თანამედროვე ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა განმაახლებლობა გახლავთ. აღნიშნული ცნება ნაკლებად გასაგებია ადამიანებისთვის, კიდევ უფრო ძნელად აიხსნება მისი სულიერი შინაარსი, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ მოდერნიზმის იდეები მართლმადიდებლურ სწავლებადაც კი მოიაზრება მავანის მიერ.
უნდა ითქვას ისიც, რომ მოდერნისტულმა (ახლებურმა) აზროვნებამ მთლიანად მოიცვა როგორც ყოფითი, ისე სულიერი სამყარო. მისი კვალი ბოლო დროის ღვთისმეტყველებაზეც საკმაოდ ძლიერ გამოიკვეთა. ამ ნიშნით, „პარიზის სკოლამ" განსაკუთრებული როლი შეასრულა.
მართლმადიდებლობისა და არამართლმადიდებლობის „სინთეზმა" უამრავი, განსხვავებული მიმართულების მოდერნისტული სკოლა, ხედვა, მოძრაობა ჩამოაყალიბა, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებდა - ტრადიციული, დოგმატური, მამებისეული სწავლებისა და სულისკვეთების ახლებური ხედვებითა და შეხედულებებით ჩანაცვლება. უნდა ითქვას, რომ ეს გეგმა პრაქტიკულად განხორციელდა. მოხერხებული, გამოუცდელი ქრისტიანისთვის შეუმჩნეველი მეთოდებით მართლმადიდებლობის ახლებური სწავლება ჩამოაყალიბეს, რაც არსებითად არც არის მართლმადიდებლობა.
ამ ვითარებაში მოდერნისტული ტენდენციების მხილება, მართლმადიდებლურ ჭრილში მისი კრიტიკული განხილვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ცხადია, ეს არ მოსწონთ მოდერნისტებს, ამიტომ ყველა იდეოლოგიური მოწინააღმდეგე ზილოტად, მარგინალად, გაუნათლებელ არსებებად ცხადდება.
მოდერნისტული მეთოდების შედეგად წმიდა მამათა მემკვიდრეობა ახლებური ინტერპრეტაციის საგანი შეიქნა. შმემანი, სუროჟელი, მეინდორფი, რომანიდისი და სხვა მრავალნი ტრადიციული მემკვიდრეობის კორექციას შეუდგნენ. ეს იმდენად „ოსტატურად" კეთდება, რომ კეთილსინდისიერი მართლმადიდებლისთვისაც კი (რომელსაც არა აქვს საშუალება სიღრმისეულად განიხილოს საკითხი) ძნელად შესამჩნევი ხდება. ამიტომაც მისი (მოდერნიზმის) წარმატებული წინ სვლა სულაც არაა გასაკვირი.
მოდერნისტმა თეოლოგებმა, სასულიერო პირებმა იმდენად შეაყვარეს თავი მკითხველსა თუ მსმენელს, რომ ისინი კრიტიკას უკვე პირად შეურაცხყოფადაც კი აღიქვამენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განგაშის ზარის შემოკვრა აუცილებელია.
მოდერნისტებთან საუბრისას გვაოცებს დისკურსის ალოგიკური, ადოგმატური და აბსტრაქტული მიდგომა საკითხისადმი.
შეგვიძლია მოვხაზოთ კონკრეტული დისკუსის სქემა რომელიმე მოდერნისტისა, მაგალითად, შმემანის ნაწერების საღვთისმეტყველო შეფასება.
პირობითად შმემანის დამცველისა და მართლმადიდებლობის დამცველის დისკუსი განვიხილოთ (რაც უშუალოდ მოხდა).
შმემანის დამცველი: ცილს რატომ სწამებ ამ პატივცემულ მოძღვარს?
მართლმადიდებლობის დამცველი: ჩვენ ხომ ვერ მოვიგონებდით, ეს მის წიგნებში სწერია.
შმემანის დამცველი: სად წაიკითხე, ჩვენ ვერაფერს ვპოულობთ ისეთს.
მართლმადიდებლობის დამცველი: ამა და ამ წიგნში, ამ წერილში, ამ გვერდზე.
შმემანის დამცველი: ეს არ იქნება სიმართლე.
მართლმადიდებლობის დამცველი: სხვა წერილშიც იმავეს ამბობს.
შმემანისტი: თქვენ ალბათ სხვანაირად გაიგეთ ნათქვამი.
მართლმადიდებელი: წმინდა მამებთან ამგვარი სწავლება არ გვხვდება.
შმემანისტი: ეს ხომ უმნიშვნელო რამაა, წვრილმანებს რატომ ეკიდებით?
მართლმადიდებელი: ეს დოგმატური სწავლებაა, როგორაა უმნიშვნელო.
შმემანისტი: ეს სხვაგვარად, ახლებურად უნდა გაიაზროთ.
მართლმადიდებელი: ჰოოო...
ჩვენ არაერთი ნაშრომი მივუძღვენით მოდერნისტების მხილებას. მათივე წყაროებით ადასტურებენ არამართლმადიდებლურ შეხედულებებს.
სამწუხაროდ, მიტროპოლიტი იეროთეოსის (ვლახოსი) ნაშრომებსაც „პარიზული სკოლის" ძლიერი კვალი ეტყობა, რითაც მისდამი, როგორც მართლმადიდებელი ღვთისმეტყველისადმი კითხვის ნიშნები ჩნდება.
XX საუკუნის მოდერნიზმმა მიზნად დაისახა მთლიანად შეეცვალა მართლმადიდებლური ცნობიერება. ამგვარად ყალიბდება „ახალი ადამიანის", „ახალი ქრისტიანის", „ახალი მართლმადიდებელის" ტიპი, რომლის შეხედულებებს ვეღარ გადაამოწმებ წმ. წერილსა და წმ. მამათა სწავლებაში, რატომ? იმიტომ რომ, „ახალმა მამებმა" (შმემანები, სუროჟელები, რომანიდისები, მეინდორფები, ვლახოსები თუ ზიზიულასები...) მთელი საუკუნის მანძილზე თავდაუზოგავად იმუშავეს კერძო აზრების მართლმადიდებლობად წარმოჩენისათვის.
მსოფლიო ომებით, რევოლუციებითა და რეპრესიებით დაუძლურებულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, (იმ დროს, როდესაც „პარიზის სკოლა" შემოქმედების მწვერვალზე იმყოფებოდა), ვერ შეძლო ადეკვატური პასუხის გაცემა. ეკლესიის კრებსითმა ცნობიერებამ დროულად ვერ გააწნა სილა ადოგმატიზმს, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ღვთისმეტყველებაში, ისე ყველაფერში, გარდა პირადი აღმსარებლური ღვაწლისა.
დღეს თანამედროვე ქრისტიანი კარგად არჩევს „დოლარს" „ევროსაგან", „პროდასავლურს" „პრორუსულისაგან" და ა.შ. მაგრამ ვერ არჩევს „კერძო აზრს" მართლმადიდებლური სწავლებისაგან, „ტრადაციას" „სიმულაციისაგან", „მართლმადიდებლობას ყალბი მართლმადიდებლობისაგან".
სამწუხაროდ, ეს მტკივნეული რეალობაა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ პროცესები უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენი ნაშრომებით („პარიზის სკოლის კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში", „დედა ეკლესიაში პირველობის შესახებ", „XX-XXI ს.ს. მოდერნისტების ღვთისმეტყველება") უბრალოდ ვცდილობთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ მოდერნიზმის ფენომენის მხილებაში, რომელმაც უამრავ ქრისტიანს დაუმახინჯა მსოფლმხედველობა.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია