მოდერნისტები მიიჩნევენ, რომ XVIII საუკუნიდან მართლმადიდებლურმა საღვთისმეტყველო სკოლამ დასავლური დოგმატური კონცეფციების ძლიერი ზეგავლენა განიცადა. კერძოდ, სოტერეოლოგიაში (ცხონების საკითხში) შემოიღეს ანსელმ კენტერბერიერის ლათინური საღვთისმეტყველო თეორია.
ეს თეორია აგებულია იმ იდეაზე, რომ ადამიანის ცოდვამ ღმერთი შეურაცხყო და ძე ღვთისამ ჯვარზე გაღებული მსხვერპლით, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილა შემოქმედი. ადვილი საგრძნობია, რომ პირველქმნილი ადამის ცოდვა, პირველყოვლისა, იურიდიული თვასაზრისით - ვით ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაული - განიხილება. ეს, რა თქმა უნდა, მართლმსაჯული შემოქმედის შეურაცხყოფაა.
საიმისოდ, რომ ადამიანმა დააკმაყოფილოს (удовлетворил) ღვთაებრივი სიმართლე, ამ ღვთაებრივი სიმართლის ფარდი, ბადალი უნდა აღსრულდეს. კაცობრიობა ვალდებულია გაიღოს ღვთის სიდიადის შესატყვისი ერთგვარი გამოსასყიდი. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი ცოდვის მქონე, შეზღუდული არსებაა, შესაბამისად, არც გამოხსნის უნარი არ გააჩნია. ამიტომ საჭირო იყო ღვთის განკაცება და ჯვარცმა და თავისი სიკვდილით სავსებით კმარი ღვთის რისხვის დასამშვიდებელი მსხვერპლგაღება, რითაც დაკმაყოფილდებოდა ღვთაებრივი სიმართლე და შეარიგებდა ადამიანს ღმერთთან.1
როგორც გამოჩენილი დოგმატისტი წმ. სილივესტრი (მალევანსკი) ირწმუნება, გარდა ზოგიერთი ლათინური ტერმინისა (მაგ. „დაკმაყოფილება" – Удовлетворение), ლათინების ეს სწავლება მართლმადიდებლურისაგან არ განსხვავდება.
არსებითად იმავე შინაარსის სწავლებას ვპოულობთ მიტროპოლიტი მაკარის (ბულგაკოვი) „დოგმატურ ღვთისმეტყველებაში":
„მთელი საიდუმლო იესო ქრისტეს სიკვდილის შედეგად ჩვენი გამოხსნისა იმაში მდგომარეობს, რომ მან (ქრისტემ) ჩვენს ნაცვლად თავისი სისხლით, ჩვენი ცოდვებისათვის გადაიხადა ვალი ღვთის მართლმსაჯულების წინაშე, რომლის გადახდაც ჩვენ არ შეგვეძლო. მაცხოვარმა ზე, ანუ აღმატებული სიჭარბით (преизбыточествующую) გაიღო საფასური ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან: რამდენადაც დიდი და მრავალრიცხოვანია, უთვალავია მთელი კაცობრიობის ცოდვები, ამის მიუხედავად, (ისინი) შეზღუდულია თავისი ბუნებითა და რიცხოვნობით, ხოლო იესო ქრისტეს მსხვერპლგაღება, ვნება და ჯვარცმა გარეშემოუწერელი ღვთაებრივი პირისა, გახლავთ ყოველმხრივ და ყველა თვალსაზრისით მარადიული გამოსასყიდი მარადიული მართლმსაჯულების წინაშე. შესაბამისად, რაოდენ დიდი და თვალუწვდენელი არ უნდა იყოს შეურაცხყოფა ღვთის, მიყენებული ჩვენი ცოდვებით, იესო ქრისტეს მიერ გადახდილი საფასური ამის გამო შეუდარებლად და უკიდეგანოდ აღმატებულია".2
გამოსყიდვის იურიდიული თეორიის კრიტიკის ძირითადი არგუმენტები ასეთია: ღვთის არსი არის სიყვარული (და არა მართლმსაჯულება), რაც არასდროს გადადის შემცოდველის მსჯავრდებაში. ქრისტეს ჯვარი ღვთის მხრიდან სიყვარულის მსხვერპლია (და არა მსხვერპლი ღვთის მართლმსაჯულებისა). ცოდვა - სნეულებაა (და არა დანაშაული). ცხონება ადამიანის შინაგან ცვლილებაში, კურნებაში მდგომარეობს და არა გარეგნულში (კანონებში, დოგმატებში). ეს ფორმალობაა მათი გაგებით. სამართლებრივი დამოკიდებულება ღმერთსა და ადამიანს შორის სრულიად შეუძლებელია - ეს ხომ მხარეთა ერთგვარი თანაფარდობის გამოვლინებაა, რაც შეუთავსებელია შემოქმედსა და ქმნილებას შორის.
მოდერნისტ-განმაახლებლებმა კანონიკური ჩარჩოებიდან გამოძრომის ძლიერი სურვილები ვერ (არ) დამალეს თავიანთ „შემოქმედებაში". „ლათინური ტყვეობა" დააბრალეს ისეთ გამოჩენილ მოღვაწესა და დოგმატისტს, როგორიცაა მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი). სინამდვილეში კი თვითონ აღმოჩნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამების ბრალდების ქვეშ: მაკარი ბულგაკოვის სწავლება წმ. მამათა განსაზღვრებების ერთგულია.
წმ. ბასილი დიდი ამბობს: „ვინაიდან უგულებელყოფილია კანონს დაქვემდებარებული უამრავი მსხვერპლი ვით უსარგებლო, შეწყნარებულია ერთადერთი მსხვერპლი (უფლის მიერ) გაღებული ცოდვათა მისატევებლად: „... ვითარცა-იგი ქრისტემან შემიყვარნა ჩუენ და მისცა თავის თვისი ჩუენთვის შესაწირავად და მსხვერპლად ღმრთისა, სულად სურნელად" (ეფ. 5. 2) და უგულებელყო „სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაჲ და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, რომელიც ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ხორცთა მათ განწმენდისასა" (ებრ. 9. 13). ვინაიდან ერთადერთი საზღაური ცოდვისათვის - მსოფლიოს გადასარჩენად დათხეული სისხლი იმისთვის უგულებელყო პირველი, რათა დადგინდეს მეორე".3
წმ. იოანე ოქროპირიც ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს: „ქრისტემ, უმადურ და უკანონო მონებში საუკეთესო მონების საფასურით გამოისყიდა გაცილებით აღმატებულით, რომელსაც ვერც სიტყვით, ვერც აზრით მის სიდიადეს ვერ გამოვხატავთ. განა მარტოოდენ ცა, მიწა და ზღვა მოგვცა მან, არამედ რაც ყველაზე ძვირფასია - საკუთარი სისხლით გადაიხადა საფასე და ამგვარად გამოგვისყიდა. ეს არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება და არ აკნინებს სიყვარულის მოტივაციას მრავალმოწყალე ღვთისას! მან (მამა ღმერთმა) ძე გაიღო მსხვერპლად, რათა დაიცვას მონა, მხოლოდშობილი მისცა, რათა გამოისყიდოს უმადური მონები, საკუთარი ძის სისხლი გაიღო საფასურად. ოჰ, კაცთმოყვარება მეუფისა!"4
ამასვე ამბობს წმ. ათანასე დიდი, ვისი სწავლებაც ძლიერ აღიზიანებს იურიდიული თეორიის მოწინააღმდეგეთ:
„ის არის უფალი, ხილული მამაში და მასში (ძეში) მამის მხილველნი; ის, ჭეშმარიტი ძე მამისა, ბოლოს ჩვენთვის განკაცდა, რათა საკუთარი თავი მსხვერპლად მიეცა მამას და გამოვესყიდენით თავისი მსხვერპლითა და ძღვენით".5
დაბოლოს, შესაძლოა მართლმადიდებლურ დოგმატიკაში ყველაზე ავტორიტეტულ განსაზღვრებას მოვუსმინოთ ღირსი იოანე დამასკელისა, რომელიც იმავე „ბრალდებულის გამოსყიდვის" იურიდიულ ასპექტს წარმოაჩენს:
„ამრიგად, ადამიანი ღვთის მსჯავრდებით მართებულად განდევნილი სამოთხიდან, სიკვდილისათვის განწირული და ხრწნას დაქვემდებარებული, არ უგულებელყო მოწყალე ღმერთმა, მისცა რა ყოფიერება და მიანიჭა ნეტარი ყოფა, ვითარ ითქვა: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაჲ სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12). ვით ნებისმიერი მტარვალისა და მძვინვარე მხეცისაგან ადამიანის ცხოვრების მტანჯველი (терзаший). ამასთან, საჭირო იყო, რათა გამოსყიდვის მნებებელი ყოფილიყო უცოდველი და ცოდვის შედეგად სიკვდილს დაუქვემდებერებელი. გარდა ამისა, საჭირო იყო, რათა ადამიანის ბუნება განმტკიცებულიყო და განახლებულ ყოფილიყო და სათნოების გზაზე საქმით დამოძღვრილნი და განსწავლულნი გამოეყვანა ხრწნილებისაგან და მარადიული ცხოვრებისკენ წარემართა, გაძღოლოდა. ამრიგად, ის მოკვდა, დაითმინა სიკვდილი ჩვენთვის და თავისი თავი გაიღო მსხვერპლად ჩვენთვის. ვინაიდან მის (მამის) წინაშე ჩვენ ვცოდეთ და საჭირო იყო, რომ მას გაეღო სასყიდელი ჩვენთვის, რათა ამგვარად განვთავისუფლებულიყავით ბრალისაგან, რადგან უფლის გაღებული სისხლი სულაც არაა ტირანისთვის მიძღვნილი".6
აღსანიშნავია: თუკი ლათინებისა და პროტესტანტი თეოლოგების სწავლებაში ცხონებაზე საუბრისას ყურადღება ნამდვილად მარტოოდენ „ღვთის მართლმსაჯულების ცოდვით შეურაცხმყოფელი სასჯელისაგან განთავისუფლებას" ექცევა, „იურიდიული თეორიის" მართლმადიდებლური სწავლება პრინციპულად განსხვავებულია. კერძოდ: არაა მართებული პირველქმნილი ცოდვისაგან საყოველთაო გამოხსნა გავაიგივოთ ავტომატურად პირად ცხონებასთან - ეს სულაც არაა გარანტირებული არათუ ეკლესიის მიღმა მყოფთათვის, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებისთვისაც კი.
1 Свт. Ссиливестр (Малеванский). О взгляде Ансельма Кентерберийского на искупление Христа. Budiveren.com.
2 Митр. М. Булгаков. Православное догматическое богословие. СПБ. Т. 1. С. 148.
3 Свт. Василий Великий. Толкования на книгу пророкя Исаии. Гл. 1. 11.
4 Свт. Иоанн Злотоуст. Словы согласительные. Слово второе, 5. О покоянии. Беседа 8.
5 Свт. Афонский Великий. Десятье пасхальное послание. § 10.
6 Преп. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. Гл. 45. 71.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია