ვიდრე ტრანსჰუმანიზმის ცნებას შევეხებოდეთ, ორიოდე სიტყვით ვიტყვით, ჰუმანიზმის შესახებ. მოკლედ ის შეიძლება ამგვარად ჩამოვაყალიბოთ: ადამიანით ღვთის ჩანაცვლება, ე.ი. საღმრთო წეს-განგება, კანონები, ცხოვრების წესი და ა.შ. მთლიანად უგულებელყოფილია, და მის ადგილს იკავებს ადამიანი.
ტრანსჰუმანიზმის დროს თავად ადამიანის არსებითი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს. ის უნდა იყოს ზეადამიანი, სუპერმენი რობოტული მონაცემებით, ერთგვარი კიბორგი.
ტერმინი ტრანსჰუმანიზმი 1957 წ. ინგლისელმა ბიოლოგმა, გენეტიკოსმა და ევოლუციონისტმა ჯულიან ხაქსლიმ გააჟღერა.
„ტრანსი" - არსებულის მიღმა მყოფი, ამ შემთხვევაში ჰუმანიზმის მიღმა მყოფს ნიშნავს. ტრანსჰუმანიზმი განიხილება როგორც „ახალი იდეოლოგია", „გონების ახალი პოზიცია", „ადამიანის ახალი მდგომარეობა" საფუძვლიანად განსხვავებული იმისაგან, რასაც ადამიანი ჰქვია.
ნიცშე ამბობდა: ჩვენ მოვკალით ღმერთი, აწ უნდა იარსებოს ზეადამიანმა. ანუ ტრანსჰუმანური იდეებით შეპყრობილმა ადამიანებმა უარი განაცხადეს ქრისტიანულ მორალზე, სიკეთისა და ბოროტების განსხვავებაზე.
თუ ჰუმანიზმმა დაიწყო ხელოვნური უკვდავების გზების ძებნა, ტრანსჰუმანიზმმა უკვე პირველი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.
რელიგიურ-ფილოსოფიური თვალსაზრისით, ტრანსჰუმანიზმი განიხილება როგორც განღმრთობის უსუსური პაროდია. თუკი განღმრთობა ადამიანისა ნიშნავს ადამიანურისა და ღვთაებრივის სინერგიას, ადამიანის ღვთაებრივ საიდუმლოებებში თანამონაწილეობას, სულიერ განწმენდას მადლის მეშვეობით, ტრანსჰუმანიზმში თავად ადამიანი იკავებს ღვთის ადგილს და მეცნიერ-ტექნიკური მიღწევების შედეგად უნდა შეიქმნას უზენაესი არსება, პოსტადამიანი, კიბორგი. საამისოდ ის (ადამიანი) ფუნდამენტურად აფართოებს ადამიანის შესაძლებლობებს ინტელექტუალური, ტექნოლოგიური თუ ფსიქოლოგიური საშუალებებით. კერძოდ: გენური ინჟინერიით, რობოტექნიკით, ნანოტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტით, ინფორმაციული ტექნოლოგიებით, მიკრობიოლოგიით და ა.შ. რაში უხეში ჩარევითაც შესაძლებელია ადამიანის უნარებისა და მოთხოვნების შეცვლა.
ამრიგად, ტრანსჰუმანიზმი - ადამიანის თავისი საზღვრებიდან გამოსვლის მცდელობაა. ის პოსტადამიანია - მომავალი ადამიანი დაჯილდოებული ზეგონებითა და შესაძლებლობებით, ახალი სხეულითა და ახალი პოტენციალით. ეს იგივე ევოლუციონიზმია, როდესაც ადამიანი თვითევოლუციონირებს.
მთავარი ამოცანაა: უკვდავება როგორც ბიოლოგიურ, ისე გენეტიკურ (გენოტიპის) დონეზე. მათ მიერ ადამიანი პოტენციურად მარადიულად (ამქვეყნად) მყოფად განიხილება. ცხადია, მათ არ ძალუძთ უკვდავი სულის მიცემა ადამიანისათვის, მაგრამ ადამიანის ტვინის ინფორმაციის ჩატვირთვა კომპიუტერში და მის ქსელებში არც თუ შორეული პერსპექტივაა, ხოლო ხელოვნური უჯრედების შექმნა და ქსოვილებად გადაქცევა უკვე ტესტირების პროცესშია. ანუ ტრანსჰუმანიზმის იდეალი - უკვდავი პოსტადამიანია, ჰიბრიდი, ადამიანი-მანქანა, ე.ი. - კიბორგი.
სამედიცინო და ფარმაკოლოგიური ექსპერიმენტები სხეულით, რომელიც ვაქცინაციითაც შესაძლოა ხორციელდებოდეს, მოსამზადებელი ეტაპია.
გენური ინჟინერიის, ე.ი. ადამიანის უჯრედებში (გენეტიკაში) უხეში ჩარევის, იმპლატანტების, ხელოვნური განაყოფიერების და მისთ. შედეგად შესაძლებელია ადამიანის მთლიანი მოდიფიცირება იმდენად, რომ მას უკვე ვერც უწოდებ ადამიანს.
სწორედ მომავლის მედიცინამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის გენომში ჩარევით, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიდან საუკეთესო თვისებებით სინერგიით ჩამოაყალიბოს პოსტადამიანი.
თანამედროვე ბიომედიცინური ტექნოლოგიები უკვე იძლევა გენოთერაპიული ჩარევის საშუალებას ჩასახული ადამიანის (ამბრიონი) უჯრედულ ხაზში. ასევე რ.ნ.მ. ინფორმაციაზე ბაზირებული ვაქცინების შექმნით ეძლევათ შესაძლებლობა შეცვალონ დ.ნ.მ.-ის მოლეკულა, გენოკოდი, გენოტიპი, სხეულის აღნაგობა და ნეიროსისტემა.
დიახ, არ მოგესმათ, გენური ინჟინერიის მეშვეობით პოტენციურად შესაძლებელია მომავალი თაობის ფიზიკური და გონივრული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ექსპერიმენტებით მრავალი განადგურებული ადამიანის ხარჯზე.
ტრანსჰუმანისტები დღეს უკვე ღიად საუბრობენ, რომ ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზის პოტენციალის სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე მათი კვლევის ნეგატიური შედეგები (Nick Bostrom Petspa).
შედეგად, მივიღებთ „ხარისხოვანი" და „მეორეხარისხოვანი" ადამიანის ტიპს, რისი მინიშნებები უკვე შეინიშნება ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებზე საუბრისას მავანის მიერ.
ტრანსჰუმანისტების ნომერ პირველი ამოცანაა: ციფრული უკვდავების შექმნა, ე.ი. ადამიანის გონების შენარჩუნება კომპიუტერული ტექნოლოგიებით, გაზარდონ ინტერფეისი - „გონება - მანქანა".
ანუ პოსტადამიანი არის (იქნება) ადამიანისა და ტექნოლოგიების ჰიბრიდი. ეს ორგვარი პროცესია:
1) ტექნოლოგიები ინერგება ადამიანში;
2) ადამიანი მთლიანად შედის კიბერსივრცეში.
1) პირველის დროს ხორციელდება სხეულში კომპიუტერული იმპლანტანტების, ჩიპების შეყვანა იმ პერსპექტივით, რომ გონების ნაწილი ჩანაცვლდება ტექნოლოგიური ელემენტებით (ამას ღეროვანი უჯრედების დაზიანებულის ან ამოკვეთილის ნაცვლად, უკვე აკეთებენ).
2) მეორე პროცესი - ნანოტექნოლოგიების მეშვეობით იქმნება სამგანზომილებიანი ვირტუალური სივრცე მასში ყოფნის სრული სენსორული ილუზიით.
შედეგად, პოსტადამიანი არის ვირტუალურ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შერწყმული ადამიანი, რომელსაც ძნელად დაარქმევ ადამიანს.
ტრანსჰუმანისტების აზრით, ადამიანი როგორც ბიოსახეობა გადადის წარსულში და მომავალს უთმობს ახალ ტექნოსახეობას - კიბორგს. რეალურ და ვირტუალურ სამყაროებს შორის ზღვარი იშლება.
ნიცშე ამბობდა: როგორც ადამიანსა და მაიმუნს შორის სასაცილო განსხვავებაა, ასევე იქნება ადამიანსა და ზეადამიანს შორის.
საბოლოოდ, კაცობრიობას სთავაზობენ პოსტადამიანურ „სამოთხეს", ეს არის უღმერთო, სულიერ კავშირს მოწყვეტილი სამყარო.
საკითხავი მხოლოდ ისაა: დაუშვებს კი ღმერთი ამ გეგმის განხორციელებას თუ ჩანასახშივე დაასრულებს ამქვეყნად არსებობას?!
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე