ეკლესიის პრაქტიკაში არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, რომ რთული საკითხების განხილვისას ზოგიერთი სასულიერო პირები (იერარქები), საკუთარი „ავტორიტეტით" ცდილობენ ფართო საზოგადოებაში ამა თუ იმ შეხედულების დამკვიდრებას, მეტადრე მისი აზრების არ (ვერ) გამზიარებლებზე სურთ ზეგავლენა. როგორც წესი, მსგავსი სახიფათო ქმედება დამახასიათებელია ძალაუფლებამოყვარული და ამბიციური ადამიანებისათვის - მათთვის ხომ საკუთარი, კერძო აზრი ჭეშმარიტებაზე, ეკლესიაში მშვიდობაზე მეტად ძვირფასია. ისინი მიიჩნევენ (ხშირად შეფარულად), რომ მათი სულიერი ხარისხი, საღვთისმეტყველო ცოდნა და ა.შ. „უცდომელი" გადაწყვეტილების საწინდარია.
რაღაც მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე მიტროპოლიტი იეროთეოსის (ვლახოსი) შემთხვევაშიც. ეს გვაფიქრებინა მისმა წერილმა „ვინც პანდემიისას სხვას დააინფიცირებს, მკვლელის ეპიტემია ედება". მაგრამ ვიდრე წერილის შინაარსს განვიხილავდეთ, ვიტყვით: პიროვნება, რომელიც (ი. ვლახოსივით) ადამის ცოდვაში ყოველი ადამიანის ბრალეულობას არ აღიარებს, რის შედეგადაც უნათლავი ჩვილების ცხონებასაც არ გამორიცხავს (ი. ვლახოსივით), მსგავსი ლოგიკის თანახმად ზოგიერთ ვაქცინაში ემბრიონის (ადამიანის განაყოფიერებული უჯრედის) გამოყენებაზეც არ შეშფოთდება. ის (ემბრიონი) ხომ მაინც ცხონდება. პირდაპირი თუ არა, ირიბი ლოგიკური კავშირი ამ საკითხებს შორის, ჩვენი აზრით, არსებობს.
პირველი, რაც მიტროპოლიტის (ი. ვლახოსი) წერილში იპყრობს ჩვენს ყურადღებას, ელადის ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაა (წმ. სინოდი. 13.01.2021). მასში ვკითხულობთ: „ვაქცინების დასამზადებლად, რომლებიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში გამოიყენება (Pfaizer), საჭირო არაა განაყოფიერებული ემბრიონის უჯრედის გამოყენება".
რას ნიშნავს „საჭირო არაა"?! ნუთუ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ოდესმე შეიძლება დასაშვები გახდეს ემბრიონის გამოყენება?! ამის გარდა, აღნიშნული დოკუმენტი საფუძვლიანად განიხილა ელადის ეკლესიის ბიოეთიკისა და მედიცინის დოქტორმა, დეკანოზმა სტილიანემ (კარპატიუ), რომელმაც სინოდის მიერ მითითებული სამედიცინო პორტალის ტექსტში სულ სხვა აღიარება აღმოაჩინა, რომ თურმე „საწყის ეტაპზე ვაქცინების წარმოებისთვის ემბრიონული უჯრედები გამოიყენებოდა" (იხ. ჩვენი ნაშრომი „ვაქცინა და ბიოეთიკური პრობლემა". გვ. 20). რთული სათქმელია, ჰქონდა ადგილი სიტყვებით შეგნებულ მანიპულირებას თუ არა წმ. სინოდის მხრიდან. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ცალკეული იერარქები (იერარქების კრებაც) არ წარმოადგენს „უცდომელ ავტორიტეტს", რომელსაც შეიძლება ბრმად მიენდო, დაეყრდნო. ამას აღმოსავლეთის პატრიარქთა 1848 წლის ეპისტოლეც ადასტურებს:
„ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია (სისავსე), ანუ თვით მორწმუნე ხალხია".¹
ანუ: არათუ ცალკეული პირები (პატრიარქებიც კი), არამედ კრებებიც (სინოდებიც) არ არის დაცული ცდომილებებისაგან, რადგან უცდომელობა არა კრების (როგორც ასეთის), არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიის კუთვნილებაა. ისიც დადასტურებულად ცნობილია, რომ ფაიზერის ვაქცინაში ლაბორატორიული კვლევის ეტაპზე გამოიყენებოდა ემბრიონი (იხ. იქვე. გვ. 15).
ამის მიუხედავად, მიტროპოლიტი (ი. ვლახოსი) ირწმუნება, რომ „ვაქცინაცია არანაირ წინააღმდეგობაში არ არის ჩვენი ეკლესიის არც ჰაგიოგრაფიულ, არც პატერიკულ და არც კანონიკურ სწავლებასთან. ამიტომ უნდა ვემორჩილებოდეთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს (წმ. სინოდი 14.07.2021).
მიტროპოლიტისთვის ვაქცინებში ბიოეთიკური პრობლემების არსებობა „პარათეოლოგია", „ამერიკის ფუნდამენტალისტურ-პროტესტანტული წრეების პროპაგანდაა", „ეკლესიური ცნობიერების და სერიოზული მეცნიერული არგუმენტების მწვავე დეფიციტია".
შემდეგ მიტროპოლიტი წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მოციქულთა 66-ე კანონის განმარტებასა და „ექსომოლოღიტარონის" მეექვსე მცნებას განმარტავს. ციტირებს: „უწყოდე, რომ როგორც მკვლელი განკანონდება ის, ვინც პანდემიის ჟამს, იცის რა, რომ დაინფიცირებულია, შევა სახლებსა და საზოგადოებაში და სხვებსაც დააინფიცირებს, რითაც მრავალთა სიკვდილის მიზეზად იქცევა. „არა კაც ჰკლა" - ამ მცნებას ისინიც არღვევენ, ვინც პანდემიის ჟამს, იციან რა, რომ დაინფიცირებულნი არიან, კონტაქტში შედიან სხვებთან და აინფიცირებენ მათაც".
წმინდა ნიკოდიმოსი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს: „იცის რა რომ დაინფიცირებულია, არ უნდა დააინფიციროს სხვა" და ამით მკვლელის ეპიდემია მიესადაგება.
აქ მიტროპოლიტი მართლმადიდებელი ხალხის ემოციურ მხარეზე აკეთებს აქცენტს, სურს რა ეს კერძო შემთხვევები საყოველთაო პრობლემად წარმოაჩინოს.
ცხადია, ვინც იცის რომ დაინფიცირებულია, უნდა მოერიდოს საზოგადოებას, რათა სხვა არ დააინფიციროს. ნუთუ ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო აქვს წმინდანის სწავლებასთან? მაგრამ ამ საკითხით მანიპულირება, რომ თუკი არ გავიკეთებთ ვაქცინას, მკვლელის ეპიტემიის პერსპექტივა გვემუქრება, არადამაჯერებელია.
მეტიც, მიტროპოლიტმა (ი. ვლახოსი) ამ წერილით აღნიშნულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად უამრავი კითხვა გააჩინა:
1) პიროვნებაზე სამკურნალო პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული სერიოზული გვერდითი მოვლენების დროს, ამ პრეპარატის შემომთავაზებელი, ნუთუ არ იღებს პასუხისმგებლობას პაციენტის შესაძლო გარდაცვალების გამო?
მიტროპოლიტი უალტერნატივოდ სთავაზობს საზოგადოებას ვაქცინირებას. ამ დროს, ვაქცინების შემდეგ სიკვდილი უამრავთ დადასტურებული ფაქტია. როგორი უნდა იყოს ამ ადამიანებისადმი ეკლესიის სამართლებრივი განაჩენი, მით უფრო მაშინ, როდესაც ვაქცინის შემომთავაზებელი თავად იერარქია?
2) რატომ არ ითვალისწინებს მღვდელმთავარი საერთაშორისოდ აღიარებული, გამოჩენილი სპეციალისტების პროფესიულ სამედიცინო ცოდნას? მათი მოსაზრებები ხომ კატეგორიულად ემიჯნება საყოველთაო ვაქცინაციის იდეას და საერთოდ ვაქცინაციის აუცილებლობას? - მეტისმეტად გაუგებარია!
¹ წიგნ. Письма к друзьям. М. А. Новоселов. М. 1994. გვ. 136.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია