო დახვეწილი საცთური, სიცრუე, შერეული სიმართლესთან და ცრუ რელიგიური სწავლებები, ჭეშმარიტების სახით შემოთავაზებული.
1 А. Мен. Как читать Библию: Руководство к чтению киме верхого завета. М. с. 486.
2 А. Мен. Сын человеческий. 1990. С. 15.
3 იქვე. А. Мен. Сын человеческий.
4 А. Мен. Таинство слово и образ. 1980. Жизнь с Богом. С. 335.
5 А. Мен. Вестники царства Божия. 1972. С. 571.
6 იქვე. C. 594.
7 А. Мен. Как коментатор Св. Писания. Пр. С. Антиминсов.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია