მსოფლიო რელიგიების კონტროლისა და მართვის მცდელობა შორეულ საუკუნეებში იღებს სათავეს. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით საიდუმლო იუდაურმა მთავრობამ - (სინედრიონმა) გადადგა. ის ზემოქმედებას ახდენდა როგორც ეგვიპტესა და ბაბილონის მოგვებზე, ასევე ქრისტიანულ და მუსლიმ იერარქიებზე. ეს მცდელობა არც თუ ისე შედეგიანი აღმოჩნდა.
მსგავსი ტენდენცია XVIII საუკუნის ბოლოსაც გამოიკვეთა, როდესაც ევროპაში გამოჩნდა ფარული ორგანიზაციები. ისინი გავლენას ახდენდნენ საზოგადოების სულიერ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ზემოქმედების მექანიზმის ამ ჩარჩოებში იგეგმებოდა მსოფლიო რელიგიათა კონტროლის პირველი ორგანიზებული ცდა.
1883 წელს ზენაციონალური ელიტის მოღვაწეებმა შექმნეს მსოფლიო რელიგიების პარლამენტი, რომელმაც პირველად დააყენა ღიად გაერთიანებული რელიგიური ორგანიზაციების შექმნის საკითხი. ამ ორგანიზაციის განვითარებას ხელი შეუშალა კაცობრიობის ყველა ჯანსაღმა ძალამ.
XX საუკუნის 50-იან წლებში ზენაციონალური ელიტის მოღვაწეებმა რელიგიათა მსოფლიო ალიანსის შექმნა მოახერხეს, ამ მოძრაობას ლიდერებმა პანეკუმენიზმი უწოდეს.
პროტესტენტული ეკუმენიზმის იდეა XIX საუკუნის შუა წლებში ინგლსსა და ამერიკაში დაიბადა. იგი მიზნად ისახავს მართლმადიდებლობისგან განდგომილი კონფესიების, ე.წ სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობის გაერთიანებას, იმ აღმსარებლობების ერთობას, რომელსაც პირობითად „ეკლესიის" სახელი ჰქვია. 1848 წელს სწორედ ამ მიზნით მიღწევას ცდილობდა ამსეტრდამის ასამბლეაზე შექმნილი „ეკლესიათა" მსოფლიო საბჭო (ემს), რომლის ცენტრი ჟენევაშია.
ემს-ის მოღვაწეობის შესახებ საინტერესოა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1976 წელს გაკეთებული განცხადება. წმიდა სინოდის ეპისტოლე ემს-ის V ასამბლეას მისი შედეგების გამო სამართლიან ბრალდებებს უყენებს: „ქრისტიანულ ერთობასა და ეკუმენისტურ მოძრაობას დიდ საფრთხეს უქმნის ეკუმენისტური მოძრაობის ზოგიერთი მონაწილის აზრი, თითქოს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" შეუძია მიაღწიოს თავისი წევრი ეკლესიების ისეთ დაახლოებას, რომ ემს-ს ერთ-ერთი მომავალი გენერალური ასამბლეა მსოფლიო ქრისტიანულ კრებად იქცეს. ეს უკვე იმის დაშვებას ნიშნავს, რომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭო მომავალში რაღაც „ზეეკლესია" გახდება"...
პროტესტანტულ ეკუმენიზმსა და წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენურ შეხედულებებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ ეს განსხვავება პროტესტანტულ ეკუმენისტური მოძრაობისადმი სამართლიან უნდობლობას იწვევს.
ყოველი არამართლმადიდებლური რელიგიური სწავლება დამღუპველია და საძაგელი ღვთის წინაშე, რადგან მაცხოვნებელ, ღმრთივგამოცხადებულ სწავლებას - მწვალებლური სიცრუით ცვლის. - ამით იგი განასახიარებს ღმერთს და განგვაშორებს მას. წმიდა წერილში ღმერთი არაერთხელ გვიმოწმებს, რომ მის რისხვას მხოლოდ ისინი როდი იწვევენ, ვინც ღმრთის ნაცვლად კერპებს სცემენ თაყვანს, არამედ ისინიც, ვინც არასწორად ქადაგებენ მის შესახებ. იობის წიგნში ვკითხულობთ: „სცოდე შენ და ორთა მეგობართა შენთა, რამეთუარა იტყოდეთ ჭეშმარიტისა ჩემ წინაშე არც ერთსა რას, ვითარ-იგი მსახური ჩემი იობ." (იობ. 42. შ)...
მართლმადიდებლობის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ იგი, ერთადერთი ყველა ქრისტიანულ აღმსარებლობას შორის, ყოველთვის სწორად ასწავლიდა და ასწავლის ღმერთის, ქრისტეს, მის წმინდა ეკლესიისა და ყველა სხვა საღმრთო საიდუმლოს შესახებ; ეს მაშინ, როდესაც ყველა სხვა აღმსარებლობა ცვლის „ჭეშმარიტებას სიცრუვით" (რომ. 1.18). დასაბამიდან დღემდე მართლმადიდებლობა უცვლელად ინახავს ღმრთივგამოცხადებულ სწავლებასა და წმიდა გადმოცემას...
როგორც წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიაა მარად ერთგული ღმრთისა და სწორად ასწავლის მის შესახებ, ასევე ეკლესიის ცალკეული წევრი უნდა იყოს ღმრთის ერთგული, მტკიცედ მისდიოს საეკლესიო სწავლებას, რათა არ დაეკარგოს ეკლესიას, არ მოაკლდეს საუკუნო ცხოვრებას. წმიდა ათანაზე დიდის სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს ცხონება სურს, პირველ ყოვლისა კათოლიკე სარწმუნოება უნდა დაიცვას. ხოლო თუ კაცი მას უვნებლად და განუხრწნელად არ ინახავს, საუკუნო წარწყმედა ელის!" წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი გვაფრთხილებს არაფერი შევცვალოთ და არც მივუმატოთ იმას, რაც სულიწმიდის მიერ მოგვეცა (გამოცხ 22.18-19), რომ არ მოვაკლდეთ ქრისტესმიერ ცხოვრებას, რომლის ღირსნი გახდებიან სიკვდილამდე ერთგული მორწმუნენი (გამოცხ. 2.10). წმიდა პავლე მოციქული მკაცრად გვამცნებს: „მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღვრებაი ესე, რომლიცა გისწავიეს გინა სიტყვათა გინა წიგნითა ჩუენით." (2 თეს. 2.15)
იგივე იოანე, სიყვარულის მოციქული, შეგვაგონებს მტკიცედ დავიცვათ ჭეშმარიტი აღმსარებლობა: „რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ" ნუ ეტყვით მას, რამეთუ რომელმან ჰქუას მას „გიხაროდენ", ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა" (2 იოან. 1.10-11). და კვლავ: „თქუენ უკუე, რომელი იგი გესმა პირველთაგან, თქუენ თანა ეგენ... თქვენცა ძისა თანა და მამისა და თანა ეგნეთ" (1იოანე 2.24).
ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ იმარხავს ღმრთივგამოცხადებულ სწავლებას, იესო ქრისტესაგან წმიდა მოციქულთა მეშვეობით გადმოცემულს, ის უცხოა ღვთაებრივი და ცხოველმყოველი სამებისათვის და საუკუნო წარწყმედა ელის..."
და დავასრულებთ ჩვენ სათქმელს წმიდა მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით: „თუ ბოლო ხანს გაჩენილ სასახლეებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათ ბოროტების უკიდურეს ხარისხს მიაღწიეს. გავფრთხილდეთ, მშვიდობის საბაბით იმ განდგომილების მონაწილენი არ გავხდეთ, მოციქულმა რომ თქვა (2.თეს.2.3-4), ანტიქრისტეს მოსვლის წინამორბედი იქნებაო".1