ჩვენ დროებაში ვერავინ იტყვის, რომ ქრისტიანობა არ იჩენს აქტიურობას. იყო კი ოდესმე, ისტორიის მანძილზე, ამდენი ბიბლიური, საღვთისმეტყველო სკოლა ან მისიონერი მოღვაწე (ზოგადქრისტიანული მასშტაბით)? დღეს ხომ ათასობით ადამიანი იკრიბება საღვთისმეტყველო კონფერენციებსა თუ სიმპოზიუმზე?
მართლმადიდებელ ეკლესიაშიც და მის მიღმაც დღეს მრავლად ვხედავთ აქტიურ მისიონერებს. ისინი საკმაოდ ნიჭიერი ორატორები და თეოლოგები არიან, ენერგიას არ იშურებენ თავიანთი ცოდნისა და სულისკვეთების მსმენელთათვის გასაზიარებლად. დადიან შეხვედრებზე, განიხილავენ კინოფილმებს, სპორტულ შეჯიბრებებს, სოციალურ საკითხებს, არამართლმადიდებლურ ლიტერატურას... და ამაში ჰპოულობენ სულიერ საზრდოს.
მათი ბაგეებიდან მუდმივად ისმის მოწოდებები სიყვარულისა და მოყვასის, სხვა აღმსარებლობის ადამიანთა რელიგიურ შეხედულებების დაფასებისკენ, მაგრამ მათ ბაგეებს არა და არ დაცდება მართლმადიდებლური სწავლების პრინციპული დაცვის ქადაგება, დოგმატური სწავლებისა და წმინდა მამათა საღვთისმეტყველო განსაზღვრებების უკომპრომისო დაცვის მოწოდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერ გაიგონებთ ერეტიკოსთა მამხილებელ სიტყვას. ამ დროს, ჩვენი მოსიყვარულე მისიონერები სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ მართლმადიდებლური სწავლების ერთგულ ქრისტიანთა მიმართ. მით უფრო მაშინ, როცა მამხილებელი სიტყვა, თუნდაც ირიბად, მათაც ეხებათ.
ცოდვის თანაგრძნობა ცრუმისიონერთა გამორჩეული თვისებაა. შეხედულებათა და დოგმატურ სწავლებათა განსხვავების მიუხედავად, ისინი ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ გამართონ „სიყვარულის დიალოგი" მაშინაც, როდესაც ის დიდი ხანია საღვთისმეტყველო კანონების უხეში დარღვევით აღევლინება ერთობლივი ლოცვები ერეტიკოსებთან.
ამდენად, ვფიქრობთ, მართებულია ამ ადამიანებს ცრუმისიონერები ეწოდოთ.
ცრუმისიონერობა მოდერნისტული პროექტია, რომელიც ქრისტიანს ინტელექტუალური თუ ზნეობრივი თვალსაზრისით მინიმალურ მოთხოვნებს უყენებს. ამავე დროს, ის პროპაგანდისტული მეთოდების ნაირსახეობაა, რომელიც ყალბი რელიგიური შეხედულებებით მართლმადიდებლობის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ცრუმისიონერებში მკაფიოდაა წარმოჩენილი ისეთი უარყოფითი თვისება, როგორიცაა რელიგიური ინდიფერენტიზმი, ე.ი. მისიონერულ მოღვაწეობას სარწმუნოებრივი და დოქტრინალური საკითხებისადმი გულგრილი ადამიანები ეწევიან. (რ. ვერშილო).
არსებობს ორი სახის ცრუმისიონერობა:
1) ევქარისტიული თემის, კრებულის თეზა (ა. შმემანის „ევქარისტიული ღვთისმეტყველება" და ი. ზიზიულასის „ურთიერთობის ღვთისმეტყველება"), რომლებზეც უკვე გვქონდა საუბარი.
2) უმართებულო მეთოდებით ადამიანების ეკლესიაში შემოტყუების მცდელობა (შინაგანი განწყობის არარსებობის მიუხედავად).
საქმე ისაა, რომ ცრუმისიონერები ხშირად ქადაგებენ იქ, სადაც არ სურთ სარწმუნოების გათავისება. იდეოლოგიური თვალსაზრისით, ცრუმისიონერება გახლავთ მცდელობა, დაითანხმო ურწმუნო ირწმუნოს სარწმუნოების გათავისების გარეშე. ცრუმისიონერი ესაუბრება მათ, ვისაც არ სურს სახარებისეული ჭეშმარიტების წვდომა. შედეგად იგი შეურაცხყოფს ჭეშმარიტებას - „უგებს მარგალიტებს ღორებს". ამიტომ, თუ ქრისტიანული ქადაგება გასაგებია მათთვის, ვისაც სურს მისი მოსმენა, ე.ი. ის მისაწვდომია ყველასათვის - მსურველისა თუ არამსურველისათვის, მორწმუნისა თუ ურწმუნოსათვის. ამდენად, ის, ვისაც არ სურს იხილოს, მოისმინოს და შინაგანად გულისმხმაჰყოს, არ შეიძლება იყოს ქრისტიანული მისიის ობიექტი. რატომ? როგორც კი ის ღვთის სიტყვას მოისმენს, დასცინებს ან თავისი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებს მას. ჭეშმარიტი მისიისთვის მნიშვნელოვანია შემდეგ გარემოებათა გათვალისწინება:
1) მზად არის კი ადამიანი მოისმინოს ჭეშმარიტება?!
2) სურს კი მას ირწმუნოს ეკლესიის, თუ აპირებს ეკლესიის წიაღში ამსოფლიური მოთხოვნებისამებრ ცხოვრებას?!
ადამიანი მზად უნდა იყოს სულიერი ფერისცვალებისთვის და არა თავად ჭეშმარიტების საკუთარი ახირებისამებრ აღქმისთვის.
წმ. თეოფანე დაყუდებული ამბობდა:
„ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ ქრისტიანობაში მტკიცედ დგომის საკითხს და ქრისტიანისთვის აუცილებელ მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ, სხვისთვის სახიფათო და თავიანთთვის დამღუპველ შეცდომაში ვარდებიან: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ქრისტიანული სწავლებისამებრ განაახლონ, ისინი თვით ქრისტიანობის თავისი ნებისამებრ განახლებას, ქრისტიანობისადმი მორჩილებას კი არა, ქრისტიანობის საკუთარი შეხედულებებისადმი მორგებას ცდილობენ. რჩებიან რა უცვლელნი, ფიქრობენ, რომ წინ მიდიან და ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებსა და ეკლესიის კანონებში ცვლილებების შემოტანით სხვებსაც ხელს უმართავენ. ქრისტიანობა გადმოცემული სწავლების შენარჩუნებას მოითხოვს, ჩვენ კი ვაახლებთ და ვცვლით მას საკუთარი ნებისამებრ. ისე გამოდის, რომ არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტიანობის გამოსწორებას ვცდილობთ. ამით კი ჭეშმარიტი სრულყოფილების მიღწევის ყოველგვარი შესაძლებლობა გვერთმევა".1
ამრიგად, ცრუმისიონერი გვთავაზობს მხოლოდ იმას, რაც სეკულარული სულით გამსჭალულ ადამიანს სურს. ამიტომ, სინამდვილეში იგი არა ჭეშმარიტი სიტყვის მქადაგებელი, არამედ მასობრივი რელიგიის ერთ-ერთი ნაწილია, პროექტია. არსებითად, არანაირი მისიონერობა არ ხორციელდება, პირიქით, თავად „მისიონერი" გვევლინება სხვაგვარი სარწმუნოების (არამართლმადიდებლობის) მქადაგებლად.
ცრუმისიონერების მიზანია, ეკლესიის წიაღში დაამკვიდრონ ადოგმატური აზროვნების პრინციპი. ისინი უბრალოდ ვალდებულად მიიჩნევენ თავს, გაანადგურონ ეკლესიაში დოგმატური ცნობიერება, „იურიდიზმის" იარლიყი მიაკრან მას, სტერეოტიპად და ჩამორჩენილობად გამოაცხადონ ეკლესიის ძირეული სწავლება.
ასევე მათი მიზანია, შეიცვალოს მეთოდიკა ეკლესიაში, დამკვიდრდეს თეოლოგიური და ისტორიული საკითხების ახლებური ხედვა. ისინი მუდმივად გაიძახიან, რომ ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ უკან, წარსულისაკენ ცქერას, რომ თანამედროვე სამყარო სულ სხვა კანონებითა და რეალობით ცხოვრობს.
ცრუმისიონერი ათავისუფლებს თავის ადეპტებს მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი პრინციპების სავალდებულო დაცვისაგან. ამიტომ მათი შემოქმედება შეუთავსებელთა შეთავსების (რელიგია, პოლიტიკა, შოუ-გადაცემები და ა.შ.) მცდელობაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიწიერზე საუბრობენ ამაღლებულად, ხოლო ამაღლებულსა და სულიერზე - მიწიერად. (გაგრძელება...)
1 Св. Феофан Затворник. Письма. М. 2001. С. 57.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია