თანამედროვე მოდერნისტების, „ახალი ღვთისმეტყველების" ძირითადი ამოცანაა ეკლესიის დოგმატური აზროვნების, ლოგიკის, სულისკვეთების, მეთოდოლოგიის, სისტემურობის უგულებელყოფა. ისინი გაურბიან ეკლესიის მტკიცე კანონიკურ განსაზღვრებებს, მიიჩნევენ, რომ ის „მკვდარი სქოლასტიკაა". სწორედ ასეთი მიდგომით სურთ ფსევდოორთოდოქსული სისტემის შექმნა, სადაც ჭეშმარიტება მარადიულობის საზომი კი არ არის, არამედ ისტორიული ატრიბუტი. საამისოდ საჭიროა სქოლასტიკის* კომპრომიტირება. მოდერნისტები ცდილობენ სქოლასტიკა დაუპირისპირონ პატრისტიკას (წმ. მამათა სწავლებას) და ბოლო საუკუნეების მართლმადიდებლური სწავლება კათოლიკური თეოლოგიის გადმოღებაში დაადანაშაულონ.
მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) სქოლასტიკის ცნების განმარტებაშიც არ გახლავთ ორიგინალური. თავის შეხედულებას კვლავ დეკანოზ ი. რომანიდისის სწავლების საფუძველზე (და არა მამებისეულზე, როგორც თავად სურს ეს წარმოაჩინოს) აყალიბებს. ი. რომანიდისი კი სქოლასტიკას „ფსევდომარფოზას" უწოდებს და მარტოოდენ ნეგატიური კუთხით განიხილავს მას. იმავე, მოდერნისტებისთვის დამახასიათებელ მეთოდებს იყენებს მიტროპოლიტი იეროთეოსიც (ვლახოსი) თავის ნაშრომში („Богословский кризис и случаи его современной церковной жизни". Митр. И. Влахос.).
მიტროპოლიტი წერს:
1) „დასავლეთში შეიქმნა უზარმაზარი საღვთისმეტყველო მიმდინარეობა, რომელიც განსხვავდებოდა მსოფლიო კრებების მამებისეული ტრადიციისაგან, მას სქოლასტიკა ეწოდება".1
თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სქოლასტიკა სულაც არ იღებს სათავეს დასავლური ღვთისმეტყველებიდან, მეტიც: სულაც არ უარყოფს მსოფლიო კრებებისა და მამებისეულ ტრადიციას, როგორც ეს მიტროპოლიტს სურს. სქოლასტიკის საბაზისო სათავეები სწორედ ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშია საძიებელი. არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სამართლიანი შენიშვნით „ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში სქოლასტიკა ბიზანტიაში შეიქმნა წმ. მამათა რიგი ეპიგონებისა და კომენტატორების მიერ. სქოლასტიკის ელემენტები შეგვიძლია ვიპოვოთ ღირსი იოანე დამასკელის „მართლმადიდებლობის ზუსტ გადმოცემაში", რომელიც რამდენიმეჯერ ითარგმნა ბერძნულიდან ლათინურ ენაზე და წარმოადგენს თომა აქვინელის „ჯამური თეოლოგიის" (Суммы Теологии) - დასავლური თეოლოგიის მწვერვალის"2 ერთ-ერთ წყაროს.
მიტროპოლიტი შეგნებულად უვლის გვერდს იმ უდავო ფაქტს, რომ არსებობს მართლმადიდებლური (აღმოსავლური) და კათოლიკურ-პროტესტანტული (დასავლური) სქოლასტიკა, რომ მათ შორის უზარმაზარი შინაარსობრივი განსხვავებაა. აღმოსავლურ სქოლასტიკაში ძირითადად იგულისხმება საუკუნეების მანძილზე დაგროვილი მასალების სისტემაში მოყვანა, სქემების ჩამოყალიბება საღვთისმეტყველო თეზების უკეთ გააზრების, აღქმისა და დამახსოვრებისთვის. აღმოსავლური სქოლასტიკა (დასავლურისაგან განსხვავებით) უფრო ფრთხილად, კორექტულად იყენებდა ფილოსოფიურ ენას. მისი (აღმოსავლური სქოლასტიკის) ძირითადი მიზანი იყო შეეჯამებინა და განსაზღვრული სქემებით მოეწოდებინა ქრისტიანობის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება. ამდენად, სქოლატიკა სულაც არ ემიჯნება პატროლოგიას, როგორც ამას მიტროპოლიტი წარმოგვიჩენს. ის ერთგვარი ჯებირია ღვთისმეტყველებისა, რათა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ცოდნას გაეძლო რაციონალისტური კრიტიკისა და სეკულარიზაციის შესაძლო საფრთხეებისათვის. ამის მომსწრენი მოგვიანებით კი გავხდით - ვგულისხმობთ პროტესტანტიზმს.
მართალია, ბოლო საუკუნეებში მართლმადიდებელი ეკლესია დაესესხა დასავლურ სქოლასტიკას, მაგრამ მართლმადიდებელმა თეოლოგებმა აიღეს, შეისისხლხორცეს, შეიტკბეს მხოლოდ ის ფასეული, (სისტემური ღვთისმეტყველება), რაც ყოველთვის ეკუთვნოდა ეკლესიას. არსებითად, ეს იმის დაბრუნებაა, რაც დასავლეთმა წაიღო მართლმადიდებლობისაგან.3
2) მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) წერს: „სქოლასტიკა ეფუძნება ლოგიკას, ხოლო მამებისეული სწავლება - გამოცდილებასა და მტკიცებულებით - აპოდიქტიკურ (аподитические) მსჯელობას. სქოლასტიკური ღვთისმეტყველება ღმერთთან მიმართებით ლოგიკას, დიალექტიკურ მსჯელობებს, სილოგიზმებს ეყრდნობოდა".4
ამ მოსაზრების საპასუხოდ კვლავ არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) მსჯელობას დავესესხებით.
საქმე ისაა, რომ კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე კარგავდა სულიერებას. პატრისტიკისთვის მნიშვნელოვანი იყო ცოცხალი, მისტიკური და ლიტურგიკული გამოცდილება, რასაც წმინდა მამებთან „ჭვრეტა" ეწოდება და რომელსაც რწმენა უზენაეს ხარისხში აჰყავს. მაგრამ როდესაც ღვთისმეტყველება ადამიანთა გულებში ადგილს ვეღარ ჰპოულობდა, როგორც „მაშველ რგოლს" მოკავშირედ გონებას უხმო. დადგა ალტერნატივა:
ან ანალიტიკური სისტემა ან შეხედულებათა ქაოსი და ფართო ველი თეოლოგიური მანიპულაციებისთვის.
ანტისქოლასტიკოსებს არ სურთ გაიგონ, რომ სქოლასტიკა სულაც არ არის ყოველმხრივ ნეგატიური მოვლენა. მისი გამოუყენებლობით გაცილებით უარესი შედეგი დადგებოდა.5
მოდერნისტები, მათ კვალდაკვალ მიტროპოლიტი იეროთეოსიც, შეგნებულად ურევენ ერთმანეთში მიზეზსა და შედეგს. ისინი სულიერების დაცემის მიზეზად სქოლასტიკას ასახელებენ. სინამდვილეში კი ეს წმინდაწყლის პროვოკაციაა, რაც მამებისეულ ტრადიციებთან კი არ გვაბრუნებს, არამედ პროტესტანტიზმის მსგავს ჭაობში ჩაძირვას გვიქადის.
იმ ბრალდებით, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება საუკუნეთა მანძილზე კათოლიციზმის ტყვეობაში იყო, მოდერნისტებს ძალუძთ ჩააგდონ ეკლესია დოგმატურ და საღვთისმეტყველო ქაოსში. შემდეგ კი ისინი, (მათთან ერთად, ალბათ, მიტროპოლიტი იეროთეოსიც) პერსონალური თეოლოგიის მქადაგებლად მოგვევლინებიან.
3) რა შეიძლება ვთქვათ მიტროპოლიტ იეროთეოსის შემდეგ მოსაზრებაზე: „სქოლასტ ღვთისმეტყველთა ნაწილი არისტოტელეს ფილოსოფიას, ნაწილი კი პლატონის ნეოპლატონიზმის ფილოსოფიას ეყრდნობა. სქოლასტმა ღვთისმეტყველებმა დაწერეს დოგმატური სახელმძღვანელოები, რომლის საფუძველში ახალი საღვთისმეტყველო მეთოდი დევს, მაგრამ ის განსხვავება მამებისეული (პატრისტიკული) ღვთისმეტყველებისაგან".6
აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამები თავიანთ თხზულებებში, დიახ, იყენებდნენ პლატონის, არისტოტელესა და სტოიკოსების ტერმინოლოგიურ ენას, მაგრამ როგორც არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) განმარტავს, იმიტომ, რომ - ზუსტად გადმოეცათ ზოგიერთი მეტაფიზიკური ჭეშმარიტებანი. მაგრამ (ანტიკური ტერმინოლოგიის) გამოყენებით ქრისტიანული ღვთისმეტყველება პლატონიზმად არ გარდაქმნილა.
ღირსმა იოანე დამასკელმა თავის წიგნში „ფილოსოფიური თავნი" არისტოტელესეული ტერმინოლოგია და კატეგორიები გამოიყენა, მაგრამ არა სიტყვასიტყვით, არამედ მათი გაანალიზებით, ქრისტიანული თეოლოგიისათვის შესატყვისი შინაარსის მინიჭებით. ამ გზით, ტერმინების გაეკლესიურობაც მოხდა.
დასავლური სქოლასტიკა ნამდვილად შეერწყა არისტოტელიზმს, მაგრამ მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) აღმოსავლურ და დასავლურ სქოლასტიკას ერთ ჭრილში განიხილავს, მისთვის ორივე, ყველანაირი სახის სქოლასტიკაა პრობლემური. არადა ფაქტია, ცხადია ორი სრულიად განსხვავებული არსის სქოლასტიკა:
1) აღმოსავლურის ქვეტექსტია: „მე ვიცი, იმიტომ რომ მრწამს და თავად ცოდნას ვიყენებ სარწმუნოების დასასაბუთებლად".
2) დასავლურის ქვეტექსტი: „მრწამს, იმიტომ რომ ვიცი და ცოდნას ვიყენებ სარწმუნოების კრიტერიუმად".
ამრიგად, სქოლასტიკასთან ბრძოლაში მიტროპოლიტი მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ გრძნობებზე თამაშობს. აქაოდა, დავაღწიოთ თავის დასავლური ღვთისმეტყველების ტყვეობასო და მისთ.
ისმის კითხვა: თუკი წმინდა მამათა სწავლებაში დადებითი შინაარსით გამოყენებულია სქოლასტური საღვთისმეტყველო მეთოდი, რატომ არის ეს მიტროპოლიტისთვის ესოდენ მიუღებელი? გაუგებარია!
* სქოლასტიკა - (ბერძ. - სქოლა) - ეს სახელი დაუმკვიდრდა „შუასაუკუნეების ფილოსოფიის" მიმართულებას, რომელიც უპირატესად ისწავლებოდა სკოლაში. იმ დროს ფილოსოფია ღვთისმეტყველების „მსახური" იყო და ამიტომ არ იკვლევდა ბუნებას და გარემომცველ სინამდვილეს, არამედ ცდილობდა ეკლესიის ზოგადი დოგმატებიდან კონკრეტული დასკვნები გამოეტანა და ადამიანის ქცევის წესები განესაზღვრა. აქედან - ცხოვრებისაგან მოწყვეტილს, ასოკირკიტას, გამოწვლილვას, ფაქტებისა და პრაქტიკის გარეშე, ზოგადი ცნებებითა და დასკვნებით ოპერირებას „სქოლასტიკა" ეწოდება. წარმომადგენლები: ალბერტ ბოლშტედტელი, თომა აქვინელი, დუნს სკოტი და რაიმუნდ ლული (XIII ს.).
1 И. Влахос. Богословский кризис и случаи его в современной церковной жизни. Искажение богословия. Apologet.spb.ru.
2 Арх. Рафаил (Карелин). Почему модернисты ненавидят схоластику. karelin -r.ru.
3 არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წერილებიდან: „Православие и схоластика: Почему модермисты ненавидят схоластику". karelin –r.ru.
4 И. Влахос. Богословский кризис и случаи его в современной церковной жизни.
5 Православие и Cхоластика. karelin –r.ru.
6 И. Влахос. Богословский кризис и случаи его в современной церковной жизни.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია