მართლმადიდებლური ჭეშმარიტების გაამსოფლიურობის მიზნით, ეკუმენისტური განშტოებები, არსებითად, ერეტიკოსებთან შერიგების პროექტებია შემოთავაზებული. ერთ-ერთი ასეთი „პროექტი" მართლმადიდებლურ-მონოფიზიტური დიალოგი - უნია გახლავთ.
როგორც ვიცით, მონოფიზიტებმა უარყო ქალკედონის (451 წ.) მსოფლიო კრება და თავისი ერესი ჩამოაყალიბა. ეკუმენისტების აზრით, განსხვავება მართლმადიდებლობასა და მონოფიზიტობას შორის მხოლოდ სიტყვებშია. (ლექსიკა, ფრაზეოლოგია) და არა არსებითი და შინაარსობრივი. აქედან მათი დასკვნაც:
1) მონიფიზიტობა ყველაზე ახლოსაა მართლმადიდებლობასთან, იმიტომ რომ მათ საერთო დოგმატური მემკვიდრეობა აქვთ.
2) ქალკედონის დოგმატს არა სულიერი, არამედ ამსოფლიური მისტიკური მნიშვნელობა გააჩნია. (ვლ. სოლოვიოვი: ქალკედონის IV მსოფლიო კრების დოგმატის მიხედვით ქრისტეში მთელი კაცობრიობის გაერთიანება მოიაზრება).
დეკანოზი ი. მეინდორფი თავის სტატიაში „ქალკედონიკები არა ქალკედონიკები: ნაბიჯები გაერთიანებისკენ" წერს, რომ „წმინდა კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგია ჩვენი საერთო ქრისტოლოგიაა, განხეთქილება მხოლოდ განსხვავებულ ფორმულირებასა და გამოთქმას ეხება... მართლმადიდებლები და მონოფიზიტები აღიარებენ ეკლესიის ბუნებრივ, ერთიან სარწმუნოებას. ფუნდამენტური ეკლესიოლოგია ერთი და იგივე გვაქვს".1
აღნიშნულ „დიალოგში" მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის მონაწილეობდნენ ისეთი „ავტორიტეტული" ღვთისმეტყველები, როგორებიცაა: პატრ. ათინაგორა, მიტრ. ნიკოდიმოსი (როტოვი), დეკანოზი: გ. ფლოროვსკი, ი. მეინდორფი, ი. რომანიდისი, მიტრ: გ. ხოდრი, ი. ზიზიულასი, ი. ალფეევი.
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ ამ „დიალოგის" განვითარებას, უნდა დავიწყოთ 1951 წ. პატრიარქ ათინაგორას მოწოდებით: „განსხვავება ჩვენსა და მონოფიზიტებს შორის მხოლოდ ტერმინოლოგიაშია".
1964 წ. ეკუმენისტური შეხვედრა (დანიაში) საერთო განცხადების თანახმად: „არსებითად, მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების სწავლებებს შორის ტერმინოლოგიური განსხვავება თითქმის ერთიანი სარწმუნოების გამომხატველია".
მონაწილეობდნენ: დეკანოზები: გ. ფლოროვსკი, ი. რომანიდისი, ვ. ვორობიოვი, ი. მეინდორფი და სხვა.
1967 წ. ინგლისი (ბრისტოლი). ერთობლივი განცხადება: ვინც ამბობს ქრისტეში „ორი ბუნებაა" არ ჰყოფს ქრისტეს, და არც ისინი, ვინც ამბობს „ერთი ბუნებაა" არ აერთიანებენ ბუნებებს."
მონაწ: გ. ფლოროვსკი, ი. მეინდორფი, ი. რომანიდისი და სხვ.
1970 წ. (ჟენევა). ერთობლივი განცხადება: მართლმადიდებლებმა და მონოფიზიტებმა ყველა მნიშვნელოვან საკითხში: (ლიტურგია და სულიერება, დოგმატიკა და კანონიკა) აღადგინეს ურთიერთობა.
მონაწ: მიტრ. ემანუელი, გ. ფლოროვსკი, ი. მეინდორფი, მიტრ. გ. ხოდრი, ი. რომანიდისი, ი. ზიზიულასი და სხვა.
1989 წ. (ეგვიპტე). ერთობლივი განცხადება: ე.წ. ეგვიპტეს დოკუმენტი (Египетский документ): „ქრისტოლოგიურ დოგმატში არსებული უთანხმოება მართლმადიდებლებსა და ძველი აღმოსავლეთის არაქალკედონურ ეკლესიებს შორის მეტწილად ლექსიკონური, ფრაზეოლოგიური და არაარსებითია".
დამაგვირგვინებელი სიტყვა 1990 წ. შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებლებისთვის სამარცხვინო ხელშეკრულებით (უნია) ითქვა. განცხადებაში წერია: მართლმადიდებლები თანახმა არიან აღმოსავლეთის მართლმადიდებლებს (მონოფიზიტებს მართლმადიდებლები უწოდეს - ავტ.) ჰქონდეთ თავიანთი ტრადიციული, კირილესეული ტერმინოლოგია - „ერთსა ბუნებასა აღვიარებთ სიტყვისა ღმრთისასა განხორციელებულსა", ვინაიდან მასში იგულისხმება სრული ერთობა სიტყვასთან (ქრისტესთან), რასაც უარყოფდა ევტიქი. ასევე თანახმა ვართ, მოვუხსნათ მათ ანათემები და ბრალდებები, მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამების მიერ მიღებული".2
ტრადიციული შემადგენლობით. მიტრ. გ. ხოდრი, ი. რომანიდისი და სხვა.
ფაქტობრივად, აი რა თქვეს მათ ამ განცხადებებით: მხოლოდ ჩვენთვის და კიდევ რამდენიმე „ავტორიტეტი მამისთვის" განცხადდა ის, რაც არც წმინდა მამებს მსოფლიო კრებებზე (IV, VI), არც უდიდეს ღვთისმეტყველებსა და წმინდანებს, როგორებიც არიან წმ. სოფრონ იერუსალიმელი, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, ღირსი ანასტასი სინელი, ღირსი იოანე დამასკელი თუ სხვა წმინდანებს არ განუცხადა სულიწმინდამ. და, თურმე მონოფიზიტობასა (ზომიერი) და მართლმადიდებლობას შორის არსებული განსხვავებაა... არ არსებობს.
აქ კიდევ ერთმა საკითხმა იჩინა თავი: რაგვარად ხდება, რომ „მამალი ეკუმენისტების" (ი. რომანიდისი, გ. ფლოროვსკი, ი. მეინდორფი) მოწამეები და თანამოაზრეები „ანტიეკუმენისტებად" გვევლინებიან? ვგულისხმობთ მიტროპოლიტ ი. ვლახოსს და მის თაყვანისმცემლებს. რა ფენომენთან გვაქვს საქმე? შესაძლებელია კი იყო მართლმადიდებლებისთვის ავტორიტეტი და ამავე დროს არ ამხილო გ. ფლოროვსკისა და ი. რომანიდისის ეკუმენისტური სწავლება?
ჩვენი აზრით, ამის მიზეზი დახვეწილი მოდერნიზმია, რომელიც იძლევა „ლავირებისა" და „მანიპულირების" საშუალებას ისე, რომ ვერ შეამჩნიო ის „შეუიარაღებელი" (მართლმადიდებლურ სწავლებაში გაწაფული) თვალით.
1 И. Меиндорф: Халкедониты и не-халкедониты: шаги к единству.
2 Погубное Единомыслие. Житомир. 2003. СПБ. 90.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია