მსოფლიო ზნეობრივ კრიზისს რომ განიცდის ახალი ამბავი არ არის. თუკი ადრე ეკლესია გარეგნული ძალებითა და ფაქტორებით იდევნებოდა, ახლა მის წინააღმდეგ ბრძოლა შიდა (შინაგანი) ფაქტორების გამო ხორციელდება. ერთ-ერთ ასეთ გამოვლინებად ნაციონალური ნიშნით უპირატესობის ამბიცია უნდა მივიჩნიოთ.
წინა თავებში აღვნიშნეთ, რომ ეკლესია არა ნაციონალური, არამედ ზენაციონალურია. ნაციის (ეთნოსის) უპირატესობის კატეგორია ეკლესიაში არ არსებობს. მაგრამ გასარკვევია, როდის ითვლება ნაციონალური (ეთნიკური) განსხვავებულობა პრობლემად და როდის - არა.
1872 წ. კონსტანტინოპოლის კრების მიერ ბულგარეთის ეკლესიის მისამართით გამოთქმული ბრალდება გამოკვლევას საჭიროებს. მასში სწერია: „ბრალს ვდებთ ნაციონალური (ეთნიკური, ტომური) განსხვავებულობის ნიშნით გამოყოფას, რაც ხალხებსა და ქრისტეს ეკლესიაში უთანხმოების და სახარებისეული სწავლებისთვის მიუღებელია". იმთავითვე, ეს საკითხი ადგილობრივ ეკლესიებს შორის შეუთანხმებლობის მიზეზი გახლდათ.
ჩნდება შეკითხვები:
1) შეგვიძლია ჩვენ უარვყოთ ნაციონალური (ტომური) განსხვავებულობა, როდესაც ნაციონალური თვითშეგნება ისტორიული ტრადიციისა და კულტურის დაცვის ფორმაა?
2) სად გადის ზღვარი ნაციონალურ ეგოიზმსა (უპირატესობის აღიარება ისტორიული წარსულის გამო) და ქრისტიანულ მიდგომას შორის?
შეიძლება ითქვას, ნაციონალურ-ეთნიკური აღქმა ორლესული მახვილია:
ა) დაიცვა ისტორიული უფლებამოსილება, საკუთარი ეთნოსის ღირსება.
ბ) მახვილი, რომლითაც შესაძლოა დაიზიანო საკუთარი თავი, (ეთნოსი), შეურცხყო რა სხვა ეთნოსების ღირსება.
ცხადია, ქრისტიანობა არ აკნინებს ნაციის ცნებას, როგორც ასეთს: ის მიეკუთვნება იმ მიწიერი ყოფის რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ იერარქიული წეს-განგება. უმაღლესი ფასეულობა ღმერთია, მარადიული სულია, ეთნოსი დროში შეიქმნა. ნაციონალურობა, კულტურა, ცივილიზაცია და მისთანანი ამსოფლიური კატეგორიებია. ქრისტიანობა არ უარყოფს იმას, რაც ამქვეყნიურს ეკუთვნის, არამედ ნაციონალურ, კულტურულ, ტრადიციული ფასეულობათა განხულიერებას გვთავაზობს - ე.ი. ისინი დაუქვემდებაროს უმაღლეს ფასეულობას - ღმერთს, ეკლესიის სწავლებას, სულის მოთხოვნას. ამიტომ ქრისტიანმა უნდა დაიცვას მკაცრი იერარქია: სხეული ემორჩილება სამშვინველს, სამშვინველი - სულს, ხოლო სული - ღმერთს.
ამქვეყნიური (ფასეულობა) მაშინ ხდება საწინდარი მარადიულისა, როდესაც ეთნიკურ-ნაციონალური ერთობა ქრისტნიანული ტრადიციის მცველად გვევლინება. ე.ი. სხვადასხვა ეთნოსები არა საკუთარი ერის უპირატესობის, არამედ სახარების სწავლებითა და საეკლესიო სამართლით იხელმძღვანელებენ.
ცხადია, ნაციონალური, კულტურულ-ისტორიული, რასობრივი, ბიოლოგიური და სხვა განმასხვავებელი ფაქტორების უარყოფა არათუ უსაფუძვლო, არამედ ღვთის წესრიგის წინააღმდეგ გალაშქრებაა.
საინტერესოა, რას ამბობს ამის შესახებ წმინდა წერილი და წმინდა მამების გამოცდილება?
კოლასელთა მიმართ პავლე მოციქული ეპისტოლეში ვკითხულობთ: „სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთელობა, ბარბაროს, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლას. 3.11). წმინდა წერილის სწორედ ამ ამონარიდით ხელმძღვანელობდა 1872 წლის კონსტანტინოპოლის კრება ეთნოფილეტიზმის განსაზღვრებისას.
საკითხის უკეთ გააზრებისთვის უპრიანია პავლე მოციქულის ტექსტის ციტირება: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუს მიერ" (გალ. 3. 28).
ეპისტოლეების შინაარსი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ქრისტეს ეკლესია ნამდვილად ზენაციონალურია. ამავე დროს, ტექსტების შედარებისას შინაარსი არ უნდა გავიგოთ პირდაპირი, სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. მაგალითად: „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა" უნდა გავიგოთ იმ ნიშნით, რომ ცხონების საკითხში არ არსებობს ეს განსხვავებულობა. ცნობილია, რომ იერარქიული განსხვავებულობა მამაკაცსა და დედაკაცს შორის მკაფიოდაა წარმოჩენილი ეკლესიის სწავლებაში. პირდაპირი გააზრების ლოგიკას თუ მივყვებით, გენდერული თანასწორობის იდეის ირიბი გამტარებლები აღმოვჩნდებით.
ძველი თუ ახალი აღთქმის წიგნებში არაერთგზისაა ეროვნულ-პატრიოტული განწყობა მინიშნებული, როგორც წმინდანების, ასევე თვით მაცხოვრის სიტყვებში.
მოსეს ცხოვრებაში ვპოულობთ საკუთარი ერის უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინებას (გამოსვლათა 32. 10; 32. 32).
თვით მაცხოვარი ბრძანებს: „იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოსწყვიდენ წინასწარმეტყუელნი და ქვაი დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენგზის მინდა შეკრებაი შვილთა შენთა, ვითარცა სახედ მფრინველმან თვისნი მართუენნი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ" (ლუკა. 13. 34).
ქრისტეს ებრალებოდა ებრაელი ერი და ამბობდა: „მეწყალის მე ერი ესე" (მარკ. 8. 2).
პავლე მოციქულთან ვკითხულობთ:
„აწ უკუე, ვიდრე ჟამი გვაქუსღა კეთილსა ყოველთავე მიმართ, ხოლო უფროსად სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა" (გალ. 6. 10). „ხოლო უკუეთუ ვინმე თვისთა და უფროისღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაი უარყოფიეს და არს იგი ურწმუნოებისა უძვირეს" (1 ტიმ. 5. 8).
„რამეთუ ვილოცევდ მე შეუჩვენებელყოფად თავსა ჩემსა ქრისტესაგან ძმათა ჩემთათვის და ნათესავთა ჩემთა ხორციელად" (გალ. 9. 3).
გავიხსენოთ ჩვენი აღმსარებელი პატრიარქის ამბროსი ხელაიას სიტყვა: „ჩვენ თვითონ ვცდილობთ ცხოვრებაში გავატაროთ პრინციპად „კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა" - ამის გამო არ ვერევით სახელმწიფო წყობილების და მართვა-გამგეობის საქმეში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არ ვთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, მისი ინტერესების დაცვას. ყველა ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი; მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა. ამბობდა, ხშირად: „მეწყალის მე ერი ესე". „ნუ დაიდუმებთ ერთისთვის", გვეუბნება ჩვენი მოძღვარი და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება. გადაათვალიერეთ ისტორია და თქვენ დაინახავთ ამის აუარებელ მაგალითებს. მოიგონეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, თუ როგორ ესარჩლებოდნენ ხალხს ისინი, ზრუნავდნენ მისი კეთილდღეობისათვის, ებრძოდნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებას, მის უსამართლობას...
ამნაირად, როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისას. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა, და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა - პასუხისმგებლად ღვთისა, ეკლესიისა და ერის წინაშე".1
როგორც ვხედავთ, წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლებით ერებს შორის არსებული განსხვავებულობა და საკუთარი ერის ინტერესების დაცვა კურთხეულია ღვთისაგან. ერებს შორის განსხვავებულობის არარსებობა აბსურდულად ჟღერს.
მთავარია, სიყვარული საკუთარი ერისადმი არ უნდა შეიცვალოს ნაციონალური ამპარტავნებითა და სხვაზე უპირატესობის განცდით. მით უფრო დაუშვებელია ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიის ხელყოფა, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა ეკლესიის ისტორიაში, მათ შორის ჩვენი ერისა და ეკლესიის თავს.
ამაზე მომდევნო თავში ვისაუბრებთ. (გაგრძელება იქნება...)
1 წმ. ამბროსი აღმსარებელი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. „მე შევასრულე ჩემი მოვალეობა".
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია