თქვენი დამოკიდებულება „პირადი გამოცდილებისადმი", ვით ერთადერთი მართებული მიდგომისადმი, ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას:
1) თქვენი პირადი სულიერი გამოცდილებით, რომელიც ათონის მთაზე წმინდა მამებთან ურთიერთობით, ღვაწლით, ლოცვით დააგროვეთ, მოიპოვეთ და თქვენ ნამდვილად გახასიათებთ, გამშვენებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა პირადი სულიერი გამოცდილება იმდენად დიდია, რომ უნებლიეთ მეორე მხარეს (სწავლებას) არ ექცევა სათანადო ყურადღება.
2) მაგრამ სულ სხვა ვითარებაა, როდესაც „პირადი გამოცდილების" აპოლოგია ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი შინაარსითაა თქმული. მაშინ ეს ფრაზა საღვთისმეტყველო თეზის სახეს იძენს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ შეხედულებას „პარიზელების" (ა. სუროჟელი, ი. რომანიდისი, ა. შმემანი, კ. კერნი, პ. ფლოროვსკი და სხვ.) მსოფლმხედველობიდან ეზიარეთ.
თქვენ ამბობთ:
„მხოლოდ გამოცდილება, სხვა არაფერი, შეიძლება იყოს მყარი საყრდენი".
„დღეს ახალგაზრდა ეძებს არა ლოგიკურ მტკიცებულებას, არამედ ცოცხალ გამოცდილებას. არის კი ასეთი გამოცდილება ეკლესიაში?"
„სასწაული ისაა, რაც ეკლესიის ცოცხალ მოქმედებას გამოხატავს და მოწმობს, რომ ეკლესია არაა სწავლება, თუნდაც ყველაზე საუკეთესო დედამიწაზე. ქრისტეს ხშირად აღიქვამენ, როგორც უდიდეს მასწავლებელს, მისტიკოსს, როგორც მასონები უწოდებენ. იყო კი ის ასეთი? ეკლესია ასე არ ასწავლის".1
ცხადია, ეს ტერმინი „პირადი გამოცდილება" არ არის საკამათო ან საჩოთირო, მეტიც: მართლმადიდებელი ეკლესია მდიდარია სულიერი გამოცდილებით, ეს მისი საგანძურია, გარდამოცემაა, მაგრამ წმინდა მამათა სულიერი გამოცდილება არ მიიღება თვითნებური აზროვნებითა და ცხოვრების წესით, არამედ ესაა მადლმოსილი ნიჭი სულიწმიდისა გარდამოსული ეკლესიის ერთგულ შვილებზე (წმინდანებზე)...
მაგრამ, როდესაც პიროვნება განმაახლებლებისთვის დამახასიათებელი მეთოდიკით პრინციპულად გაიძახის „არა სწავლება, არამედ გამოცდილება", იბადება საფუძვლიანი კითხვა: რას გულისხმობს მიტროპოლიტი „პირად გამოცდილებაში"?
ცნობილია, აგრეთვე, რომ განმაახლებელთა ქადაგების „სიძლიერე" გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძვლებს ემყარება. ახალი დროების ამ ტერმინს - „პირადი (კოლექტიური) გამოცდილება", ფენომენალიზმი* და ანტითეორიზმი უმაგრებს მხარს.
განმაახლებლური დოქტრინებისთვის ნიშანდობლივია შემეცნების ექსპერიმენტული მეთოდი, ესაა გზა შემეცნებისა. დასავლური ფილოსოფია და ღვთისმეტყველება XVI – XVII ს.ს. შემდეგ გაჯერებულია მსგავსი მეთოდების კვლევა-ძიებებით. ეს ვითარება ვერ ჰგუობს დოგმატურ რწმენას, ყოფიერების არსის თეორიულ, სისტემურ ჩამოყალიბებას. ასეთი რამ „სქოლასტების" განყენებულ თეორიებად, „იურიდიზმად" ირაცხება. ამ სახელწოდების მიღმა კი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მოიაზრება.
„იურიდიზმთან" (სინამდვილეში მართლმადიდებლობასთან) ბრძოლას აღორძინების ეპოქიდან ედება სათავე და დღემდე გრძელდება. თეორიული შემეცნებიდან პირად (კოლექტიურ) გამოცდილებაზე გადასვლა შეგრძნების სანაცვლოდ მზერაზე (ხედვაზე) უარის თქმას ნიშნავს.
შედეგად, მანამდე დაცული ზღვარი „ცოდნასა" (შემეცნება) და „შეხედულებას" (მოსაზრება) შორის მოისპო.
წმ. მამების კრებსითი ცნობიერება, ერთიანი დოგმატური განსაზღვრებები „სქოლასტიკად", „იურიდიზმად", „ესენციალიზმად" ცხადდება, ხოლო ცოდნის (შემეცნების) კრიტერიუმად „პირადი გამოცდილება" ანუ კერძო საღვთისმეტყველო აზრი სახელდება.
საინტერესოა, წმ. მამები რას აღიარებენ შემეცნების კრიტერიუმად?
ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ადამიანს სურს გონება მიმართოს სხეულისკენ, ხოლო მზერა - ღვთისკენ; იმიტომ რომ ცდილობს სხეული გამოიკვლიოს, ხოლო სულიერი დაინახოს, რაც ვერ მოხდება"... ამ შემთხვევაში თვალის მოქმედება გასაგებია, ვინაიდან ხედვისთვისაა შექმნილი, მაგრამ არასწორია, სულთან მიმართებაში, რომელსაც უზენაესი სილამაზის ჭვრეტისთვის მიცემული აქვს გონება და არა თვალი".2
ღირსი იოანე დამასკელი გვიმტკიცებს:
„უნდა ვიცოდეთ, რომ აღქმა (რომელიმე საკითხის), რომელიც მიიღწევა მხოლოდ გონებით, შეუძლებელია სწავლის ან თანდაყოლილი ნიჭის გარეშე. ვინაიდან ეს ვერ მოხდება გრძნობების (განცდების) მეშვეობით, იმიტომ რომ, მგრძნობელობა მეხსიერებაში თავისთავად ნარჩუნდება, მისაწვდომი კი მხოლოდ მაშინ გეძლევა, თუკი რაიმე შევისწავლეთ.3
როგორც ვხედავთ, რაც წმ. მამებისთვის იყო ჩვეულებრივი ნორმა, თანამედროვე თეოლოგების მსოფლმხედველობაში ვერაფრით ვერ პოულობს ადგილს. მათთვის საღმრთო განგებულებაში ცენტრალური ადგილი არა ღვთივგანცხადებულ დოგმატურ სწავლებას, არამედ „პირად (ან კოლექტიურ) გამოცდილებას" ენიჭება. დავიჯეროთ, რომ „პირადი გამოცდილებისთვის" უპირატესობის მინიჭება ჭეშმარიტი სწავლების უგულებელყოფა არ არის? თუკი ღმერთზე, წმ. წერილზე საუბარი შეგვიძლია პირადი მოსაზრების, „გამოცდილების" საფუძველზე, ეს არის არა შეხედულება, არამედ სულიერი სნეულების მანიშნებელი რამ.
გადავიდეთ მაგალითებზე:
მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი (ბლუმი) წერს: „ვიდრე სახარება ჩვენთვის გარეგნულად კანონად, საღმრთო ნებად რჩება, განსხვავებული ჩვენი ნებისაგან ან დაპირისპირებული მასთან, ჩვენ არ ვართ სახარებისეული კრებული... მიმაჩნია, რომ სახარება უნდა ვიკითხოთ თავისუფალი სულით, ანუ მზადყოფნით განაცხადო: ამას მე ვიღებ, ამას - ვერა; ეს მესმის, ეს - არა! შეიქმნება სურათი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ხშირად ადამიანები კითხულობენ სახარებას, ხედავენ მასში ყველაფერს, რაც ამხელს მათ, რაც ავლენს მათ ცოდვილობას, ნაკლოვანებებს. ვფიქრობ, ასეთი მიდგომიდან არანაირი სარგებელი არ გვექნება - მხოლოდ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებით. როდესაც საკუთარ თავს უცქერი და ფიქრობ: რა მძიმე სანახავი ვარ, ეს უკვე ცუდია, ხოლო როდესაც იყურები სახარებისეულ სარკეში და თითქოს თავად ღმერთი გეუბნება: შეხედე, როგორი სულიერი სიმახინჯე ხარ!, მაშინ მართლაც ვერ იპოვი საყრდენს. ასე რომ, ჩემი რჩევაა: ვიკითხოთ სახარება და აღვნიშნოთ მხოლოდ ის, რაც საერთო გვაქვს მასთან".4
არანაკლებ შემაშფოთებელია დეკანოზ ა. შმემანის მსოფლმხედველობა: „... რწმენა, თავისი ბუნებითა და არსით, არის რაღაც ღრმად პიროვნული და ის მხოლოდ პირად გამოცდილებაში ცხოვრობს სინამდვილით. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიის ესა თუ ის სწავლება, ესა თუ ის, როგორც ვამბობთ, დოგმატი, ანუ რაღაც ჭეშმარიტების მტკიცება. გახდება ჩემი რწმენა და ჩემი გამოცდილება, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მთავარი არსი, მხოლოდ მაშინ არის ეს რწმენა ცოცხალი"... ქრისტიანული რწმენა, თავისი სიღრმით, არის პირადი შეხვედრა ქრისტესთან, საბოლოოდ, ეს არის არა ქრისტეს რომელიმე სწავლებისა ან დოგმატის მიღება, არამედ თავად ქრისტე".5
დაახლოებით ასე ჟღერს თქვენი სიტყვებიც მეუფე: „არანაირი სწავლება, არამედ მხოლოდ პირადი ურთიერთობა ქრისტესთან".
სწორედ განმაახლებლების მსოფლმხედველობაში უპირისპირდება ერთმანეთს „პირადი გამოცდილება" და სახარებისეული სწავლება, დოგმატები. ნუთუ თქვენც ასე ფიქრობთ მეუფე ათანასე?!
სუროჟელიც და შმემანიც უაპელაციოდ მიიჩნევენ „პირად გამოცდილებას", შეხედულებას, ადოგმატურ სწავლებას ჭეშმარიტების კრიტერიუმად, საზომად. მხოლოდ ეს ამონარიდებიც კმარა საიმისოდ, რომ დავინახოთ მათი „ღვთისმეტყველების" საფრთხე.
მეუფე ათანასე, სამწუხაროდ, თქვენს შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს თეზა - „მხოლოდ გამოცდილება", „ქრისტიანობა არა სწავლება" და მისთ. მსგავსი განცხადებები თქვენც ზემოხსენებულ მოდერნისტ-განმაახლებლების გვერდით გაყენებთ.
წმინდა წერილი კი სულ სხვა რამეს გვასწავლის:
„რამეთუ რომელი ვიცით, ვიტყვით, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ" (იონ. 3. 11).
„ხოლო რომელმან შეურაცხყოს და არა შეიწყნაროს სიტყვანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყვასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანასკნელსა დღესა" (იონ. 12. 48).
„გარქუ თქუენ, და არა გრწამს: საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაითა, ესენი წამებენ ჩემთვის" (იონ. 10. 25).
განმაახლებლების თეზას „პირადი გამოცდილების" შესახებ, სინამდვილეში, არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. ეს ჩვეულებრივი კერძო აზრია. მისი მართლმადიდებლურ სწავლებად წარმოჩენა საკუთარი თავის და სხვების შეცდომაში შეყვანას ნიშნავს. ეს შეურაცხყოფს სახარებისეულ სწავლებას, ეკლესიის კრებსით, დოგმატურ ცნობიერებას, სწორ სულიერ ცხოვრებას.
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულითადი წუხილი მაწერინებს ამ წერილს. პიროვნულად მხოლოდ დადებითი ემოციები და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს. მაგრამ გვაპატიეთ, შინაგანი სინდისის ხმა და პასუხისმგებლობის განცდა არ გვაძლევს უფლებას მოკრძალებული შენიშვნის გარეშე დავტოვოთ თქვენს ქადაგებებში გამოვლენილი უზუსტობები. მიგვაჩნია, რომ ამის გათვალისწინება თქვენს ინტერესებშია, ვინაიდან ამ ნაკლულოვანებების გათვალისწინებით კიდევ უფრო დაფასდებით როგორც ღვთის, ისე მართლმორწმუნე ერის წინაშე.
1 Митр. А. Лимасольский. Величайший опыт, который межем иметь человек.
* ფენომენალიზმი - მცდელობა გამოიკვლიო სამყარო იმგვარად, თითქოს მასში მხოლოდ ფენომენი (მოვლენები) არსებობს, ამავე დროს ტაბუდადებულია საუბარი არსებითზე (сушности), ყოფიერების არსზე, მისი მნიშვნელობის შესახებ.
2 Августин. Блаж. ციტ. Р. Вершило. Опытное познание в учении о Александра Шмемана. Aнтимодернизм.ру.
3 И. Дамаскин. Св. იქვე, ციტ. Мировозрение А. Шмемана. Р. Вершило. Aнтимодернизм.ру.
4 Антоний Сурожский. Еп. 1993. 70. ციტ. Мировозрение А. Шмемана. Aнтимодернизм.ру.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია