კოსმიზმი, პირველყოვლისა, არის მსოფლმხედველობა, რომელიც მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს: იდეოლოგიას, რელიგიას, ისტორიას, სოციალურ წყობას, ტექნოპროგრესს და ა.შ. კოსმიტები გვთავაზობენ შერეულ მსოფლხედვას, თავისებურ ინტეგრაციას, სადაც სულიერი, მატერიალური, ოკულტური თუ ციფრული ტექნოლოგიები შერწყმულია ერთიან კოსმოსში, ვით წარმართული ღმერთები რელიგიურ პანთეონში. კოსმოსი, მათი ხედვით, გაიგივებულია ღმერთთან. კოსმიზმი, როგორც ევოლუციურ-რევოლუციური გეზის გამგრძელებელი, ფიქრობს, რომ თვითგანვითარება და სრულყოფილების მიღწევა შესაძლებელია კოსმოსში.
გლობალიზმსა და კოსმიზმს შორის გარკვეული საიდუმლო კავშირებია. ამდენად, კოსმიზმის პირველი გამოვლინებები, საფუძვლები, სწორედ იდეურ რევოლუციონერებში უნდა ვეძებოთ. (იხ. ლენინიზმი). რევოლუციონერებს სურდათ საფუძვლიანად გადაეწყოთ სამყარო. ახალი სამყარო უნდა იყოს ყოვლისმომცველი, გლობალური. მან მთელი კოსმოსი უნდა მოიცვას.
კოსმიზმის მიხედვით, ინტეგრაციულ კაცობრიობას შეუძლია აითვისოს კოსმოსის სივრცე. ინტეგრაციაში ისინი კიბერნეტიკისა და ადამიანის გონებრივი პოტენციალის შესაძლებლობებს მოიაზრებენ. არაინტეგრირებული ადამიანი (ვინც არ აჰყვება გლობალისტების პროექტებს: ექსპერიმენტალურ აცრებს, დაჩიპვებს და ა.შ.) ვერ შეძლებს კონკურენციას მათთან, ზეადამიანებთან, ზეარსებებთან. ე.წ. ინტეგრაციის გარეშე ისინი ვერ ითამაშებენ მნიშვნელოვან როლს კოსმოსში. ამას მხოლოდ „რჩეულნი", „ზეარსებები" შეძლებენ ევოლუციური, კიბერნეტიკული უკვდავების საფუძველზე. (Кибернетический манифест).
კოსმიზმზე რელიგიური ნიშნით პირველად კათოლიკე სასულიერო პირი ტეირ დე შარდენი ალაპარაკდა. ის მეცნიერ-ევოლუციონისტიც იყო და „მისტიკოსიც". თავისი ევოლუციური იდეოლოგიის განვითარებაში მან სამი სტადია გამოჰყო:
1) კოსმოგენიზმი - არასულიერი ბუნების ევოლუცია.
2) ბიოგენეზი - ბიოლოგიური ევოლუცია.
3) ნეოგენეზი - ადამიანის აზროვნების განვითარება.
მისი აზრით, ყველაფერი, მათ შორის რელიგიაც, ევოლუციურად უნდა იქნეს გაგებული. ამ პროცესში „ქრისტეს სხეული" - ეკლესია იძენს ევოლუციურ ფორმას სამყაროში. თავად ქრისტე არ არის მართლმადიდებლების ქრისტე, არამედ „უნივერსალური ქრისტე" ან „ზექრისტეა", ევოლუციონირებული ქრისტეა, რომელიც გამოაცხადებს ყველა რელიგიათა ერთიანობას.
მაშინ, როდესაც სამყარო „ევოლუციონირებს" „ქრისტეს სხეულისკენ", თვით ადამიანი აღწევს თავისი ადამიანური განვითარების უმაღლეს წერტილს „ზეკაცობაში". ტეირი წერს: „გამოცდილება ავალდებულებს ჩვენს ცნობიერებას დაუშვას რაღაც უფრო დიადის არსებობა, ვიდრე ის, რასაც დღეს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დედამიწაზე მომწიფების პროცესშია".1
ამრიგად, ტეირ დე შარდენი ევოლუციური ცვლილებების ნიღბით ახალი ევოლუციური რელიგიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს, რომელიც მას კოსმოსთან, დედამიწის სულთან აქვს გაიგივებული - „უფრო დიადი ღმერთი, როგორიც მანამდე არ არსებულა".2
თუ ვინ იქნება ეს „დიადი ღმერთი", მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა კარგად უწყიან - ეს არის ანტიქრისტე.
თუკი შევაჯამებთ ჩვენს საბოლოო სათქმელს, უნდა ითქვას: ღმერთს, ღვთის წესრიგის განშორებული კაცობრიობა ოცნებობს დედამიწის მიღმა გადაწყვიტოს დაგროვილი პრობლემები.
ჩვენ სამი მიმართულებით (იდეოლოგია, რელიგია, პოლიტიკა) მოკლედ მიმოვიხილეთ მათეული განვითარების ევოლუციურ-რევოლუციური გეგმები.
1) იდეოლოგიურ დონეზე მავანმა განიზრახა ღვთის ჩანაცვლება ადამიანით (ჰუმანიზმი). შემდეგ თავად ადამიანის ტრანსფორმაცია, ახალი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბება (ნიჰილიზმი). ადამიანის ევოლუციურ განვითარებას საფუძვლები დარვინიზმმა ჩაუყარა. ნიცშეს იდეებს ზეადამიანის, ზერასის ჩამოყალიბების შესახებ ფაშიზმმა შეასხა ხორცი. მაგრამ ფაშიზმის განადგურებით ეს იდეები არ განადგურებულა. რევოლუციური ევოლუცია გრძელდება. კოვიდიზმმა ამ მოცემულობაში გარდამავალი ფუნქცია უნდა შეასრულოს - შეამზადოს საზოგადოება ახალი ექსპერიმენტების მეშვეობით მთავარი მიზნის - ტრანჰუმანური ადამიანის - კიბორგის შექმნისათვის. ანუ: დაიწყეს ღმერთის ადამიანით ჩანაცვლება (ჰუმანიზმი) და დაასრულეს ზეადამიანის ჩამოყალიბებით (ტრანჰუმანიზმი).
2) რელიგიური ნიშნით ორი მიმართულება განვიხილეთ: ცრუსწავლება (პაპიზმი, პროტესტანტიზმი) და ცრუმისტიკა (გნოსტიციზმი, ოკულტიზმი, თეოსოფია). ორივე ერთად მოდენიზმის დახმარებით ერთიან რელიგიურ სინთეზს (ეკუმენიზმს) ქმნის. მაგრამ ეკუმენისტები კარგად ხვდებიან, რომ რეალურად, ამქვეყნად ამის განხორციელება (ყველა რელიგიის გაერთიანება) შეუძლებელია. ამიტომ შემუშავდა საბოლოო გეგმა - პერენიალიზმი, რომლის თანახმადაც რელიგიების გაერთიანება ტრანსცენდენტურ (სამყაროს მიღმა, კოსმოსურ) დონეზე უკვე არსებობს. უბრალოდ ადამიანის ცნობიერება ჯერ ვერ მიწვდა ამას.
3) პოლიტიკური თეოლოგიის თანახმად, გლობალისტ-მონდიალისტები ქმნიან ახალ მმართველობით სისტემას, რომელშიც კაცობრიობა ყოველგვარი ნაციონალური, რელიგიური, ტრადიციული ნიშნის გარეშე ერთიანდება (კოსმოპოლიტიზმი). ეკოლოგიზმის მეშვეობით (თითქოს ბუნებაზე მზრუნველობით, სინამდვილეში ბუნების გაღმერთებით) ცდილობენ კაცობრიობის კონსოლიდაციას. გარდამტეხი როლი საზოგადოების ერთმმართველობიანი მსოფლიოს შექმნაში კოვიდიზმმა უნდა შეასრულოს - მსოფლიო აღარასოდეს უნდა დაუბრუნდეს ძველ, ნორმალურ ცხოვრებას. პროგრესიზმის იდეებით გაჯერებულმა საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ მათივე „კეთილდღეობისთვის" საჭიროა მათი კონტროლი, (ჩიპიზაცია), რათა ადამიანმა კიბერნეტიკულ უკვდავებას მიაღწიოს, კოსმოსურ სამყაროში შეაბიჯოს (კოსმიზმი).
არც ერთი მიმართულება (იდეოლოგია, რელიგია, პოლიტიკა) არ კმაყოფილდება ამქვეყნიური რეალობით და რევოლუციურ-ევოლუციური გზით ცდილობს ახალი ადამიანი - კიბორგის ჩამოყალიბებას. იდეოლოგია მივიდა ტრანჰუმანიზმამდე (ზეარსებამდე), რელიგია მივიდა პერენიალიზმამდე (სამყაროს მიღმა ტრანსარსებობამდე), ხოლო პოლიტიკა - კოსმიზმამდე (კოსმოსის გაღმერთებამდე).
ამის შემდეგ გაისმის ბოლო აკორდი კაცობრიობის ისტორიაში. სამივე მიმართულება იდეოლოგიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ დონეზე შეამზადებს ანტიქრისტეს გამეფებას. ზეადამიანის, ზექრისტეს, იგივე ანტიქრისტეს სულით, გონებითა და ნებით გამსჭვალული კაცობრიობის დიდი ნაწილი მოელის თავის „მხსნელს", რომელიც მწარედ გააწბილებს მათ.
1 ციტ. მღვდელ. მონ. სერაფიმე (როუზი). წიგნი შესაქმისა. თბ. 2008. გვ. 338.
2 იქვე, გვ. 340.