წმინდა წერილში ვკითხულობთ: „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან" (მარკოზ. 13. 32). იბადება კითხვა: რანაირად შეიძლება ქრისტემ არ იცოდეს თავისი მეორედ მოსვლის ჟამი? ის ხომ, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთია? და მისთ.
ამ კითხვაზე პასუხს მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ვპოულობთ. ეკლესიის სწავლებით, ქრისტეს ერთი ჰიპოსტასი შედგება ორი სრული ბუნებისაგან. ქრისტე არის სრული ღმერთი (საღმრთო ბუნების ყველა თვისებით) და სრული კაცი (კაცობრივი ბუნების სრული თვისებით). ამიტომ აქვს ქრისტეს თავისი ორი ბუნების შესაბამისად ყველა ბუნებითი თვისება ორმაგი: ნება, მოქმედება, სიბრძნე, ცოდნა და ა.შ. ეს ყველაფერი ქრისტეში საღმრთოცაა და ადამიანურიც.
ამასთან, ბუნებათა შეერთებისას არც ერთ ბუნებას არ განუცდია არანაირი ცვლილება. ბუნებათა თვისებების განსხვავება შენარჩუნებულია შეერთების შედეგედაც. მაშასადამე, ქრისტეს კაცობრივი ბუნებისთვის დამახასიათებელი შეზღუდულობა შენარჩუნებულია შეერთების შედეგადაც. უსაზღვრო მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა.
ადამიანის გადასარჩენად აუცილებელი იყო, რომ განხორციელებულ ძე ღვთისას სრული კაცობრივი ბუნება მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში კურნებაც შეუძლებელი იქნებოდა.
რა არის ცოდნა? იცოდა კი ქრისტემ? საკითხის ამგვარად დაყენება, ვფიქრობთ, უმართებულოა. ცხადია, ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, ქრისტეს პიროვნებამ ყოველივე იცის, ვით ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთმა. საკითხი სხვაგვარად უნდა დაისვას: ცოდნა ქრისტეს კაცობრივი ბუნების თვისებაა თუ მთლიანად ჰიპოსტასის?
აქ ჩვენი ოპონენტები ერთმანეთში ურევენ ცოდნასა (знание) და ცნობიერების (сознание) ცნებას. ცოდნა ბუნების კუთვნილებაა, ცნობიერება - ჰიპოსტასის. კაცობრივ ცოდნას ოპონენტები ღვთაებრივი ცნობიერებით ანაცვლებენ. შედეგად, ქრისტეში არაა სრული კაცობრივი ბუნება, გამოდის ის (ქრისტე) ნაწილობრივი, ნახევრად ადამიანია (ნუ იყოფინ). თუკი ქრისტე კაცობრივი გონებით ყოვლისმცოდნეა, მაშინ ეს არ არის ადამიანის გონება. ამის გამო ეკლესიამ დაგმო აპოლინარის ერესი. მეტიც, თუკი ქრისტეს კაცობრივ ბუნებაში უარვყოფთ კაცობრივი ცოდნის (გნებავთ ყველაზე გენიალურის, მაგრამ მაინც კაცობრივის) შეზღუდულობას, ეს იქნება კაცობრივი ნების უარყოფისაკენ მიმართული პრეცენდენტი. სწორედ ეს აზრი გამოსჭვივის ჩვენი ოპონენტების ნაშრომებში.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „ყველასათვის ნათელია, რომ ძემ იცის, როგორც ღმერთმა; ხოლო საკუთარ თავს არცოდნას მიაწერს, როგორც კაცი..." (მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი). წმ. მამათა ნაწერები. ტ. III. 9).
ამრიგად, როგორც პიროვნებამ (ჰიპოსტასმა), იცოდა, მაგრამ მისი ადამიანური გონება, არის რა შეზღუდული (ბუნებითად), ცხადია სრული ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობით, ვერ მოიცვებოდა. მაშინ ის იქნებოდა არა ადამიანური გონება, არამედ ღვთაებრივი. ერეტიკოს აპოლინარის ერთ-ერთი ცდომილება იმაში მდგომარეობდა, რომ, მისი აზრით, ქრისტეში არ არის კაცობრივი გონება. სწორედ ამ მოსაზრების წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა, წმ. ბასილი დიდმა და სხვა წმ. მამებმა.
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტე არის შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის: „შუამდგომელი უნდა ენათესავებოდეს ერთსაც და მეორესაც, რათა შუამდგომლობა შეძლოს. თუ მხოლოდ ერთს დაენათესავა, მეორეს კი არა, შუამდგომელი ვერ იქნება... მხოლოდ კაცი ვერ გახდებოდა შუამდგომელი, რადგან მას ღმერთთან უმჭიდროესი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა, მხოლოდ ღმერთიც ვერ შეძლებდა შუამდგომლობას, რადგან მას ვერ მიუახლოვდებოდნენ ისინი, ვისთვისაც შუამდგომლობა იტვირთა" (წმ. იოანე ოქროპირი. საუბ. 1. ტიმ. 7:2).
ამრიგად, ქრისტეს მთელი სისავსით უნდა მიეღო კაცობრივი ბუნება (მათ შორის შეზღუდული კაცობრივი ცოდნით), ვინაიდან „რაც არ იქნა მიღებული, არც განიკურნება, რაც შეუერთდება ღმერთს, სწორედ ის გადარჩება", - ამბობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი აპოლინარის ცრუსწავლების მხილებისას. „მისთვის (გამომსყიდველისთვის) საჭირო იყო როგორც ხორცი - დაგმობილი ხორცისთვის და სული სულისთვის, ასევე გონება - გონებისთვის, რომელიც ადამში არა მხოლოდ დაეცა, არამედ როგორც მკურნალნი ამბობენ დაავადებაზე, პირველი დაზიანდა" (1 ეპისტოლე კლედონიუსის მიმართ).
მაშასადამე, სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტემ კაცობრივად იცოდა დღე და ჟამი თავისი მეორედ მოსვლისა, სოტერელოგიური შეცდომაა. ისმის კითხვა: მაშ რა არის ქრისტეს კაცობრივი გონება, თუკი ის არ არის ჩვენი გონების მსგავსი?
უნდა ითქვას ისიც, რომ ქრისტეში ადამიანური და საღმრთო ბუნებანი, ქალკედონის დოგმატის სწავლებისამებრ შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფელად და განუყრელად თანაარსებობენ.
ამასთან, მარადიულად განუყოფელი ბუნებანი მხოლოდ გონებით იმიჯნება ერთმანეთისაგან. ე.ი. ქრისტეში გონისეული გამიჯვნით აღქმული კაცობრივი ბუნება რეალური, ჭეშმარიტია და არა ფანტაზიაში წარმოსახული. როდესაც ქრისტე ამბობს რომ: „ძემანც არ იცის" (პერეფრაზი. მარკ. 13, 32); რომ არ იცის „სად დასდვეს იგი (ლაზარე)"? (იოან. 11. 34)... ნუთუ ტყუილს ამბობს? (ნუ იყოფინ!). მონოფიზიტური კამათების ეპოქაში ისინი (მონოფიზიტები) არასწორად აყენებდნენ საკითხს - ბუნებისა და ჰიპოსტასის თვისებებს ურევდნენ ერთმანეთში. დღესაც მავანს ეშლება ეს საკითხი. ამბობენ: რანაირად შეიძლება არ იცოდეს? ამის გამო მართლმადიდებლურ სწავლებას ნესტორიანელობად აღიქვამენ, თითქოს ქრისტეს ორ პიროვნებად ვყოფდეთ (ცალკე კაცად და ცალკე ღმერთად).
ვინაიდან ქრისტეში განუყრელად და განუყოფელად შეერთებულია ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებები, კაცობრივი ბუნება შეზღუდული რჩება. მას მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების მეშვეობით შეუძლია იცოდეს ის, რაც სჭირდება კაცობრიობის გამოსასხნელად. ღმერთკაცის პიროვნებაში ბუნებათა განუყოფლად და განუყრელად შეერთების ცნებას თვისებათა ნაცვალბოძება (ურთიერთგადაცემა) ეწოდება, ე.ი. კაცობრივი ბუნების განღმრთობა და იესო ქრისტეს, როგორც ღმერთის, ისე კაცის მიმართ, თაყვანისცემა. მაგრამ ნაცვალბოძება ერთი ბუნების თვისებათა მეორე ბუნების თვისებებად გადაქცევას არ გულისხმობს: ღვთაებრივი - უკიდეგანოს, დაუსაბამოს, კაცობრივი - შეზღუდულს.
ქრისტეში კაცობრივი ბუნების განღმრთობა ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მან საკუთარი შეზღუდულობა დაკარგა და შეიძინა უკიდეგანო საღმრთო სრულყოფილებანი, მაგალითად, ყოვლისშემძლეობა, ყოვლისმცოდნეობა და ა.შ. როგორც წმ. იოანე დამასკელი გვასწავლის, „ნების განღმრთობასაც ვამბობთ, მაგრამ არა ბუნებითი მოძრაობის შეცვლის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი შეუერთდა სიტყვის საღვთო და ყოვლადძლიერ ნებას და გახდა განკაცებული ღვთის ნება" (მართლმ. სარწმ. ზედმიწევნითი გადმოცემა. თავი III. 17).
თუკი ქრისტეში კაცობრივი გონება ყოვლისმცოდნედ და ყოვლადბრძნად გადაიქცა, იგი არაფრით იქნება განსხვავებული უფლის საღვთო გონებისაგან. გამოდის რომ ქრისტეში არს არა ორი - ღვთაებრივი და კაცობრივი გონება, არამედ ერთი, რაც მონოფიზიტური სწავლებაა.
დავასრულებთ ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) სიტყვით:
„ქრისტეში კაცობრივი ბუნების განღმრთობის გამო განიღმრთო თავად კაცობრივი შემეცნება, მაგრამ იგი საღმრთო ყოვლისმცოდნეობად არ გადაქცეულა, რადგან ყოვლისმცოდნეობა ღვთაებრივი ბუნების თვისებაა; ღმერთ-სიტყვასთან ჰიპოსტასურ ერთობაში კაცობრივი ცოდნა გამდიდრდა საღვთო ყოვლისმცოდნეობით, ოღონდ კაცობრივი ბუნების ფარგლებში, მისი საზღვრებიდან გაუსვლელად" (Пр. И. Попович. Собр. Творений. Т. 2. Догматика Православной Церкви).
ამრიგად: ქრისტემ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად, როგორც ღმერთმა, ცხადია იცის დღე და ჟამი თავისი მეორედ მოსვლისა. როგორც კაცმა არცოდნა გამოავლინა. საჭიროებისამებრ ღვთაებრივი ბუნებიდან ნებისმიერ ცოდნას დაეუფლება, მაგრამ კაცობრივი ბუნება ამით ღვთაებრივად არ გარდაიქმნება, არამედ დარჩება თავის ფარგლებში.
მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინემ (ჯინჭარაძე)