ახალი დროების განმაახლებლური საღვთისმეტყველო პრინციპებისა და მიმართულებების განხილვისას, შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს ნეტარი ავგუსტინესადმი მათი ნეგატიური დამოკიდებულება. წმინდანის საღვთისმეტყველო სწავლების კრიტიკა, თვით ნეტარობისა და მართლმადიდებლობაში ეჭვის შეტანა „ახალი ღვთისმეტყველების" ერთგვარი ხელწერა გახდა.
„დასავლურ ზეგავლენასა" და „სქოლასტიკასთან" ბრძოლის ეგიდით ავგუსტინესეული ღვთისმეტყველების „ნეიტრალიზაციაა" დაგეგმილი. პრობლემის ქვაკუთხედი განმაახლებელ-მოდერნისტებისთვის კვლავინდებურად გამოსყიდვის მართლმადიდებლური დოგმატი რჩება.
განმაახლებლების აზრით, ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებამ ვერ გადალახა მარადიული ჯოჯოხეთის ტანჯვის შიშის თეორია, რომელიც მკაცრად იურიდიული ხასიათისაა, რითაც კნინდება ადამიანური ელემენტების გათვალისწინება. ანუ ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაში დოგმატურ-კანონიკური (იურიდიული) ცნობიერების სიჭარბე და ანთროპოლოგიურის (ადამიანურის) მინიმალიზმამდე დაყვანა ჰუმანისტურად მოაზროვნე მოდერნისტებისთვის გადაულახავ დილემად იქცა.
ყოველივე ამის (განმაახლებლური შტურმის) შედეგად 2016 წლის კრეტის კრებამ შესაფერისი სულისკვეთების განსაზღვრებები შემოგვთავაზა: „როგორც ძველ ადამში შეკრებილი იყო მთელი კაცობრიობა, ასევე ახალ ადამში შეიკრიბა მთლიანი კაცობრიობა". აქ დოგმატური მინიმალიზმის საფუძველზე ანთროპოლოგიურის (ადამიანურის) მაქსიმალიზაციასთან გვაქვს საქმე. არსებითად, ამას ვერც დავარქმევთ მართლმადიდებლურ სწავლებას.
დიდი ალბათობით, ამას ვერ გაბედავდნენ, წინ რომ არ უძღოდეს ქრისტიანობის ძირითადი ღმერთკაცობრივი პრინციპის, ანუ ავგუსტინიზმისაგან „განთავისუფლება".
სწორედ ამიტომ ხორციელდება ძირითადი დარტყმა განმაახლებელ-მოდერნისტებისა ადამის ცოდვის არსის გაბათილებასა და ზოგადად გამოსყიდვის დოგმატის სხვადასხვაგვარი დამახინჯების მიმართულებით. ასე მაგალითად:
„პარიზის სკოლის" გამოჩენილი წარმომადგენელი დეკანოზი ი. რომანიდისი ნეტარ ავგუსტინეს „მართლმადიდებლობის ანტაგონისტად", „ჰიპოპოტამად", „ფილოსოფიურ-ლოგიკური თეორიის სპეკულიანტად" მოიხსენებს.1
სხვა „პარიზელი", დეკანოზი ი. მეინდორფი ნეტარს „არათანმიმდევრულ კონცეფციაში" ადანაშაულებს.2
მიტროპოლიტი ი. ვლახოსი (რომანიდისის მოწაფე) ნეტარ ავგუსტინეს ღვთისმეტყველებას კათოლიკურის საწყის ეტაპად მოიხსენებს.3
ეს სია შეგვიძლია გავაგრძელოთ, როგორც ძველი, ისე ახალი მოდერნისტ-ეკუმენისტების გვარებით.
მაგრამ, მოდით გადავხედოთ მსოფლიო კრებებისა და ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას წმინდანისადმი და მყისიერად ნათელი მოეფინება ამ ფსევდოავტორიტეტების უსამართლო მიდგომას ნეტარი ავგუსტინესადმი.
1) ნეტარი ავგუსტინეს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ეფესოს III მსოფლიო კრებამ ავგუსტინესეული ანტიპელაგიანური პოლემიკა (ანუ მისი ანთროპოლოგია და სოტერეოლოგია) საერთოსაეკლესიო სწავლებად აღიარა.4
2) დასავლეთში ჩატარებული კრებები (პირველ რიგში კართაგენის 419 წ.), რომლებმაც III მსოფლიო კრების რეცეფცია გაიარა.
3) ამის კვალდაკვალ, ქალკედონში, სხვა წმინდა მამების სწავლების გვერდით გაისმის იპონიის ეპისკოპოსის ნეტარი ავგუსტინეს სწავლება (ეპისტოლე ვოლუზიანისადმი). მისივე იოანე მახარებელის სახარების სარწმუნოებრივი განსაზღვრება-განმარტებები.5
სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმ. ავგუსტინეს ქრისტოლოგია და ტრიოდოლოგია მსოფლიო კრებების მიერ აღიარებულია როგორც ორთოდოქსული.
4) V მსოფლიო კრებამ ნეტარი ავგუსტინე ეკლესიის თორმეტი უდიდესი მასწავლებლის რიცხვში მოიხსენა: „წმინდა მამების და ღვთის ეკლესიის მასწავლებლების კვალდაკვალ: ათანასეს, ილარის, ბასილის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ამბროსის, ავგუსტინეს, თეოფილეს, იოანე კონსტანტინოპოლელის, კირილეს, ლევის, პროკლეს ვაღიარებთ ყოველივეს, რაც მათ გადმოგვცეს მართალი სარწმუნოებისა და ერესების მხილების შესახებ".6
5) ნეტარი ავგუსტინეს მაქსიმალური ავტორიტეტი ასევე დეკლარირებულია VI მსოფლიო კრების განჩინებაშიც. აქაც, დიდი მამების გვერდით მოხსენებულია მისი სახელიც.7
6) ბოლოს, VII მსოფლიო კრება დანარჩენი მსოფლიო კრებების კვალდაკვალ, განადიდებს იპონიის ეპისკოპოსის სახელს და „ნეტარ ავგუსტინეს" უწოდებს მას.
როგორც ვხედავთ, ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებამ მსოფლიო კრებების უმაღლესი ხარისხის რეცეფცია გაიარა.
მღვდელმონაზონი სერაფიმეც (როუზი) იყო შეწუხებული ნეტარი ავგუსტინეს წინააღმდეგ გაშმაგებული ბრძოლის გამო და ამბობდა: „რას ემსახურება ასეთი ისტერიული მცდელობა მთლიანად უგულებელყონ ის, ვისაც ყოველთვის აღიარებდა მართლმადიდებელი ტრადიცია და აღიარებდნენ ეკლესიის მამები".8
მამა სერაფიმემ საფუძვლიანად განიხილა ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველება. თავის მოკლე წერილებში სხვადასხვა პირების მიმართ იგი შენიშნავს:
„წმ. მსოფლიო კრებებმა ავტორიტეტულ ღვთისმეტყველთა გვერდით (ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, იოანე ოქროპირის და ა.შ.) ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გაიხსენეს ნეტარი ავგუსტინეს სახელი. წმ. ფოტი დიდი IX საუკუნეში მკაფიოდ გამოთქვამდა თავის აზრს. რამდენიმე „ზელოგიკური" კერძო აზრის (მადლის, წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ) მიუხედავად, წმინდა მამად მიიჩნევდა, წმ. მარკოზ ეფესელი კი „ნეტარს" უწოდებდა მას.
წმ. იოანე კასიანე ზრდილობიანად ეკამათებოდა ნეტარ ავგუსტინეს მადლის სწავლების გამო. დანარჩენ საკითხებში მთლიანად ეთანხმებოდა მას. იგივეს ამბობდა წმ. ბიკენტი ლირინელიც. წმ. გრიგოლ დიოლოღოსი უდიდეს პატივს მიაგებდა ნეტარს, თუმცა ისიც არ ეთანხმებოდა „მადლის შესახებ გადაჭარბებულ სწავლებას".
ნეტარი იერონიმე, მართალია, ორი წმინდანის (იოანე კასიანესა და ნეტარი ავგუსტინეს) სწავლების შედარებისას უპირატესობას კასიანეს ანიჭებდა, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ ნეტარი ავგუსტინე მართლმადიდებელი პატივცემული ავტორია, რომელმაც ამხილა პელაგის ერეტიკული სწავლება, რომელსაც ღირსი კასიანე „ბოროტ ერეტიკოსს" უწოდებდა.
ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა (უახლოესი წარსულიდან) აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ კალენდარში შეიყვანა მისი სახელი. წმ. იოანე მაქსიმოვიჩი უდიდეს პატივს მიაგებდა ნეტარ ავგუსტინეს და ყოველ ხსენებაზე წირვას აღასრულებდა.
ასეთივე აზრის იყო დეკანოზი მ. პამაზანსკი. თავის „დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" მან აღნიშნა ნეტარი ავგუსტინეს კერძო მოსაზრება და უდიდეს წმინდა მამათა შორის მოიხსენია იგი.9
საბოლოოდ, მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (როუზი) შეაჯამა ზემოაღნიშნული და თანამედროვე ღვთისმეტყველთა (ნეტ. ავგუსტინესთან მიმართებაში) ორ ძირითად შეცდომაზე მიუთითა:
1) საკუთარ მართლმადიდებლობაში დამაჯერებლობას მოკლებულნი და ჩვენი დროის ეკუმენისტური ღალატით და წმინდა დასავლური აღზრდით გამორჩეულნი. ნეტარი ავგუსტინე კი განტევების ვაცის ფუნქციას ასრულებს - შეებრძოლეთ ძლიერ და დაგვიმტკიცეთ, რამდენად მასზე უფრო მართლმადიდებლები ხართ.
2) სექტანტური აზროვნების საწყისებია ნეტარ ავგუსტინეზე ასეთი გაშმაგებული თავდასხმა. ამით არა მხოლოდ მთელ მართლმადიდებლურ დასავლეთს ესხმიან თავს, არამედ უამრავ სხვა, ძველი თუ ახალი დროების მართლმადიდებელ მოაზროვნეებს... მიმაჩნია, რომ ჩვენი ზოგიერთი „ანტიეკუმენისტები" განხეთქილებისა და „სექტანტური მართლმადიდებლობისაკენ მიიმართებიან".10
როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს წმინდანთა რიცხვში მოიხსენიებს ნეტარს. ჩვეულებისამებრ ამოიღო მისი სწავლებიდან კერძო აზრი, რაც ეკლესიის სისავსის სწავლებას არ შეესაბამება. (ასე მოხდა წმ. გრიგოლ ნოსელის და სხვა წმ. მამათა კერძო აზრების მიმართაც).
იმის მიუხედავად, რომ მიტროპოლიტი მაკარის (ბულგაკოვი), წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და სხვა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მიერ ნეტარი ავგუსტინეს ავტორიტეტი იქნა აღდგენილი, მეოცე საუკუნეში „პარიზის სკოლის" დარტყმის ობიექტი კვლავ გახდა.
არსებითად, სწორედ გამოსყიდვის დოგმატის დამცველისა და მედროშის ნეტარი ავგუსტინეს დაკნინების მცდელობამ საღვთისმეტყველო აზრის სისტემური კრიზისი გამოიწვია.
მიტროპოლიტი ი. ვლახოსის მსგავსი ღვთისმეტყველები საღვთისმეტყველო კრიზისის მიზეზს „დასავლურ სქოლასტიკაში" ხედავენ, ხოლო ორთოდოქსული თვალსაწიერით, კრიზისის მიზეზი მათი მხრიდან მართლმადიდებლობის ძირითადი საფუძვლის - გამოსყიდვის დოგმატის უგულებელყოფასა და სახეცვლილებაშია.
1 И. Романидис. О первородном грехе. Азбука.ру.
2 И. Меиндорф. Блаженный Августин. (Антопология. С. 411).
3 И. Влахос. Митр. Смерть и первородный грех. Азбука.ру.
4 Деяния вселенских соборов. 2008. СПБ. Т2. С. 72.
5 იქვე. T3. გვ. 281-285.
6 იქვე. გვ. 42.
7 იქვე. T7. გვ. 85.
8 О. Серафим (Роуз). О Блаженном Августине. Сборник. "Уже позже, чем вы думаете”.
9 იქვე. ს. როუზთან.
10 იქვე. ს. როუზთან.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია