მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია: „წმინდა მამათა კვალდაკვალ". ის, რაც წმინდა მამების კრებსითი ცნობიერებისთვის იყო კმა, კმა უნდა იყოს ჩვენთვისაც.
უნდა აღინიშნოს, რომ კრეტის კრებაზე (2016 წ.) შემოთავაზებული დოკუმენტების კრიტიკული შეფასება იყო მეტად სუსტი, ხან უადგილო, ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო...
გამოიკვეთა ორი მიმართულება: ბერძენი ეკუმენისტები (ი. ზიზიულასი) და ბერძენი ანტიეკუმენისტები (ი. ვლახოსი).
ბერძენი ანტიეკუმენისტების თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ მიტროპოლიტი ი. ვლახოსი. მან (თანამოაზრეებთან ერთად) ბევრი „აკრიტიკა" კრეტის დოკუმენტები. განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი". მასში ი. ვლახოსმა საკუთარი შენიშვნები შეიტანა: „რამდენად დასაშვებია სხვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებს ეწოდოს „ეკლესია"?" და ა.შ.
ბერძენმა „ანტიეკუმენისტებმა" პრობლემურად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ დოკუმენტში სხვა ქრისტიანულ კონფესიებს ეწოდა „ეკლესიები", ანუ ეკლესიად მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია უნდა მოხსენიებულიყოვო.
საკითხის ზედაპირული განხილვის შემთხვევაში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ანტიეკუმენისტებმა სერიოზული იერიში მიიტანეს ეკუმენისტებზე. გულუბრყვილო მართლმადიდებლების თვალში ი. ვლახოსმა თანამოაზრეებთან ერთად სანიმუშო მოშურნეობა და შემართება გამოავლინეს. მაგრამ ასეა ეს?!
ბერძენი ეკუმენისტებისთვის ეს პოზიცია იოლად გასაბათილებელი აღმოჩნდა. მათ მარტივად მიუთითეს ეკლესიის ისტორიაში არსებულ ფაქტებზე, როდესაც წმინდა მამები (მაგალითად, წმ. ბასილი დიდი არიოზელებს, წმ. მარკოზ ეფესელი - ლათინებს) მოიხსენებენ ეკლესიებად.
აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეშიც დასავლეთის ერეტიკოსები „დასავლურ ეკლესიებად" მოიხსენიება.1
ერთი სიტყვით, ანტიეკუმენისტების ეს არგუმენტი მეტად არადამაჯერებელი და მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდა ეკუმენისტებისთვის. მათ ეფექტურად „მიიღეს ოპონენტების ჩაწოდება" - უბრალოდ ეკლესიის ისტორია დაიმოწმეს და სრული კრახი განაცდევინეს ანტიეკუმენისტებს.
ცხადია ტერმინი „ეკლესია", ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, არის მართლმადიდებელი ეკლესია. ეკუმენისტების მსოფლხედვით „ეკლესიებში" ყველა ერეტიკული საზოგადოება მოიაზრება.
აღსანიშნავია, რომ თუკი მამები ერეტიკოსებთან მიმართებაში იყენებდნენ ტერმინ „ეკლესიას", იქვე შესაბამის კრიტიკულ შეფასებასაც ურთავდნენ. მაგალითად: როდესაც „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში" პირობითად გამოიყენებოდა ტერმინი „დასავლური ეკლესიები" ერთმნიშვნელოვნად იგულისხმებოდა „წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში" მათი დაბრუნება.
სწორედ ესაა ძირითადი განსხვავება ეკლესიასა და „ეკლესიებს" შორის. მართლმადიდებელი ეკლესია „წმინდაა, ერთიანია, საყოველთაოა...", ხოლო „დასავლური ეკლესიები" - არა.
გარდა ამისა, „ეპისტოლეს" დანიშნულება და მიზანი იყო პასუხი გაეცა „დასავლური ექსპანსიისთვის" და დოგმატურ განსაზღვრებათა დონეზე წარმოეჩინა არამართლმადიდებელი ქრისტიანების ერეტიკულობა, მოექცია ისინი, დაებრუნებინა მართლმადიდებლობაში. კრეტის კრების დოკუმენტებში კი ამგვარი პირობა არ არსებობს. მხოლოდ ასეთი ფრაზები გვესმის: „ქრისტიანული ერთობის აღდგენა", „დაკარგული ერთობის ძიება" და მისთ.
მაგრამ, თუკი მკვეთრად და პრინციპულად არ ითქვა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია არის მართლმადიდებელი ეკლესია, რომ ერეტიკულ საკრებულოებს პირობითად უწოდებენ „ეკლესიებს", რომ ერესში ჩავარდნის შედეგად ისინი არ არიან არც წმინდა, არც სამოციქულო, არც ჭეშმარიტი და ა.შ., რომ მათ უნდა შეინანონ თავიანთი ცდომილებები და დაუბრუნდნენ დედაეკლესიას, მაშინ რას გვაძლევს მარტოოდენ სიტყვების ტერმინოლოგიური თამაში?! რეალურად რა შედეგი მივიღეთ კრეტაზე? - მხოლოდ ის, რომ ეკუმენიზმი დეკლარირებულ დონეზე იქნა აღიარებული „მართლმადიდებლური კრების" მიერ.
სინამდვილეში, დაპირისპირებულმა მიტროპოლიტებმა (ი. ვლახოსმა და ი. ზიზიულასმა) საკუთარი საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ნიჭის დემონსტრირება მოახდინეს. საბოლოო ჯამში, ამ ორი დაპირისპირებული ჯგუფის მიერ ახალი კონცეფცია შემუშავდა, რომლის თანახმადაც სქოლასტური და ესენციური საღვთისმეტყველო მეთოდიკა (რომელიც სინამდვილეში მამებისეულია) დასავლურ ღვთისმეტყველებად გამოცხადდა (მიტრ. ი. ვლახოსი), ხოლო პერსონალიზმი* (რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლური ფილოსოფიის პროდუქცია) - მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებად.
მოჩვენებითი დაპირისპირება ორივეს სასარგებლოდ გათამაშდა - ორივემ საკუთარი არამართლმადიდებლური თეზები კრების დონეზე დააკანონა (ლეგიტიმური სახე მისცა):
1) მიტროპოლიტმა ი. ვლახოსმა წამოაყენა analogia entis (ყოფიერების ანალოგია) და analogia fidei (რწმენის ანალოგია) სწავლება, რომ თითქოს ის არის მართლმადიდებლობისა და პაპიზმის განმასხვავებელი ღვთისმეტყველება (არადა პროტესტანტიზმისა დასავლური ათეისტური ფილოსოფიის სინთეზია).
2) მიტროპოლიტმა ი. ზიზიულასმა პერსონალიზმს, ე.წ. „ურთიერთობის ღვთისმეტყველებას" ჩაუყარა საფუძველი. (ესეც დასავლური ფილოსოფიის მემკვიდრეობაა).
კრებაზე ი. ვლახოსმა ი. ზიზიულასის თეორიის კრიტიკა სცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავადაც ვერ ერკვეოდა ამ სწავლებაში. ის ამბობდა: „ტერმინი „პიროვნება" არ შეიძლება გამოიყენებოდეს ადამიანებთან მიმართებაში, არამედ მხოლოდ წმინდა სამების პირებთან".2
ღირსი იოანე დამასკელი თავის ნაშრომში „ფილოსოფიური თავნი" ამბობს: „არსებობს კერძო, ინდივიდუალური (ჯიშისა და სახეობის განსხვავება) ურთიერთშორისი განსხვავებულობა - რაოდენობა. მაგალითად, პეტრე - პიროვნება, მაგრამ ასევე პიროვნებაა ჰიპოსტასიც".3
როგორც ვხედავთ, ღირსი იოანე დამასკელი ტერმინ „პიროვნებას" იყენებს ადამიანებთან დამოკიდებულებაშიც.
მიტროპოლიტს (ი. ვლახოსი) პერსონალიზმის ცნება ადამიანთა მიმართ გამოუყენებლობამდე დაჰყავს. ამ დროს, ადამიანთან მიმართებით არამარტო დასაშვებია, არამედ მართლმადიდებლური ტრადიციის სწავლებაა. ხოლო ის, რაც მიუღებელია პერსონალიზმში („გადაილახოს განსხვავება ღვთაებასა და კაცებას შორის", „„შერწყას" ღმერთი, კაცობრიობა, ეკლესია", „ყოფიერება და ურთიერთობა ერთი მნიშვნელობისანი არიან, როდესაც პიროვნებაში იმყოფებიან" - და კიდევ მრავალი სხვა), პოსტმოდერნისტული ფილოსოფიური სწავლება ი. ზიზიულასისა კრეტის კრების დოქტრინად წარმოჩინდა.4
არსებითად, კრეტის კრების დოკუმენტებთან დაკავშირებით, გარდა ცრუსწავლებათა განვითარების კადნიერი მცდელობისა, დანარჩენი თეზები დიდი ხანია გადააზრებული და გადაღეჭილია „აღმოსავლელი პაპისტების" მიერ.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის (ბართლომე) მიერ კრეტის კრებაზე მიწვეული ორი „გამოჩენილი ღვთისმეტყველის" ი. ვლახოსისა და ი. ზიზიულასის საღვთისმეტყველო პაექრობა, სინამდვილეში ისეთივე ფარსია, როგორც პოლიტიკაში მმართველი პარტიის მიერ ფსევდოოპოზიციური პარტიის შექმნა, რათა ნამდვილი ოპოზიციური სიტყვა იქნეს იგნორირებული.
მსგავსი პარალელის გავლება აქაც შეგვიძლია: მსოფლიო პატრიარქი მსოფლიო მართლმადიდებლობის კრებსით დონეზე ცდილობს დაამკვიდროს ეკუმენიზმი, ხოლო მიტროპოლიტმა ი. ვლახოსმა (ფსევდოოპოზიციონერი) თავისი „სინთეზური მართლმადიდებლობით", (მოჩვენებითი ბრძოლით მათ წინააღმდეგ) და თავისი „ავტორიტეტით", არსებითად, „გააპრავა" კრეტის კრება, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის რეცეფცია (აღიარება) ვერ დაიმსახურა.
დავასკვნით: კრეტის კრებაზე ეკუმენისტებისა და ანტიეკუმენისტების პოლემიკა სინამდვილეში მემარჯვენე და მემარცხენე მოდერნისტების დაპირისპირება იყო. სინამდვილეში მათ საერთო რელიგიურ-ფილოსოფიური საფუძვლები აქვთ. მოჩვენებითმა დაპირისპირებამ თავისი საქმე გააკეთა: არამართლმადიდებლობა მართლმადიდებლობად გამოცხადდა, ხოლო ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცნობიერება სრულიად იგნორირებულ იქნა.ისმის კითხვა: რას გულისხმობს მიტროპოლიტი (ი. ვლახოსი) მართლმადიდებლურ სწავლებაში?
1 Послания Восточных Патриархов. 1848 г.
* პერსონალიზმი - (ლათ. Persona. პიროვნება), თანამედროვე ფილოსოფიის იდეალისტური მიმდინარეობა, რომელსაც ყოფიერების პირველსაწყისად პიროვნება მიაჩნია.
ტერმინის ავტორი: ფ. შლირმაიერი. პერსონალიზმი თავისი წარმოშობით მჭიდრო კავშირშია თეისტურ რელიგიებთან: ღვთის, როგორც პიროვნების, ასევე ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ.
პარიზის სკოლის წარმომადგენლები: ა. ბერდიაევი, ვ. ლოსკი, კ. უერი, ი. ზიზიულასი და სხვა.
2 И. Влахос. Онтологическое и сущностное. (д). стр. 13.
3 Преп. И. Дамаскин. Труды. Источник знаний. М. Индрик. 2002. Стр. 61.
4 Р. Вершило. Мировозрение Митр. И. Зизиуласа.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე