ხშირად ნახევრადრელიგიური ადამიანებისგან, რომლებიც თავს „თავისუფლად მოაზროვნე ქრისტიანებს" უწოდებენ, შეიძლება შემდეგი სიტყვები მოისმინოთ: „რელიგიაში ზნეობაა მთავარი, დაე, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა ისე სწამდეს, ოღონდ ადამიანებისთვის სიკეთე აკეთოს... და იყოს ქრისტიანი". მაგრამ როგორ შეიძლება ქრისტეს გარეშე იყო ქრისტიანი? ამგვარად მოაზროვნე ადამიანებიდან ზოგი ლოცვის აღსავლენად მართლმადიდებლურ ტაძარში შედის, შემდეგ კათოლიკურში ან სექტანტურ სამლოცველოებში, მეჩეთსა და სინაგოგაში მიდის. წარმართული ბომონი რომ ნახოს, ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე იქაც შევა, შივასა და ბუდას წინ სანდალოზის ჩხირების დასანთებად ან კერპის ყვავილებით შესამკობად. ეს ადამიანები თვლიან, რომ ყველა რელიგიას ღმერთთან მივყავართ. „ყველა გზა რომში მიდის, ხოლო რადიუსები - ცენტრისკენ" - ამბობენ ისინი. ამ ფართო, სინამდვილეში ვულგარულ გათანაბრებაშია მათი სულიერი კრედო, მათი „მრწამსი". ასეთი ადამიანებისთვის მთავარი ზნეობრივი პოსტულატებია, მსოფლმხედველობით პრინციპებს - (ფილოსოფიურს და რელიგიურს) კი დროებით, კულტურული დონისა და ერის გენიაზე დამოკიდებულ ისტორიულ და რეგიონალურ ფორმად მიიჩნევენ. ეს რელიგიური კოსმოპოლიტიზმი1 ჰუმანიზმისა და კულტურის გამოვლინება ჰგონიათ, ხოლო რელიგიური სისტემის მიმდევრობას, დოგმატების ურყევ რწმენას სულიერ ამპარტავნებად, შეუწყნარებლობად, სიყვარულის დეფიციტად, ობსკურანტიზმად2, ბრმა, სასტიკ ფანატიზმად, ვიწრო აზროვნებად და გულის გაქვავებად თვლიან.
შეიძლება თუ არა ზნეობის, მსოფლმხედველობისაგან დამოუკიდებლად, ადამიანის სულის ავტონომიად განხილვა? ვფიქრობ, უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ზნეობის ფუძე ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ერთიანობაა; ჭეშმარიტება - როგორც ფორმა, სიყვარული - როგორც შინაარსი. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტება მდინარის კალაპოტია, სიყვარული - მისი დინება. თუ დამშრალ კალაპოტში წყალი არ იქნება, არავინ მოვა მასთან წყურვილის მოსაკლავად; თუ ნაპირები არ შეაკავებენ მოზღვავებულ ნაკადს, მინდვრებზე დაგუბებული წყალი ჭუჭყიან ჭაობად იქცევა. სიმართლესა და სიყვარულს შორის ჰარმონია ზნეობის საზომია.
ყველა რელიგია, ან უმეტესი მათ შორის, გულმოწყალებას, სიკეთესა და სიყვარულს ქადაგებს. მაგრამ აქვს ერთგვარი შინაარსი სიტყვებს სიყვარულსა და სიკეთეს სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიების წარმომადგენელთათვის? შეიძლება ღვთის სიყვარული ერთნაირად ჰქონდეს იმათ, ვისაც ღვთაება დასაბამითი ენერგია, უსახო ძალა ჰგონია და იმათ, ვინც ღმერთს ცოცხალ პიროვნებად აღიარებს? შეიძლება ქრისტიან მოწამეს ან ვნებებთან მებრძოლ ასკეტსა და იმ წარმართს, რომელმაც ყველა ადამიანური ცოდვა და ვნება თავის ღმერთს მიაწერა, ერთნაირად უყვარდეს ღმერთი? შეიძლება სისხლით გამძღარი არესისა3 ან ქურდებისა და მატყუარების მფარველი ჰერმესისადმი სიყვარული ისეთივე ამაღლებული იყოს, როგორც ქრისტიანისა მაცხოვრისადმი? თანამედროვეობაში სატანისა და ლუციფერის თაყვანისმცემელთა ათეული სექტაა, მათი გზაც ღმერთთან მიდის? შეიძლება დაცემული ანგელოზის შეყვარება ქრისტესავით, რომელიც ზვარაკად შეეწირა კაცობრიობას? რომელი ღმერთი უყვარს ბუდისტს, როცა ღმერთები მისთვის უსრული ბუდებია, რომლებიც ელოდებიან ახალ ავატარებსა და გარდასახვებს?
ბუდიზმი პიროვნული ღმერთისა და ღმერთთან მარადიული ურთიერთობის იდეას ძრწოლითა და ზიზღით უყურებს. თუკი ადგილობრივ რელიგიებთან შერწყმული ბუდიზმი უბრალო ხალხისათვის ჰიმალაისა და ტიბეტის ღვთაებების პანთეონთან თანაცხოვრობს, ნამდვილი ბუდისტი ღმერთებს, სამყაროს და საკუთარ თავსაც ნირვანაში გაურბის. როგორ შეუძლია ღმერთის სიყვარული შივაისტ იოგს, რომელიც თავად თვლის თავს ღვთაებად? თავის მედიტაციებში ინდუისტი საკუთარ თავს აბსოლუტთან აიგივებს, ამიტომ მისი სიყვარული ნარცისიზმია (საკუთარი თავის შეყვარება). შეიძლება სიყვარულის გრძნობა ქრისტიანის გულსა და მუსულმანის გულში ერთნაირად არსებობდეს, როცა ყურანი ისლამის გასავრცელებლად ომსა და ძალადობას აქეზებს, როგორც რელიგიურ გმირობას, ხოლო სახარებაში ძე ღვთისას საკუთარი სახით მოაქვს ჭეშმარიტება და არავის აიძულებს მის აღიარებას. ეს არ ნიშნავს, რომ ნომინალური ქრისტიანები არ ადგნენ ძალადობის გზას, მაგრამ ეს მათი ზნეობის სისუსტე იყო და არა სარწმუნოებრივი კანონი.
განვიხილოთ სიყვარულის სხვა ასპექტი, მისი მიწიერი მხარე - სიყვარული ადამიანების მიმართ. ყურანიც ასწავლის სიყვარულსა და სიკეთეს, მაგრამ ეს მხოლოდ მუსულმანებთან დამოკიდებულებაში. მუსულმანისთვის სამყარო ორ ნაწილად იყოფა: ისლამური სამყარო და ის, რაც მის საზღვრებს იქითაა. ამ უცხო, „ურწმუნოთა" სამყაროს მიმართ მუსულმანს სხვა მორალი აქვს: „დაჩაგრეთ და დაიმონეთ, ვიდრე დამცირებულები და ღონემიხდილები არ მიიღებენ ისლამს" (ყურანი). ქრისტიანების, იუდეველებისა და ზოროასტრელების4 მიმართ (რომელთაც „კანონის ხალხს" უწოდებენ) მუსულმანს შეუძლია შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰქონდეს, წარმართებთან კი ისლამი პერმანენტულ5 ომს აწარმოებს. შეიძლება იმ სიყვარულის შედარება, რომელიც კონფესიონალურ ხასიათს ატარებს, ქრისტეს აღთქმულ სიყვარულთან, რომელიც პირად მტრებსაც ითვლის?
თალმუდი ებრაელებს სამართლიანობისა და გულმოწყალებისკენ მოუწოდებს, მაგრამ სამყაროს ისიც ორ ნაწილად ჰყოფს: ებრაელებად და წარმართებად (მსოფლიოს სხვა დანარჩენი ხალხი), რის შედეგადაც თალმუდური ზნეობა გაორებულ და კაზუალურ6 ხასიათს ატარებს. თალმუდისტი ებრაელები თვლიან, რომ იუდეველი ხალხი ღვთის ქმნილებაა, ხოლო სხვა დანარჩენი 72-მა უმდაბლესმა სულმა შექმნა. ამიტომ, ისრაელის სხვა ხალხთან შედარება იუდეველისთვის რელიგიურ უსამართლობას ნიშნავს. შეუძლია ბრაჰმანისტს უყვარდეს ადამიანი, როცა ადამიანები მისთვის დაყოფილი არიან ჩაკეტილ კასტებად7? სულიერი სიყვარული კი არა, ფიზიკური შეხებაც კი დაბალი კასტის წარმომადგენლებთან შებღალვად ითვლება. შეუძლია ინდუსს უყვარდეს ადამიანი, როცა მისთვის სამყარო - მხოლოდ მირაჟი და ილუზია, ბრაამის ოცნებებია? ადამიანის სიყვარული მისთვის ისეთივე არარეალურია, როგორც სიზმრისეული ჩრდილი. შეუძლია ბუდისტს ჰქონდეს ისეთივე სიყვარული, როგორიც ქრისტიანს, როცა ბუდისტისთვის უმაღლესი მდგომარეობა ყველასა და ყველაფრის მიმართ გაუცხოებაა, ხოლო სიყვრული, როგორც ემოცია მისთვის ყოფიერების ბორბალთან ე.ი ბოროტების სამყაროსთან მიჯაჭვების საშუალებაა? შეიძლება ბენგალელ კრიშნაიდს უყვარდეს ისე, როგორც ქრისტიანს, როცა კრიშნაიდისთვის სიყვარულის გამოვლინება გარყვნილი სიყვარულია, ხოლო სახარება ურთიერთობების სიწმინდეს გვიქადაგებს, როგორც ქორწინებაში, ისე ქალწულებაში. როგორი სიყვარული ჰქონდათ ანტიკურ წარმართებს, უდიდესი ფილოსოფოსებისა და მორალისტების ჩათვლით, როცა მონა მათთვის ნივთი და ცხოველი იყო? შეიძლება ვუწოდოთ ღვთისკენ მიმავალი გზა ინკებისა და აცტეკების რელიგიას, რომლებიც დღესასწაულებზე ათასამდე ტყვეს გულს აგლეჯდნენ და მზის საკურთხეველზე ყრიდნენ? თუ ყველა რელიგია თანასწორია, ნიშნავს, რომ ყველა ჭეშმარიტია ან ყველა ყალბი. პირველ შემთხვევაში ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს, ჭეშმარიტება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საკუთარ თავს, ხოლო რელიგიები ერთმანეთს ყველაზე მთავარ ანთოლოგიურ8 საკითხებში სცილდებიან. უამრავი სხვადასხვა ჭეშმარიტების დაშვება ჭეშმარიტების გაგების პროფანაციას9 ნიშნავს. მოახვიო მას პირობითად რელატიური ხასიათი, ის, რაც გუშინ სიცრუედ ითვლებოდა, დღეს შეიძლება ჭეშმარიტებად იქცეს და ა.შ. ამ შემთხვევაში თავად ზნეობაც ცვალებად ხასიათს ატარებს; ის თითქოს ამორფულ მდგომარეობაში, როგორც სითხე ან რეზინასავით წელვად პლურალიზმში10 ან კინოფირის ცვალებადი კადრების მსგავს ისტორიულ რელატივიზმში11 გაიხსნება, რომელ ზნეობრივ ავტონომიებზე შეუძლიათ ლაპარაკი ამ მოქრისტიანო ლიბერალებს? თუ ყველა რელიგია ჭეშმარიტია, ე.ი. ურთიერთობენ არა ღმერთთან, არამედ ნულთან, მაშინ თავად მცნება რელიგიის შესახებ უარყოფილ უნდა იქნეს. და თუ ასეა, რომელ შეგნებულ ქრისტიანობაზე შეიძლება საუბარი? ჭეშმარიტებად აღქმული სიცრუე ადამიანის შეგნებას ამახინჯებს და ფორმას უცვლის; ცრუ რჯულის მოძღვრებას და ცრუ დოგმატებს ადამიანის სულში ხრწნა და სიკვდილი შეაქვს. ეს გვამის ლაქებია მისი სულის სხეულზე.
მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატები - ფილოსოფიური კონცეფციები და აბსტრაქციები არაა, არამედ ნათლითმოსილი ჭეშმარიტებაა, რომელიც, როგორც მზე, სინათლესა და სიცოცხლეს აძლევს სულს. დოგმატებსა და ზნეობას შორის არსებობს უხილავი, მაგრამ მუდმივი კავშირი. დოგმატიკის დამახინჯება ზნეობრივ მთლიანობასა და ჰარმონიას არღვევს, ხოლო მცნებების დარღვევა, სინანულის გრძნობის გარეშე დოგმატიკური აზროვნების გარყვნასა და დაკარგვას იწვევს. ეკლესიამ მკაცრად დაგმო ორიგენეს ცდომილება იმიტომ, რომ მისი სწავლება დასრულებულ, წინასწარგადაწყვეტილ სამყაროს გარდაუვალი გადარჩენის შესახებ (დემონების ჩათვლით), ისევე, როგორც წრეწირის ხაზი, უბრუნდება თავის საწყის წერტილს, სადაც დასასრული იკვრება დასაწყისთან, ადამიანებს ზნეობრივად განაიარაღებდა, მათგან ცოდვის მთელ ტრაგიზმს მალავდა, ცრუ იმედებს უსახავდა და ამით მათ ზნეობის უფსკრულის პირას აყენებდა.
ქრისტიანისთვის ღვთისადმი სიყვარულის წყარო - არა მარტო სამყაროს შექმნისთვის მადლიერებაა, არამედ ადამიანთა ცოდვების გამო ჯვარცმული ღვთის მარადიული სიყვარულის ხატი. მოყვასის მიმართ სიყვარული, ეს უპირველეს ყოვლისა, ადამიანის მაღალი ღირსების, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსის, უკვდავი სულისადმი სიყვარულია. შეიძლება ასეთი სიყვარული ჰქონდეს ათეისტს, რომელიც ადამიანს სამყაროში შემთხვევით მოვლენად, მოლეკულების დროებით კონგლომერატად12, მაიმუნებთან ერთად პრიმატების ერთ ჯგუფში გაერთიანებულ, სრულყოფილ მხეცად თვლის? ათეისტები და ლიებერალები ზნეობის რელიგიისგან გათავისუფლების შესახებ მსჯელობდნენ და დაასრულეს იმით, რომ მნიშვნელოვან წილად თანამედროვე ადამიანი ზნეობისგან გაათავისუფლეს. ლიბერალი ქრისტიანებისათვის დამახასიათებელია, რომ ცდილობენ მსოფლმხედველობიდან ჯოჯოხეთისა და დემონის შესახებ წარმოდგენა ამოშალონ. ამ საკითხს დუმილით აუარონ გვერდი, ან სატანა უბრალო მეტაფორად, ადამიანური ცოდვების განსახიერებად წარმოუდგენიათ, რათა მშვიდად სცოდონ, არ განიცადონ შიში ცოდვების მარადიული შედეგის გამო, არ შეეშინდეთ მისი, ვინც ცოდვის შავი ჩრდილის უკან დგას, ისე, როგორც რეჟისორი - სცენის მიღმა.
თანამედროვე ღვთისმეტყველებიდან ზოგიერთი საშინელი სამსჯავროსა და ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას ღიად უწოდებს „შემზარავ მითოლოგიას". ორიგენესა და თანამედროვე თეოლოგების „ძილისპირული" მშვიდად თვლემის საშუალებას გვაძლევს, რომ არ ვიფიქროთ სიკვდილზე, როგორც ცხოვრების გამოცდაზე. ჯოჯოხეთის, როგორც უფსკრულის შავი სამყაროს (საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს) და დემონების - კაცობრიობის მარადი მტრების დავიწყება ქრისტიანს სიფხიზლეს, ლოცვის დროს სულიერ დაძაბულობას აკარგვინებს და გული ვნებებისგან დაუცველი რჩება. ადამიანი თვლის, რომ დემონი მხოლოდ საკუთარი სულის ჩრდილოვანი მხარეა, ჯოჯოხეთი ამა ცხოვრებისეული სატანჯველია და ამიტომ სიკვდილი მოუმზადებელს, თითქოს განიარაღებულს ანაზდად წაადგება თავს. ხოლო მომავალი ცხოვრების რეალობა, დემონური სამყარო, რომელსაც იგი მეტაფორად თვლიდა მისთვის მოულოდნელად და კატასტროფად იქცევა."
1კოსმოპოლიტიზმი - იდეოლოგია, რომელიც
უარყოფს ეროვნულ თვითმყოფობას და ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული
კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს „მსოფლიო სახელმწიფოს" შექმნის, „მსოფლიო მოქალაქეობის"
დაწესების იდეას.
2ობსკურანტიზმი - მეცნიერებისა და სწავლა-განათლებისადმი,
კულტურული პროგრესისადმი მტრული დამოკიდებულება, ბნელეთისმოციქულობა.
3არესი - ნებრძნულ მითოლოგიაში ომის
ღმერთი.
4ზოროასტრიზმი - ძველად შუა აზიაში და
ზოგ სხვა ქვეყანაში გავრცელებული რელიგია. მისთვის დამახასიათებელია ცეცხლთაყვანისმცემლობა,
წარმოდგენა ორი საწყისის - სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე და სხვა. გადმოცემით მზის
შექმნა მიეწერება ძვ. ირანული რელიგიის წინასწარმტყველს ზარატუსტრას.
5პერმანენტული - რაც განუწყვეტლივ გრძელდება;
მუდმივი.
6კაზუალური - რისი განზოგადებაც არ ხერხდება;
შემთხვევითი.
7კასტა - ინდოეთსა და აღმოსავლეთის ზოგ
სხვა ქვეყანაში; კარჩაკეტილი საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელშიც ადამიანები გაერთიანებულნი
არიან წარმოშობის, საქმიანობის და უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით.
8ანთოლოგია (ბერძნ) - კრებული, რომელშიც
მოთავსებულია სხვადასხვა ავტორის რჩეული თხზულებანი, უპირატესად ლექსები.
9პროფანი - რაიმე დარგში უცოდინარი,
უვიცი.
10პლურალიზმი - (ლათ) 1. (ფილოს) იდეალისტური
მოძღვრება, რომელიც უარყოფს სამყაროს ერთიანობას და ამტკიცებს, რომ მას საფუძვლად უდევს
მრავალი ერთმანეთთან დაუკავშირებელი სულიერი არსი. 2. (პოლიტ) სახელმწიფოს მმართველობის
მრავალპარტიული სისტემა.
11რელატივიზმი - (ფილოს) შემეცნების თეორიაში
იდეალისტური მიმართულება, რომელიც ჩვენს ცოდნას მხოლოდ შეფარდებითად მიიჩნევს და უარყოფს
ობიექტურ ჭეშმარიტებას.
12კონგლომერატი - სხვადასხვაგვარი ნაწილების
ან საგნების (აგრეთვე მსჯელობათა, ცნებათა) მექანიკური, შემთხვევითი შეერთება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია