როგორც აღვნიშნეთ, ფლოროვსკის მიერ შემოთავაზებული „ნეოპატრისტიკული სინთეზი" ღმერთთან ურთიერთობის ახლებური მეთოდი გახლავთ. საღვთისმეტყველო ტერმინით რომ ვთქვათ, ეს არის თეზისა და ანტითეზის შერწყმის მცდელობა.
მართლმადიდებლობის ყველაფერ დანარჩენთან შერწყმის მცდელობით მოდერნისტები, მრავალთათვის შეუმჩნევლად, სარწმუნოებრივი სწავლების მთლიანი სახეცვლილებისკენ მიილტვიან. მაგალითად: მართლმადიდებლურ ცნობიერებაში ახალი თეზების („მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია", „სიჩუმე, როგორც მკურნალობის მეთოდი" და ა.შ.) ჩამოყალიბება ხდება.
ყველაზე სახიფათო ის გახლავთ, რომ მათთვის ღმერთი არა ექიმი (მხსნელი), არამედ წამალია. ის, რომ ღმერთი ნამდვილად ექიმია (მხსნელია), ქრისტიანს აკისრებს პასუხისმგებლობას, იქონიოს შიში ღვთისა და ქედს იხრის მის წინაშე, მაგრამ ეს განწყობა ოსტატურადაა შეცვლილი მოდერნიზმში: „მართლმადიდებლობისთვის უცხოა სიწმინდის თაყვანისცემა, ქრისტე ისედაც ჩვენს შორისაა, ეს „განხილვას" არ საჭიროებს" (შმემანი, დღიურები).
იქვე შმემანი წერს: „შენ ვერ ცხონდები, რისგანაც ფიქრობ ცხონდე! იცხოვრე ღმერთთან, იყავი ვინც ხარ. ღმერთი მოვიდა ქვეყნად, ჩვენ მისი მონათესავენი გავხდით. იყავით თქვენი ადამიანურობის სიმაღლეზე, არ შესცოდოთ საკუთარი ღვთაებრივი ღირსების წინააღმდეგ. ჩვენ - მუნიციპალიტეტი ვართ და ჩვენ კარგი სიახლე გვაქვს: იესო ჩვენთანაა როგორც ძმა, მეგობარი და თანამოსაუბრე".1
დეკანოზი ი. რომანიდისის ნაშრომებში ხშირად შეხვდებით თეზას: „ცოდვა უბრალოდ სნეულებაა და არა უკანონობა".2
წმინდა წერილი კი ცხადად გვასწავლის: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვა, მან უშჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვაი იგი არს უსჯულოება" (1 იონ. 3.4).
მეორე მხრივ, კარი ეღება ე.წ. „მართლმადიდებლურ ფსიქოთერაპიას", სადაც კურნება ჩრდილავს სინანულს. ამას ადასტურებს ი. რომანიდისის შემდეგი სიტყვები: „ბერძენი მამები ცხონებას, სიკვდილისა და ხრწნილებისაგან ხსნას, ბიბლიური თვალსაზრისით განიხილავდნენ როგორც სატანის მიერ დაზიანებული ბუნების გადარჩენას".3
სიტყვები „დაზიანებული სატანის მიერ" ცხადყოფს, რომ ი. რომანიდისის (ასევე ი. ვლახოსის სწავლებაში) მსოფლმხედველობის მიხედვით ადამიანს თურმე არანაირი ბრალი არ მიუძღვის პირველქმნილ ცოდვაში. ეს „ევას ფილოსოფიას" წააგავს: „გველმა მაცდუნა, მე რა შუაში ვარ", ან ასეთსაც მოისმენთ: „ადამმა შესცოდა, მე რა შუაში ვარ" და ა.შ.
წმ. თეოდორე სტუდიელი წერს: „ცოდვა - მარადიული ტანჯვის მიზეზია, ის ანთებს ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლს".4
მიტროპოლიტი ი. ვლახოსიც, რომანიდისის კვალდაკვალ, აცხადებს, რომ „ცხონებისთვის ღვთაებრივი რისხვისაგან თავის დაღწევა დასავლური სწავლებაა".
მოდერნისტების აზრით, მამებისეულ თხზულებათა გააზრება, კითხვის ტექნიკა, აღქმა-გათავისება უნდა გადაფასდეს. საბოლოოდ ისეთი სურათი უნდა შეიქმნას, რომ სწორედ მოდერნისტების ნათქვამი არის წმინდა მამათა სწავლება: „განსაკუთრებით დამეხმარა პროფესორი იოანე რომანიდისი და მისი ნაწერები. გავიგე, რომ მამა იოანემ კარგად გააცნობიერა წმინდა მამათა და ზოგადად, მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი იწყება"5 - ვითომ?!
მიტროპოლიტი ი. ვლახოსი თავის ნაშრომში „Православие как медицинская наука" წერს: „ქრისტიანობა არ უნდა განიხილებოდეს როგორც რელიგია... ჩვენ, მართლმადიდებლები, არ ველით ისტორიის დასასრულის ჟამს, არამედ მივილტვით მისკენ ქრისტეში ცხოვრებით, და ამგვარად აქვე განვიცდით იმას, რაც უნდა განხორციელდეს ცხოვრებაში მეორედ მოსვლის შემდეგ".6
„მრწამსში" ვკითხულობთ: „მოველით... ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა". ი. ვლახოსი კი ბრძანებს „არ ველით", თავისი არგუმენტის გასამყარებლად წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის აზრს გვთავაზობს: „ის, ვინც იხილა ხელთუქმნელი ნათელი და შეუერთდა ღმერთს, არ ელის უფლის მეორედ მოსვლას, არამედ ცხოვრობს მასში".7
მიტროპოლიტის ლოგიკის თანახმად, ყველა მართლმადიდებელი ხელთუქმნელი ნათელის მჭვრეტელი უნდა იყოს (თავად, თანამოაზრეებთან ერთად, უთუოდ ასეთად მიიჩნევს თავს). „ჩვენ არ ველით" იმიტომ, რომ უზენაესი ისიხიოს საფეხურზე „ხელთუქმნელი ნათელის მხილველები ვართ", - კონტექსტი სწორედ ასეთია.
ამ მოსაზრებას ხშირად იმეორებს ვლახოსი: „თუ ყურადღებით ჩავუღრმავდებით ისიხასტურ ცხოვრებას, მივხვდებით, რომ ის არის მაკურნებელი მოძღვრება, კურნების მართლმადიდებლური მეთოდი, განწმენდის გზა. სამწუხაროდ, დღეს ბევრი საუბრობს წმინდა მამებზე და კითხულობს მათ შრომებს ისე, რომ არ იცნობს მათ მეთოდს, რომლითაც ადამიანი განიწმინდება და მიაღწევს ღვთისმეტყველების ნიშნულს. ეს მეთოდი არის ისიხაზმი, რაც დაკავშირებულია და გამოხატულია მაკურნებელ მოძღვრებაში".8
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისიხიის უზენაეს ღვაწლში, როგორშიც წმ. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ პალამა თუ შიო მღვიმელი და სხვები იყვნენ. მიგვაჩნია (წმ. მამათა შეგონებით), რომ ეს ღვაწლი ერთეულთა ხვედრია მონასტრებშიც კი, იმ რჩეულთა, რომლებიც „ამქვეყნიურ ანგელოზებად და იმქვეყნიურ ადამიანებად" უნდა მივიჩნიოთ. ამ ღვაწლის ყველა მართლმადიდებელზე განზოგადება ცოტა უმართებულოა, მეტი რომ არაფერი ვთქვათ.
საყოველთაოდ აღიარებული კი ნამდვილად არის „მრწამსის" სწავლება - „მოველით მერმისა მის საუკუნესასა", - ეს არის უსაფრთხო გზა ცხონებისაკენ.
სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ:
1) მოდერნისტები იმგვარად წარმოაჩენენ საკუთარ მოსაზრებას, თითქოს ეს წმინდა მამათა სწავლება იყოს. სინამდვილეში კი წმინდანთა სწავლების მიუღებელი ინტერპრეტაციაა.
2) ისიხაზმისკენ (ლოცვის უმაღლესი საფეხური) საყოველთაო მოწოდება სულიერ ხიბლში ჩავარდნის საფრთხეს შეიცავს. ეს ხომ კარგად იცის პატივცემულმა მიტროპოლიტმა?!
მსგავსი მოწოდებები „ისიხაზმის ღვაწლისკენ" ათამამებს მომდევნო თაობის „პარიზელებს", რომლებიც ერში მცხოვრებ ქრისტიანებს „შუაღამის" ღვაწლისა თუ „იესოს ლოცვის" მაღალი საფეხურისკენ ლტოლვის სურვილს უღვივებენ. არადა მსგავსი რამ კატეგორიულად აგვიკრძალეს წმინდა მამებმა.
1 Прот. А. Шмеман. Дневники. ციტ. Новое нерелигиозное богословия. Budiveren.com.
2 И. Романодис. Грех Предков. 2002. Стр. 34.
3 იქვე. И. Романодис. Грех Предков. 2002. Стр. 34.
4 Ф. Студиит. «О маленком Благовещании». Budiveren.com.
5 მიტრ. ი. ვლახოსი. „სულიერი მედიცინის მეცნიერება". თბ. 2019. გვ. 43.
6 И. Влахос. Православная Психотерапия. Св. тр. Лавра. 2009. Стр. 20.
7 იქვე გვ. 21.
8 იქვე. სულიერი მედიცინის მეცნიერება. ი. ვლახოსი.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net-ის რედაქცია