წინათქმა
წინამდებარე წერილის ეპიგრაფად გამოტანილი ლათინური სენტეცია („პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება კიდევ უფრო დიდი მეგობარია") ზედმიწევით ზუსტად ასახავს პირადად ჩვენს მიმართებას „ქართველი ბოსტონელებისადმი" - მართლაც, ეკლესიის მხრიდან ჩვენი მეგობრების უმრავლესობა მათ რიგებში იმყოფება, ჩვენ კი უარი ვთქვით ე.წ. „აქვსენტის სინოდის„ იურისდიქციაში გადასვლაზე, ძმაკაცობასა და ხათრზე მაღლა დავაყენეთ რა ჭეშმარიტება... მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ სენტიმენტალური პასაჟებით იმის თაობაზე, რომ, მიუხედავათ ზემოთქმულისა, თუ როგორ ძლიერ გვიყვარს ჩვენი მეგობრები, რაც, თავისთავად, სინამდვილეს სავსებით შეესაბამება, და პირდაპირ სათქმელს მოვახსენებთ:
წარმოდგენილი პუბლიკაციით მიზნათ დავისახეთდავამტკიცოთ, რომ ბერძენ „ძველმესტილეთა" ერთ-ერთი განშტოება, სახელდობრ - ე.წ. „აქვსენტის სინოდი", რომელმაც საქართველოში 1997 წლის შემოდგომაზე თავისი იურიდიქცია გახსნა, არის არა მადლმოსილი ეკლესია, არამედ - ოდენ „სამეუფეო გზას" მარჯვნიდან აცდენილი უმადლო საზოგადოება!
ღვთის ნებით თუკი დასახულ მიზანს მივაღწევთ, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეგობრები არათუ მოგვიძულებენ, არამედ - მისტური მწარე უღლისა და მძიმე ტვირთისაგან (შდრ. მათე.11:30) - უფლისმიერი ტკბილი უღლისა და და მსუბუქი ტვირთის საპირისპიროდ) გათავისუფლების შემდგომ, პირიქით, მადლობასაც გვიძღვნიან...
მოკლე ისტორია
„აქვსენტის სინოდის" ისტორია შემდეგია:
მეოცე საუკუნის მართლმადიდებელ სამყაროში განხეთქილებები 1924-35 წლებში დაიწყო, როდესაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მელეტიოს მეტაქსაკისმა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციების დარღვევით ეკლესიაში „ახალი სტილი" (ე.წ. „შერეული" კალენდარი -გ.გ) შემოიღო; ამას მორწმუნეთა ძლიერი რეაქცია მოჰყვა, 1935 წელს აღნიშნული საკითხი გადაწყდა იმით, რომ „ძველი სტილის" (ე.წ. „იულიანური" კალენდრის-გ.გ.) მიმდევარ ყველა მონასტერსა თუ სამრევლოს უფლება მიეცა თავის ტრადიციაზე დარჩენისა - მათ შორის იყო ათონის წმ. მთის ყველა მონასტერი. მიუხედავად იმისა, რომ სურვილისამებრ ყველას უფლება ჰქონდა ძველ კალენდარულ სტილზე დარჩენილიყო, 1935 წელს საბერძნეთის ეკლესიის სამმა ეპისკოპოსმა ცალკე მოაწყო კრება, აღმართა საკურთხეველი და თავი „ჭეშმარიტ ეკლესიად" გამოაცხადა; აგრეთვე, გააკეთა საჯარო მიმართვა, რომლითაც საბერძნეთის ეკლესია და ყველა „ახალმესტილე" ეკლესია მწვალებლურად აღიარა..." (იხ. „ივერიის გაბრწყინება", N21, „ვაი სოფლისა ამის საცდურთა მათგან")-
ვიდრე ბერძენი „ძველმესტილეების" მოკლე ისტორიის გადმოცემას კვლავ შევუდგებოდეთ, ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მათმა მამამთავრებმა „ახალ სტილს" კვალიფიკაცია მისცეს როგორც სრულფასოვან მწვალებლობას და ამ საბაბით გამოეყვნენ ელადის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას; მართლაც, ეპისკოპოსისაგან (მითუმეტეს -ეპისკოპატისაგან) გამიჯვნის სხვა კანონიერი მიზეზი მართლმადიდებლურ საეკლესიო სამართლის ნორმებით არ არსებობს, გარდა ერთისა - თუკი ეპისკოპოსი (ეპისკოპატი) ეკლესიაში ნერგავს მწვალებლობას! წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა ბრალეული იყოს იგი (ისინი) ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულში, საეკლესიო ყველა ნორმის დაცვით მღვდელმთავრის (მღვდელმთავრების) მხილებამდე მისგან (მათგან) გამოყოფა არის ეკლესიაში განხეთქილება, რაც აღნიშნულის მოქმედთათვის მოასწავებს ეკლესიის ზღუდის მიღმა ავტომატურად მოხვედრას, თავისი შემდგომი ყველა შედეგითურთ...
გავნაგრძოთ თხრობა: „...მაშინვე სამმა ეპისკოპსმა განახორციელა ოთხი ეპისკოპოსის ხელდასხმა, ხოლო შემდგომში მოვლენები ასე განვითარდა: 1937 წელს „ჭეშმარიტ ეკლესიას" გამოეყო ახალხელდასხმული ეპისკოპოსი მათე და თავისი „ჭეშმარიტი ეკლესია" შექმნა,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვინაიდან მარტო დარჩენილმა, მარტომვე აღასრულა თავისი ეპისკოპოსების ქიროტონია; მარტო დარჩა, აგრეთვე, მეორე ეპისკოპოსი - ქრისზოსტომოსი, რომელიც ისე გარდაიცვალა 1955 წელს, რომ თავისი მემკვიდრეებისათვის არცერთი ეპისკოპოსი არ უკურთხებია; დანარჩენი ეპისკოპოსები კი საბერძნეთის ადგილობრივ ეკლესიაში დაბრუნდნენ. ასე რომ 1960 წლისათვის საბერძნეთში იყო „ძველმესტილეთა" ორი დაჯგუფება: ზემოთხსენებული მათეს „ჭეშმარიტი ეკლესია" და ქრისზოსტომოსის მიმდევართა უეპისკოპოსოდ დარჩენილი „ჭეშმარიტი ეკლესია"; ამის შემდეგ უეპისკოპოსო კრებულის წარმომადგენელმა არქიმანდრიტმა აკაკიოს პაპასმა 1960 წელს მიიღო საიდუმლო ქიროტონია ადგილობრივ ეკლესიებთან ევქარისტიულ კავშირში მყოფი რუსეთის საზღვარგარეთული მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდგომში -რ.ს.მ.ე.- გ.გ.) მღვდელმთავრის სერაფიმესა და „ახალმესტილე" რუმინელი ეპისკოპოსის თეოფილეს მიერ... შემდგომში „ახალ სტილზე" მყოფი ეპისკოპოსისაგან ქიროტონიზებული, „ახალი სტილის" (მისი აზრით - მწვალებლობის) წინააღმდეგ 1924 წლიდან „უკომპრომისოდ მებრძოლი" აკაკიოსი ქმნის თავს სინოდს, რომელსაც სულ მალე კვლავ დაყოფა და განხეთქილება მოელის... აკაკიოსის შექმნილ სინოდში ერთმანეთს გაეყვნენ აქვსენტისა და ქრიზოსტომოს მეორის ჯგუფები; ქრიზოსტომოსს გამოეყო კიპრიანეს ჯგუფი; აქვსენტის სინოდიც გაიყო მაკარისა და ეფრემის ჯგუფებად. სწორედ ამ უკანასკნელს უწოდა „ბოსტონის დაჯგუფება" სერაფიმე როუზმა"...(იქვე).
კანონიკური მდგომარეობა
ამრიგად, ბერძენი „ძველმესტილენი" თავდაპირველად ორი ძირითადი დაჯგუფეგის სახით იყვნენ წარმოდგენილნი; ამათგან ერთი ჩვენი უშუალო ინტერესის საგანს შეადგენს, სახელდობრ კი - ქრიზოსტომოს პირველის დაჯგუფება, რომლის ფესვზეც აღმოცენდა ე.წ. „აქვსენტის სინოდი" – „ქართველ ბოსტონელთა" „დედა ეკლესია".
გავნაგრძოთ საკითხის განხილვა ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით:
როგორც ზემოთ ითქვა, უეპისკოპოსოდ დარჩენილი „ძველმესტილეების" წინამძღვარმა და ქრზოსტომოს პირველის მემკვიდრემ არქიმანდრიტმა აკაკიოს პაპასმა ეპისკოპოსად ხელდასხმა მიიღო რ.ს.მ.ე. -ის მღვდელმთავრის სერაფიმე ივანოვისა და რ.ს.მ.ე. -ის იურისდიქციაში მყოფი რუმინეთიდან თავის მრევლთან ერთად ლტოლვილი „ახალი სტილის" მიმდევარი ეპისკოპოსის თეოფილე იონესკუსაგან - სწორედ ეს ფაქტი გახლავთ ერთგვარი „გასაღები" „აქვსენტის სინოდის" ბუნდოვანი კანონიკური მდგომარეობის გასახსნელად და მისი სტატუსის ზუსტად დადგენისათვის; ვიმსჯელოთ თანამიმდევრულად:
ზილოტური (როგორც ბერძენი „ძველმესტილენი" საკუთარ თავს უწოდებენ) კატეგორიებით „ახალი სტილი" არის სრულფასოვანი მწვალებლობა,რომლის უარყოფის საფუძველზეც ბერძენი „ძველმესტილენი" გამოეყვნენ ელადის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, გამოაცხადეს რა იგი მწვალებლობაში ჩავარდნილად - ანუ: „ძველმესტილენი" მოქმედებდნენ „დიდი სჯულის კანონის" მიხედვით, რომელიც განაწესებს:
„...ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთ ეპისკოპოსის ერთობისგან, არამც თუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან." (კონსტანტინეპოლის ორგზისი წმ. დიდი კრების მე-15 კანონის მეორე ნაწილი; „დიდი სჯულის კანონი"თანამედროვე ქართულ ენაზე; საქართველოს ეკლესიის კალენდარი: გვ. 376; 1987წ.)
ზილოტური კატეგორიებით „ახალი სტილი" რომ ითვლებოდეს არასრულფასოვან მწველებლობად, არამედ - მხოლოდ უწესრიგობად ეკლესიაში, მაშინ ბერძენი „ძველმესტილენი" ვალდებული იქნებოდენ დარჩენილიყვნენ ელადის ეკლესიის წიაღში, მითუმეტეს, რომ 1935 წლის ორმხრივი კომპრომისის თანახმად მათ „ძველი სტილის" ლოკალურად შემარჩუნების საშუალება ეძლეოდათ, და ეკლესიის შიგნიდან ებრძოლათ აღნიშნული უწესრიგობის მოსაწესრიგებლად, მოსაგვარებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, ვითარცა - ეკლესიაში განხეთქილების შემომტანი, მოექცეოდენ მოქმედების არეში იმავე კრების მე-13, მე-14 და მე-15 (პირველი ნაწილი) დეკლარატიული კანონებისა, რომელნიც განაჩინებენ:
„13. ყოვლადბოროტმა სულმა ქრისტეს ეკლესიაში დათესა მწვალებლობის სარეველა ბალახი, მაგრამ დაინახა რა, რომ ის სულის მახვილით მოჭრილი და ძირიანად აღმოფხვრილია, სივერაგის სხვაგზას დაადგა და შეეცადა ქრისტეს სხეულის გაკვეთას განხეთქილების მოქმედთა უგუნურების საშუალებით. მისი ეს უკეთურება სრულიად უქმად აქცია წმინდა კრებამ და განსაზღვრა, რომ ამიერიდან, თუ მღვდელი ან დიაკონი რაიმე დანაშაულს აღმოუჩენს თავის ეპისკოპოსს, და კრების მიერ გამოძიებამდე, განკითხვამდე და დასჯამდე გაბედავს მის ჩამოშორებას ზიარებისგან და მის სახელს ეკლესიის წესის თანახმად ჟამისწირვის საღმრთო ლოცვებში არ მოიხსენებს, ის უნდა დაისაჯოს განკვეთით და უნდა წაერთვას ყოველგვარი სამღვდელო პატივი. რადგანაც, როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულობას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს, ის არ არის არცმღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსი. ხოლო მის მიმდევრებს, თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიბრუნდებიან თავის ეპისკოპოსთან.
14. თუ ეპისკოპოსი ცოდვის მიზეზს უპოვის თავის მიტროპოლიტს და კრების განაჩენის გამოტანამდე და მიტროპოლიტის დასჯამდე უარს იტყვის მასთან ზიარებაზე და მის სახელს ჩვეულებისამებრ არ ახსენებს წმინდა ჟამისწირვის დროს, წმინდა კრებამ დაადგინა ასეთის განკვეთა, თუ იგი მხილებული ქნება, რომ თავის მიტროპოლიტს განუდგა და განხეთქილება მოიმოქმედა, რადგანაც ყველამ უნდა იცოდეს თავისი ზომა. არც მღვდელი უნდა შეურაცხყოფდეს თავის ეპისკოპოსს, არც ეპისკოპოსი თავის მიტროპოლიტს. 15. მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების შესახებ დაწესებული ეს განსაზღვრება (იხ. მე-13-14 კანონები) კიდევ უფრო შეეფერება პატრიარქებს. თუ მღვდელი, ეპისკოპოსი, ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისაგან და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღმრთო ჟამის წირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას მოიმოქმედებს, საღმრთო კრებამ დაადგინა, რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისაგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა. ეს უკვე განსაზღვრული და დამტკიცებულია იმათ შესახებ, ვინც ცოდვის მიზეზით თავის მღვდელმთავარს განუდგება, განხეთქილებას მოიმოქმედებს და ეკლესიის ერთობას დარღვევს..." (იქვე; 375-376)
ამრიგად, ვიმეორებთ, რომ ზილოტური საზომით „ახალი სტილი" არის სრულფასოვანი მწვალებლობა, რომლის უარყოფის საფუძველზეც ბერძნი „ძველმესტილენი" გამოეყვნენ ელადის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, გამოაცხადეს რა იგი მწვალებლობაში შთაფლულად!
მაგრამ რა მოხდა შემდგომ? –
ექსტრემალურ ვითარებაში მოხვედრისთანავე, რაც უეპისკოპოსოდ დარჩენაში მდგომარეობდა, „აქვსენტის სინოდის" დამფუძნებლები ივიწყებენ არა თუ ზილოტურ აკრიბიას, არამედ საეკლესიო იკონომიის საზღვრებიდანაც გამოდიან და „მწვალებლისა" (თეოფილე რუმინელი „ახალმესტილე") და „მწვალებლებთან თანაზიარობაში მყოფისაგან" (სერფიმე ჩიკაგოელი - რ.ს.მ.ე. ლოცვით კავშირში იმყოფებოდა როგორც „ახალმესტილე", ასევე - ეკუმენურ მოძრაობაში ჩამბულ, ე.მ.ს.-ს წევრ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან) ეპისკოპოსად ხელდასხმის მიღების სახით სარწმუნოებრივ კომპრომისს უშვებენ, არად აგდებენ რა წმ. ფოტი პატრიარქსაც („სარწმუნოებაში კომპრომისი დაუშვებელია!") და წმ. მარკოზ ეფესელსაც („არასოდეს ჰოი კაცო, ის რაც რწმენას განეკუთვნება, არ წყდება კომპრომისების გზით!")! - ისმება სამართლიანი კითხვა: სად გაქრა მათი საღმრთო მოშურნეობა („ზილოტი" თარგმანით „მოშურნეს" ნიშნავს)?!; „ორმაგ სტანდარტებთან ხომ არგვაქვს საქმე (ანუ - „როგორც გვაწყობს, ისე ვჭრით და ისე ვკერავთ!")?! - მაგრამ, სჯობს გვერდზე გადავდოთ „აქვსენტის სინოდის" ფუძემდებელთა საქციელის ზნეობრივი კუთხით შეფასება და მათ ქმედებებს საეკლესიო სამართლის ნორმებით მივცეთ კვალიფიკაცია:
მაშასადამე, თუკი „ახალი სტილი" სრულფასოვანი მწვალებლობაა, - „აქვსენტის სინოდის" იერარქია საფუძველშივე დაზიანებულია აღნიშნული ერესით, რაკი აკაკიოს პაპასი ხელდსხმულ-იქნა „ახალმესტილე თეოფილე რუმინელისა და „ახალმესტილეებთან" ევქარისტიულ კავშირში მყოფი სერაფიმე ჩიკაგოელის მიერ; ამასთანავე, ხსენებული ქიროტონია მოხდა ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება ახალი სტილით მიმდინარეობდა, ანუ, სახეზე გვაქვს მღვდელმთავრობის პერსპექტივით მოხიბლული აკაკიოს პაპასის მხრიდან სრული კაპიტულაცია „ახალი სტილის" მწვალებლობის წინაშე, რომლის გამო მისი წინამორბედი ქრისტომოს პირველი თავის დედა ეკლესიას გამოეყო; ამის თაობაზე არსებობს ერთ-ერთი ხელდამსხმელის - სერაფიმე ჩიკაგოელის დოკუმენტური მოწმობა, რომელსაც წარმოვადგენთ; დოკუმენტი მოყვანილია მეგარისა და სალამანის მიტროპოლიტ ბართლომეოსის წიგნიდან: „საბერძნეთის ძველი კალენდრის მიმდევარნი (სქიზმატები) ეკლესიის გარეთ არიან"; ქ. მეგარა 1982 წ; გვ.28-30; იგივე დოკუმენტი გამოქვეყნდა „მათეს სინოდის" საინფორმაციო ბიულეტენში -
„ჩიკაგო, 1972 წ. 26 ოქტომბერი (ძვ. სტ.)
მთავარეპისკოპოს აქვსენტიოსს
საყვარელო ძმაო და ქრისტესმიერ თანამწირველო, ქრისტე იყოს ჩვენს შორის!
რაკი ბოლო დროს კვლავაც აღიძრა და კვლავაც იკვლევენ აწ გარდაცვლილ ეპისკოპოსის აკაკიოს პაპასის ქიროტონიის სკითხს, და რამდენადაც ამასთან დაკავშირებით ჩემი სახელიც იხსენიება, მსურს განვაცხადო შემდეგი:
არქიმანდრიტი აკაკიოსი, ეპისკოპოსად ხელდასხმული იყო ჩემი უმდაბლესობისა და რუმინელი ეპისკოპოსის თეოფილოსის მიერ - მხოლოდ მე არქიმანდრიტ აკაკიოსის ქიროტონია არ მიწარმოებია. ქიროტონია მოხდა დეტროიტში (მიჩიგანის შტატში), ეპისკოპოს თეოფილოსის საკათედრო ტაძარში, ცოცხლები არიან მოწმეები, რომლებიც ესწრებოდნენ ქიროტონიას: კერძოდ, იმ დროს - არქიმანდრიტები, დღეს ეპისკოპოსები - აკაკიოსი და პეტრე. შესაბამისად ქიროტონიის მოწმობა, რომელზედაც ჩემი ხელმოწერაა, შეესაბამება სინამდვილეს, რამდენადაც წერია, რომ ჩვენმა უმდაბლესობამ და კიდევ ერთმა დაუსახელებელმა ეპისკოპოსმა აღვასრულეთ ქიროტონია, ვინაიდან ორივე ეპისკოპოსი - თეოფილოსიც და აკაკიოსიც, პირადი მოსაზრებების გამო, არ ისწრაფვოდნენ საჯაროთ გაეხმაურებინათ ეს ფაქტი.
რაც შეეხება ჩემს თანამონაწილეობას, - მე მაშინ განვუმარტე კანდიდატს, არქიმანდრიტ აკაკიოსს, რომ ჩვენი სინოდის მიერ ქიროტონიის აკრძალვის გამო, ეპისკოპოსი თეოფილოსი მონაწილეობას მიიღებს როგორც ქიროტონიის მონაწილე მეორე ეპისკოპოსი. მე განვუმარტე ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ეპისკოპოსი თეოფილოსი მისდევს ახალ კალენდარს, თუმცა მისი უფლებამოსილების ფარგლებში არიან ძველი კალენდრის მიმდევართა მცირერიცხოვანი საწმყსოებიც. დეტროიტის საკათედრო ტაძრში იგი მსახურებას ახალი კალენდრის მიხედვით ატარებს. მე არ დამიმალავს ეს ფაქტი ეპისკოპოს აკაკიოსისთვის. საპასუხოთ (აკაკიოსმა) მოგვახსენა, რომ საბერძნეთში ეპისკოპოსის საგანგებო აუცილებლობაა და იგი უნდა დაბრუნდეს ეპისკოპოსად. ეპისკოპოს თეოფილოსის ქიროტონიაში მონაწილეობისათვის უგულვებელყოფილ იქნა ახალი კალენდრის მიმდევრობის ფაქტი.
ეპისკოპოსი თეოფილოსი დღეს უარს ამბობს ქიროტონიაში მონაწილეობაზე - ამაზე იგი თავად აგებს პასუხს; მე ვერ დავსვამ მის ხელმოწერას ქიროტონიის მოწმობაზე. ეპოსკოპოსმა აკაკიოსმა თანხმობა განაცხადა ქიროტონიაზე, თუმცა კარგათ უწყოდა, რომ ეპოსკოპოსი თეოფილოსი ხელს არ მოაწერდა არავითარ მოწმობაზე. აქედან გამომდინარე, არსებული გაურკვევლობისათვის პასუხი გარდაცვლილ ეპისკოპოსს აკაკოისსა და მის მომხრეებს მოეკითხებათ. ამჟამად ეპისკოპოს თეოფილოსის წერილობითი უარყოფით, რომ მან არ მიიღო ქიროტონიაში მონაწილეობა, საქმე რთულდება და იძენს კანონიკური სახის ხასიათს. ამიტომაც გულრწფელად ვწუხვარ, მაგრამ ვინ გაითვალისწინებდა, ან ვინ იფიქრებდა თუკი ეს ვითარება ამგვარად შემოგვიბრუნდებოდა.მე შეცდომა დავუშვი არქიმანდრიტ აკაკიოსის ქიროტონიით, რადგან არ ვიცნობდი არც მის პიროვნებას და არც საბერძნეთში არსებულ ვითარებას.
ქრისტესმიერი თქვენი ძმა, ჩიკაგოსა და დეტროიტის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე".
როგორც ვხედავთ, „აქვსენტიანელებს" არანაირი მორალური უფლება არა აქვთ, რომ „ზილოტებად" იწოდებოდნენ...მაგრამ თავად ისინი რითი ხსნიან თავიანთი მამამთავრის აღნიშნულ კაპიტულანტურ მოქმედებას? - ისინი ამბობენ: თეოფილე რუმინელმა თავის დროზე რ.ს.მ.ე.-ის მღვდელმთავართა სინოდს მისცა აღთქმა „რომ მომავალში „ძველ სტილს" დაუბრუნდებოდა, რის საფუძველზეც იგი მიიღეს ხსენებულ ეკლესიაში; მართალია, შემდგომში მან თავისი პირობა აღარ შეასრულა, მაგრამ ეს მის სინდისზე იყოს... აკაკიოსის ხელდასხმის მომენტისათვის თეოფილე იონესკუ განხილულ უნდა იქნას მართლმადიდებელი მღვდელმთავრის რანგშიო...
თუკი „ახალი სტილი" მწვალებლობაა, მთელის პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მრთლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებში ამგვარი იკონომია არ არსებობს! ყველაზე დიდი შეღავათი მწვალებლებისათვის, როდესაც ისინი პირობას დებენ, რომ მოიქცევიან, ეს არის ტაძარში მათი შეშვების და ღვთისმსახურებაზე მათი დასწრების უფლება, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია მათ აძლევს!, - დავამტკიცოთ ზემოთთქმული საეკლესიო სამართლის ნორმებით -
ლაოდიკიის წმ. კრების მე-6 კანონი აწესებს: „მწვალებლები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისი ერესის მიმდევრები არიან, არ უნდა შევიდნენ ღვთის სახლში" (დიდი სჯულისკანონი თანამედროვე ქართულ ენაზე; საქართველოს ეკლესიის კალენდარი; გვ.204; 1987 წ.)
აღნიშნული კანონის განმარტებაში ვკითხულობთ: „რომელი არა არს ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არს" (მათ. 12, 30; ლუკ. 11, 23) - ამბობს იესო ქრისტე; ხოლო ვინც ქრისტეს წინააღმდგომია, იგი მისი ეკლესიის მტერიცაა; ყოველი ერეტიკოსი უცხოა ეკლესიისათვის, უარყოფს რა ქრისტიანული სარწმუნოების ამა თუ იმ საფუძველს და ამით ფეხქვეშ თელავს გამოცხადებულ ჭეშმარიტებას, და, მასაშადამე - მასაც, ვინც ეს ჭეშმარიტება გამოგვიცხადა, ე.ი. იესო ქრისტეს - ეკლესიის დამფუძნებელს; აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანი მოკლებულ-უნდა-იქნას ეკლესიის ლოცვასა და იმ მადლს, რომელიც ოდენ ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობით შეუძლია მიიღოს კაცმა, და ასეთს, თანახმად კანონის განწესებისა, მართებულია აეკრძალოს შესვლა ეკლესიაში - იქ, სადაც ეს მადლი მოიცემა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურების აღსრულება, თუკი ეკლესიაში რომელიმე ერეტიკოსი იმყოფება, წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი მიუგებს, რომ ეს დასაშვებია მოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხსენებული ერეტიკოსი აღთქმას დადებს უარყოს თავისი მწვალებლობა და ირწმუნოს მართლმადიდებლურად". (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, епископа Далматинско-Истрийского; т.2 стр. 84-85; спб,1912 г.)
– ანუ, ზემოთხსენებული პირობის დადების შემთხვევაში ერეტიკოსი იძენსკათაკმევლის სტატუსს და შესაბამის უფლებებს; მართლაც, წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის მე-9 კანონიკური პასუხის განმარტებაში ვკითხულობთ: "მოციქულთა 45-ე და 64-ე კანონების განმარტებისას ჩვენ ვისაუბრეთ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის აკრძალვის თაობაზე; წინამდებარე კანონით კი მღვდლებს ლოცვა (ბალსამონის განმარტებით - უსისხლო მსხვერპლის შეწირვა) ეკრძალებათ ერეტიკოსთა თანდასწრებით... როდესაც ეკლესიაში წმ. ლიტურგია აღესრულება, ტაძარში ყოფნის უფლება არამართლმადიდებლებსაც აქვთ უშუალოდ „მართალთა ლიტურგიის" დაწყებამდე, ე.ი. - ვიდრე დიაკონი წარმოთქვამს: „კათაკმეველნო, განვედით!", ანუ როგორც ნათქვამია (წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის სიტყვებით - გ.გ) წინამდებარე კანონში: „უზიარებელნო განვედით!", და მაშინ ყველა მართლმადიდებელმა ეკლესია უნდა დატოვოს. (წმ. ტიმოთე -გ.გ) იქვე დასძენს, რომ ისინი ეკლესიაში შესძლოა დარჩნენ, თუკი დადებენ აღთქმას მონანიებისა და მწვალებლობის დატოვებისა - ამის თაობაზე ბალსამონი შენიშნავს, რომ მწვალებლებს, რომლებიც მოქცევის აღთქმას დადებენ, უნდა ნება მიეცეთ არა ტაძრის შიგნით დარჩენისა, არამედ - ტაძრის გარეთ, კათაკმევლებთან ერთად ყოფნისა; ხოლო თუკი ისინი ერესის მიტოვების პირობასაც არ იძლევიან, მაშინ მათ კათაკმევლებთან დგომის უფლებაც არა აქვთ, არამედ - უნდა განიდევნონ" (lbid, стр. 484);
მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლის ნორმებით გათვალისწინებულია კიდევ ერთი, ზემოთმოტანილის მსგავსი, იკონომია მწვალებელთათვის - მე-6 საეკლესიო კრების 72-ე კანონი (და მისი პარალელური კანონები: მე-4 მსოფლიო კრების -- მე-14: ლაოდიკიის კრების მე-10 და 31-ე; კართაგენის კრების 21-ე) კრძალავს მართლმადიდებელისა და მწვალებლის ქორწინებას; შეწყნარებულია მხოლოდ ერთი გამონაკლისი: „დაშვებულია მართლმადიდებელი პირის ქორწინება არამართლმადიდებელ პირთან იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული არამართლმადიდებელი პირი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიღების აღთქმას დადებს და მას მყისვე შეასრულებს" (lbid, T. I,стр.564) -ანუ, აქაც აღთქმის მიმცემი მწვალებელი კათაკმევლის სტატუსს იძენს და საეკლესიო იკონომიით მართლმადიდებლის ქორწინება კათაკმეველთან შეწყნარებულია... მაგრამ ის რომ კათაკმევლის სტატუსის მქონე პირს მსურველთა ხელდასხმა შეეძლოს მართლმადიდებელ ეპისკოპოსებად - ასეთი აბსურდი მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლისათვის რა თქმა უნდა უცნობია! თვალსაჩინოებისათვის „აქვსენტიანელებს" ასეთ კითხვას დავუსვამთ: რომის პაპმა ან - კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა, პირობა რომ დადოს მართლმადიდებელი გავხდებიო, პირობის შესრულებამდე აქვს თუ არა მას უფლება მართლმადიდებელ ეპისკოპოსად კანდიდატის ქიროტონიაში ერთ-ერთ ხელდამსხმელად მონაწილეობისა?! - რა თქმა უნდა -არა!
ასე რომ, თუკი „ახალი სტილი" სრულფასოვანი მწვალებლობაა, თეოფილე რუმინელის მიერ დადებული პირობა კი არ აქცევს მას მართლმადიდებელ ეპისკოპოსად, არამედ თავად არქიმანდრიტი აკაკიოს პაპასი, რომელმაც ნება მისცა „მწვალებელს" მასზე ხედასხმა აღესრუელებინა, ექცევა მოქმედების არეში მოციქულთა 45-ე დეკლარატიული კანონის მეორე ნაწილისა - ის კი მკაცრად განაჩინებს:
„(თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი)... ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს -გ.გ.), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს!" - ამ კანონის განმარტებაში ვკითხულობთ: „... მართლმადიდებელმა მღვდელმა, წესების მიხედვით, არ უნდა მისცეს მწვალებლებს წმ. საიდუმლონი და საერთოდ არ უნდა აღასრულოს მათთვის რაიმე მღვდელმსახურება… მით უფრო არ უნდა დაუშვას მან მწვალებელი მღვდელი მართლმადიდებელთათვის რაიმე მსახურების შესრულებაზე" (lbid, T. I,стр.116)...
დასკვნა
„აქვსენტის სინოდის" კანონიკური მდგომარეობის შეფასება ორგვარი მიდგომით შეიძლება: 1) ზილოტური აკრიბიით, და 2) საეკლესიო იკონომიით:
განვიხილოთ ორივე ვარიანტი:
1). ზილოტური აკრიბიით „ახალი სტილი" სრულფასოვანი მწვალებლობაა, რომლის თეოლოგიური და პრაქტიკული უარყოფის საფუძველზე ბერძენი „ძველმესტილენი" გამოეყვნენ ელადის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას; ზილოტური აკრიბიით რ.ს.მ. ეკლესიაც მწვალებლური საკრებულოა, რაკი მას ევქარისტიული კავშირი ქონდა „ახალმესტილე" (და ე.მ.ს.-ს წევრ - ოღონდ ეს ცალკე თემაა) საპატრიარქოებთან; უარესიც - მან თავის წიაღში სრული ევქარისტიული ერთობით შეიწყნარა „ახალმესტილე მწვალებელი თეოფილე ოინესკუ, რომელმაც რ.ს.მ.ე.-ის იურისდიქციაში გადასვლის შემდგომაც არ დაუტევა თავისი მწვალებლობა; მის მიერ დადებული პირობის სრული არაძალმოსილების (თუკი „ახალი სტილი" მწვალებლობაა) შესახებ ზემოთ ვისაუბრეთ; ამრიგად ზილოტური აკრიბიით არქიმანდრიტ აკაკიოს პაპასს ეპისკოპოსად ხელი დაასხეს მწვალებელმა მღვდელმთავარმა თეოფილე რუმინელმა მწვალებლებთან სრულ ლიტურგიკულერთობაში მყოფმა მღვდელმთავარმა სერაფიმე ჩიკაგოელმა, თანაც ქიროტონია შესრულდა ტაძარში, სადაც ღვთისმსახურება „ახალი სტილით", ანუ - მწვალებრულად, ტარდებოდა; ამგვარ ვითარებაში,ზილოტური აკრიბიის მიხედვით, შეუძლებელია, რომ ხელდასხმისას არქიმანდრიტ აკაკიოსზე სულიწმიდა გარდამოსულიყო - იგი არათუ ეპისკოპოსი არ გამხდარა, არამედ მწვალებელთა ხელდასხმით სულშესვარულ არქიმანდრიტად დარჩა და მის მიერ შემდგომში აღსრულებული ქიროტონიებიც სრული ფიქციაა ღმერთის წინაშე; ზილოტური აკრიბიის თანახმად „აქვსენტის სინოდი" არის სავსებით უმადლო და მწვალებელთა ხელდასხმებით შებილწული საკრებულო - ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის კარიკატურა!
2). საეკლესიო იკონომიით„ახალი სტილი" (არა - „გრიგორიანული", არამედ - „შერეული" კალენდარი) არის არა - მწვალებლობა, არამედ - უწესრიგობა ეკლესიაში, რომელიც მოწესრიგებას, მოგვარებას საჭიროებს (თუ ეს ასეა, მაშინ რ.ს.მ.ე.-ის მიერ თავის წიაღში „ახალმესტილე" თეოფილეს გარკვეული პირობებით შეწყნარებაც, თეოფილეს მხრივ დადებული აღთქმაც და ა.შ. სრულიდ ნორმალური მოვლენებია ეკლესიის ცხოვრებაში);ამ შემთხვევაში, ბერძნული ყველა „ძველმესტილე" სინოდი ექცევა განხეთქილების მოქმედთა კატეგორიაში, რაკი მათ თავიანთი დედა-ეკლესია (ელადის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია) მიატოვეს არა - მწვალებლობის, არამედ - მასში უწესრიგობის გამო - ისინი ავტომატურად ხვდებიან კონსტანტინეპოლის წმ. ორგზისი დიდი კრების ზემოთმოტანილი მე-13, მე-14 და მე-15 (პირველი ნაწილი) დეკლარატიული კანონების მოქმედების არეში თავით თვისით წარმოადგენენ განხეთქილების მოქმედ, არამადლმოსილ დაჯგუფებებს - ასევე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის კარიკატურას!
როგორც ვხედავთ „აქვსენტიანელებისთვის" ორივე შემთხვევაში ფრიად არასახერბიელო მდგომარეობა იქმნება...
არის მესამე ვარიანტიც: „აქვსენტის სინოდმა" (ჩვენს კონკრეტულ ვითარებაში - „ქართველმა ბოსტონელებმა") ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ ის „ახალ სტილს" არ მიიჩნევს მწვალებლობად, არამედ თვლის ეკლესიაში უწესრიგობად; რომ აღიარებს ყველა „ძველმესტილე" ბერძნულ სინოდს სქიზმატურ ჯგუფებად, მათ შორის საკუთარ ფესვს - თავისი წინამორბედის - ქრიზოსტომოს პირველის თავდაპირველ დაჯგუფებასაც; რომ აკაკიოს პაპასის ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდგომ თავის დედა-ეკლესიად მიიჩნევს არა ელადის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ - რუსეთის საზღვარგარეთულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც შემდგომში გარკვეული მიზეზების გამო, მისი აზრით ერესში ჩავარდა - ანუ, უარი თქვას თავისსავე შეთხზულ ე.წ. „თესლის აღდგინების ღვთისმეტყველებაზე" - და მაშინ ყოველივე ამის აღსრულების შემთხვევაში, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ რ.ს.მ.ე. კი არ ჩავარდა ერესში, არამედ კვლავ „აქვსენტის სინოდმა" მოახდინა განხეთქილება თავის დედა ეკლესია - რ.ს.მ.ე.- სთან; მანამდე კი, სანამ „აქსენტიანელები" ზემოთხსენებულ განცხადებებს გააკეთებენ (რაც ერთობ გვეეჭვება და ამიტომ მესამე ვარიანტის წინასწარი განხილვისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ),ისინი რჩებიან არჩევანის წინაშე: საკუთარი თავი აღიარონ მწვალებელთა ხელდასხმებით დაზიანებული იერარქიის მქონე ერეტიკულ, უმადლო დაჯგუფებად (ზილოტური მიდგომა), ანდა - განხეთქილების მოქმედ, ანუ - სქიზმატურ, ასევე - უმადლო, დაჯგუფებად (ჩვეულებრივი მიდგომა) - ყოველივეზემოთქმულის გამო არ გადავდივართ „აქვსენტის სინოდის" იურისდიქციაში და არც სხვებს ვურჩევთ „ბოსტონის მიმართულებით" სვლას!...
ჟურნალი „ივერიის გაბრწყინება" N22. 1998 წელი.
მამაო ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი ეპისტოლედან მიმართული იყო იოანესადმი, რომელიც მიმტკიცებდა რომ ეკლესიაში არ შიძლება რაიმე ცუდი ხდებოდესო, ისე გამოყავს, რომ "აქვსენტის სინოდში" უკვე ყველა ფრთიანი ანგელოზები არიან და მათ ცოდვა ახლოსაც ვერ ეკარებათ (თუმცა "აქვსენტიზე" და მის სინოდის კანონიკაზე ჯერ არ მისაუბრია – ეს ისე) ... აი სწორედ მაგაზე იყო ჩემი პასუხი, რომ უკვე ჩამოყალიბებულ ეკლესიაში იყო პიროვნებები რომლებიც ცოდავდნენ– მამაო კარგათ იცით რომ მაგალითები უამრავია სახარებაში, როდესაც ეკლესიის რიგებში ხდება ცოდვა, რა თქმა უნდა მოციქულები და ეკლესია თავის თავში ვერ ღებულობს ცოდვას და იგი მოკვეთილი უნდა იქნეს, მარტო ეს კი არადა პეტრე მოციქულის სიტყვით 2 ეკლესიის წევრი ცოლ–ქმარი მკვდარიქნა... მამაო თქვენ კითხვას რაც შეეხება – მე ეტყობა ან გამომრჩა თქვენი მაგ შეკითხვა, ან არ ჩავთვალე საჭიროთ მასზე პასუხი გამეცა. თუმცა რახან შეკითხვა დამიტრიალეთ, გეტყვით, რომ იქ იმ სიტუაციაში, უფლის მიერ დაარსებულ ეკლესიაში, უკვე იყვნენ ისეთი ცოდვის მატარებლები, რომელიც ჩემს მიერ იქნა ციტირებული და იქ იმ ეპოქის ეკლესიაში, პავლე მოციქულის მეთვალყურეობაში მყოფ ეკლესიაში, მოხდა ის ფაქტი რომ იქ აღმოჩდნენ უზნეო ადამიანები . დ ა ს კ ვ ნ ა: პასუხი პირველი – ანუ პალვლე მოციქულის მეთვალყურეობაში მყოფ კორინთოს ეკლესიაში უკვე იყვნენ უზნეო ადამიანები, და ე კ ლ ე ს ი ა ი წ ო დ ე ბ ო დ ა ე კ ლ ე ს ი ა თ... პასუხი მეორე – ეკლესიაში სადაც თავი იჩინა უზნეობამ ისე უნდა მოიქცეს წინამძღვარი, როგორაც მოიქცა პავლე მოციქული ანუ ან უნდა ჩააგონოს ცოდვილს, რომ მოიქცეს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი უნდა მიოკვეთოს ის ეკლესიიდან. .. P.S. შემდეგში უკვე სული წმიდის მიერ გაბრძნობილ ეკლესიის საეკლესიო კრებებში გადმოცემულია აზრი თუ რა შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ჩვენს მიერ აღწერილი სიტუაციის გამოსწორება. P.P.S. მამაო თქვენ თუ ზოსიმეს თქვენს მიერ მხილების შემდეგ ეპისკოპოსის ხარისხში დარჩენის ამბავი გაქვთ მხედველობაში, მაშინ გეტყვით, მიუხედავათ იმისა რომ ქტვენს მიერ აღწერილი ამბავი სიმართლეს შეეფერება, თუ არა – ეკლეწსია მაინც ეკლესიათ რჩება (გაეცანით ედიშერ ჭლიძეს...)
ჯერ დაწერე "ზღაპრები გამოელიაო", ახლა კიდევ სამოციქულო ეკლესიაზე "გაღმა გავიდაო მარილზეო" თან სარწმუნეობრივ ერთობაზე, ევქარისტიაზე და რაზე არ საუბრობ(!) – შეგნებულათ არ გწერდი პასუხს, მინიშნება კი მოგეცი, აი ისიც – "თქვენს წარმონაქმნში ეტყობა ყველანი წმიდანები ხართ შენი აზრიდან გამომდინარემეთქი" ახლა კი დაგიდებ იმას, რაზედაც მინიშნება მოგეცი, იქ კარგათ ჩანს შენი ფესვების უკანონობა (ეს რბილი სიტყვაა) და სამოციქულო ეკლესიის კანონიკურობა ... ბოლოს იმასაც გეტყვი, რომ რამდენსაც ეკლესიას უ ს ა მ ა რ თ ლ ო თ დაუპირისპირდები, იმდენი ამას დავდებ, და კიდევ სხვას (დოგმატი და იკონომია), შეიძლება შენ არ მიიღო იგი სწავლებათ, მაგრამ ვიღაც წაიკითხავს და არ ცდუნდება – იმასაც გეტყვი, რომ მე მაგალითად ცდუნებისგან გავნთავისუფლდი ისე კი ძალიან ახლოს კი ვიყავი ერთ დროს მასთან.
მივმართავ ჩემს "აპოლიტიკურ," უემოციო, მარტო თავინთ თავზე და ოჯახზე შეყვარებულ და თავიანთ ნაჭუჭში ჩაკეტილ მეგობრებს! იქნებ მეუფეს მაინც მოუსმინეთ და ერთმანეთის სურათებზე ლაიკებისა და ფოი–ფოი საუბრების გარდა იქნებ ერთი–ორი სამშობლოსათვის საჭირბოროტო რაიმე თემაც გააზიაროთ.
საღვთისმეტყველო დისპუტი/გიორგი გაბაშვილი