შევეცდებით შევაჯამოთ ჩვენი სათქმელი:
1. არსებობს მართებული და უმართებულო დიალოგი. მართებული დიალოგის მიზანია ადამიანებმა გადაწყვიტონ არსებული პრობლემები. როდესაც დაპირისპირებული მხარეები არ ეთანხმებიან ურთიერთს გარკვეულ საკითხებში, ამ შემთხვევაში საღვთისმეტყველო საკითხებში, მართებული დიალოგი გვავალდებულებს წარმოვადგინოთ ჩვენი არგუმენტები, დაფუძნებული წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლებაზე, ანუ: უნდა დავამოწმოთ ჭეშმარიტება ყოველგვარი კომპრომისისა და დათმობის გარეშე, ეკლესიის სწავლების ურყევი ერთგულებით. თუ მიიღწევა თანხმობა ჭეშმარიტებაში, კარგია, მაგრამ თუ ჭეშმარიტება უგულებელყოფილია, მაშინ მართლმორწმუნე ქრისტიანი დამწუხრებული იტყვის: „ომი უფრო სათნოა, ვიდრე მშვიდობა, რომელიც განგვაშორებს ღმერთს" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი).
გულწრფელი ქრისტიანი ვალდებულია შეეწინააღმდეგოს უმართებულო დიალოგს, რომელიც მხოლოდ ერეტიკოსებისა და ანტიმართლმადიდებლებლურად განწყობილი „მართლმადიდებლებისთვის" არის სასურველი. ყალბი დიალოგის მოსურნეთ არ შეუძლიათ ჭეშმარიტი დისკუსია, ვინაიდან მათ არ სჭირდებათ ჭეშმარიტება. მათ სხვა მიზნები ამოძრავებთ, რაზეც ვისაუბრეთ ზემოთ.
უმართებულო დიალოგში მიმართავენ ყველა საშუალებას (პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებას"), რათა როგორმე დამყარდეს „სასურველი ერთობა". საამისოდ გამოიყენება: „ძმური სიყვარული", „დოგმატური მინიმალიზმი", „საღვთისმეტყველო ტექსტებით მანიპულირება, გაყალბება", „ერესების დამკვიდრებაც კი".
ამ ნიშნით განსაკუთრებით რომაული-კათოლიციზმის მეთოდებს გამოვყოფდით, თუმცა არც მონოფიზიტები და სხვა ერეტიკოსები ქმნიან ნაკლებ საფრთხეს. ვატიკანის მეორე კრებამ ძირითადი აქცენტი ამსოფლიურთან დიალოგზე გააკეთა. კრების ძირითადი დოკუმენტები სხვადასხვა მიმართულების დიალოგზეა აგებული: დიალოგი სხვა რელიგიებთან, დიალოგი სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან, დიალოგი თანამედროვე სამყაროსთან, დიალოგი ხელისუფლებასთან და ა.შ.
ამავე პრონციპებით მოქმედებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. მათი ორგანიზებით შემდგარმა კრეტის კრებამ ერთ-ერთ ამოცანად ეკუმენისტებთან დიალოგი დაისახა. სამწუხაროდ, კრეტის კრება ვერაფერს პრობლემურს ვერ ხედავს ისეთ ფორმულირებაში, როგორიცაა „მოწმობა დიალოგის მეშვეობით", „მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს, განსაკუთრებით არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან" (მე-20 პუნქტი).
სიტყვით „ოდითგანვე" სურთ ვითარება ისეთნაირად წარმოაჩინონ, თითქოს სადღაც, ძველ დროში მომხდარიყოს ატროფირებული მოვლენა. არადა ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპიროდაა.
დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს, რომ მართლმადიდებელი ეკუმენისტები პაპისტების კვალდაკვალ მოქმედებენ. ისინი გეგმაზომიერად უახლოვდებიან თავიანთ მიზანს - მართლმადიდებლურ სამყაროს თავს მოახვიონ პირველობის პრიმატი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეთაურობით, ხოლო შემდეგ ეტაპზე რომის პაპს დაუქვემდებარონ მართლმადიდებლები (მთავარი ბასტიონი) და სხვა კონფესიები თუ რელიგიები.
2. საამისოდ ეკუმენისტები (პაპის მეთაურობით) მართლმადიდებლურ წიაღში ნერგავენ ისეთ თეზებს, რომლებიც სათანადოდ მოამზადებს საღვთისმეტყველო საფუძველს მათთან გაერთიანებისთვის. ამ ნიშნით განსაკუთრებით გამოირჩევა პერგამელი მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი, მისი მრავალი მიმდევარიც. მათმა მკრეხელურმა განცხადებებმა თვით პაპისტებიც კი გააოცა. თუკი ისინი პაპის პირველობის პრიმატს პეტრე მოციქულის პიროვნებაზე აგებდნენ, „ჩვენებმა" სამების პირთა შორის მამა ღმერთის „უპიორატესობა" გამოიყენეს ანალოგიისთვის. თითქოს, როგორც მამაა უპირატესი სამების პირებს შორის, ისე კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსია აღმატებული დანარჩენ ეპისკოპოსებს შორის.
3. ამრიგად, კონფესიათაშორისი დიალოგი დიდი ხანია ჩიხშია. ის არასდროს იქნება მისაღები მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსისთვის. დღეს მიზანშეწონილია ვისაუბროთ შიდამართლმადიდებლურ დიალოგზე, რაც ერთობ გართულებულია სწორედ პირველობის ამბიციიდან გამომდინარე და ამ „პირველობასაც" (როგორც პაპიზმს თავის დროზე) უკვე მოჰყვა ერეტიკულ სწავლებათა შემოდინება. არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა თანასწორ ძმებს შორის სიყვარულის დიალოგი, გნებავთ კრება, რათა არ დაირღვეს მართლმადიდებლობის კრებსითი ცნობიერება. ამ დიალოგს მართლაც არაფერი უდგას წინ, თუკი თავიანთ ამბიციებს უკანა პლანზე გადასწევენ და სამართლებრივ საფუძვლებზე შეუდგებიან კონსტუქციულ მუშაობას. ღმერთი შეგვეწიოს. ამინ.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე